კალმახი სათავიდან "ტკბილდება"
15-06-2015
კალმახი სათავიდან "ტკბილდება"
ვისაც მთის მდინარეში მოხტუნავე წითელ­წინწკლებიანი კალმახები უნახავს, ამ სურათს ვერასოდეს დაივიწყებს. არც კალმახის გემოს დავიწყება შეიძლება, - ის ყველაზე გემრიელ თევზად ითვლება. თუმცა, სამწუხაროდ, მთის მდინარეებში კალმახი ცოტა დარჩა და საქმე მის გადარჩენაზეა მიმდგარი. მრავალ ქვეყანაში მუშაობდნენ კალმახის ჯიშების მოშენებაზე. ამერიკელებმა მდინარეების სათავეში მოსაშენებლად გამოიყვანეს ე.წ. შინაური, ცისარტყელისებრი კალმახი. დღეს მას საქართველოშიც ამრავლებენ.

ტყიბულელი რაინდი ჭანტურიძე ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტს მიუჯდა და საქართველოში კალმახის მოშენებაზე ინფორმაციას გაეცნო.


- საქმე არ
მეზარება, რისკის შიში არ მჩვევია და ისიც ვიცი, რომ იშვიათია კაცი, რომელსაც კალმახი არ უყვარს! ეს­ეც კმარა, რომ კალმახის მოშენება წამოიწყო. საქმის მთავარი ხელჩასაჭიდიც გამოჩნდა - ინტერნეტში ეწერა, რომ აუცილებელია კალმახი მთის მდინარის სათავეში მოშენდეს, რადგან სათავის ახლოს წყალი ყოველთვის კამკამაა, არ ერთვის მთის ნარეცხი
შენაკადები, რომლებიც მდინარეს ამღვრევს. მთის მდინარე გარანტია იმისა, რომ თევზი გემრიელი იყოს და კარგად გამრავლდეს. მე ტყიბულში, ნაქერალას მთების სიახლოვეს გავიზარდე, ჩემი სახლიდან ამ მთებამდე სულ 7 კილომეტრია და თითქმის ზეპირად ვიცი ის წყლები, რომელიც მთიდან ჩქეფით გამოდის და მდინარე ტყიბულაში ჩაედინება. ასეთი წყლები ნაქერალაზე ბევრია, მათ სახელიც კი არ აქვთ და ნაქერალას წყლებს ეძახიან. Mმოკლედ, ამოვირჩიე ჩემი წყალი, რომელიც მთიდან იმდენი გამოდის, რომ დიდი დიამეტრის მილს ავსებს.­ შევუამხანაგდი ჩემს ცოლისძმას, ვიყიდე წყლის სათავის გარშემო 1200 კვმ მიწა და წავედი ფშავში, შუაფხოში, სადაც ერთ მეწარმეს ზუსტად ისეთი საკალმახე აქვს, როგორის გამართვაც მინდოდა. მან ყველაფერი მასწავლა და სამზადისს შევუდექით.

ორმა კაცმა, მდინარესთან შერჩეული ტერიტორიის გარშემო, დაახლოებით 50 მეტრზე გავწმინდეთ ადგილი, სადაც თევზის მოშენებას ვაპირებდით;­ დავდგით საკალმახე აუზები, რომლებშიც სათავიდან მილით მიყვანილი წყალი გავუშვი და ქედაში ლიფსიტებისთვის წავედი - კალმახის მოშენება აქაც ძალიან პოპულარულია. 5-გრამიანი ლიფსიტები ვიყიდე, ცალი 15 თეთრად, სულ 2000 ცალი.

- არ გიფიქრიათ, თევზი პირდაპირ შენაკადის ხეობაში გაგეშვათ?
- ეგ მომავლის საქმეა და, ღვთის შეწევნით, ალბათ მაგასაც გავაკეთებ, როცა ამ საქმეში მოვმაგრდები, მაგრამ ეს თევზი გამოყვანილი ჯიშია და ბუნებრივ ხეობაში ვერ ძლებს, ამიტომაც ვაპირებ ერთი დიდი აუზის აშენებას, სადაც წყალი, ისე როგორც ხელოვნურ აუზში, შევა-გამოვა და ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდება. ჯერჯერობით კი სინთეტიკური აუზებით ვსარგებლობ. Aაქ თევზი სპეციალურ საკვებსაც იღებს და მთის მდინარის ცოცხალი ორგანიზმებითაც საზრდოობს. ამიტომაც არის ასეთი კალმახი გემრიელი და ძვირად ღირებულიც...
მოკლედ, ეს ჩემი ლიფსიტები გავუშვი ორ აუზში და იქვე დავრჩით დასაკვირვებლად. ახალ გარემოსთან შეგუება ყველა ცოცხალ ორგანიზმს უჭირს, შეჩვევის შემდეგ კი ყველაფერი იოლდება. ჩვენი ლიფსიტებიც ადვილად შეეჩვივნენ ახალ ადგილს. 2 კვირაში 3-4 გრამი მოიმატეს და ეს კარგი მაჩვენებელია.

- ლიფსიტებზე ბავშვებივით ლაპარაკი გამოგდით.
- უცხო კაცი გაოცდება იმის დანა­ხვაზე, როგორ მოცურავენ საკვების მომლოდინე თევზები ჩვენკენ. ვიდრე პატარები არიან, 3-ჯერ კვება სჭირდებათ. ჩვენ კი გვინდოდა 4-ჯერ გვეკვება, მაგრამ საჭმელს პირი არ დააკარეს! ასე რომ, ამ საქმეში რეცეპტებით ვერ იხელმძღვანელებ, შენი დაკვირვებითაც ბევრ რამეს უნდა მიხვდე. როცა თევზები გაიზრდებიან, შეიძლება ყოველ 2 საათში ერთხელაც დასჭირდეთ კვება, მაგრამ ალბათ მანამდე არ მივლენ, კალმახი ყველას უყვარს და მყიდველიც გამოჩნდება. ისე, თუ მიუშვი, შეიძლება კილონახევრიანებიც კი გაიზარდონ, მაგრამ სტანდარტი - სტანდარტია...

როცა ლიფსიტები იზრდებიან, აუზში ვეღარ ეტევიან და სხვაგან უნდა გადაიყვანო. ყველა ერთნაირად ხომ არ გაიზრდება, ამიტომ სპეციალური ბადე უნდა ჩაუდგა, რომელშიც პატარები გაცურდებიან, დიდები კი დარჩებიან. ის დიდები  კი სხვა აუზში უნდა გადასხა. იმის­ გასაგებად,­ თუ რამდენი მოიმატეს კალმახებმა, ვწონით ხოლმე.

- ნაწილი ხომ იღუპება?
- იმდენად ცოტა, რომ საერთო წონაზე არ მოქმედებს. სხვათა შორის, ლიფსიტების ჩამოსაყვანად წვალება რომ არ დამჭირდეს, თავად მინდა მოშენება. სპეციალურ თერმოსებში შენახული კალმახის კვერცხი ჩვენში ამერიკიდან უპრობლემოდ შემოდის... ამ ქვირითიდან 50 000 ლიფსიტის გამოჩეკაა ნავარაუდევი. საკმარისია, თერმოსები აუზის თავზე გახსნა, ზედ მდინარის წყალი მიუშვა, რომ ქვირითი წყალში ჩაცვივდება და თავისით, დაუხმარებლად გამოიჩეკება. ეს არის ბუნება.

- თავიდან ლიფსიტები თავკომბალებს­ ჰგვანან, არა?

- ჰგვანან, მაგრამ ძალიან მალე იქცევიან თევზებად. ცისარტყელისებური კალმახი ძალიან ლამაზია. Mმისი რეალიზაციის დონემდე მიყვანა ჩვენში წელიწადში ორჯერ შეიძლება, თუმცა, ზამთარში შედარებით ნელა იზრდებიან.

- გარანტირებული ხართ, რომ მთებში აუზებს ქურდები არ მიადგებიან ღამით?
- მაგიტომ გვყავს აქაურობის მთავარი­ ყარაული, სუფთა ჯიშის კავკასიური ნაგაზი. იმედი მაქვს, ყველაფერი აეწყობა. ამ საკალმახის მოწყობა ორ კაცს არც ისე ძვირი დაგვიჯდა, საკუთარი რესურსებით მოვახერხეთ ყველაფერი. თუ კაცს შრომა უყვარს, მისთვის არაფერია შეუძლებელი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები