"თეთრი ქარავანი" თრიალეთს მიემგზავრება
22-06-2015
"თეთრი ქარავანი" თრიალეთს მიემგზავრება
მადლიანი კახეთიდან თრიალეთის საძოვრებზე ცხვრის გადარეკვა მთავრდება. გზა დიდია და მის გავლას დაახლოებით 20 დღე სჭირდება, გააჩნია, ცხვარსა და მწყემსებს გზად რა შეემთხვევათ... გასაკვირია, მაგრამ ცხვრის გადარეკვის დროს ამ გზაზე თითქმის ყოველთვის წვიმს, განსაკუთრებით, დილით და საღამოს. მწყემსები ამბობენ, ეს ღვთისგან არის დაწესებული, რომ ამ ძნელ გზაზე მწყემსსაც და ცხვარსაც სიგრილე ეშველებოდესო. ასეა თუ ისე, თბილისის ბუღიდან გასულს წალკაში მეც ნისლი დამხვდა, თან ისეთი, თითს თვალთან რომ ვერ მიიტანდი. ამ
ნისლში გზაზე­ ცხვრის ფარას კი არა, ცადაზიდულ­ მთებს ვეღარ ვხედავდი. საბედნიეროდ, წალკის სოფლის მეურნეობის საკონს­ულტაციო ცენტრი და მისი თანამშრომელი გიორგი გვიჩიანი შემომეშველა, - შენ არ იცი, ნამდვილი ნისლი რა არის, მაგას ნაჯახითაც ვერ გაჩეხ... დღევანდელი ნისლი კი მალე გაიფანტება, წამოდი, გაჩვენებ წალკის ხიდზე 7000-იანი ფარა
როგორ გადადისო...


ასე დავხვდი წალკის ხიდზე გაწელილ­ თეთრ "ქარავანს". მსხვილფეხა პირუტყ­ვთან ერთად დაბანაკებული ცხვრის მეორე­ ფარა წალკასთან ახლოს მორჩილად ელოდებოდა, როდის დაამთავრებდნენ წახემსებას მწყემსები. გიორგიმ, ამ ხალხს­ ისეთი­ ცხოვრება აქვს და იმდენს უძლებენ,­ მუხლი უნდა მოუყაროო და მივედით. უხუცესმა მწყემსმა მას არყის ჭიქა გაუწოდა, მე კი - ხელი. ხელად მიხვდა, ვინ ვიყავი და რისთვის ვიყავი მისული.

მუსა თალიბოვი:
- მე 65 წლის კაცი ვარ, იორმუღანლოდან. ჩვენს სოფე­ლში აზერბაიჯანელებს ცხვარი ბევრი ჰყავთ, მაგრამ ახლა ჩემი სოფლის ფარას არ მივ­დევ, ეს ქართველი კაცის ცხვარია, 4000 სული. თან 1500 სულამდე პირუტყვიც მიგვ­ყავს, 3 ვირი და 6-იც ქართული ნაგაზი. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, რომე­ლიც საძოვარზე უნდა ავიყვანოთ და ოქტომბერში ისევ უკან დავბრუნდეთ, ისევ ამ გზით.

- დაგავიწყდათ გეთქვათ, იმავე წვალებ­აში-თქო.
- მწყემსისთვის სულ ასე იქნება.

ცხვრის­ გადასარეკი ტრასები უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ... რომ გაკეთებულიყო, ცხვრისთვის იქნებოდა უფრო ხეირი, ვიდ­რე მწყემსისთვის - ცხვარს ქვაღორღიან გზაზე ჩლიქები უსკდება და უფრო დაიზოგებოდა.
მწყემსებს კი ერთი იმაში შეგვეშველებოდა, რომ "შოფრებს" არ გავა­წვალებდით ტრასებზე, ფარაში რომ შემ­ოდიან, მანამ ვერ გადიან, სანამ ფარა არ ჩაივლის. ასე რომ, მწყემსობა წვალებაა. საძოვრებზე კარავში რომ შევა­ლთ, იქიდან­ 4 თვე ვეღარ გამოვალთ, ვეღარც მკვდრის პატივისცემას ვახერხებთ, ვეღარც - ცოცხლის. რას ვიზამთ, მწყემსობა ავირჩიეთ­ და ვიცოდით, ასე იქნებოდა. ეს იმ ახალგაზრდა მწყემსებმაც იციან, მე რომ მომყვებიან. იმათაც ცხვარი უყვართ, თორემ რა ფულია­ მწყემსობაში? ჩვენ თვეში 600 ლარს ვიღებთ.

- ასეთ წვიმაში ან სად იძინებთ, ან სად იღვიძებთ? ჭამაზე კი შემოგესწარით, - ლოდებზე გაქვთ გაშლილი კონსერვის ქილები და ყველი.
- ძილის დროსაც ხშირად ვეძებთ ლოდებს, რომ თავი მაინც მივდოთ. ზოგჯერ მთელ გზაზე ისეთი გუბეები გვხვდება, მიწაზე კი გაწვები, მაგრამ თავსაც წყალში ხომ არ ჩადებ, ქვაა საჭირო, რომ თავი მიადო. ისე, ძილისას ნაბდებს ზემოდან სქელი ცელოფანის "პლაშები"­ გვაცვია. უფრო ხშირად ახალგაზრდები გვისველდებიან, თორემ ძველებმა კარგად ვიცით ნაბდების შემოხვევა... მთავარია, ჯანმრთელი იყო, თორემ 65 წლის კაცი ვარ და ჯერ წყალში ძილით არაფერი მტკენია.

- ბევრი ახალგაზრდა მწყემსი გყავთ?
- გვყავს, ქართველებიც და აზერბაიჯანელებიც. ახლა ჩვენი გიორგი მოგვყვება, 23 წლის ბიჭი. ზოგი მთაში ბოლომდე­, ოთხი თვე რჩება, ზოგი მიგვაცილებს ხოლმე. ცხვარს რომ ცოტა ფასი დაედო,­ მეტი ინტერესი გაუჩნდათ, მაგრამ გამოცდილი მწყემსის გარეშე მაინც ვერ წამოვლენ მთაში. ჩვენ ფარა არბოშიკიდან გამოვიყვანეთ, იქიდან მოყოლებული, ღამით 2-3-ჯერ დავისვენეთ და დავიძინეთ...­ მეოთხედ რომ დაღამდა და გათენდა, უკან ფარა მოგვყვებოდა და იმის "შოფერმა" გამოიარა, წუხელ მგელმა 30 ცხვარი დაგვიგლიჯაო.

- მძღოლს, ალბათ, საძოვარზე ისეთი ნივთები მიაქვს, რომელსაც თქვენ ვერ მოერევით: კარვები, სურსათი, ჭურჭელი...
- ეგ არის. ჩვენი სამყოფი საჭმელი და ნაბდები ვირებს მოაქვთ. სულ 3 ვირზე გვეტევა ყველაფერი...
ისე, ერთ მგელს ზოგჯერ ნახევარი ფარის ამოხოცვაც შეუძლია, თუ ნაგაზი არ დახვდა დარაჯად. გაივლის, ცხვრებს დაერევა, ყელში კბილს გამოჰკრავს, სისხლს დალევს და მიატოვებს. მერე ერთს ბოლომდე შეჭამს და წავა. დათვი­ ერთს დაგლეჯს და ზოგჯერ მაგითაც დაკმაყოფილდება.
ჩვენთვის ჯანღიც მგელივით მტერია, შეიძლება ცხვარი ვეღარ დავინახოთ და 100 სული ერთად მოსწყდეს ფარას და მერე დაგლიჯოს მგელმა. ეს დიდი ზარალია.

- თქვენ მოგწყვეტიათ ამდენი სული ცხვარი?

- კი, გამოცდილი მწყემსი არ იტყვის, ეგ მე არ მომივაო, მაგრამ გამოცდილება უფრო იმედია. გამოცდილმა მწყემსებმა იციან, რომ ღამით ყველამ არ უნდა დაიძინოს. ეს ახალგაზრდამაც იცის, მაგრამ შეიძლება ძილი მიეპაროს. ცხვრის გაშლილად დატოვებაც არ შეიძლება, ერთად შექუჩებული უნდა გყავდეს, რომ არ დაიფანტოს. შექუჩებულებს ძაღლები დაუსხდებიან წინ და უდარაჯებენ. აი, ეგ არის მწყემსის მთავარი იმედი - ჩვენი ნაგაზი!­ - მითხრა მუსამ და არაყი მომაწოდა, - კახურია, სუფთა ჭაჭა!

არა-მეთქი, ხელი გავაქნიე, მთაში მიდიხართ­ და ამაში როგორ უნდა შეგეცილოთ-მეთქი! მაგრამ საჩემო ჭიქა სულაც არ დარჩენილა დაულეველი, ისეთმა მწყემსმა ჩამომართვა, ნაპერწკლები სცვიოდა თვალებიდან: - ნიკა ვარ, მჭედლიშვილიო, ტელეფონში 2 თუ 3 თვის ბუთხუზა ბიჭის სურათი მაჩვენა, ჩემი შვილია, ამისთვის ვარ ცხვარში წამოსული და წყალში კი არა, ცეცხლშიც დავიძინებო. მერე მკითხა, მწყემსების მთავარი სადღეგრძელო თუ იციო? არა-მეთქი! ჰოდა, ეგ ასეა: იმ მწყემსის შესანდობარი იყოს, ვისაც ამ გზაზე აუვლია და უკან აღარ ჩამოუვლიაო.

- ესე იგი, მწყემსს სიცოცხლისთვის საშიში ხიფათიც ხშირად ხვდება...
- ჰო, ხვდება, მაგრამ ეგ გაცივება კი არ არის, სხვა ხიფათია: კლდეები, ხევები... 3000 მეტრ სიმაღლეზე ადიხარ და ხიფათი როგორ არ შეგხვდება! თუშებს ასეთი წესი ჰქონდათ: მწყემსი საძოვარზე რომ მოუკვდებოდათ, იქვე უნდა დაემარხათ, მისი სული აქ ტრიალებდა და აქ უნდა დარჩესო, მაგრამ ახლა საძოვრებზე ტრანსპორტიც ადის და ჩამოასვენებენ ხოლმე. თავად ვარ მოწმე, როგორ ჩამოასვენეს თუშებმა ჯანღში კლდეზე გადავარდნილი, შუაზე გადაჭრილი მწყემსი...

- ცხვარსაც ხომ უჭირს ამხელა გზა?
- ცხვარს საძოვარზე ნაკლებად უჭირს, ვიდრე გზაზე. აბა, 20 დღეს ქვა-ღორღში სიარული კარგია, მაგას ხომ ფეხსაცმელი არ აცვია, - თუ სიცხეა, სიცხისგან დავარდება, თუ წვიმაა, ფეხები დაუდამბლავდება, მუხლში მოიკვეთება და დაეცემა. თუ შევხედავთ, რომ იცოცხლებს,­ მანქანაზე დავსვამთ და ისე ავიყვანთ საძოვარზე, მაგრამ თუ ვეღარ იცოცხლებს,­ უნდა დავკლათ და შევჭამოთ, სხვა გზა არ არის.

- ეგ ყველამ იცის, მწყემსის საყვარელი კერძი ყოველთვის ხორცია.
- ასეა. ახლა ზოგი ამბობს, ცხვრის ხორცს თავისებური სუნი აქვსო. ეგეც ზღაპარია, ჩვენ, მწყემსებს, მაგ სუნის არაფერი გვესმის.

- მწყემსის მთავარი სანატრელი რომელია?

- გააჩნია, რა ასაკის არის,
ცოლშვილიანებს ოჯახებიც აჰყავთ საძოვრებზე და იქ ამზადებენ ყველს. ახალგაზრდებს კი შეყვარებულები ენატრებათ. მთამ, საძოვარშია კაცი თუ შინ, ისედაც სიყვარულის დიდი მონატრება იცის,
იმიტომაც იწერება მაგაზე ლექსები და სიმღერები, რომ გული გადაგეშლება. მაგისთანას  ჩვენი უცოლო მწყემსი, რაც მოვდივართ, სულ მღერის: "მთაში ამოვალ შენს სანახავად/, ეგებ სიმღერით შემეხმიანო/, არ დამემალო, მთის დედოფალო/, თუ მალე მოსვლა დავიგვიანო"...

- მწყემსის მთავარი მეგობარიც ქართული ნაგაზია, არა?
- ეგ არის ჩვენი ბრიგადა. ჩვენი ნაგაზი მარტო მწყემსის მეგობარი კი არ არის, არამედ ცხვრისაც, არსად არ წავა ფარიდან, რამე უცაბედი რომ მოხდეს და წავიდეს, სხვა ფარის ნაგაზები არ მიიღებენ, მოთეთქვავენ და ისიც თავის ფარას დაუწყებს ძებნას. ჩვენ ახლა გზაზე, მარნეულის ბაზარში ერთი ნაგაზი დაგვრჩა, - რა ვიცი, ისე მოხდა, რომ ერთმანეთის იმედი გვქონდა, არა იმას წამოჰყვება და არა იმასო და ამასობაში იქ დაგვრჩა. ახლა ის ნაგაზი იმ ადგილს არ მოშორდება, სულაც რომ მოკვდეს, თითქოს ხვდება, რომ ვინმე უკან დაბრუნდება და აუცილებლად მოძებნის. ასეც იქნება, ჩვენი გამცილებელი მწყემსი საძოვრიდან რომ დაბრუნდება, აუცილებლად მივა ბაზარში ძაღლის მოსაძებნად.  მივა და მაშინვე ჩვენი ნაგაზიც მივარდება, რაც უნდა შიმშილისაგან დაოსებული იყოს, პატრონის სუნს მაინც იკრავს და მის ფეხებამდე მიაღწევს... - მითხრა ნიკამ და ხის ტარზე დამაგრებული ტყავის მათრახი გაატყლაშუნა, - ასეთი მათრახი ჩვენი მწყემსებისთვის ტრადიციული ქართული იარაღია. არ ვიცით, რამდენი საუკუნის წინ შექმნეს ქართველებმა, მაგრამ კარგი რამეა, დარტყმა არც არის საჭირო, ცხვარი­ თუ სხვა პირუტყვი გატყლაშუნებასაც ემორჩილება.

ამ მათრახის ხმა იყო და, ჯერ უზარმაზარტვირთიანი ვირები წამოდგნენ ფარაში, მერე კი ძაღლებიც აიშალნენ და ფარაც გზას გაუდგა. გულში მშვიდობა ვუსურვე და გულითვე ვინატრე, რომ ეს ხალხი საძოვარზეც ვნახო, რადგან ცხვარი და მისი მოვლა ჩვენი სიმდიდრე და საყრდენია... საბედნიეროდ, ეს საქმე ჩვენში კვლავ წელში იმართება და წელში გამართული საქმე სასიამოვნო სანახავია.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით