თუშურ ფარდაგებში ჩაქსოვილი საიდუმლო - კვირის პალიტრა

თუშურ ფარდაგებში ჩაქსოვილი საიდუმლო

საქართველოში ყველამ იცის, რომ თუშის ქალები ოდითგანვე კარგი მქსოველები იყვნენ. ალვანში გაზრდილმა ნანული აზიკურმა ხელსაქმე ბავშვობიდან შეიყვარა, რადგან მისი დედა და ბებია თითქმის ყოველთვის ქსოვდნენ. ჩვენი სტუმარი ეთნოგრაფი გახლავთ და ამ დარგში რამდენიმე წიგნის ავტორია. ამბობს, რომ თუშური ფარდაგების ქსოვაში ხშირად ღამეები უთენებია და ეს საქმე მისი სულის ნაწილად იქცა. ის დღეს თუშური ფარდაგების სილამაზის საიდუმლოს გაგვიმხელს.

- ქართული ხალიჩები და ფარდაგები იმით გამოირჩევა, რომ ძალიან კოლორიტულია. თუ სხვა ხალხებს მკაცრი კანონების შესატყვისი ორნამენტული კომპოზიციები აქვთ, ჩვენთან მქსოველი ხშირად მიმართავს იმპროვიზაციას. ამიტომ ჩვენს ფარდაგებში ავტორის მეტი თავისუფლება იგრძნობა. აღმოსავლურ ხალიჩებსა და ფარდაგებში თუ ერთი წერტილი დასმულია მარჯვნივ, მარცხნივაც ისეთივე წერტილი მეორდება და მთელი კომპოზიცია სრული სიმეტრიით იქსოვება. სიმეტრია ჩვენთანაც არის, მაგრამ ბევრ თავისებურებასაც ნახავთ. ქართულ ნაწარმში უფრო მეტი შემოქმედება და თავისუფალი აზროვნება იგრძნობა. არის კიდევ ერთი თავისებურება:

ქართული ხალიჩებისა და ფარდაგების დომინანტური ფერი შავია, მერე მოდის თეთრი. ერთი სიტყვით, ქართულ და საკუთრივ, თუშურ ფარდაგებში წამყვანი ორი ფერია - შავი და თეთრი.

- შავი ფერის გამორჩეული სიყვარული უცხოელებს ჩვენს ეროვნულ თვისებად მიაჩნიათ...

- ალბათ, ამასაც აქვს მიზეზები. ცნობილია, რომ ქართველები, ძირითადად, მიწის მუშაკები იყვნენ და მათთვის ეს ფერი უფრო მისაღები იყო. თეთრ ჩოხას უმეტესად ქორწილებში იცვამდნენ. ამავე დროს, შავი ფერი გარდაცვლილ ახლობელზე გლოვის ნიშანია. ჩვენს ქალებს ომებში ხშირად ეღუპებოდათ ახლობლები და უმეტესად შავი ფერის კაბები ეცვათ. შავი ფერის სამოსი ხელსაყრელი იყო ღამის ბრძოლებისთვისაც. ცნობილია, რომ მებრძოლებს ხშირად შავი ფარები ჰქონდათ და შავფაროსნებიც ამიტომ დაარქვეს...

- თუშური ფარდაგები რომ საკმაოდ ჭრელი და ფერადოვანია?

- თუშური ფარდაგი მართლაც ჭრელია, მაგრამ შედარებით მკრთალი ფერებით არის ნაქსოვი. არსებობს ერთი საინტერესო წიგნი, სადაც არაჩვეულებრივი ფარდაგებია დაბეჭდილი. ამ წიგნში ნახავთ ძალიან ლამაზ აზერბაიჯანულ, სომხურ და დაღესტნურ ფარდაგებს, მაგრამ საქართველოს რომ მიადგები, სუნთქვა შეგეკვრება - ეს სულ სხვა სამყაროა. მას სწორედ გამორჩეული კოლორიტი ქმნის - ჩვენი ფარდაგები ჭრელია, მაგრამ შედარებით მშვიდი ფერებით გამორჩეული.

თუშური ფარდაგების ქსოვა საოცარი პროცესია: ქსოვ, ქსოვ და აღარ გინდა, მოშორდე. ღამეებსაც კი ათენებ.

ბუნებაში ყველაფერი შეხამებულია და როგორც ველ-მინდვრებს ამშვენებს სხვადასხვა ფერის ყვავილები, ასევე თუშურ ფარდაგშიც ბევრი ლამაზი ფერია ერთად წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, თუშები, ძირითადად, მეცხვარეები იყვნენ. ქალი რომ ამ სილამაზეს შეჰყურებდა და თან ცხვარში წასულ ძმაზე, მამაზე, მეუღლეზე დარდობდა და ფიქრობდა, ლამაზი ნახელავი გამოუვიდოდა, აბა, რა იქნებოდა? მიმაჩნია, რომ ეს სილამაზე სწორედ ამ ლამაზი ბუნებისა და მონატრების შედეგია. სხვათა შორის, ძველად მთაში ქალის სოციალური სტატუსიც ხელსაქმით განისაზღვრებოდა, ამიტომ ყველა ცდილობდა, სხვაზე უკეთ მოექსოვა.

- როგორც ვიცი, თუშურ ფარდაგებს აღარ ქსოვთ. რა არის ამის მიზეზი?

- სამწუხაროდ, არავინ გვიკვეთს, ეძვირებათ, თანაც ეს მძიმე სამუშაოა.

