"ბიბლიური ბაღი" ქუთაისში - კვირის პალიტრა

"ბიბლიური ბაღი" ქუთაისში

ბიოლოგი მედეა ასათიანი 37 წელიწადს მუშაობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგია-ფიზიოლოგიის კათედრაზე და პარალელურად, უვლიდა ბაღს, რომლის შექმნისთვის არც შრომა დაუკლია და არც ენერგია. მისი ნამუშევარიც ფასდებოდა - დეკორატიული ბაღის მოწყობისთვის, 70-იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა სიგელითა თუ დიპლომით ჯილდოვდებოდა.

ცოტა ხნის წინ ქალბატონი მედეა თავად დაგვიკავშირდა, - ჩემი ბაღის ნახვა ძალიან გესიამოვნებათ, ნამდვილი ბიბლიური ბაღი მაქვსო...

- ჩემი ბაღი ქუთაისში, სინაურის ქუჩაზე, 38 ნომერშია. 100 კვმ ფართობი მაქვს, სადაც "ბიბლიური ბაღი" 2010 წელს გავაშენე... ბაღის გაშენებისა და მოვლის კულტურა ბებიებისგან მომდევს, ყოველთვის არაჩვეულებრივი ბაღი ჰქონდათ. ჰოდა, მათ შემდეგ, 1978 წელს, ახალი დეკორატიული ბაღი გავაშენე, ძალიან ლამაზი გამოვიდა. იმ დროს ქუთაისში ყვავილების კონკურსი ეწყობოდა, სადაც სულ ვიმარჯვებდი. ასე გრძელდებოდა 1990 წლამდე. მერე ცუდი დრო დადგა, ცხოვრება გაჭირდა, მაგრამ ბაღს მაინც ვუვლიდი, თან ხატებს ვქმნიდი, ჯერ მძივებით, მერე გამხმარი ყვავილებით.

ერთ დღესაც ვნახე დოკუმენტური ფილმი "გეთსიმანიის ბაღი" და მოვიხიბლე. იმ ბაღმა ჩემს ფანტაზიას მეტი გასაქანი მისცა და სურვილიც გამიჩნდა, ამ მიმართულებით მეფიქრა, თან სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობდი. მოვიდა იდეა, დაფნის ხისგან ჯვარი გამეკეთებინა... ნელ-ნელა მივედი ბიბლიური ბაღის გაშენებამდე. ერთ დღესაც გადავწყვიტე, ახალი აღთქმა თავიდან ბოლომდე გულდასმით წამეკითხა და რა მცენარეებიც არის იქ მოხსენიებული, შემესწავლა.

- მცენარეები უძველეს ხატებზეც ხშირად არის დატანილი...

- დიახ და სწორედ მაშინ ერთი ხატიც შევიძინე, გაბრიელ მთავარანგელოზს ხელთ შროშანები უპყრია. მერე წავიკითხე, როცა მთავარანგელოზმა გაბრიელმა აუწყა ღვთისმშობელს, რომ უფალს შობდა, შროშანების თაიგული მიართვა. ამანაც გამიმყარა ჩემი გადაწყვეტილება.

ეზოში იმ მცენარეებს ვრგავდი, რომლის შესახებაც ბიბლიაში ვკითხულობდი.

მაგალითად, ლავანდაზე თურმე ღვთისმშობელი ყრმა იესოს პერანგებს აშრობდა და ამიტომაც არის ასეთი სურნელოვანი. სხვათა შორის, ეს მცენარე ფარაონებსაც უყვარდათ.

დავრგე და გავახარე როზმარინი, ლერწამი, ქრისტეს ცრემლები, ლუნარია, შროშანი, შროშანა, ზეთისხილის ხე, იუდას ხე, ტირიფი, ბზა, ქრისტესსისხლა. მათი დეტალურად შესწავლაც დავიწყე. ჩემს ბაღში თავი მოიყარეს მცენარეებმა, რომლებიც ქრისტეს შობიდან ქრისტეს ჯვარცმამდე ახალ აღთქმაშია ნახსენები.

- როგორ ეწოდა მცენარეს ქრისტეს ცრემლები?

- როცა ქრისტე გასცეს, მამას ეხვეწებოდა, ამაცდინე ამ მწარე სასმისსო და ცრემლები სცვიოდა. სწორედ მისი ცრემლების ადგილას ამოვიდა ეს მცენარე...

მოკლედ, 2010 წელს ძველი ბაღი დავშალე, მთლიანად გავათავისუფლე ძველი ყვავილებისგან და ულამაზესი დეკორატიული ქვები უნივერსიტეტის ეკლესიას ვაჩუქე. მერე "წმინდა მიწის" (ასე ჰქვია გელათის მიმდებარე ტერიტორიას) მცირე მოლი მოვჭერი და ჩემს ეზოში დავაფინე.

მუშა არ დამიქირავებია, იმდენად მიხაროდა ყველაფრის დამოუკიდებლად კეთება, რომ ძალიან ცხელ ზაფხულს ყურადღებას არც ვაქცევდი.

- ეს ამდენი მცენარე ერთად როგორ ხარობს და როგორ უვლით?

- თითოეულს თავს დავტრიალებ, ყურადღებასა და მოვლას არ ვაკლებ... მერე იუდას ხეც გამახსენდა, მაინცდამაინც აღდგომისთვის რომ ყვავის და ისიც დავრგე.

- იუდას ხე რატომ ჰქვია?

- მას არღავანი ჰქვია, ანუ იუდას ხე, გაზაფხულზე, ვნების კვირაში, ფოთლის გამოსვლამდე, მოწითალო ყვავილებით იფარება. ლეგენდა გვეუბნება, რომ არღავანის ხის ძირას იუდა ისკარიოტელმა ქრისტე გასცა, ფარისევლებს მისი ადგილსამყოფელი მიასწავლა, გასამრჯელოდ კი 30 ვერცხლი მიიღო. ეს ამბავი არღავანის ხემ რომ მოისმინა, სირცხვილისგან "გაწითლდა" (წითელი ყვავილებით შეიმოსა).

როცა იუდა თავის დანაშაულს მიხვდა, თავი არღავანის ხეზე ჩამოიხრჩო. ის 30 ვერცხლი თავისი ქისით ხის ძირში ჩამოეყარა. ამის შემდეგ არღავანს იუდას ხე შეარქვეს და დღესაც ამ სახელით იხსენიებენ. იუდას ხის ძირას ქისით მიყრია "30 ვერცხლი" (მონეტები).

ქრისტეს ეკალი რომ დაადგეს თავზე, ამის საილუსტრაციოდ დაფნის ხისგან ქრისტეს გამოსახულება გავაკეთე და თავზე ეკლიანი გლედიჩიას გვირგვინი დავადგი. ამ მცენარეს ჯვარცმის შემდეგ ხალხმა ქრისტეს გვირგვინი უწოდა.

გლედიჩია ტყიდან მოვიტანე, მოვიტანე შროშანაც, მეორენაირად მას მარიამის ცრემლებს ეძახიან - ქრისტეს ჯვარცმისას ღვთისმშობელს ცრემლები რომ ჩამოსცვივდა, იმ ადგილებზე, სადაც მისი ცრემლები დაეცა, შროშანა ამოვიდა...

როზმარინი - მარიამის ლაბადაა, მას ჩემს ბაღში დიდი ადგილი უკავია. ძველი ლეგენდის მიხედვით, როზმარინს თეთრი ყვავილები ჰქონდა, ღვთისმშობელს ჰეროდეს ჯარისკაცებისგან ჩვილი ქრისტე რომ დაემალა, თავის ლურჯ ლაბადაში ყრმა იესო გაახვია და როზმარინის ქვეშ დამალა. როზმარინის თეთრი ყვავილები ლურჯი ლაბადის ფერი გახდა, რათა ჩვილი ჯარისკაცებს არ შეემჩნიათ. ამიტომ დაარქვა ხალხმა როზმარინს მარიამის ლაბადა.

ასევე მინდოდა, რომელიმე მცენარისთვის ანთებული სანთლის სიმბოლური დატვირთვა მიმენიჭებინა და ასეთად რუდბეკია მივიჩნიე - ყვითელი ყვავილია და თვე-ნახევრის განმავლობაში ყვავილობს. სწორედ ის შემოვავლე ბაღში ყვავილებს.

- ძნელი მოსავლელია ეს მცენარეები?

- დილიდან საღამომდე ბაღში ვარ.

მუშაობას ადრე ვიწყებ, ვწმენდ, ვასუფთავებ. განსაკუთრებულად ლავანდას ვეფერები. მინიატიურული სინაის მთაც მაქვს გაკეთებული და იქვეა მაყვალიც.

ეს იმ ეპიზოდს ასახავს, როცა ღმერთმა ინება და მოსეს ეჩვენა. მან დაინახა, როგორ ეკიდა ცეცხლი მაყვლის ბუჩქს, მაგრამ არ იწვოდა. მაყვლის ბუჩქი მეზობელს ტყიდან მოვატანინე. რადგან მოსე ხშირად დადიოდა ცხვარში, ბაღში ცხვრის პატარა სკულპტურაც მინდოდა. ურეკში შემთხვევით წავაწყდი ცხვრის კერამიკულ ნაკეთობას და ჩემს ეზოში მივუჩინე ადგილი.

ასევე არსებობს მცენარე ქრისტეს ბეჭედი. მივაგენი ქალს, რომელიც საღორიის ტყეში დადიოდა და ქრისტეს ბეჭდისგან წამალს ამზადებდა. ეს მცენარეც მას მოვატანინე.

- ქრისტესსისხლაზე რას მეტყვით?

- ჯვარცმა რომ გავაკეთე, ვთქვი, წავალ და ქრისტესსისხლას მოვიტან, ეზოში რომ დავრგო-მეთქი. ქრისტეს თავზე ეკლის გვირგვინი რომ დაადგეს, მიწაზე დაცემული სისხლის წვეთიდან აღმოცენდა მცენარე და მას ქრისტესსისხლა დაერქვა. მოკლედ, იმ ქრისტესსისხლას მოსატანად სანამ წავიდოდი, მივიხედ-მოვიხედე და ჯვარცმის კომპოზიციასთან ქრისტესსისხლა თავისით ამოსულიყო, იუდას ხესთან კი ქრისტეს ცრემლები ამოვიდა...

ბოლოს, ბაღში მუშაობა რომ დავამთავრე, როგორც წარღვნის შემდეგ გამოისახა ცაზე ცისარტყელა, ისე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც. შინ დაღლილი შევედი და ამ დროს მეზობელი გოგონა ყვირილით შემოვარდა, მედიკო დეიდა, შეხედე, თქვენს ეზოს როგორი ცისარტყელა დაადგაო.

- გავიგე, მოყვარულ მებაღეთა კონკურსში გაიმარჯვეთ.

- კი, გავიმარჯვე ნომინაციაში "ლეგენდები ჩემს ბაღში", რამაც უდიდესი სიხარული მომანიჭა.

ლალი ფაცია