"ოქროს ღორები" პატრონს ცნობენ
13-07-2015
"ოქროს ღორები" პატრონს ცნობენ
ღორის ხორცი ყველაზე გემრიელ საკვებად არის მიჩნეული, მაგრამ სამწუხაროდ, გაჩნდა რამდენიმე უცნობი დაავადება, ვეტერინარულ სამსახურს კი მათი სრულად შესწავლის არც ტექნოლოგიები აქვს და არც საშუალება. საფრთხის მიუხედავად, ჩვენში ღორის მოშენებას კვლავ მისდევენ და მისი ხორცით თავიც ისე გააქვთ, როგორც მანგლისელ ოქრო წიკლაურს. ოდესღაც აქ გადმოსახლებული ხევსურთა ოჯახის შთამომავალი გაჭირვებას შეერკინა - ღორის მოშენება გადაწყვიტა და ზაფხულში, სააგარაკო სეზონისას, მოგებასაც ნახულობს. როცა მივედი, ოქრო წიკლაური ღორებს აპურებდა.

- დაავადებების გამო ღორის
მოშენება ყველას ეშინია და თქვენ როგორ გაბედეთ?

- რატომ არ უნდა გამებედა, ღმერთმა­ ნუ ქნას და, თუ ღორი გაწყდა, ეგ ხომ ცის დამხობა არ იქნება?! მთავარია, ჩვენ ვიყოთ კარგად, ისევ ვიწვალებთ და თავიდან მოვაშენებთ. სიმართლე რომ ვთქვა, ახალგაზრდობაში ღორის მოშენება აზრადაც არ მომივიდოდა, მაგრამ ოჯახის
რჩენაზე ფიქრმა მომაკიდებინა ხელი ამ საქმისთვის. მანგლისში მეღორეობისთვის მაინცდამაინც კარგი პირობები არ არის, უფრო მესაქონლეობას მისდევენ - ზაფხულობით მოაგარაკეთა სიმრავლის გამო ღორს გარეთაც ვერ გაუშვებ, მაგრამ სადაც საქონელი, იქაც ღორი... მეღორეებს­ დასახლებიდან მოშორებითაც გაგვყავს კოლტი, რომ ფეხი გამართოს და ტყეშიც იკვებოს, რკოს გარდა, განსაკუთრებით შემოდგომაზე, ღორისთვის ბევრი საჭმელია. სამწუხაროდ, აქ Eღორის მოშენებას ბევრი არ მისდევს. არადა, ღორს რა ჯობია, ხორცსაც გაძლევს და ქონსაც. გინდა - გაყიდე, გინდა - შენთვის მოიხმარე, ზამთრისთვის დაკონსერვებაც შეიძლება. მე სახინკლეც გავმართე. მოაგარაკეებს ჩემივე ღორის ხორცის ხინკლით ვუმასპინძლდები, მუშტარიც ბევრი მყავს.

ჩემსავით შინ გაზრდილი ღორის­ ხორცის იმედით სახინკლე მანგლისში კიდევ­ გააკეთა ერთი-ორმა კაცმა. ეგ არის ცუდი, რომ ლარის გაუფასურებამ წაგვიჭირა ყელში ხელი...

- ღორის მოშენება როგორ უნდა დაიწყო?­

- უპირველესად, თბილი სადგომის მოწყობით. ჩემს საღორეში, აქაური მკაცრი­ ზამთრის მიუხედავად, სიცივე არ იგრძნ­ობა, ჭუჭრუტანები ამოქოლილი მაქვს. სხვათა­ შორის, ღორი თვითონ არეგულირებს თავის­ ტემპერატურას - თუ შესცივდა და საღორეში რამე ქსოვილის ნაგლეჯი ნახა, მივა და წამოწვება, ან ერთმანეთს მიეკვრებიან გასათბობად. ზაფხულში კი გრილ ადგილს ან ტალახს ეძებენ...

ჩვენში რამდენიმე ჯიშის ღორია გავრცელებული. ფერმებში ჰყავთ მაღალმეხორცული ჯიშები, რომელთა მოძიება და გამრ­ავლება შეიძლება. ქართული ჯიშის, მაგალითად, კახური ღორი ჩვენმა ხალხმა ძველთაგანვე მოიშინაურა. ამიტომაც ემსგავსება გარეულ ღორს შეხედულადაც და ზოგი თვისებითაც. კახური ჯიშის ღორი კარგად იზრდება ტყეების ახლოს - ტყის პირობებს კარგად ეგუება, ნაყრდება კიდეც და სიცივეც ნაკლებად აშინებს. ზრდასრულის წონა 115-120 კგ-ს აღწევს და 6-7 გოჭი ჰყავს.­ ახლა ამ ჯიშის ღორის შეჯვარებაც მიდის და ამბობენ, რომ წონა 180 კილოგრამამდეც­ გაეზრდება. თუმცა, მე ისეთი ჯიშის მოშენება ვარჩიე, რომელიც სახლის პირობებში იკვებება და დამწყვდეულიც ძლებს. გარდა ამისა, ჩემი Eღორები წელიწადში 12 გოჭს აჩენენ. ანუ ადვილად მრავლდებიან და შინაურ პირობებშიც იოლი გასაზრდელია.

- გამოთქმა "მეცამეტე გოჭი" რას ნიშნავს?­ იმას ხომ არა, რომ მეცამეტე გოჭი ძალიან იშვიათად იბადება?
- ღორისთვის მეცამეტე გოჭის გამოზრდა ძნელია. ღორს 12 ძუძუ აქვს და მეცამეტე გოჭს დანარჩენები დედასთან არ უშვ­ებენ. ამიტომ ის პატრონმა უნდა გაზარდოს, თუნდაც საწოვარათი, თორემ მოკვდება. მეც გამიზრდია. ძალიან საყვარლები არიან. ღორი ჭკვიანი ცხოველია, პატრონსა­ და მის ოჯახს კარგად ცნობს, ისიც გამიგია, 30-მდე სახეს იმახსოვრებსო.

პირველად ყველაზე დიდი გოჭი იბადება,­ ყველაზე სავსე ცურს ეძებს­ და არავის აკარებს. ეს ნიშნავს,­ რომ ძლიერი იქნება, რადგან ყველაზე მეტ საკვებს­ იღებს.­ სულ ბოლოს კი ყველაზე პატარა, ზოგჯერ მეცამეტე გოჭიც იბადება. დასაწყისში მხოლ­ოდ სძინავთ და ჭამენ, დედა ღორი კი სულ წევს და ღრუტუნით "ეუბნება", - მოდი, ჭამეთო. გოჭებიც ეხუტებიან, თავი სულ დედის მუცელზე უდევთ.

სხვათა შორის, დედა ღორიც და გოჭებიც თითქოს აკონტროლებენ, რომ გოჭი დედის ქვეშ არ მოჰყვეს და არ გაიჭყლიტოს. ერთი-ორი დღის შემდეგ დედა ღორი გარეთ გამოდის და გოჭებიც გამოჰყვებიან, ოღონდ ერთ კვირამდე გვერდიდან არ შორდებიან, ერთი კვირის შემდეგ კი დამოუკიდებელი ხდებიან. 3 კვირის­ თავზე შესაძლებელია გოჭებს დედის რძისგან განსხვავებული საკვები აჭამო, ოღონდ ისეთი არა, რომლის მონელება გაუჭირდებათ.
2 თვემდე გოჭის დაკვლა არ არის სასურველი. 8-9 თვის ბურვაკის წონა 50-60 კილოგრამამდე აღწევს. ამ ასაკში მისი ხორცი­ გემრიელია. ღორს თუ კარგად კვებავ, წელიწადში ორჯერაც იმაკებს. მაკეობა 4 თვეს გრძელდება.

- რა თანხა გეხარჯებათ ღორის შესანახად და რამდენია მოგება?
- ვინც ღორს მთაში, ტყეში უშვებს და იქ კვებავს, იაფი უჯდება. თვეობით ტყეში გაშვებული ღორის ხორცი უფრო გემრიელია, ვისაც მიურთმევია, იცის, რომ ცხოველს ფენა-ფენა ენაცვლება მჭლე და ქონი, იმის მიხედვით, ტყეში რა საკვებს ჭამდა. შინ გაზრდილი ღორი კი ერთგვაროვნად ცხიმიანია, თუმცა მისი ხორციც გემრიელია.
რაც შეეხება თანხას, თუ ერთი ღორის გამოსაკვებად დაახლოებით 300 ლარს ვხარჯავ, მოგებაც ამდენივე მრჩება.

- ღორის დაავადებებს როგორ უმკლავდებით?

-  დღეს ბევრი დაავადებაა გავრცელებული. თუმცა, რაც უფრო ფრთხილია პატრონი, მით ნაკლებია მათი დახოცვის შესაძლებლობა. ადრე ყველანი ღორის გამოსაკვებად, მის უკონტროლოდ გაშვებას ვიყავით მიჩვეული, ეს ახლაც გრძელდება და იმიტომაც არის ღორების დახოცვის დიდი რისკი. მე ჩემს ღორებს ყველა დაავადების საწინააღმდეგოდ ვცრი. რაღაც სერიოზული დაავადება თუ შევნიშნე, თბილისშიც მივდივარ ვეტერინარებთან, ასეთი ყურად­ღებით არაერთხელ გადამირჩენია ჩემი ღორები. იმ დაავადებებზეც ბევრს ვკითხულობ, რომელიც პერიოდულად ვრცელდება. ბოლო დროს აფრიკული ცხელება გავრცელდა. დასაწყისში ცხოველს ჯერ ტემპერატურა უწევს, მეორე დღეს 35 გრადუსამდე უვარდება, მაგრამ მოძრაობა უჭირს, თითქოს ვეღარ იგებს, საით წავიდეს. მერე კი 48-72 საათში კვდება. ამ დროს უკვე კანიც ულურჯდება და სისხლჩაქცევები უჩნდება, შესაძლოა ღებინებაც დაეწყოს. ზოგჯერ დაავადება ქრონიკულად გადაიქცევა, რომლის დროსაც ღორი ვირუსის მატარებელი ხდება და საკვებადაც აღარ გამოდგება. ამიტომ პატრონი ღორს რამე ცვლილებას შეამჩნევს თუ არა, მაშინვე უნდა მივიდეს ვეტერინართან. თუ ავცრით, ამით ჩვენს მარჩენალ ცხოველებს გადავარჩენთ. მოკლედ, სიფრთხილეა საჭირო.
?????????
13 ივლისი 2015 14:18
იქნებ გაგვიმხილოთ აფრიკულ ცხელებაზე რით ცრით და რით შველით?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები