ცერცვი - "ვიაგრის" ალტერნატივა? - კვირის პალიტრა

ცერცვი - "ვიაგრის" ალტერნატივა?

ცერცვის მოყვანა საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც უხსოვარი დროიდან დაიწყეს. ეს გემრიელი და ყუათიანი მცენარე პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. ღერო 100-150 სმ სიმაღლის, სურნელოვანი ყვავილები კი თეთრი ან ვარდისფერი აქვს. ცნობილია ცერცვის ასზე მეტი ჯიში, რომლებსაც სპეციალისტები ორ ძირითად - საკვებ და სასურსათო - ჯგუფად ყოფენ. საკვები ცერცვი მდიდარია ცილით, ნახშირწყლებითა და ვიტამინებით. მას, ძირითადად, ცხოველთა გამოსაკვებად იყენებენ. სასურსათო ცერცვი მსხვილნაყოფიანია და მისგან წვნიან კერძებსა და სალათებს ამზადებენ. თუ მცირე საოჯახო მეურნეობა გაქვთ და ამ მცენარის მოყვანას გადაწყვეტთ,  ბიოლოგიური ასოციაციის კონსულტანტი, ფერმერი ჯაბა ჭეიშვილი გირჩევთ, როგორ მოიყვანოთ ცერცვი.

- ცერცვი სასარგებლო და ყუათიანი მცენარეა, რომელიც დღეს საქართველოში იშვიათად მოჰყავთ. ფერმერები და გლეხები უფრო ბარდას ანიჭებენ უპირატესობას. არადა, ჩვენთან ხარობდა ძალიან კარგი ქართული ჯიში, რომელსაც "ბაკლას" ეძახიან. თავისი ღირსებებით ცერცვი არც ერთ მცენარეულ კულტურას არ ჩამოუვარდება. ის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული და დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, როგორც სამარხვო კულტურას. ჩვენთან ხარობდა მსხვილმარცვლოვანი და წვრილმარცვლოვანი ფორმებიც. საბოლოოდ, ჩვენი მოსახლეობისათვის ლობიო უფრო ადვილად მოსავლელი და მისაღები აღმოჩნდა, ამიტომ მან ტრადიციული პარკოსანი მცენარე - ცერცვი დაგვიჩაგრა.

- როდის ითესება ცერცვი და რამდენად რთულია მისი გახარება?

- ცერცვი ითესება გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე. გვიან შემოდგომაზე დათესვისას მოსავალს უფრო სწრაფად მიიღებთ. მაგრამ მე გაზაფხულზე ვთესავდი და მაინც კარგი მოსავალი მოდიოდა. მიწა, სადაც ცერცვი უნდა გაახაროთ, კარგად უნდა იყოს დამუშავებული. ცერცვი პარკოსანი მცენარეა, ნიადაგს აზოტით ამდიდრებს, რითაც მეურნეებს კარგ სამსახურს უწევს... თითო მარცვალი გრძივად გაჭრილ ხნულში, კარგად დამუშავებულ და განოყიერებულ მიწაში უნდა ჩავყაროთ. ორმოს ამოთხრა აუცილებელი არ არის, მიწის თოხის წვერით ამოთხრაც საკმარისია. ცერცვის მარცვლები ერთმანეთისაგან 10-20 სანტიმეტრის დაშორებით უნდა დავთესოთ. სიცივეს კარგად უძლებს, თუმცა, სადაც კლიმატი მეტისმეტად ცივია, იქ მისი დათესვა გაზაფხულზე ჯობს (უკეთესია, დათესვის დრო ადგილობრივი კლიმატის მიხედვით შევარჩიოთ). დათესილ მარცვლებს მიწის ძალიან თხელი ფენა უნდა მივაყაროთ - დაახლოებით იმ სისქისა, რამხელაც ცერცვის მარცვლებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მიწას ვერ მოერევა და ვერ ამოვა. უმჯობესია გაღივებული ცერცვის დათესვა.

- რატომ?

- ეს გარანტიაა, რომ მოსავალი არ გაფუჭდება - გაღივებულ თესლს შედარებით მწარე გემო აქვს და მავნებელი აღარ ეკარება. ცერცვის მარცვლები წყალში უნდა დაალბოთ და ოთახის ტემპერატურაზე რამდენიმე დღით გააჩეროთ. თბილ ოთახში გაღივებას 3-4 დღეში დაიწყებს. ჩვენი წინაპრები ცერცვს ახალმთვარეობისას თესავდნენ. აკვირდებოდნენ, მთვარის რომელ ფაზაში დათესილი მცენარე მისცემდათ უკეთეს მოსავალს. ეს ცოდნა საუკუნეების განმავლობაში დაგროვდა. როგორც წესი, ძველ მთვარეზე ითესებოდა ის მცენარეები, რომლებიც ნაყოფს მიწაში გვაძლევს, ხოლო ახალ მთვარეზე - მცენარეები, რომლებიც მიწის ზევით იძლევა ნაყოფს. ამ წესს დღეს ფერმერების უმეტესობა არ იცავს, მთვარის ფაზებს ყურადღებას, ძირითადად, მცირე ოჯახური ბიომეურნეობები აქცევენ.

- ცერცვი ძნელი მოსავლელია?

- განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება, რადგან ზამთრის სუსხიც ვერაფერს აკლებს. ზოგჯერ ძირთან სარს არჭობენ, რომ მცენარე ჯოხს ბუნებრივად აჰყვეს და ვეგეტაცია მასზე განაგრძოს. თუმცა, ქართული ჯიშის ცერცვს ასეთი დახმარება არ სჭირდება.

ადრე გაზაფხულზე, როცა ადამიანს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები, ცერცვის კერძები სასარგებლოა, ამიტომ მის მოყვანას ყველას ვურჩევდი.

ცერცვის მარცვალი შეიცავს ნივთიერება L-DOPA-ს, რომელიც პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება, ასევე აწესრიგებს არტერიულ წნევას და ორგანიზმს ვიტამინებით ამდიდრებს. ცერცვი მიჩნეულია ზოგი პრეპარატის, მათ შორის, "ვიაგრის" ალტერნატივადაც.

- რატომ შეცვალა მოსახლეობამ ცერცვი ლობიოთი?

- ლობიოს გავრცელებამ საქართველოში აშკარად დაჩრდილა ცერცვი, ბოლოს კი მისი მოყვანა თითქმის ყველამ შეწყვიტა. მოსახლეობამ ის კულტურა ამჯობინა, რომელიც ნაკლები დანახარჯით მოჰყავდათ. იმავე პრინციპით არჩიეს, მაგალითად, ღომის მოყვანას სიმინდის გაშენება. რასაც მეტი შრომა და დანახარჯი სჭირდებოდა, ის რაციონიდან ამოვარდა. ეს ცუდია, რადგან ქართული ჯიშის ცერცვი კარგ მოსავალს იძლევა, თანაც ყუათიანია. ცილებითა და ცხიმებით მეტად მდიდარია, კვებითი და ენერგეტიკული ღირებულება მაღალი აქვს და მისგან არაერთი კერძიც მზადდება.

- რამდენად მოსავლიანია ეს მცენარე?

- კარგად მოვლილი ცერცვი 1 ჰექტარზე 20-30 ცენტნერ მოსავალს იძლევა. მისთვის ყველაზე დიდი საშიშროება ბუგრია. ყვავილობის ფაზაში ცერცვის ნაყოფს ეს მწერი ხშირად ესევა და ანადგურებს. ცერცვი იმდენ პარკს ვეღარ იკეთებს, რამდენსაც ნორმალურ პირობებში. ბუგრი წვენს სწოვს და აზიანებს, ამიტომ მწერების დასევამდე უნდა გამოვიყენოთ ბიოპრეპარატები, რომლებიც ნაყოფს დაიცავს.

ხათუნა ჩიგოგიძე