"მანგლისელი მტრედები" პატრონს არ ტოვებენ
08-06-2015
"მანგლისელი მტრედები" პატრონს არ ტოვებენ
თაობიდან თაობაში გადადის რწმენა­, რომ მტრედი წმინდა ფრინველია. სხვა ფრინველებივით არ გიფრთხის, ძალიან ახლოს მიგიშვებს... უზარმაზარ მეგაპოლისებში, სადაც ყველაფერს თანამედროვე ტექნოლოგიები იპყრობს, მტრედმა თავისი ადგილი მაინც იპოვა.­ ათასობით ადამიანი აპურებს მათ, ტკბება მისი ყურებით.
საქართველოში არის ადგი­ლი,­ სადაც მტრედების მოშენებას ოდითგან თითქმის ყველა­ ოჯახი მისდევდა. ტრადიცია გრძელდება - მანგლისელი­ მემტრედეები მტრედებს, ასე ვთქვათ, ყოველგვარი მოგების გარეშე აშენებენ. შალვა გოზალოვმა სამი მემტრედის ოჯახი შემომატარა, - სამ უახლოეს მეზობელს რომ 70 მტრედი
ეყოლება ოჯახში, მთელ მანგლისში­ რამდენი იქნებაო.


- წინათ მანგლისში მტრედი თითქმის ყველა ოჯახს ჰყავდა. 70 წელს გადაცილებული კაცი ვარ, ბავშვობიდან ვაშენებ ამ ფრინველს. უცხო თვალისთვის თითქოს ადვილია მათი მოვლა-შენახვა, მაგრამ სინამდვილეში დიდ შრომასა­ და დროს მოითხოვს. ჩვეულებრივი შინაური ფრინველივით მასაც უნდა კვება, სადგომში სითბო და
დაგვა-დასუფთავება, ხუნდებს­ კი ლოლიავი. მაგრამ ეს ზრუნვა გსიამოვნებს­ და დილას ფეხებს თავისით მიჰყავხარ სამტრედისკენ.

20 მტრედი მყავს. როცა სამტრედის მოვლას მოვრჩები, მერე გავუშვებ ჩემს მტრედებს და საათობითY ვუყურებ მათ თამაშს ჰაერში. ისეთ ლამაზ ილეთებს აკეთებენ, რომ მათ ყურებას არაფერი სჯობს.

- მანგლისში მემტრედეობას მეცხრამეტე საუკუნიდან მდგარმა რუსულმა პოლკმა ხომ არ შეუწყო ხელი - სამხედროებს საფოსტო მტრედები უთუოდ დასჭირდებოდათ...

- დაზუსტებით ვერ ვიტყვი, შეიძლება ასეც ყოფილიყო. კაცი, რომელმაც მოიფიქრა და მტრედს პირველად გაატანა ფოსტა, უთუოდ ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ ეს უცებ კი არ მომხდარა, ალბათ, ის დიდხანს აკვირდებოდა გარეულ მტრედებს და როცა მიხვდა, რაც უნდა შორ მანძილზეც წასულიყვნენ, მაინც ბრუნდებოდნენ, დაიჭირა, გაწვრთნა და პირველი ფოსტაც გაატანა. ეგ კი არა, ომში მტრედებს, წერილების გარდა, ფოტოაპარატებსაც ამაგრებდნენ, რომ მტრის ტერიტორია გადაეღო, ასე რომ, მტრედი მარტო ფოსტალიონი არ ყოფილა, მზვერავიც იყო...

- თქვენ თუ თამაშობდით მტრედებით ფოსტალიონობანას ბავშვობაში?

- ჩემი ომიცა და მშვიდობაც მანგლისში იყო და აბა, წერილი სადღა გამეგზავნა, მაგრამ უკვე დიდობაში,
როცა მტრედი გორში გავყიდე და მეორე დღეს ისევ ჩემი სამტრედის სახურავზე დავინახე, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მათ მშობლიური კერის სიყვარული ზოგჯერ ადამიანებზე მეტად აქვთ განვითარებული.
ხელში ავიყვანე და ისევ პატრონს წავუყვანე, - კარგად მოიშინაურე და მოეფერე, რომ არ გაგიფრინდეს-მეთქი. ეს მეზობლის ბავშვმა ნახა და ჩარჩა გულში. ის ბავშვი ჩემს სამტრედესთან ტრიალში გაიზარდა. გათენდებოდა, ჩამომადგებოდა, გამოაღებდა სამტრედის კარს და ჩემთან ერთად უყრიდა საკენკს. რომ მოიზარდა, თვითონაც იყიდა დედალ-მამალი მტრედი. ახლა კახა წიკლაურსაც ჰყავს 20-ოდე მტრედი. ჯარიდან იმას კი არ კითხულობდა, ოჯახში როგორ ხართო, ჩემი მტრედები როგორ არიანო... წაეკიდებოდა დედამისი, - რა დროს მტრედებია, ცოლი მოიყვანე და ბავშვები გააჩინე, თორემ მაგ მტრედებს გადაგიშენებო... ახლა მტრედებიც ჰყავს და ბავშვებიც.

- მართლა ასე ამბობენ ხალხში, მტრედის გადაშენება არ ვარგაო?

- ეგ ჩემს თავზე გამოვცადე, რომ მართლა არ ვარგა. აბა, როგორია, ეფერები, უვლი ცოცხალ არსებას და მერე ერთ დღეს ეტყვი, - წადი, აღარ მინდ­იხარო! თითქოს სითბო გეცლება...
ცხოვრება რომ გაჭირდა, შევწყვიტე მტრედების მოშენება. მაგრამ რა გამოვიდა - დილით ვიღვიძებდი და თითქოს გული ცარიელი მქონდა, ბარაქა, რომელსაც გავუფრთხილდი, მაინც არ იყო ოჯახში. მერე ისევ დავიწყე მტრედების გამრავლება და ახლა ყველაფერი კარგად არის.

ამ ფრინველებმა საოცარი სიყვარული იციან, - როცა გამრავლების პერიოდი უდგებათ, მამალი ისეთი ტკბილი ღუღუნით უვლის დედალს, რომ მეწყვილეს კი არა, ადამიანსაც ატკბობს.
მტრედი წელიწადში ოთხჯერ დებს ორ-ორ ცალ კვერცხს. კვერცხებიდან დედალ-მამალი ხუნდები იჩეკებიან, იშვიათი შემთხვევაა, რომ ორივე დედალი ან მამალი გამოვიდეს. ბარტყები 17-18 დღეში იჩეკებიან და ბუდეში 20 დღეს ატარებენ. შემდეგ კი დაფრთიანდებიან და პატრონს დაპურებისას გარს ეხვევიან. მტრედი პატრონს კარგად ცნობს, მისი მიახლოებისას ფეხსაც არ იცვლის. 

- ჩვენს ქვეყანაში სხვაგანაც თუ არიან პროფესიონალი მემტრედეები?
- მემტრედეობა დიდი აზარტია. დედაქალაქშიც არიან, გორშიც და ქუთაისშიც. მემტრედეები ერთმანეთს ვიცნობთ, ზოგჯერ ერთმანეთს სიმბოლურ ფასად მივყიდით ხოლმე. საქართველოში უცხოელი მემტრედეებიც ჩამოდიან ფრინველის შესაძენად. კარგი, სპორტული, მოთამაშე მტრედი 100-200 დოლარი ღირს. ჩვენთან არ არის განვითარებული ეს სახეობა, თორემ ბევრ ქვეყანაში მტრედებს ფრენის სიჩქარეშიც აჯიბრებენ ერთმანეთს. ისე, ესეც სიმბოლური ფასია, თორემ შარშან გერმანიაში კაცს მტრედი მოჰპარეს, რომელიც 150.000 ევრო ღირდა­ და მის ძებნაში მთელი ქალაქის პოლიცია ჩაერთო. 

- ჩვენში არც მეხორცული მემტრედეობაა­ განვითარებული.

- მტრედის დაკვლა?! რას ამბობთ, ნამდვილი მემტრედე მტრედს არ დაკლავს. ერთადერთი საქმე, რისთვისაც მანგლისში მტრედს ვიყენებთ, ქორწილია - ჯვრისწერისას მანგლისის ეკლესიაში ვუშვებთ, რომ ქალ-ვაჟს მშვიდობა, გამრ­ავლება და სიწმინდე დაჰყვეთ ოჯახში.

ერთ ჩემს მეზობელ მემტრედეს მტრედები კვერნამ დაუჭამა. დილით ყელგამოღადრული რომ დახვდა, ცოლ-ქმარი მათ დარდს კინაღამ გადაჰყვა. ვისაც ეს ფრინველი ხელში არ აუყვანია, ამ სიყვარულს ვერ გაიგებს. რა გასაკვირია, მტრედი ხომ უფალსაც უყვარს... 
თამაზ
21 აპრილი 2018 20:46
მტრედი ვიპოვე როგორმოვუარო ფეხი აქვს მოტეხილი
ხატო
03 ივლისი 2016 22:49
mrededebi dalian sayvareli prinvelebi arian erti clis cin vipove pata bartyi iyo katebi atamashebdnen shesashmelad aviyvane saxlshi gavzarde vunkurnale exaki saocrad sayvareli mgrdnobiare da moalerse aris saxelic ki davarqvi da roca vedaxi imcutshi magonebs daicxebs guguns geubneba aqavaro ojaxis cevrad vtvlit uzomod gviyvars mteli game sacolshi cevs pexebtan ar gvshordeba garet gasvla saertod arunda uceb gaprindeba dgeshi ertxel 5 cutit da isev moprindeba da mxaze shemomjdari mteli dge dagvyveba yvela ojaxis cevrs saocaria ver carmovidgendi mtredi aseti usadgvrot sayvareli tuikneboda ojaxis srulfasovan cevrad vtvlit tavze vevlebit ise dalian gviyvars carmomidgenia memtrediebi rasiamovnebas grdnoben matan urtiertobit ufalma dalocos yvela eseti adamiani vinc mat mimart aset mzrunvelobasada siyvaruls amjgavnebs
აკაკი
13 ივნისი 2016 14:09
მეც მყავს მტრედები მაგრამ ბევრი არა სულ რაღაც 5 3 ტეტრი და 2 სჰავკუდა მტრედები ისინი მართლაც საყვარლები და მეგობრულები არიან მე ამ პოსტის წაკიტხვის შემდეგ ბევრი რამ აღმოვაჩინე ისეთი რაც მე არ ვიცოდი მტრედი მართლაც ულამაზესი და უსაყვარლესი ფრინველია

რედაქტორის რჩევით