შენ დაუკარ... ჭიბონი - კვირის პალიტრა

შენ დაუკარ... ჭიბონი

რა სხვაობაა ჭიბონსა და გუდასტვირს შორის

ჭიბონი უძველესი ხალხური საკრავია, ის გუდასტვირის ერთ-ერთი ნაირსახეობაა. წერილობითი წყაროებისა და ზეპირი გადმოცემების თანახმად, ეს საკრავი წინათ მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული. დღეს გუდასტვირსა და ჭიბონს მხოლოდ ერთეულები ამზადებენ. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, გუდასტვირი თავდაპირველად ქალს შეუქმნია. ქართული ხალხური საკრავების ცნობილმა ოსტატმა, შერმადინ ჩაგელიშვილმა გვიამბო: "სიტყვა "სტვირი" მოდის სიტყვიდან - "ვსტირი". ლეგენდის თანახმად, ორი ძმა ყაჩაღობდა,E ერთ-ერთი შეიპყრეს, მეფემ მისი დასჯა გადაწყვიტა და ციხეში ჩააგდო. მის დას იმ ღამეს სიზმარში ურჩიეს თურმე, ასეთი და ასეთი საკრავი დაამზადეო. ქალი ასეც მოიქცა. მეორე დღეს ციხის წინ ტირილით ამღერდა, თან სტვირზე უკრავდა. მეფეს მოსწონებია მისი სიმღერა, მწუხარე ქალი შეჰბრალებია და დამნაშავე შეუწყალებია. ასე გადაარჩინა დამ ძმა სიკვდილს".

ამ უძველეს ინსტრუმენტზე მუსიკოსი გივი კანდელაკი მოგვითხრობს.

- ჭიბონი და გუდასტვირი თითქმის ერთი პრინციპით მზადდება, მაგრამ მათ შორის განსხვავება მაინც არის. გუდასტვირი უფრო ტკბილხმიანია და ტონიც შედარებით დაბალი აქვს, ჭიბონი - მაღალხმიანია და ცეკვისთვის გამოიყენება. გუდასტვირი უფრო ლამაზი და მორთულია, ფოჩებიანი, ხავერდით შემკული, თვლებით გაწყობილი. ჭიბონი სადაა, რადგან მას უფრო ხშირად მწყემსები იყენებდნენ, მხოლოდ ფოჩები, ანუ ფიფინურები ამკობს. ჭიბონი უფრო მეტად გავრცელებული ყოფილა მესხეთში, ქართლში, ფშავ-ხევსურეთსა და კახეთში. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი ინსტრუმენტი აქვთ შოტლანდიელებს. სავარაუდოდ, ჭიბონი იქ კოლხეთიდან მოხვდა(?!). შოტლანდიელების საკრავს ბანიც აქვს დამატებული, ამიტომ მისი ჟღერადობა ოდნავ განსხვავებულია.

- დღეს სად გვხვდება გუდასტვირი და ჭიბონი?

- გუდასტვირი უფრო რაჭაში გვხვდება (მას იქ სტვირი-შტვირი ჰქვია), ჭიბონი - აჭარაში (ეძახიან ჭიმონს), მესხეთში (თულუმი), ქართლში, ფშავში (სტვირი). გუდასტვირთან ერთად ვინც მღერის, მას მთქმელი ჰქვია, სასიმღერო ფორმები უფრო რაჭაში შემოგვრჩა, ხოლო აჭარაში - საცეკვაო. ჭიბონი შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან - გუდისა(1) და სტვირისაგან(2). გუდას ზედა მხრიდან დატანებული აქვს ხის პატარა მილი, ე.წ. "ხრეკო"(3), მასრა, რომლითაც მას ბერავენ, ის ასევე სარქვლის ფუნქციასაც ასრულებს. ან დატანებული აქვს ტყავის საცობი - პეპელა. გუდაში ქვედა მხრიდან ჩასმულია სტვირის ბუდე, ნავისებური ფორმისა, რომელშიც ჩადგმულია ე.წ. დედნები ანუ ლერწმები(4) - თანაბარი სიგრძისა და სისქის ორი ხის მილი. მარცხენა მილს ეწოდება "მთქმელი" ან "დამწყები", მარჯვენას - "მოძახილი" ან "მებანე". დედნები მზადდება დიდგულის ან ჭერმის ხისაგან. მასზე ამოჭრილია თვლები, თავში ჩასმული აქვს წივილები. წივილებს ლერწმისაგან თლიან. ისინი გამოსცემენ საკრავის ხმას. მებანეს გაკეთებული აქვს სამი სახმო ნახვრეტი (თვალი), დამწყებს - ექვსი.

ბოლოზე კი ხარის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებულ სარეზონატორო ქარახსას ამაგრებენ. რაჭულ გუდასტვირსა და აჭარულ ჭიბონზე ორხმიანი ჰანგები სრულდება. ორხმიანობა მიიღწევა რქაში ჩასმული ორი ლერწმის ერთდროული აჟღერებით. დედნებზე მიმაგრებულია ორი ერთნაირი ლერწმის პატარა მილი და მათი მიმაგრების ადგილი სანთლით არის ამოლესილი. ლერწმების მეორე ბოლოები გუდასთანაა მიმაგრებული. რქას, საიდანაც ხმა გამოდის, ზოგან ქარახსას ეძახიან. ის რეზონატორის როლს ასრულებს, რადგან ხმას აძლიერებს. ჭიბონიც იმავე პრინციპისაა, როგორც სხვა კლასიკური ინსტრუმენტები, თუნდაც საყვირი. გაბერილ გუდას კისრის ზედა მხარეს უკეთდება ხის საცობი, რომელსაც ხშირად ფარავენ სარკით. გუდას ინახავენ შალითაში, რომელსაც "ჩანთას" ან "პერანგს" უწოდებენ.

- როგორ ამზადებენ გუდას?

- გუდა ციკნის ტყავისგან მზადდება. დაკლულ ციკანს ოთხში ისე ამოიღებენ, რომ ტყავი არ გაიჭრას. ტყავს ჩააგდებენ ნაცარში, კირში ან მჟავაში. რამდენიმე დღის შემდეგ მას ბეწვი დასცვივდება. მერე საპნიან წყალში ჩადებენ და დიდხანს ზელენ. ტყავი თანდათან რბილდება და საკრავისთვის გამოსადეგი ხდება. გუდა დაკვრის დროს ჰაერით ივსება და იბერება. ხმას ლერწმისგან დამზადებული ორი წვრილი მილი ანუ ენები გამოსცემს. ინსტრუმენტს ჰაერი არ უნდა შეუწყდეს, თორემ ვერ დაუკრავ. დედნების დასამზადებლად საუკეთესოა ლერწმის მსგავსი მცენარე ყარღო, რომელიც შირაქში ხარობს, მდინარისპირა კლდეებზე. სადაც კარგი ჰავაა და მეტი ნესტია, იქ უფრო გრძელი მუხლი აქვს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ნიადაგსა და კლიმატზე.

- ჭიბონსაც და გუდასტვირსაც ლხინის დროს იყენებდნენ?

- დიახ, თუმცა რაჭაში სამგლოვიარო მუსიკასაც უკრავდნენ. რაჭაში იყვნენ მოხეტიალე მუსიკოსები, რომლებიც სოფლიდან სოფელში მოგზაურობით ფულს შოულობდნენ. რაჭველი მესტვირეები სასურველ სტუმრებად ითვლებოდნენ დღეობა-ქორწილებში. მესტვირეობა რაჭაში ერთგვარი ხელობა იყო, თქვენ წარმოიდგინეთ, საგვარეულოც კი (მაგალითად, ბლიაძეები).

- ჭიბონსა და გუდასტვირს შერმადინ ჩაგელიშვილთან ერთად ამზადებთ, რომელიც ამ საკრავის გამორჩეული მცოდნე და ოსტატია...

- შერმადინ ჩაგელიშვილი თვითონაც საუკეთესო შემსრულებელია. ჭიბონსაც და გუდასტვირსაც ერთობლივად ვამზადებთ, მე ძირითადად ტექნიკურ მხარეს ვაგვარებ, ხოლო მუსიკალურს ის აწესრიგებს. გუდასტვირი სუფთა ქართული ინსტრუმენტია. მარტო სტვირით შესრულება იმდენად ეფექტიანი არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ გუდა ხმას ცვლის და განსხვავებულ ჟღერადობას იძლევა. ბევრი რამ არის დამოკიდებული გუდის ზომაზეც - თუ სქელი და მოუხეშავია, ხმა სასიამოვნო აღარ არის, თხელი გუდა კი სულ სხვაგვარ ხმებს იძლევა.

ძალიან დახვეწილი მუსიკალური სმენაა საჭირო, რომ კარგი ინსტრუმენტი გამოვიდეს. საკმარისია მცირე შეცდომა, რომ საკრავმა არაბუნებრივი, ყალბი ხმა გამოსცეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ენების გამოთლა, საკმარისია მეტი მოგივიდეს და ინსტრუმენტი სასურველ ჟღერადობას აღარ იძლევა.

დედნის«ზევით, ერთ თავში, ორი თითის დადებაზე კანიდან ჩაჭრით ღრმად, რომ ქვეშაც გაიაროს დანამ და ენას გაუკეთებთ. ენის ქვემოთ, 2-3 თითის დადებაზე, თვალს ამოუჭრით ოდნავ დაკვრის დროს თითების სათამაშოდ დასადებად. ასეთ თვლებს ქვევით ორ-ორი თითის დაშორებით 4-5 თვალს გაუკეთებთ. ენიან თავს ჩაბერავთ და სტვირი აჟღერდება.

ამ საკრავში მთავარია ენები და ორი მილი, რომელიც სოლოსა და ბანს უკრავს - ეს არის თითქმის მთელი ჭიბონი და გუდასტვირიც.

- ძირითადად ვინ არის დაინტერესებული ამ ინსტრუმენტით?

- სხვადასხვა კატეგორიის ხალხი: ზოგს უნდა, შინ ჰქონდეს ჩონგური, ფანდური, გუდასტვირი, დაირა და სხვა ინსტრუმენტები, ზოგს მარანში ჩამოსაკიდებლად უნდა, ზოგსაც უცხოეთში მიაქვს სუვენირად და სხვ. გუდასტვირსა და ჭიბონს ხშირად იყენებენ ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები და ინსტრუმენტებსაც ყველაზე ხშირად ისინი ყიდულობენ. ეს საქმე შემოსავლიანი არ არის, უბრალოდ, ეს უნიკალური ტრადიცია რომ არ დაიკარგოს, ოსტატები იმიტომ არ ეშვებიან ხელობას. ძველად მთელი ცეკვა ჭიბონის თანხლებით სრულდებოდა, ახლა კი სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებენ, ჭიბონი ზოგჯერ ჩაერთვება ხოლმე და ძალიან ლამაზია. ეს საკრავი იმდენად ხალხური და ქართულია, რომ მისი ანალოგი სხვა ქვეყნებში იშვიათად მოიპოვება.

- დღეს ვინ არიან გუდასტვირისა და ჭიბონის გამორჩეული ოსტატები?

- სამწუხაროდ, ბევრი კარგი ოსტატი დღეს ცოცხალი აღარ არის. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ ზაქარია ერაძე, იოსებ ზურაბაშვილი, შალვა ჯაფარიძე, ქუთაისში იყო კიდევ ერთი მუსიკოსი, სირაძე. დღეს ამ საკრავს მხოლოდ ერთეულები ამზადებენ, მათ შორის შერმადინ ჩაგელიშვილი უნდა დავასახელო. საქმე ძალიან შრომატევადია, დიდი შრომა თუ არ ჩადე, ინსტრუმენტი სრულყოფილი არ გამოვა.

ხათუნა ჩიგოგიძე