დიდგულა ცხრატყავისებრთა ოჯახიდან - კვირის პალიტრა

დიდგულა ცხრატყავისებრთა ოჯახიდან

დიდგულა ხშირად ეშლებათ ანწლში, რადგან მათ შორის მცირე გარეგნული სხვაობაა. თუმცა, სამკურნალო თვისებებით დიდად განსხვავდებიან. ანწლისგან განსხვავებით, დიდგულას ნაყენს უკუჩვენება არ გააჩნია.

დიდგულა მაღალი ტოტებგაშლილი ბუჩქი ან დაბალი ხეა, მიეკუთვნება ცხრატყავისებრთა ოჯახს. ტოტების გული რბილი და თეთრია. აქვს თეთრი ან მოყვითალო-მოთეთრო, ყვავილედებად შეკრებილი ყვავილები, ნაყოფი მოშავო-მოიისფრო კენკრასებრია, წვნიანი, 3 თესლით. დიდგულას ყვავილსა და ნაყოფს იყენებენ მედიცინაში. ფოთოლი შეიცავს A ვიტამინს, ნაყოფს იყენებენ საჭმელად და საღებავის დასამზადებლად.

საქართველოში ეს მცენარე იზრდება ტყეებში, ტყისპირებსა და მდინარეთა ხევებში. გვხვდება ქართლში, კახეთში, მთიულეთში, ქიზიყსა და თრიალეთში.

ნაყოფს ყვავილობის ფაზაში, გვირგვინის ჩამოცვენამდე აგროვებენ. უფრო გვიან შეგროვილი, შრობისას შავდება. ყვავილს სეკატორით ან დანით ჭრიან. დაუშვებელია ტოტების დამტვრევა, რადგან ნაზარდები ნადგურდება. აშრობენ სხვენზე, შენობაში, რომელიც კარგად ნიავდება. ხელოვნური შრობისთვის მიზანშეწონილია 40-50 გრადუსი.

დიდგულას ნაყოფს ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს. საუკეთესო საშუალებაა თირკმლებისა და შარდის ბუშტის ანთებისას. ეფექტურია გულის ან თირკმლების შედეგად გამოწვეული შეშუპების დასაცხრობად და რაც მთავარია, არ გააჩნია უკუჩვენება.

სალომე გოგოხია