ერთი ფარდაგი, რომელიც ჩემს მოსწავლეებთან ერთად მოვქსოვე და გაიყიდა, მერე ამერიკაში წაიღეს, კალიფორნიის გუბერნატორს აჩუქეს და სურათი გამოგვიგზავნეს იმ ფარდაგის ფონზე გადაღებული.

ერთი კი ბელგიელმა ჟურნალისტმა შეგვიკვეთა და მერე მის გადაცემაში ვნახე. დანარჩენს, ძირითადად, ქართველები მიკვეთდნენ. ახლაც ველოდები და ვფიქრობ, ნუთუ არავის სჭირდება კარგი თუშური ფარდაგი?

- ძველი თუშური ფარდაგები თუ არის შემორჩენილი?

- ძველი ფარდაგები ერთი ხელის მოსმით, ლამის კაპიკებად გაიტანეს თურქეთში ქართველებმაც და თურქებმაც. ყველას ვეხვეწებოდი, არ გაეყიდათ. რამდენიმე მათგანი ჩემი თხოვნით ქართველებმა შეიძინეს და ვიცი, რომ ოჯახებში ინახება.

ახლა ძველი ფარდაგები იშვიათობაა; თუშები პატარა ნაგლეჯებსაც კი უფრთხილდებიან. მეც, სულ პატარა ნაკუწიც რომ ვნახო, მივხვდები, რომ ის თუშურია. მოგეხსენებათ, ხანგრძლივი ზამთრის გამო თუშეთი გარე სამყაროს მოწყვეტილი იყო, ამიტომ აქაური მქსოველები არ ითვალისწინებდნენ ბაზრის მოთხოვნებს, თანაც ისინი გასაყიდად არც ქსოვდნენ. ამიტომ, თუშური ფარდაგი უფრო შემოქმედების ნაყოფია, ბაზარს კი სულ სხვა, კომერციული მოთხოვნები აქვს. როცა ქალი სამზითვოდ, ახლობლისთვის, ან თავისი ქალიშვილისთვის ქსოვდა, მისი ნახელავი სულ სხვანაირი გამოდიოდა. თუშურ ფარდაგებში წითელი და შინდისფერიც გვხვდება, მაგრამ ისე გემოვნებით არის შეხამებული, მოგეწონებათ.

- ხალიჩებსა და ფარდაგებს საქართველოს სხვა კუთხეებშიც ხომ ქსოვდნენ?

- ხევსურეთში ცოტას ქსოვდნენ, მათ ცხვარი ცოტა ჰყავდათ, რადგან პარალელური საძოვრები არ ჰქონდათ. ფშავლებს კი ჰქონდათ როგორც საზაფხულო, ასევე საზამთრო საძოვრები, ცხვარიც ბევრი ჰყავდათ და კარგადაც ქსოვდნენ. ერწოში ქსოვდნენ კარგ ხალიჩებს, ერწოს "ფარდაგების საწყობსაც" კი ეძახდნენ. სხვათა შორის, ქართლში, ლიახვის ხეობაშიც ქსოვდნენ არაჩვეულებრივ ფარდაგებს, კახეთშიც მშვენიერი ფარდაგები იქსოვებოდა, თუმცა კახურ ფარდაგებში სპარსული ორნამენტებისა და ფერების გავლენა აშკარად შეიმჩნევა.

- ქსოვას როგორ იწყებთ?

- ჯერ ქსლის ძაფი უნდა მოვამზადოთ, ჯარასა და მთელ დაზგას მოვამზადებთ და ქსოვას ვიწყებთ. ძველად ქსოვის დასაწყებად "კარგ" დღეს შეარჩევდნენ ხოლმე. ამ დროს თუ ვინმე შემოესწრებოდა, აუცილებლად დაზგა უნდა დაელოცა. ავი თვალისა სჯეროდათ და მის საწინააღმდეგო რიტუალსაც ასრულებდნენ. ასე გრძელდებოდა საუკუნეების განმავლობაში. უხსოვარი დროიდან შემონახული მასალა მოწმობს, რომ ქსოვა მთელ კავკასიაში და საქართველოში მაღალ დონეზე იყო განვითარებული. ამას ისიც ადასტურებს, რომ ძველი წინააზიური, ეგვიპტური და ქართული საქსოვი დაზგები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

- შეგირდები თუ გყავთ?

- ჩემი ძირითადი საქმიანობა პედაგოგობაა. პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელსაქმეს ვასწავლი სხვადასხვა ასაკის ადამიანებს, ბავშვებს, ქალებს. მუზეუმში "ღია ცის ქვეშ" ფარდაგების ქსოვას ვასწავლი. ძალიან მიხარია, რომ ეს საქმე ჩემს შვილიშვილს - ანას აინტერესებს. ის ჯერ 12 წლისაა, მაგრამ თუ ეს ინტერესი არ გაუნელდება, აუცილებლად ვასწავლი. სამწუხაროდ, საკუთარი სახელოსნო არ მაქვს, სახლში კი ადგილი არ არის, ამიტომ, ფარდაგებს ვეღარ ვქსოვ. არადა, ეს უდიდესი სიამოვნებაა.

ყოველთვის ვიყავი და დღემდე ვრჩები მეცხვარეობის ქომაგად, თუნდაც იმიტომ, რომ თუშური მატყლი საქსოვად საუკეთესოა. სავალალოა, რომ ამ დარგის განვითარებაზე საქართველოში ისე არ ფიქრობენ, როგორც ის იმსახურებს.

ხათუნა ჩიგოგიძე