"ეს ყველაფერი გიორგის დამსახურ­ებაა" - პირველი ლედის სიხარულის ბაღი - კვირის პალიტრა

"ეს ყველაფერი გიორგის დამსახურ­ებაა" - პირველი ლედის სიხარულის ბაღი

"მე და გიორგის ძალიან მოგვწონს გარემო, რომელიც ერთად შევქმენით..."

მოქმედი პრეზიდენტის მეუღლესთან არასდროს მისაუბრია. ეს პირველი შემთხვევაა. ჩვენი პრეზიდენტი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გამორჩეული ადამიანები არიან, ხალხს არ გაურბიან, მათთან ურთიერთობა იოლია და სასიამოვნო. ამჯერად ქალბატონი მაკა იმ ბაღზე გვესაუბრება, რომელიც მათი ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სადაც არც თვითონ და არც პრეზიდენტი შრომას არ თაკილობენ.

- ქალბატონო მაკა, მოგვიყევით თქვენს არაჩვეულებრივ ბაღზე.

- მას შემდეგ, რაც დუშეთში გადავედით საცხოვრებლად, ბაღის მოვლის სურვილი გამიჩნდა. ყველაფერი კი ერთი ხვიარა ვარდით დაიწყო, რომელსაც მეც და გიორგიც თავს ვევლებოდით.

ყოველთვის ვნატრობდი, ეზოიანი სახლი მქონოდა, მიწა, სადაც ბაღს გავაშენებდი და მცენარეებს მოვუვლიდი. თუმცა, ეს არცთუ ადვილი აღმოჩნდა, რადგან ბაღს, ბოსტანსა და ხეხილს სხვაგვარი დაპროექტება სჭირდება. უნდა იცოდე, სად რა ტიპის მცენარე დარგო, ბოსტნეულს სად და როგორ მიუჩინო ადგილი. ყველა მცენარეს შეწამვლა სჭირდება, ნიადაგის განოყიერება, გამარგვლა, გასხვლა... ყველაფერს უცებ ვერ ისწავლი, ეს დროთა განმავლობაში მოდის და რაც მეტი მცენარე გაქვს, მით მეტი დრო და ენერგიაა საჭირო, რომ არაფერი გამოგრჩეს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ეზოში ბევრი ციცარი, კატა და ძაღლი გვყავს. აბა, როგორ ავუხსნა მათ, რომ მცენარეებზე სირბილი არ შეიძლება? ჰოდა, ხშირად მიფუჭებენ ნარგავებს.

- თქვენს ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ბრძანეთ, რომ ეზოში ბევრი ვარდი გაქვთ. სულ რამდენი ჯიშია?

- ვარდები გამძლე და ამტანი მცენარეებია. თან, ძალიან მომწონს. ყოველ წელს ათამდე ახალ ბუჩქს მაინც ვრგავდი და ახლა 200 ძირი ვარდი მაქვს. ასევე დავრგე სხვადასხვა ფერის ზამბახი, იასამნის ბუჩქები, სუკულენტები, გავაკეთე გლიცინიების ხეივანი, ერთწლიანი ყვავილები, რომელთა ბოლქვებსაც ვინახავ და მომდევნო წელს მიწას ვუბრუნებ ან თესლებით ვამრავლებ.

- ზოგს ყვავილები ისე უყვარს, რომ სითბოს გამოსახატავად მათ ელაპარაკება, სახელებსაც კი არქმევს. თქვენ?

- სახელებს არ ვარქმევ, მაგრამ ურთიერთობისა და სიყვარულის გარეშე წარმოუდგენელია მცენარეების გამრავლება...

- თქვენ უვლით მცენარეებს თუ ეზოში მებაღე მუშაობს?

- ჩემს მცენარეებს ყოველთვის მე ვუვლიდი, თუმცა, ბოლო დროს ჩვენი მებაღე ფიდო მეხმარება. ის ყველაფერში ჩვენი დამხმარეა. ხშირად მეუბნება, ყვავილების არაფერი გამეგებოდა და თქვენ შემაყვარეთო...

- დიზაინერს ხომ არ ანდობთ კარ-მიდამოს გალამაზებას?

- დიზაინერზე არასდროს მიფიქრია. მგონია, რომ საკუთარი გამოცდილება, სიყვარული და ინფორმაციის მოპოვება მეხმარება, შევქმნა ის სასურველი გარემო, სადაც ზუსტად ვგრძნობ, როგორ განვალაგო მცენარეები...

- ჩანს, ძალიან გიყვართ ბუნება... რა ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში?

- მიწასთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნო და ამავე დროს, დამღლელი საქმიანობაა. თუმცა,

როცა შენი შრომის შედეგს ხედავ, ამაზე სასიხარულო რა უნდა იყოს? თანაც დღეს, როცა ეკოლოგიური პრობლემები არსებობს, საკუთარი ბოსტანი თუ გაქვს, ძალიან კარგია.

- ყვავილების გარდა, ბაღში კიდევ რა გაქვთ?

- პომიდორი, კიტრი, კარტოფილი, მარწყვი, მწვანილი, სტაფილო, კომბოსტო - აი, რას ნახავთ ჩემს ბოსტანში. ასე რომ, ახლა შემიძლია, პატარა თემოს სუფთა პროდუქტებისგან მოვუმზადო ბოსტნეულის წვნიანი.

- ბატონ პრეზიდენტსაც უყვარს მცენარეების მოვლა?

- ეს ყველაფერი გიორგის დამსახურებაა, სწორედ მას ვუმადლი სოფელში, ეზოიან სახლში ცხოვრებას.

მას ხშირად ნახავთ ბარით, ან ბალახის საკრეჭი მანქანით. მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სახლიც, ფაქტობრივად, თვითონ გამართა, ინტერიერზე კი ერთად ვიზრუნეთ. თუ რამე შესაღებია, მე ვარჩევ ფერს და შემდეგ ვღებავ. ორივეს ძალიან მოგვწონს გარემო, რომელიც ერთად შევქმენით...

- სამომავლოდ რას აპირებთ?

- ვფიქრობ, ჯერ მთლად არ აგვითვისებია და გაგვიმართავს ბაღი. ხეხილიც ცოტა გვაქვს. ამიტომ მომავალში ვეცდები, მეტი გავაკეთო...

ლალი ფაცია