ნადირობა ჯიქურად - კვირის პალიტრა

ნადირობა ჯიქურად

ლეოპარდების ნაშიერები, როგორც კი წამოიზრდებიან, დედას მალევე ტოვებენ. მდედრი შობს 1-3 ნაშიერს, რომლებიც თვალს 10-12 დღის შემდეგ ახელენ

ბუნებაში იშვიათად ნახავთ ისეთ გრაციოზულ, მოქნილ და ლამაზ არსებას, როგორიც ლეოპარდია. ჯიქი, ანუ ლეოპარდი კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან ჰგავს თავის პატარა ნათესავს - კატას. ის წითელ ნუსხაშია შეტანილი, როგორც გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველი. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი, ძვირფასი ბეწვი აქვს. ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორიც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ჯიქის ბეწვი ძალიან ძვირად ფასობს, რამაც ძალიან შეუწყო ხელი მის შემცირებას.

ჯიქი მსოფლიოში იშვიათ ცხოველთაგანია. იკვებება ანტილოპებით, ირმებით, შვლებითა და სხვა ცხოველებით, თუმცა, შიმშილის დროს არც მღრღნელებს, მაიმუნებს, ჩიტებს იწუნებს. შინაურ ცხოველებს იშვიათად ერჩის, მაგრამ ზოგჯერ ძაღლებს იტაცებს, თავს ესხმის მგლებსა და მელიებს. არ ინდობს ტურას, სირაქლემას და კუს. განსაკუთრებით აქტიურია ღამის საათებში, თუმცა არც დღისით გაურბის ნადირობას. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე მოკალათებულს, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას დიდ დროს უთმობს.

საქართველოში ლეოპარდი იშვიათად გვხვდება: 1954 წელს ერთი ლეოპარდი საგურამოს ქედის ახლოს იპოვეს მოკლული, უფრო ადრე - კოდორისა და ბზიფის ხეობებში გამოჩნდა. 2004 წელს მეცნიერებმა კიდევ ერთი ლეოპარდი აღმოაჩინეს ვაშლოვანის ნაკრძალში.

ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი:

- ჯიქი, ლეოპარდი, პანტერა - მტაცებელი ამ სახელებით არის ცნობილი. ჯიქი დიდი ზომის ცხოველია, დაახლოებით 2 მეტრამდე სიგრძისა. აქვს გრძელი კუდი. ძალიან ძლიერია, შეუძლია თავის წონაზე უფრო დიდი მსხვერპლი მოინადიროს და ნადავლი ხეზე აიტანოს. ხეებზე კარგად დაცოცავს და დახტის. ნადავლი ხეზე მაშინ ააქვს, როცა კონკურენტები ეგულება, მაგალითად, აფრიკაში ან ინდოეთში ლომსა და ვეფხვს ერიდება. თუ ასეთი საფრთხე არ ეგულება, მსხვერპლს მიწაზევე შეჭამს.

ლეოპარდები დამოუკიდებლად, მარტო ცხოვრობენ, მათი ნაშიერებიც, როგორც კი წამოიზრდებიან, დედას მალევე ტოვებენ. ორი ან სამი ლეოპარდი ერთად ბუნებაში იშვიათად გვხვდება. ხვად ლეოპარდს გამრავლების პერიოდში შეუძლია რამდენიმე ძუსთან იყოს, მაგრამ თავის შთამომავლებზე ნაკლებად ზრუნავს, მათ ძუ ლეოპარდები ზრდიან. მდედრი შობს 1-3 ნაშიერს, რომლებიც თვალს 10-12 დღის შემდეგ ახელენ.

- ყველაზე მეტად როგორი ადგილები მოსწონს ლეოპარდს?

- ის შეიძლება შეგვხვდეს უდაბურ ტყეებში, სტეპებში და უდაბნოშიც კი. მაგალითად, არაბეთში ლეოპარდი სწორედ უდაბნოს ბინადარია, კავკასიაში მაღალ მთებში გვხვდება. გამოირჩევა ადაპტაციის შესანიშნავი უნარით, თუმცა ნაკლებად ეგუება ადამიანსა და დასახლებულ, ხმაურიან ადგილებს. ნაწილობრივ, სწორედ ამ თვისების გამოა გადაშენების პირას. ლეოპარდების რიცხვის შემცირება ადამიანის მიერ მისი საარსებო გარემოს ათვისება-შევიწროებამ და ულამაზესი ბეწვის მოპოვების სურვილმა განაპირობა. წარსულში ლეოპარდი ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში. აფრიკაში ისინი ახლაც ბინადრობენ, აზიაში კი გვხვდება ძირითადად ინდოეთსა და აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, სადაც მათთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია. მსოფლიოში ლეოპარდი ძალიან მცირერიცხოვანი ცხოველია. კონკრეტულად კავკასია მათთვის ისედაც განსახლების პერიფერია იყო, ამიტომ მათი რიცხვი ჩვენს რეგიონში თითზე ჩამოსათვლელია.

- ამ მტაცებლის ბევრი ქვესახეობაა ცნობილი: აფრიკული და ინდოჩინური, ინდური და ცეილონური, სპარსული, არაბული ჯიქი... მიუხედავად ამისა, მათი რიცხვი ბუნებაში მაინც მცირეა.

- ქვესახეობების მრავალრიცხოვნობა არ ნიშნავს, რომ ცხოველიც ბევრია. ყველაზე მრავალრიცხოვანი აფრიკული ლეოპარდია, ზოგიერთი ქვესახეობის რაოდენობა კი მეტად შეზღუდულია. მაგალითად, ძალიან ცოტაა წინააზიური და შორეული აღმოსავლეთის ჯიქი. ფაუნის ასეთი იშვიათი წარმომადგენელი შეიძლება 20 ქვესახეობას ითვლიდეს, მაგრამ საერთო რაოდენობა 30 ან ნაკლებიც იყოს. ლეოპარდი საშუალოდ 20-25 წელიწადს ცოცხლობს.

ჩვენი, წინააზიური ლეოპარდი, გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას. ერთი ლეოპარდი 1950-იან წლებში მოკლეს, მერე 70-იან წლებში ზვავში მოყოლილი ლეოპარდის ნაწილები ნახეს. მაშინ ითქვა, ხევსურეთში მოკლესო.

ბოლო წლებში საქართველოში მხოლოდ ერთი ლეოპარდი იპოვეს - ის 2004 წელს გადაიღეს ვაშლოვანის ნაკრძალში. ცხოველს მონიტორინგი დაუწესდა და მრავალი ფოტოც დაგროვდა, რომლებიც ფოტოხაფანგით გადაიღეს. სამწუხაროდ, ერთ მშვენიერ დღეს ეს ლეოპარდიც გაქრა.

შესაძლოა სხვა ტერიტორიაზე გადავიდა, ან სხვა რამ მოუვიდა, ამის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით, სად არის ის ახლა.

- ზოოპარკში რამდენი ლეოპარდი გყავთ?

- ზოოპარკში ორი წინააზიური ჯიქი გვყავს, რომლებიც ახლახან ჩამოვიყვანეთ საფრანგეთიდან. ისინი ჩვეულებრივი ხორცით იკვებებიან, მათ შორის ფრინველისა და ცხენის ხორცითაც.

- ლეოპარდი ადამიანს თუ ესხმის თავს და საერთოდ, როდის ერჩიან მტაცებლები ადამიანს?

- როგორ არა, ინდოეთში ლეოპარდის კაციჭამიობა ხშირია. ბევრი ფაქტორი არსებობს, რის გამოც შესაძლოა მტაცებელი ადამიანს თავს დაესხას. ამაზე ცოტა ხნის წინ ჩვენს ზოოპარკში მომხდარი ფაქტიც მეტყველებს. ამ შემთხვევაში თავდამსხმელი ვეფხვი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლეოპარდი იმავეს არ გააკეთებდა. მიზეზი ხშირად თამაშია და არა - აგრესია. თუმცა ადამიანისთვის თამაში ზოგჯერ ისევე სახიფათოა, როგორც მტაცებლის აგრესია. ალბათ გინახავთ, როგორ თამაშობს კატა თაგვით, ან ძაფის გორგლით. ასეთი საქციელი ცხოველისთვის თამაშია, მაგრამ ადამიანისთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს. როგორც ყველა დიდი მტაცებელი, ლეოპარდი სახიფათო ცხოველია და გამუდმებით ყურადღებას საჭიროებს.

- ალბათ ძნელი მოსავლელია...

- დიახ და ეს ბუნებრივიცაა: წარმოიდგინეთ, თუ ვეფხვი და ლომი შეიძლება გყავდეთ ღია ვოლიერში, რადგან ისინი ვერ დაცოცავენ, ჯიქი კიდეც დაცოცავს, დახტის, ცურავს და ა.შ. ამიტომ ის დახურულ ვოლიერში უნდა იყოს. ღია ვოლიერში ჯიქის გაჩერება რთულია. ზოგიერთ ზოოპარკში მაინც აჩერებენ, მაგრამ ეს ძვირად ღირებული მინის ვოლიერებია. ასეთი ვოლიერი კიოლნის ზოოპარკში მინახავს. ჩვენი ლეოპარდები დახურულ, თუმცა დიდ ვოლიერში გვყავს. კარგ, ნორმალურ პირობებში ლეოპარდი ტყვეობასაც ეგუება, მაგრამ ადამიანს რომ მიეჩვიოს და ბოლომდე მისი მორჩილი გახდეს, ასეთი რამ არ ხდება.

- ამბობენ, რომ ძველად საქართველოში ჯიქი გავრცელებული ყოფილა...

- დიახ, მაგრამ ამის თაობაზე ზუსტი წყაროები არ არსებობს. ლეოპარდი, ჯიქი ხშირად არის ჩვენი თქმულებებისა და ლეგენდების მთავარი პერსონაჟი. გავიხსენოთ "ლექსი ვეფხისა და მოყმისა". იქ ნამდვილად ჯიქზეა ლაპარაკი და არა ვეფხვზე. ყველაფერი, რაც იქ არის აღწერილი, სწორედ ჯიქისთვის არის დამახასიათებელი და არა ვეფხვისთვის. შესაძლოა, ლიტერატორები და ფოლკლორისტები არ დაგვეთანხმონ, მაგრამ თვითონ ჰაბიტატიც, სადაც ეს შებრძოლებაა აღწერილი, ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილად ჯიქი იყო, რადგან ვეფხვი ისეთ ადგილებში ვერ ცხოვრობს.

ამჟამად ჯიქი გვხვდება მეზობელ აზერბაიჯანში, კერძოდ, ნახჭევანში, ასევე სომხეთში. როგორც ამბობენ, ახლახან დააფიქსირეს დაღესტანში. ასე რომ, ჩვენს რეგიონში ლეოპარდი აშკარად გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

ხათუნა ჩიგოგიძე