ავსტრიულ თხებს საქართველოში ჭამის მადა გაეხსნათ...
06-07-2015
ავსტრიულ თხებს საქართველოში ჭამის მადა გაეხსნათ...
სოფელი ერედა მცხეთის რაიონშია, წილკნის მახლობლად, სადაც იურისტ ზურა მარსაგიშვილს უკვე ხუთი წელია, საკუთარი სახსრებით შექმნილი მრავალდარგოვანი მეურნეობა აქვს. აქ ცოტა ხნის წინ ევროპიდან სანაშენედ 160 სული პირუტყვი (თხა და ცხვარი) ჩამოიყვანეს და ახლა მათ აკვირდებიან.

ზურა მარსაგიშვილი: - რადგან მერძეული ჯიშის წვრილფეხა ცხოველი­ არ გვყავს, ავსტრიიდან სამი ჯიშის თხა ჩამოვიყვანეთ. მათგან ორი მერძეულ-მეხორცულია, მესამე - მეხორცული. გვყავს ორი ჯიშის ცხვარი: მერინოსი (მატყლისთვის) და ოსტფრიზული. ის მერძეულია, თუმცა, მეხორცულიც არის.
სულ 160 სულია.­ მათ ჩამოყვანას ორ წელიწადს ვცდილობდით, რადგან ბევრი ხელის შემშლელი პირობა არსებობდა.

- ჩამოყვანილ პირუტყვს ჩვენს თხებსა და ცხვრებთან აჯვარებთ?
- სელექცია-შეჯვარების დასაწყებად­ ბევრი პირუტყვი უნდა გვყავდეს - 100 ათასი მაინც, და უნდა შეირჩეს­ საუკეთესოები. გემოვნური თვისებები ჩვენს საქონელს კარგი აქვს, მაგრამ სელექციისთვის
დიდი თანხა და დროც არის საჭირო.
ჩვენ მერძეული ჯიშები გვყავს, რომლებიც საშუალოდ სამ ლიტრამდე რძეს იწველიან. მეხორცული ჯიშები წონაში სწრაფად იმატებენ და მათგან სხვა პროდუქტიც (მატყლი, რძე, ხორცი) რჩება.
ჩვენი მიზანია, მეურნისთვის ხელმისაწვდომი და ღირებული იყოს ამ პირუტყვის ყოლა არა იმიტომ, რომ უცხოურია, არამედ პროდუქტიულია.

პირუტყვი ახალჩამოყვანილია და გარემოს ეგუება. გვყავს ზაანური ჯიშის თხაც. აღიარებულია, როგორც მერძეული და პროდუქტიული ჯიში. 1-2 წლის შემდეგ გვეყოლება განსაზღვრული რაოდენობა და დაინტერესების შემთხვევაში, შეგვეძლება­ მაღალმთიანი რეგიონებისთვის გადაცემაც.

- რამდენად რენტაბელურია თქვენი­ საქმე?

- ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგ­რამ სხვადასხვა გათვლით, მაგალითად, 1 ძროხის შენახვას, ყველაზე­ მოკრძალებული მონაცემებით, დღეში 15 კგ საკვები სჭირდება და იძლევა 3 ლიტრ რძეს (რადგან ჩვენთან საძოვრები არ არის საკვებით მდიდარი). იმავე რაოდენობის საკ­ვებით შეიძლება 5-6 თხა იყოლიო. ჩვენებურ ჯიშებთან შედარებით, მათ ხორცის წონაც მეტი აქვთ.
როცა ამ საქმეს იწყებ, სავარგული­ უნდა გქონდეს და უნდა იცოდე,­ რა აწარმოო. უნდა გქონდეს ადგილი, სადაც პირუტყვისთვის საჭირო საკვებს მოიყვან, ვთქვათ, მარცვლეულ კულტურებს... როცა ყველა პროცესს აკონტროლებ, ფერმაც ეფექტური­, ეკოლოგიურად სუფთა ხდება და ჯანსაღ პროდუქტს იძლევა. ფასებსა და ხარჯებს კი ბაზარი გვკარნახობს.

- როგორ ეგუებიან ახალ გარემოს?

- ეს ჯიშები მსოფლიოში ლამის ყველა განედსა და გრძედზეა გავრცელებული.

- ანუ შეგუება არ უჭირთ?

- თავს კარგად გრძნობენ, ჭამის მადა აქვთ. მაგრამ კარგი პირობები სჭირდებათ: აერაცია, ვენტილაცია, სინათლე, სიმშრალე, კარგი საკვები...
პრობლემაა საქონლის კონტროლის არარსებობაც - არ ვიცით, როგორი საქო­ნელი დადის, ვინ რას ყიდის, რა რძეს წველის და იმ რძით რა ყველს აკეთებს, საქონელს არ უტარდება აცრები.

- ეს ყველაფერი არ კონტროლდება?

- ასეა...

- თქვენ როგორ იქცევით?

- მაქვს საძოვარი, მაგრამ ფართობი­ უნდა მივიმატო და ბუ­ფერული ზონა შევქმნა კიდევ ერთი ღობით. რაც მაქვს, არ არის საკმარისი.

- რატომ?

- საძოვარზე, შესაძლოა, დაავადებული საქონელი შემოვიდეს, ბალახი მოჯიჯგნოს და ჩვენს პირუტყვთან კონტაქტისას დაავადება გაავრცელოს. ასე ორგანული და სუფთა პროდუქტის წარმოება აღარ გამოგვივა. 3-მეტრიანი ზოლი უნდა გაკეთდეს სარეზერვო, ბუფერულ ზონად, რათა პირუტყვი დაცული იყოს, ეს კი დიდი ხარჯია.
5 წელია, ეს ყველაფერი არსებობს, მაგრამ საკუთარი რესურსი ამოვწურე, ახლა უკვე შეღავათიანი აგროკრედიტით ვმუშაობ, რომელიც 2013 წლის ზაფხულში ავიღე და ჩამოვიყვანე ევროპიდან საქონელი, რაც საკმაოდ ძვირი დაჯდა.
საოჯახო საწარმოს მოწყობა მინდა, რომელსაც რამდენიმე კაცი გაუძღვება, ვაწარმოებთ ხარისხიან პროდუქციას, გვექნება შემოსავალი და საქმე რენტაბელური გახდება.

- თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, როგორ შედეგს ელოდებით?
- ეს იქნება სანაშენე მეურნეობა, რომელსაც ცალკე ექნება რძისა და ხორცის წარმოება. ეს საოჯახო მეურნეობის მოდელია, აგროკრედიტის მოთხოვნაც ასეთია.

- რა მოცულობის არის თქვენი აგროკრედიტი?

- 250 ათასი დოლარია და შვიდ წელიწადში უნდა დაიფაროს.

- თბილისელი კაცი სამუშაოდ სოფლად წახვედით... ღირს ეს ყველაფერი ამად?
- რა თქმა უნდა. ეს უკვე ჩემი ცხოვრების წესია. ძალდატანებით არაფრის გაკეთება არ ვარგა და არც გამოვა.

- დიდია განსხვავება ევროპულ და ქართულ საქონელს შორის?

- ჩვენთან თხა საშუალოდ 25 კილოგრამს იწონის, ევროპული კი 60-70 კილოგრამია; ცხვარიც ორჯერ დიდია ჩვენსაზე. ამიტომ ვიდრე ამ საქონელს მოაშენებენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ. ზერელე დამოკიდებულებით საქმე არ გამოვა. თუ იმედი არა გაქვთ, რომ საქმეს გაუძღვებით, ჯობს, მასზე არც იფიქროთ.

ლალი ფაცია
სტუმარი
14 ივლისი 2015 12:59
რა ეღირება 1 ცალი ასეთი ჯიშის თხა საინტერესოა :)

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა