უეკლო ბიზნესი - კვირის პალიტრა

უეკლო ბიზნესი

"ამერიკულ "ჩესტერს" ეკლები არა აქვს და იმხელა ნაყოფს ისხამს,  12 გრამამდეა"

ჩვენს ქვეყანაში მაყვალი არავის უკვირს - მაყვლის ბუჩქები "დაუკითხავად" იზრდება ყველგან და უგემრიელეს ნაყოფსაც იძლევა. რამდენიმე წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ მაყვალი ბიზნესის წყარო გახდებოდა, ანუ გლეხს მისი იმედი არა ტრასაზე მაყვლის გაყიდვით აღებული ორიოდე თეთრით, არამედ პლანტაციების გაშენებით მიეცემოდა. ხუთიოდე წლის წინ არც გურჯაანელ იზოლდა ქიტესაშვილს დაუჯერებდნენ, რომ მისი გაშენებული მაყვალი ოჯახს წელში გამართავდა, მაგრამ...

- სიახლეებს ყოველთვის ვეცნობოდი, მიწაც მიყვარდა და სწორედ ამიტომ დავიწყე გურჯაანიდან კაჭრეთში, ფერმერთა კლუბში სიარული. ეს კლუბი უცხოური ორგანიზაციის დახმარებით ჩამოყალიბდა. იქ ჩემი მეუღლე მიიწვიეს, მაგრამ არ ეცალა და მე წავედი. როგორ არ წავიდოდი, როცა ჩვენი საარსებო წყარო მიწა და ხილია. ლექციებს ჩვენი სპეციალისტებიც კითხულობდნენ. არაფერზე გავცვლი იმ ცოდნას, რაც მაშინ მივიღე. შემდეგ პრაქტიკა გავიარეთ და ყველას გვაჩუქეს კენკროვანების 50 ძირამდე გამოყვანილი ნერგი. მათ შორის, მაყვლის, ჟოლოსი და ლურჯი მოცვისა. როცა ასეთ ნერგებს რგავ, აუცილებელია ნიადაგის შემოწმება - კენკროვანს ჩრდილი არ უყვარს და ნიადაგშიც სათანადო მჟავიანობა უნდა იყოს.

მაყვალს დასარგავად სწორი ან ოდნავ დაქანებული ნაკვეთი სჭირდება. ასეთი კი მქონდა გურჯაანში, მაგრამ გაზაფხულზე ნიადაგის შემოწმების გარეშე დავრგე სამივე კულტურა. ვიფიქრე, ფოსფორს, აზოტსა და კალიუმს, რაც კენკრას სჭირდება, მერეც შევიტან-მეთქი. ჟოლო და მოცვი გამიხმა, მაყვალს კი მოეწონა ჩემი მიწა და გაიხარა, მაგრამ რა გაიხარა - მის ყურებას არაფერი ჯობდა. მაყვლის გამოყვანილი ჯიში უფრო ლამაზია, ვიდრე ველური მაყვალი, რომელიც თავის ნებაზე მიშვებული, გაბარდული იზრდება. მე ამერიკული "ჩესტერი" დავრგე, რომელსაც ეკლები არ აქვს და გაზაფხულზე ულამაზესი ყვავილებით ყვავის, თან იმხელა ნაყოფს ისხმს, 12 გრამამდეა. ამასთან, ძალიან გემრიელია და ძვირადაც ფასობს. ამიტომაც დავუთმე ამდენი დრო და მიწა... როცა ჩემი მაყვალი თავისი ვარდისფერი ყვავილით აპრილის ბოლოს აყვავდება, საოცრებაა. მთელ პლანტაციას ფუტკრები დაჰბზუიან და ამას რომ ვუყურებ, სიცოცხლით ვტკბები.

- ალბათ, კარგადაც უვლიდით, რაკი ასე გალაღდა...

- ველური მაყვალი ყველგან ხარობს და დიდი მზრუნველობა არ სჭირდება. შინაურ მაყვალსაც განსაკუთრებული მოვლა არ უნდა, თუმცა, რაც მეტ ყურადღებას დაუთმობ, მით მეტად გაგახარებს. ჩემს ნერგებს ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღე ვუსხამდი წყალს, მერე - დღეგამოშვებით და შემდეგ - საჭიროების მიხედვითY. ერთ წელიწადში მთავარმა ყლორტმა 3 მეტრამდე აიყარა ტანი და ფესვებიდან ამონაყარებიც გაიკეთა. მეორე წელიწადს ნაყოფი უნდა მოეცა და გასხვლა იყო საჭირო, ამიტომ, სექტემბრის დასაწყისში ყლორტები გადავჭერი იმ ზომაზე, რომ ზედ 5 კვირტი ჰქონოდა. 300 კალამი გავაკეთე და 10 სანტიმეტრის დაშორებით ისე დავრგე, რომ 3 კვირტით ნიადაგში ჩავფალი. ოქტომბრის ბოლომდე თბილი ამინდებია და ტემპერატურა საკმარისია, რომ კალამმა გაიხაროს და მომძლავრდეს. ორი კვირის შემდეგ ყველა კალამი გახარებული იყო. მეორე წელიწადს 700 ძირი კალამი გავახარე და ასე მივდიე...

ახლა 3 ჰექტარზე დაახლოებით 7000 ძირი მაყვალი მაქვს. თითო ჰექტარზე 2300 ძირი ირგვება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 1 ჰექტარზე 8-9 ტონა მოდის, ძალიან სასარგებლო და გემრიელია (შაქრიანობა 12%) და 1 კილოგრამი 4 ლარამდე ღირს, ჩემი მონდომება გასაკვირი აღარ იქნება...

პროფესიით ექიმი-ნევროლოგი ვარ, უკვე 65 წლის გავხდი, მაგრამ დაბეჯითებით ვამბობ: როცა მიწის ფასი და მისი გამოყენება იცი, არ წაიქცევი... უშრომლად არაფერი იქნება. მაყვალი ფეხს ყველა პირობებში გაიდგამს, მაგრამ უყურადღებოდ ვერ გაიხარებს. ყველაზე დიდი თანხა პლანტაციის გაშენებისას იხარჯება, რადგან ზუსტად ისევე სჭირდება დაშპალვა და შემოღობვა, როგორც ვაზს. 4. 000 ლარია საჭირო, თუმცა, დაწვრილებით მაქვს დაანგარიშებული:

1 კგ მაყვლის მოყვანაზე 84 თეთრი იხარჯება, რომელსაც ჩვენს ბაზარზე 4 ლარად გაყიდი, ხოლო თუ უცხოურმა კომპანიამ იყიდა - ორჯერ ძვირადაც.

ამის გარდა, წელიწადში 5-ჯერ მაინც ვხნავთ პლანტაციას ელექტროტრაქტორით, რათა ნიადაგი გაფხვიერდეს, აერაცია მოხდეს და ფესვთა სისტემა გაუმაგრდეს. წელიწადში 4-ჯერ ფესვებს თოხით უნდა მოაშორო სარეველა... მოკლედ, მაყვლის მოვლასა და დაკრეფაში, შვილიშვილების ჩათვლით, მთელი ოჯახი ვმონაწილეობთ, მაგრამ ვერ ავუდივართ და მუშახელსაც ვქირაობთ. მოსავალს ივნის-ივლისში ვკრეფთ. სექტემბერში კი პლანტაციას ის ყლორტები უნდა დააჭრა, რომელსაც ნაყოფი ესხა, რადგან დაკრეფის შემდეგ ყლორტი კვდება. ზამთრის დადგომამდე, ამონაყარების გასხვლაა საჭირო...

- გასხლული ყლორტებით, ალბათ, ისევ დასარგავ კალმებს აკეთებთ.

- აღარ ვაკეთებთ. ჩემი პლანტაცია უკვე იმხელაა, რომ მაყვლის გასამრავლებლად შეგვიძლია, ფესვის ამონაყარიც ამოვიღოთ და დავრგოთ... კალმისა თუ ნერგის გაყიდვაც მაყვლისგან მიღებული მოგებაა - თითო ლარად იყიდება. შარშან 3.000-მდე გავყიდე.

რაც მეტს ექნება ჩვენში მაყვალი, მით უფრო მყარად დავდგებით ფეხზე. ჩვენში ამ მართლაც საოცარი კულტურის გასაშენებლად, ბევრი კალამი თუ ნერგი გამიჩუქებია.

გული მტკივა, როცა უცხოელი კლიენტი მიკავშირდება და მეუბნება, - 100 ან 200 ტონა მაყვალი რომ გქონდეთ, ამ წუთშივე ვიყიდდი, მაგრამ 10 და 20 ტონის ყიდვა არ მიღირსო.

წლეულს მაყვლით ერთი ებრაელი ბიზნესმენიც დაინტერესდა, ჩამოვიდა, ბაღი საკუთარი თვალით ნახა და თქვა - თქვენი ვაშლი და ატამი არავის უნდა, მსოფლიოში ვაშლისა და ატმის ჭარბწარმოებაა, აი, მაყვალი და სხვა კენკროვანები კი ძალიან კარგად იყიდებაო. ევროპაში 200-გრამიან კონტეინერში დაფასოებული მაყვალი 3 ევრო ღირს. ეს ბიზნესმენი მზად არის, 100 ტონა მოსავალი იყიდოს და 1 კგ-ში შარშანდელ ფასზე სამი ლარით მეტი გადაიხადოს, მაგრამ წლეულს 20 ტონაზე მეტი მოსავალი არ მექნება... ჩვენი მაყვლით, უფრო სწორად, მაყვლის მურაბით, ინდოელი ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ცოტას წაღება არც მათ უღირთ, რადგან ტრანსპორტირების ხარჯსაც ვერ დაფარავენ. ჩემი მაყვალი ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. შარშან მოსავლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60%, სომხეთსა და აზერბაიჯანში გავიდა და წლეულსაც ასე ვფიქრობ გაყიდვას. ყველას ვურჩევ მაყვლის გაშენებას, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ცოტას თუ ესმის. ის კი არ მინდა, ვაზი გადააშენონ და მაყვალი დარგონ, მაგრამ ხომ შეიძლება, მიწა მაყვლისთვისაც გამოიყენონ?! ამ დაუჯერებლობის მიზეზი ის არის, რომ მაყვალი სიახლეა, სიახლეს კი ათვისება უნდა...

- ბიზნესი კერძოა, მაგრამ ამ ბიზნესით მიღებული მოგებაც ხომ ქვეყანაში შემოვა... ხელისუფლება თუ გიწყობთ ხელს, რომ ეს მომგებიანი კულტურა უფრო და უფრო დაინერგოს?

- აბა, რა ვთქვა? რადგან ეს საქმე წამოვიწყე და მომწონს, მისი ფეხზე დაყენებისთვის ბრძოლაც ჩემი ტვირთია. ისე კი, ვფიქრობ, რომ ასეთ მომგებიან საქმიანობას აუცილებლად უნდა შეეწყოს ხელი. ზემოთ ვთქვი, რომ მაყვალი მეტ-ნაკლებად უპრეტენზიო მცენარეა და ასეც არის - მოსარწყავად ივნისის ბოლომდე წვიმებიც ჰყოფნის, თუმცა, ივლისიდან მორწყვა უნდა - თუ არ მორწყე, ნაყოფი ჭკნება და გასაყიდად აღარ ვარგა. რომ ვრწყავდე, მოსავალს აგვისტოშიც ავიღებ, გურჯაანში კი ამის საშუალება არ არის - ჩვენი სასმელი წყლით წვეთოვანი სისტემა გავაკეთე და რის ვაივაგლახით ვამყოფინებ. ვოცნებობ, რომ ჭაბურღილი მქონდეს და მაყვლის მსხმოიარობა გავზარდო - როცა კარგად ირწყვება, ჰექტარზე 15 ტონაც კი მოდის, მაგრამ... ბურღის დაკვრა და წყლის ამოსვლა 5.000 ლარი ჯდება. თუკი ამ საქმის გამკეთებელი ვინმე გამოჩნდება, ამით დაიმედებული ფერმერებიც გამოჩნდებიან - ახლა გურჯაანში ხუთ კაცს აქვს მაყვლის პლანტაცია, მერე კი ბევრს ექნება.