სამების პარკის დედოფალი და "აფეთქებული" ვარდების დრო
13-07-2015
სამების პარკის დედოფალი და "აფეთქებული" ვარდების დრო
"ეს ხე აქაურობის ცენტრია, ყველაზე გამორჩეული მცენარე - სამას-ოთხასწლიანი ზეთისხილის ხე. ნაყოფს­ კი ისხამს, მაგრამ უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს. აქ უწმინდესის კურთხევით
ჩაირგო"


სამების საკათედრო ტაძრის პარკში­ ყოველი კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ არის მოვლილი, ულამაზესია როზარიუმი­, სადაც სხვადასხვა­ ფერისა­ და ჯიშის უმშვენიერესი ვარდი­ ხარობს.
მონაზონი თეკლე (სიხარულიძე) გვეუ­ბნება, - მაის-ივნისში ამ ვარდებმა ნამდვილი "აფეთქება" მოაწყვეს. საოც­რება ხდებოდა, ყველა ერთად ყვაოდაო...

ტაძრის ბაღში არაერთი უნიკალური მცენარეა გაშენებული, რომელთა­ შესახებაც საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯის
დირექტორის მოადგილემ, დედა თეკლემ, გვიამბო:


-  აქ უამ­რ­­ავი უცხო და იშვიათი ჯიშის მცენარეა თავმოყრილი. მთელ ტერიტორიაზე 120-130 სახეობის განსაკუთრებული­ ვარდია, თითოეული კი მრავალჯერადად მოყვავილეა. მაისში რომ იწყებენ, ნოემბრის ბოლომდე ყვავილობენ.

- სადაური ჯიშებია?
- სულ რამდენიმე სელექციონერია გერმანიაში, ვისაც ეს სახეობები გამოჰყავს.­ მათ შორის განთქმულია
საოჯახო ფირმა­, რომელიც 150 წელზე მეტია ამ საქმიანობას მისდევს და აქვს სხვადასხვა ჯიშის - ხვიარა, საპარკე, ჩაის ჰიბრიდები, მინიატიურული, ნიადაგმფარავი, ფლორიბუნდა (ვარდის სახეობების ჯგუფი), ბევრყვავილიანი, დაბალბუჩქა ვარდები, ერთ ღეროზე 15-20 ყვავილს რომ იკეთებს და, რაც მთავარია, გამორჩეულია ფერებით.
ჩვენი ბაღის მშვენებაა ვარდი "შოკინგ ბლუ". წლეულს უკვე მესამედ ყვავის, პირველად მაისის შუა რიცხვებში აყვავდა. არაჩვეულებრივი ჯიშია ასევე ორფეროვანი "ნოსტალგია"... ყველა ცალ-ცალკე თავისი ხასიათით, სურნელით, ფერით ძალიან საინტერესო მცენარეა.

- რამდენი წლის არის როზარიუმი?
- 7-8 წლის წინ გაშენდა, მანამდე აქ მხოლოდ მწვანე მინდორი იყო. ჩვენმა დიზ­აინერებმა და მებაღეებმა გააკეთეს ყველაფერი... მოგეხსენებათ, სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით გახსნილია დეკორატიული მებაღეობის კოლეჯი, სადაც ბაღის დიზაინსაც­ ვასწავლით. ჩვენი კოლეჯის პედაგოგების პროექტით და სტუდენტების დახმარებით გაშენდა ეს სილამაზე. 

- ვარდებს როზარიუმში დაბინავებამდე ალბათ საცდელ ნაკვეთში ამრავლებთ.
- დიახ. ჯგუფ-ჯგუფად გაშენებული ვარდების ყოველ თარგში მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეა თავმოყრილი. ჩვენს ნაკვეთში ვამრავლებთ და საჭიროებისას შეგვიძლია სასწრაფოდ ჩავანაცვლოთ.

- ვარდების გარშემო სურნელოვანი ლავანდა ყვავის...

- ვარდებმა პირველი ყვავილობა დაამთავრეს და ახლა ლავანდის პერიოდია. გამორჩეული სურნელის გამო ლავანდის ზეთი ყველა პარფიუმერიული ნაწარმის კომპონე­ნტია. ეს ლამაზი მცენარე სამკურნალოც არის. ამიტომ სტუდენტებთან ერთად ვაგროვებთ, ნაწილს ფლორისტული­ საშობაო გაფორმებებისთვის ვიყენებთ, ნაწილისგან კი სურნელოვან ზეთს ვამზადებთ. ასევე ვამზადებთ ლავანდის სპირტიან ნაყენს და კარგი შედეგები გვაქვს.

- გაგვანდობთ ლავანდის ზეთის თქვენეულ რეცეპტს?
- მარტივი ტექნოლოგიაა, დაახლოებით ისეთი, როგორიც ვარდის ზეთის დამზადებისას გამოიყენება. ლავანდა აქტიური ყვავილობის პერიოდში გროვდება. აქ ეკოლოგიურად დაცული ადგილია, მაგრამ დაკრეფის შემდეგ მცენარე მაინც უნდა გასუფთავდეს. ვყრით ქილაში, ზეითუნის ზეთს ვასხამთ და მჭიდროდ თავდახურულს მზის გულზე, მაგალითად, ფანჯრის რაფაზე ვდგამთ. დღეში ორჯერ უნდა ავურიოთ და ორი კვირის შემდეგ კარგად გამოვწუროთ. გამონაწურში ახალი ლავანდის ყვავილებს ვყრით უფრო მაგარი ზეთის მისაღებად, თუმცა ერთი გამონაწურითაც მშვენიერი პროდუქტი მიიღება. ლავანდის სპირტიანი ნაყენი კარგი ანტისეპტიკია, ზეთი კი დამამშვიდებელი საშუალებაა ანთებითი პროცესებისთვის, მაგალითად, კუნთის გაცივებისას დასაზელად იყენებენ...

- როზარიუმს ბზის ბუჩქები აკრავს ცოცხალ ღობედ...
- აბა, ბზის გარეშე როგორ იქნება?
ბაღის ახალ ნაწილში გაშენებულია ჰემეროკალისები - სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომისა. მუქი ღვინისფერიც კი გვაქვს და მათაც ლავანდები აკრავთ გარს.

- ამ ულამაზეს მოვარდისფროყვავილებიან ხეს რა ჰქვია?
- ეს ალბიციაა, ხმელთაშუა ზღვის მცენარეა, ახლა ყვავილობის დრო უდგას და მართლა ძალიან ლამაზია.
ზეთისხილის ხეები ჩვენი ბაღის მშვენებაა. სამების საკათედრო ტაძარი 2004 წელს გაიხსნა, ეს ხეებიც მაშინ დაირგო და ხედავთ, უკვე რამხელებია! მშვენიერ მოსავალსაც იძლევა. იმედი გვაქვს, რომ წლეულს უხვი მოსავალი გვექნება. ნაყოფს ნოემბერში შევაგროვებთ, დავამწნილებთ...

იტალიური ფიჭვი, ქოლგისებური თავ­ებით,­ მართლაც ამშვენებს აქაურობას. ახლა ვეგეტაციის პერიოდი აქვს და ლამაზად ყვავის. კარგად შეეგუა ჩვენს კლიმატს. მის გვერდით ქართული ფიჭვია დარგული, ელდარის ფიჭვს რომ ვეძახით და გვერდიგვერდ მშვენივრად ხარობენ. პირამიდული ტუიები კი გამოყვანილი ჯიშებია, რომელსაც ამ ფორმით ვსხლავთ.

მტირალა ლიბანის კედრები მაღალი, უნიკალური ფორმის მცენარეებია, შორიდან ხომ ხედავთ, როგორი ლამაზია და ახლოს უფრო გაგაოცებთ. მტირალას დაშვებული ტოტების გამო უწოდებენ. მის გვერდით ჰიმალაის კედარია.
ხედავთ, ბზის ბუჩქებისგან ბოლნური ჯვარია გაკეთებული. მის ფრთებში ერთწლიანი გაილარდიებია დარგული. ფონად კი ოქროსფერი ღვიაა გართხმული და ლამაზი კომპოზიცია იქმნება.

- ეს როზმარინია, ხომ?
- დიახ, ის სამკურნალო ეთერზეთოვანი და დეკორატიული მცენარეა, ბევრ დაავადებას კურნავს. მისი ზეთის დამზადება ისევე შეიძლება, როგორც ლავანდისა. ნაყენიც სამკურნალოა. იტალიელები ამ მცენარეს კულინარიაში იყენებენ, როგორც ჩვენ სუნელებს ვიყენებთ.

ეს კი აქაურობის ცენტრია, ყველაზე­ გამორჩეული მცენარე - სამას-ოთხასწლიანი ზეთისხილის ხე. რამდენიმე ასეთი ხე პატრიარქს წლების წინ აჩუქეს. ნაყოფს­ კი ისხამს, მაგრამ უფრო დეკორატიული დატვირთვა აქვს. აქ უწმინდესის კურთხევით ჩაირგო. ერთი ასეთი რუსთაველზეა, "ვარდების მოედნის" ახლოს, არის ასევე საპატრიარქოს ეზოშიც...
აქვეა ფრინველების კუთხეც. გვყავს გედები, იხვები, ფარშავანგები. ეს უფრო საბავშვო ნაწილია თავისი აუზით, სადაც პატარები ზაფხულის ცხელ დღეებში თავს იქცევენ.­

აქ რომ დეკორატიული მცენარეების ასორტიმენტია, ამდენი თანამედროვე კულტურა, ვერ გეტყვით, რომ საქართველოში რომელიმე პარკში­ კიდევ იყოს.

- სამების პარკის დედოფლის ტიტულს რომელს მიანიჭებდით?

- როგორ შეიძლება, რომ დედოფალი არ უწოდო საუკუნოვან ზეთისხილის ხეს, რომელიც სიმბოლოა ადამიანის ღმერთთან შერიგებისა. ან ლიბანის კედარს, ვარდს, კვიპაროსს? კვიპაროსი, ფიჭვი და კედარი ხომ ის სამი ხეა, რომელებმაც ისე გაიხარეს, რომ ერთ ხედ აღმოცენდა. შემდეგ კი მოიჭრა და მასზე მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ყველაფერთან ერთად, აქ ბევრი ბიბლიური მცენარეც არის.
ახალი ბინადრებიც გვყავს - ცოტა ხნის წინ, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მომავალი მეფუტკრეები შემოგვიერთდნენ, აგერ სკებიც უდგათ...

ლალი ფაცია

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით