"საბუდარელი" ჩიტები - კვირის პალიტრა

"საბუდარელი" ჩიტები

ბუ იდუმალი და საინტერესო ფრინველია, გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. სხვა ფრინველებისგან დიდი თვალები და ლამაზი, ჭრელი ბუმბული გამოარჩევს, თუმცა სხვა თავისებურებებიც აქვს. გვესაუბრება მკვლევარ-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

- მსოფლიოში 200-მდე სახეობის ბუ არსებობს. ის ღამის მტაცებელია. ბუ, პირველ რიგში, კარგი მხედველობით გამოირჩევა. ყველაზე დიდ ბუს, ზარნაშოსა და ადამიანს ერთი ზომის თვალები აქვთ. ამ ფრინველების თვალი მეტად მგრძნობიარეა სინათლის მიმართ.

თუ სხვა ფრინველებს თვალები უფრო გვერდულად აქვთ განლაგებული, ბუს თვალები პირდაპირ იყურება. ამას გარდა, ყურები ასიმეტრიულად აქვს.

ზოგს ჰგონია, ის მხედველობით ნადირობს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ბუ სმენით ნადირობს. ასიმეტრიული ყურებიც იმიტომ სჭირდება, რომ სხვადასხვა კუთხით მიიღოს ინფორმაცია და უფრო ზუსტად დაადგინოს, სად არის მსხვერპლი.

ყველაზე უცნაური თვისება კი ის არის, რომ ბუს შეუძლია 270 გრადუსით შემოაბრუნოს თავი, რასაც ვერც ერთი სხვა ფრინველი და ძუძუმწოვარი ვერ ახერხებს.

ბუ ორიგინალური ფრინველია. იმდენად რბილი და ფაფუკი ბუმბული აქვს, რომ საოცრად ჩუმი ფრენა შეუძლია. მაგალითად, ზარნაშოს ფრთების შლილი 1,5 მეტრია და შეუძლია ისე მოფრინდეს ახლოს, რომ ვერც გაიგოთ. მსხვერპლსაც უჩუმრად უახლოვდება. ნისკარტი მოკაუჭებული აქვს, რომ ხორცი კარგად დააქუცმაცოს, კარგად განვითარებული კლანჭით კი მსხვერპლს იჭერს. ანტარქტიდის გარდა, ბუ ყველგან გვხვდება, ყველაზე დაბალ ტემპერატურასაც იტანს. რეკორდსმენია პოლარული ბუ, რომელიც ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე - მინუს 70 გრადუსზეც კი უნახავთ.

- ბუს მთავარი საკვები რა არის?

- უმეტესად მღრღნელები, ასევე სხვა ძუძუმწოვრები, მცირე ზომის ფრინველები, ამფიბიები და რეპტილიები - მოკლედ, ყველაფერი, რასაც მოინადირებს. რამდენიმე სახეობის ბუს ძირითადი საკვები თევზია. თუმცა დაკვირვებისას ზარნაშოს ბუდეში ყვავის ბუმბული გვინახავს, რომელიც მან დაიჭირა და შეჭამა. გვინახავს შევარდნის ბუმბულიც.

- საქართველოში რომელი სახეობები ბინადრობენ?

- ყველაზე დიდი ბუ, რომელიც მთელ დედამიწაზე გვხვდება და საქართველოშიც ბინადრობს, არის ზარნაშო. ის ჩვენში თითქმის ყველგან გვხვდება: უღრან ტყეებშიც, მაღალ მთაშიც და კოლხეთის დაბლობზეც.

ზარნაშოზე ბევრი არასწორი წარმოდგენა და ლეგენდა არსებობს, მათ შორის ისიც, რომ შვლებს იტაცებს. ზარნაშოც, თანამოძმეების მსგავსად, ძირითადად, მღრღნელებით იკვებება.

გავრცელებული სახეობაა ყურებიანი ბუ, ანუ ოლოლი, რომელიც ზარნაშოს წააგავს, მაგრამ შედარებით მომცროა. ყურებიანი ბუ უფრო ტყის ქვედა სარტყელში გვხვდება. ხშირად ბინადრობს ქარსაცავ ზოლებშიც. ამ სახეობას დიდი ტყე არ სჭირდება, უფრო ისეთი ადგილები მოსწონს, სადაც მინდვრებისა და პატარა ტყეების მონაცვლეობაა. ოლოლი ხშირად პარკებშიც ბუდობს. ეს სახეობა ვაკის პარკშიც მინახავს. ის საშუალო ზომის ფრინველია, ფრთების შლილი შეიძლება 0,90 სმ ან 1 მეტრიც იყოს. ძირითადად, მცირე ზომის მღრღნელებით, ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით იკვებება, რომლებსაც შებინდებისას იჭერს.

- ქართულ ენაში არსებობს სიტყვა ბაიყუში, რომელსაც გადატანითი მნიშვნელობით მუდოს ან ზედმეტად გულჩათხრობილ ადამიანს უწოდებენ. არადა, ცნობილია, რომ ბაიყუში იგივე ჭაობის ბუა.

- ბაიყუში თურქული სიტყვაა და ქართულად "ბუს" ნიშნავს. ბაიყუში იგივე ჭაობის ბუა და საკმაოდ მოძრავი და აქტიურიც არის, ამიტომ ეს გავრცელებული შედარება არასწორია. ჭაობის ბუს ნადირობის სტილი ასეთია: ერთხანს შემაღლებულ ადგილას ზის და მსხვერპლს დარაჯობს. კარგი მხედველობისა და სმენის წყალობით, სწრაფად იგებს თაგვების ადგილმდებარეობას და უეცრად თავს ესხმის.

ბაიყუშები, ძირითადად, ჭაობის თავზე დაფრინავენ და საკბილოს ეძებენ. ნადირობისას მისი დანახვა ადვილია, რადგან საღამოს და დილით ადრე ნადირობს. ჭაობის ბუს ღია ფერის ბუმბული აქვს და შთამბეჭდავი სანახავია. ბინადრობს უფრო ხშირად ნესტიან, ჭაობიან ადგილებში.

ყველაზე ცნობილი სახეობაა ტყის ბუ. სხვაგვარად მას მიკიოტსაც ეძახიან. თავისი ხმის წყალობით ის ყველაზე "პოპულარულია". ტყის ბუ სხვა სახეობებისგან თვალის ფერითაც გამოირჩევა: საერთოდ, ბუს თვალები მოყვითალო ან მოყვითალო-ნარინჯისფერია, ხოლო ტყის ბუს მუქი თვალები აქვს. ძალიან ჩუმად დაფრინავს, თუმცა პატარა არ არის - მისი ფრთების შლილი 1 მეტრს აღწევს.

არანაკლებ ცნობილი სახეობაა წყრომი. ეს ყველაზე პატარა ბუ შაშვისხელაა, სპეციფიკურ, სტვენასავით ხმას გამოსცემს და თითქმის ყველგან ბუდობს. მისი ფრთების შლილი 50 სმ-მდეა. ერთხელ მისი ბარტყი შუა ვაკეშიც დაიჭირეს. წყრომი, ძირითადად, მწერებით იკვებება, იშვიათად მღრღნელებით, რადგან დიდ მღრღნელებს ადვილად ვერ ერევა.

კიდევ ერთი ბუ, რომელიც საქართველოში გვხვდება, არის ჭოტი. ეს მცირე ზომის ფრინველი ერთდროულად ჩხავის და უსტვენს კიდეც. უფრო ხმელეთზე ბუდობს, მშრალ ადგილებში. დაახლოებით მტრედისხელაა, მაგრამ შეუძლია თავისზე დიდი მსხვერპლიც მოინადიროს. არის შემთხვევები, როცა მსხვერპლს ვერ ერევა და ფეხით მიაქვს. ჭოტი კარგი მონადირეა, ხშირად ზის გზის პირებსა და პატარა ბოძებზე, ამიტომ მისი დანახვა ადვილია.

- რამით გამორჩეული სახეობებიც ბინადრობენ ჩვენთან?

- ასეთი სახეობაა ბუკიოტი, რომელიც წიწვოვანი ტყეების მკვიდრია. ეს მცირე ზომის ბუ, წესითა და რიგით, ჩვენთან არ უნდა ბუდობდეს, რადგან აქაური კლიმატი მისთვის შეუფერებელია. ის უფრო ჩრდილოეთით გვხვდება, მიუხედავად ამისა, მისი ხმა რაჭაშიც მოვისმინეთ და ძალიან გაოცებული დავრჩით, როცა ვაშლოვნის ნაკრძალშიც აღმოვაჩინეთ. ალბათ, იმიტომ, რომ იქაც წიწვოვანი ტყეა. როგორც წესი, ბუკიოტი ფუღუროში ბინადრობს.

არის კიდევ ერთი საოცარი სახეობა, რომელიც 15 წელია, რაც საქართველოში გამოჩნდა: *ბუხრინწა. ეს საერთოდ ცალკე ჯგუფია. ბუხრინწა ევროპაში ბინადრობს, აქვს გულის ფორმის სახის დისკი, მუქი თვალები და ძალიან ლამაზი შეფერილობის ზურგი. ძირითადად, დღისით  დაფრინავს და იკვებება. ხშირად ბუდობს ადამიანების საცხოვრებელთან ახლოს. ბუხრინწას იმიტომ ეძახიან, რომ შიშინის მსგავს, ჩახრინწულ ხმებს გამოსცემს. სრულიად უწყინარი ფრინველია. ჩვენმა ჯგუფმა ეს ფრინველი თავდაპირველად შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში შენიშნა, მერე ბათუმისა და ქობულეთის მიდამოებშიც, ახლა კი უკვე ქუთაისსა და კახეთშიც გვხვდება.

ხათუნა ჩიგოგიძე