სტიქიურად გაშენებულს სტიქიავე აღგვის - კვირის პალიტრა

სტიქიურად გაშენებულს სტიქიავე აღგვის

საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, რასაც ერთვის გლობალური დათბობით გამოწვეული პროცესები და სპეციალისტთა აზრით, აქ მეწყერი და წყალდიდობა არ უნდა გვიკვირდეს. როგორ უნდა დაიცვან ფერმერებმა მოსავალი სტიქიისა და წყალდიდობისგან? - გვესაუბრება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი სოფლის მეურნეობის საკითხებში აკაკი ღლონტი:

- სტიქია ყოველთვის უტევდა ადამიანს და ისიც თავის დაცვას ცდილობდა. მეწყრული წყალდიდობა მთლიანად ანადგურებს არა მარტო მოსავალს, არამედ ინფრასტრუქტურასაც. სხვა შემთხვევაა, როცა მოსავალს წყალდიდობით ადიდებული მდინარე დატბორავს. მოსავალი, რა თქმა უნდა, ზიანდება, მაგრამ მომდევნო წლებში დადებითი ეფექტიც მოაქვს.

როგორც წესი, წყალში შერეულია კლდის ჩამონარეცხი, ნეშომპალა, სხვა ბუნებრივი სასუქები და ნიადაგისთვის სასარგებლო მინერალები. წყალდიდობის შემდეგ შეიძლება ნიადაგის ნაყოფიერებამაც მოიმატოს კიდეც. მაგალითად, ნილოსის ან ვოლგისპირეთის მიწები იმიტომ არის განთქმული ნაყოფიერებით, რომ იქ მდინარე ხშირად კალაპოტიდან გადმოდის. ამ დროს უმჯობესდება ნიადაგის ხარისხიც.

- გამოდის, სტიქიას დადებითი მხარეც ჰქონია...

- დიახ. სხვათა შორის, საბჭოთა პერიოდში სწორედ ამ მეთოდზე დაყრდნობით გააშენეს ექსპერიმენტული მეურნეობა ფოთთან. რიონისპირა ნიადაგი კარგა ხნით იტბორებოდა და იქ ნარჩენები ილექებოდა. 30 წელიწადში იქ სამჯერ მოიმატა ნიადაგის სიმაღლემ და ნაყოფიერებამაც...

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამ მოვლენას კორმატაჟს (ადიდებული მდინარის დანალექის მომატებას სავარგულზე) უწოდებენ. ადამიანი უხსოვარი დროიდან ხედავდა, რომ დანალექი მოსავლიანობის ზრდას უწყობდა ხელს და ამის გამოყენება დაიწყო.

- როგორ უნდა აირიდოს ფერმერმა წყალდიდობით მოგვრილი ზარალი?

- პირველ რიგში, ისეთ ადგილებში, სადაც წყალდიდობა და ღვარცოფია მოსალოდნელი, უნდა ვერიდოთ რომელიმე კულტურის მოყვანას. ასევე, პლანტაციაში საწრეტი არხები სტიქიის უარყოფით გავლენას შეამცირებს. ღვარცოფის შეჩერება შეუძლებელია, მაგრამ მისი მასშტაბის შემცირება შეიძლება. თუმცა, საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა და ძნელია, აქ ფერმერმა იდეალური ადგილი იპოვოს. კარგი მიწები უკვე დანაწილებულია და ვინ მოგცემს შენს გემოზე არჩევის უფლებას? სამწუხაროდ, რესურსი არა გვაქვს, თორემ ჭალა ჭალად დარჩებოდა, სახნავ-საძოვარს კი თავისი დანიშნულება ექნებოდა. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ მიწა, რომელიც მეწყრულ ზონაში არ არის.

თუ ნაკვეთი მეწყრითა და წყალდიდობით დაზიანდა, ნიადაგის ანალიზი აუცილებელია. უნდა ვიცოდეთ, გამდიდრდა თუ გაღარიბდა ნიადაგი. იქ, სადაც ხეები, ჩაის პლანტაციები ან სხვა მრავალწლიანი კულტურებია გაშენებული, მეწყერი ნაკლებად მოდის, რადგან მცენარის ფესვთა სისტემა მიწას ჩამოშლისგან იფარავს.

როცა ფერდობი შიშველია, მაშინ არის მეწყრის საშიშროება. ამიტომ აქვს ტყეებისა და მრავალწლიანი კულტურების გაშენებას სასიცოცხლო მნიშვნელობა.

- თუ ნაკვეთი ფერდობის ძირშია?

- თუ დახრილობა 30 გრადუსზე მეტია, დატერასება აუცილებელია. საქართველოში თამარ მეფის დროინდელი ტერასებია შემორჩენილი.

საუკუნეების წინ იცოდნენ, რომ დატერასება ფერდობს იცავს და ნიადაგი ადვილად აღარ ირეცხება. ეს რთული და ძვირად ღირებული სამუშაოა, მაგრამ აუცილებელი. თავის დროზე დატერასება ან მოკირიანება ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ჯერჯერობით, ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს რესურსი ამისთვის ფულის გამოსაყოფად, მაგრამ რაც გვაქვს, იმის გონივრულად გამოყენება მაინც უნდა მოვახერხოთ.

ადრე 30 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობის ძირში პლანტაციას არც აშენებდნენ. თუ კაცი არასწორად აშენებს კულტურას, ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა შეეძლოს მითითება და არ დაანებოს იქ ბაღის ან პლანტაციის გაშენება. როგორც ყველგან სახლის აშენება არ შეიძლება, ასევე არ შეიძლება ყველგან მოსავლის მოყვანა. რაც მთავარია, ბევრი კარგი სპეციალისტი უნდა გვყავდეს, რაც დღეს პრობლემაა.

- დავუშვათ, სტიქიამ ნაკვეთი უკვე დააზიანა. რა უნდა მოვიმოქმედოთ?

- პირველ რიგში, ნიადაგი ქვა-ღორღისგან უნდა გავწმინდოთ. შემდეგ აუცილებელია გრუნტის შესწავლა და დადგენა, ღირს თუ არა აქ მოსავლის მოყვანა. ისეთ ადგილებში, სადაც წყალდიდობა ხშირად ხდება, ჯებირები და წყალამრიდები უნდა აშენდეს. სარისკო ადგილებში სასურველია ისეთი ხეების გაშენება, რომლებიც მოსავალს წყალმოვარდნებისგან დაიცავს. მცირე მეურნისთვის ძნელია ასეთი ზომების მიღება, მაგრამ უამისოდ სარისკო ზონაში მოსავლის შენარჩუნება გაძნელდება. ზარალისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა დაზღვევა, მოწინავე ქვეყნებში ეს სისტემა იმდენად კარგად მუშაობს, რომ ფერმერი პრაქტიკულად არ ზარალდება - მას 100%-იანი დაზღვევა აქვს. სტიქიისგან მოსავლის განადგურება მსოფლიოს პრობლემაა, მაგრამ ევროპაში ფერმერი მაქსიმალურად არის დაცული.

ქართლსა და კახეთს სტიქია ხშირად აზარალებს. შარშან გურიის სოფლები დააზარალა. ორიოდე კვირის წინ სამეგრელოში საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და თხილის მოსავლის ნაწილი ძირს ჩამოყარა... მარტო ეს მაგალითებიც მეტყველებს დაზღვევის მნიშვნელობაზე. საბედნიეროდ, აგროდაზღვევა ჩვენთანაც იკიდებს ფეხს. პრინციპი მარტივია: თუ შენს მოსავალს არ დააზღვევ, სახელმწიფოს ვერც ზარალის ანაზღაურებას მოსთხოვ. როგორც ვიცი, 1 ჰექტარზე 75 ლარი უნდა გადაიხადო და თუ მოსავალი სრულად განადგურდება, ანაზღაურება 6 ათასი ლარია.

- ქარიშხლისგან დასაცავად რა უნდა ვიღონოთ?

- ქარსაცავი ზოლები ამის საუკეთესო საშუალებაა. საქართველოში ბევრი ქარსაცავი ზოლი გვქონდა და ეს სისტემა რომ შენარჩუნებულიყო, ქარის დამანგრეველი ძალა ასე ძლიერი არ იქნებოდა. რა სიმაღლისაც არის ქარსაფარი, 25-ჯერ მეტ ტერიტორიას იცავს ქარიშხლისგან. მაგალითად, თუ ხის სიმაღლე 20 მეტრია, ქარისგან დაახლოებით ნახევარკილომეტრიან ზოლს იცავს.

კომუნისტების დროს ქარსაფარი ზონები თითქმის ყველგან იყო, დღეს კი აღარსად არსებობს. უმეტესობა გაჩეხეს, ზოგმა ხეები შეშად გამოიყენა, ზოგმაც სამშენებლო მასალად. ყველა ვერ აცნობიერებს, რომ დამანგრეველი ქარები არა მარტო მოსავალს უქმნის საფრთხეს, გაუდაბნოებასაც იწვევს.

- რა ჯიშის ხეები გამოდგება ქარსაცავი ზოლისთვის?

- იყენებენ კედარს, კვიპაროსის მრავალ სახეობას, მუხას, თელას, ნეკერჩხალს, ალვის ხესა და სხვ. თუ ზოლები მეცნიერულად დამტკიცებული გენგეგმის მიხედვით არ გაშენდება, შესაძლოა, ქარი უკან შემოგვიბრუნდეს და მოსავალი უარესად დააზიანოს. იქ, სადაც ტყე აღარ არის, ქარსაცავი ზოლი მაინც უნდა გაკეთდეს. ადრე ამას სახელმწიფო აკეთებდა. როცა ძველი ზიანდება, ის ახალმა უნდა ჩაანაცვლოს, მაგრამ ჯერჯერობით ჩამნაცვლებელი არავინ ჩანს.

ტყისა და ქარსაცავი ზოლის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება. ტყე ნიადაგს ეროზიისგან იცავს, ხოლო ქარსაფარი ზოლი - ქარისგან. თუ დაჰკვირვებიხართ, ზამთარში 1-2 ხეც რომ დაინახოთ მინდორში, ირგვლივ ბალახი მოყინულია, ხის ძირას კი ხარობს, იმიტომ, რომ ხე გარშემო სხვა მიკროკლიმატს ქმნის. ჩვენ კი ტყეები გავჩეხეთ, ქარსაცავი ზოლები გავანადგურეთ და ნაყოფსაც ვიმკით. თავი სტიქიის მოვარდნამდე უნდა დავიცვათ, თორემ უკვე გაშმაგებულ სტიქიას ვინ შეაკავებს? მხოლოდ ერთი გზა არსებობს: მოსალოდნელი რისკის შემცირება და შედეგების მინიმუმამდე დაყვანა. ინვესტიციები თუ ჩაიდება, სწორედ ასეთ საქმეში უნდა ჩაიდოს, რადგან ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ხათუნა ჩიგოგიძე