გამრჯე აჭარელი წალკის ბარაქიან მიწაზე
27-07-2015
გამრჯე აჭარელი წალკის ბარაქიან მიწაზე
"მიწა ჩვენთვის, აჭარლებისთვის, ყველაფერია. ოღონდ მიწა იყოს, ყველაფერს შევძლებთ"

წალკა საქართველოში სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით გამორჩეული რეგიონია. აქაურმა მოსახლეობამ დიდი პრობლემის - უსახლკარობის Aმიუხედავად, შეუძლებელი შეძლო და დღეს არსებული სოფლის მეურნეობის ყველა რესურსი აამუშავა. ამას, ერთი მხრივ, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ეკოლოგიურმა ფაქტორებმა შეუწყო ხელი, მეორე მხრივ კი - ეკომიგრანტებმა. მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა შრომისმოყვარეა და არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, ქვეყანასაც აძლიერებს. მათ შორის არის ზურაბ ანთაძე, ერთ-ერთი პირველი აჭარელი, ვისაც მეწყერმა
ღორჯომის ხეობის სოფელ ღორჯომში სამოთხესავით სახლ-კარი დაატოვებინა. დიდი იყო საკუთარი კერის დატოვებით გამოწვეული ტკივილი, თუმცა, წალკაში იყო მიწა, რომელზეც გლეხის გამრჯე მარჯვენას ყველაფრის მოყვანა შეეძლო. დღეს ზურაბ ანთაძე წელგამართული ფერმერია და პირუტყვის გარდა, უვლის ყველაფერს, რისი მოცემაც წალკის ბარაქიან მიწას შეუძლია.



- ჩემი სახლი ღორჯომში
ახლაც ტკივილით მახსენდება. ჩემმა მამა-პაპამ ყველაფერი გააკეთა, რომ კარ-მიდამო ისეთი­ ლამაზი ყოფილიყო, მასპინძელსაც გულს რომ უხარებს და სტუმარსაც.  ქართველებმა, მით უფრო მთაში, დიდი სტუმრიან­ობა ვიცით და დოვლათიც ბევრი მქონდა,­ შრომა არასოდეს დაზარებია ჩემს ოჯახს. მთიდან წამოსვლა არავის უხარია, მაგრამ... ჩვენთან, სოფელ სხალთაში მეწყრით 24 ადამიანია დაღუპული; ღურტაში - 16, წაბლანაში მარტო 1989 წელს - 24, მათგან სამი - ბავშვი. ორთაბათუმში მეწყერმა 6 ადამიანი დამარხა. ჩაქვში დავითაძეების ოჯახიდან 6 კაცი დაიღუპა. ღორჯომის ხეობაში 1988 წელს მთა მოწყდა და მდინარეში ჩაშვავდა. 7 კაცი მიწაში ჩამარხა, 1 ოჯახი თავისი ეზო-კარით მთლიანად დაფარა, 8 სახლი კი ისე დაანგრია, აღარაფერი ეშველებოდა. 1992 წელს ჩვენს სოფელში 1 ოჯახი მთლიანად დაფარა მეწყრისგან დაგუბებულმა წყალმა, ჩემი სახლი გადარჩა, მაგრამ უკანა მხრიდან მიწა ისე მოწყდა, რომ ჰაერში გამოკიდებულივით დარჩა. მაინც არ ვფიქრობდი აჭარიდან წამოსვლას. მაშინ შევარდნაძე ახალი დაბრუნებული იყო და ის და ასლანი რომ მოვიდნენ ხეობაში, ხალხი გარს შემოეხვია - აქედან წასვლა არ გვინდა და გვიშველეთ რამე, ისევ აჭარაში მოგვეცით მიწაო. ათასი ფიცი-მტკიცი მოგვცეს და ჩვენც ველოდებოდით, მაგრამ სულ ტყუილად. არადა, როდემდე მეცხოვრა ჰაერში გამოკიდებულ სახლში?! ჩვენში მეწყერი იმდენად ხშირია, ველოდი, რომ ერთ დღეს ამ სახლიანად მიწისკენ გაგვაქანებდა! ამიტომაც ავიყარეთ 2002 წელს. წალკაში ძმა მეგულებოდა და მეიმედებოდა. ის 1998-ში წამოვიდა საცხოვრებლად.

მიწა ჩვენთვის, აჭარლებისთვის, ყველაფერია. ოღონდ მიწა იყოს, ყველაფერს შევძლებთ. ხალხი სხვის სახლებში ცხოვრობს, გარეთ გამოგდებით ემუქრებიან და დოვლათს მაინც ქმნის. თუმცა, ცოტა ადრე ჩამოსულებს აქ მცირე საყრდენი მაინც დაგვახვედრეს - მე მთავრობამ სახლი შემისყიდა. მართალია, ყველაფერი­ გაძარცული და ჩამონგრეული იყო - როცა აქ პირველად ჩემმა ცოლმა და შვილიშვილმა ღამე გაათიეს, ქარმა დაბერა და კარიც კი ჩამოაგდო - მაგრამ მაინც ჭერი იყო და ახლა ამ სახლის ნახვა ყველას სიამოვნებს.

აქაურობას რომ გადავხედე, მაშინვე მივხვდი, თავის რჩენა რით უნდა დამეწყო. აქ ყველას პირუტყვი ჰყავს. იმ დროისთვის სათიბები ჯერ კიდევ არ იყო გაყიდული. არენდით ავიღე და მოვთიბე. 15 000 პრესი გავყიდე და მთელ წელიწადს ამ ფულით, რომ იტყვიან, "ხელი შემოვიბრუნე".

ეს იყო აქ ნაშოვნი პირველი სარჩო. ამ ფულით ძროხაც კი ვიყიდეთ - ადგილობრივი ჯიშის, კარგი მეწველი იყო. რა თქმა უნდა, პირუტყვი აჭარიდანაც წამოვიყვანეთ - ჩემმა ვაჟმა 8 სული ძროხა აჭარიდან წალკაში ფეხით­ ჩამოიყვანა. მთა-მთა 8 დღეს მოდიოდა­ და ფეხები ისეთ დღეში ჰქონდა, კარგა ხანს სიარული უჭირდა.

- წალკაში პირუტყვი მართლაც შემოსავლის მთავარ წყაროდ ითვლება...
- ასეა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ შემოსავლის მთავარი წყარო დაუღალავი შრომაა. ეს მიწა ისეთი ნოყიერია, ყველაფერი შემოსავლის წყაროდ იქცევა. ხალხი ერთი ან ორი ძროხით როდი კმაყოფილდება. მე ამჟამად 12 სული პირუტყვი მყავს, რომელიც საშუალოდ 8-9 ლიტრს იწველება, და 10 ხბო. მოვლაში მთელი ოჯახი მეხმარება, რადგან ამას დიდი შრომა უნდა. დილის 6 საათიდან უნდა იყო ფეხზე, მოწველო, აჭამო და საძოვარზე გაუშვა. ძროხებს ქალები წველიან, რძეს აბინავებენ, ყველი ამოჰყავთ და ხაჭოს ადუღებენ. ჩვენ რძესაც ვაბარებთ და ყველსაც ვყიდით.
ბაზრის კანონები აქაც მოქმედებს - თუ რძის ნაწარმს ყიდი, ის სუფთა, ნოყიერი და გემრიელი უნდა იყოს. თუ არადა, ვისაც უკეთესი რძე და ყველი ექნება, კლიენტი იმას მიადგება.

"რომ ამბობენ, ახალგაზრდებს საქმე ეზარებათო, მე ჩემი შვილიშვილებისთვის სიზარმაცე არ შემიმჩნევია _ რობერტი 16 წლის არის, მაგრამ დიდი კაცივით გვიდგას მხარში"
მე კლიენტი არ მაკლია. ზაფხულში წველადობა მაღალია, აქაური ბალახის წყალობით. ზამთარში იკლებს, მაგრამ იმდენად კარგი ყველი მაქვს, რომ ზამთარშიც კი, დღეში, საშუალოდ, 20 ლარს ვშოულობთ. ხაჭოსაც ვყიდით. თბილისიდან ჩამოდიან კლიენტები და ყველაფერი ერთად მიაქვთ. ჩვენი რძის ნაწარმის შემოსავალი იმდენი არ არის, რომ თავზე გადაგვდიოდეს, მაგრამ როცა შენს მიწაზე მოგყავს კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო, მწვანილი, კიტრი... და ამისთვის ბაზარში არ გარბიხარ, მაშინ რძის პროდუქტის ფულიც ჩანს. ფუტკარიც გვყავს­ - აჭარიდან ხუთი ოჯახი ჩამოვიყვანე და ახლა უკვე 18 ოჯახი გვყავს. ჩვენი თაფლი იმდენად მაღალხარისხიანია, რომ საბერძნეთში გვყავს კლიენტები - იმათაც მთელი პროდუქცია ერთად მიაქვთ. ამას ჩემი ვაჟის ხელფასიც ემატება, ის სკოლაში მასწავლებელია. ისიც და მისი ვაჟიც როცა შინ ბრუნდებიან, მუხლჩაუხრელად შრომობენ.
რომ ამბობენ, ახალგაზრდებს საქმე ეზარებათო, მე ჩემი შვილიშვილებისთვის სიზარმაცე არ შემიმჩნევია
- რობერტი 16 წლის არის, მაგრამ დიდი კაცივით გვიდგას მხარში. მისი დები თბილისში სწავლობენ, მაგრამ ზაფხულში ისინიც გვეხმარებიან. ასე ერთად თუ შრომობს ოჯახი, ფეხზე დგება. მარტო კაცი ვერაფერს გააწყობს.

- თქვენს რძესა და თაფლს არც წალკის­ კარტოფილი უდებს ტოლს.
- კი ბატონო, ვინც მეკარტოფილეობას მისდევს, წაგებული არც ის არის, მაგრამ კარტოფილი გასაყიდად რომ მოიყვანო, მიწა უნდა, მე კი მიწა არ მაქვს - სახნავი 1.000 მეტრი მაქვს სახლთან. ჩვენთანაც, როგორც სხვაგან, მიწა ბევრმა­ მუქთად ჩაიგდო ხელში, ზოგიერთმა სიმბოლურად, მხოლოდ რამდენიმე ლარად იყიდა ასეულობით ჰექტარი. ახლა მათი მფლობელები თვითონ არ შრომობენ, მიწას აქირავებენ, ჩვენ კი გვეუბნებიან, თქვენც იყიდეთო. საიდან ვიყიდოთ?! მე სათიბიც მაქვს ცოტაოდენი, მაგრამ მაშინ­ შევიძინე, როცა მიწები ჯერ კიდევ არ იყო დატაცებული. მე მთავრობამ სანახევროდ დანგრეული სახლი მაინც მომცა, მაგრამ აქ ჩამოსახლებულების უმეტესობას - სვანებსა და აჭარლებს მიწა არ აქვთ და დღევანდელი კანონებით ვერც შეიძენენ. გლეხი იმდენ ფულს სად იშოვის, რომ მიწა ჩაიგდოს ხელში! კანონი უნდა შეიცვალოს, მიწა იმისი უნდა იყოს, ვისაც უყვარს და შრომობს! ჩვენს გლეხობას ისიც სატკივრად აქვს, რომ თავის კერაზე მეწყერმა არ დააყენა, აქ კი - სახლის მეპატრონე ბერძნებმა. წლობით დაცარიელებული სახლები ლპებოდა, შევიდნენ,­ გამართეს, მერე კი ბერძენს ერთხელაც ჩამოსვლა მოეპრიანა, სახლის უფასო მომვლელი გარეთ გამოაგდო, თვითონ კი ისევ გადაიკარგა და სახლი კვლავ ცარიელი დარჩა!.. ეს ხომ უნდა დასრულდეს! სხვის­ სახლში შესვლა არავის მოსწონს, მაგრამ მაშინ ხალხს სახელმწიფო უნდა ედგას მხარში და საკუთარ მიწაზე დასახლებაში დაეხმაროს. ამ ბოლო დროს ბერძნების სახლებიდან გამოყრილი აჭარლები ერთი მთის ძირას, წალკის ძველ საავადმყოფოში შეყარეს, ჩამონგრეულ კორპუსში. ბოსტანიც არ აქვთ, რომ მწვანილი მაინც მოიყვანონ! უბოსტნოდ გლეხი სად გაგონილა?! ვიღაცას იქნებ უნდა კიდეც, რომ უკან გავბრუნდეთ, მაგრამ ეგ არ გამოვა - ჩვენ აქ ყოფნით მარტო ოჯახებს კი არა, ქვეყანას ვაძლიერებთ.
ia
28 ივლისი 2015 00:34
გლეხს უნდა დაეხმაროს მტავრობა,ვისაც სჰრომა უყვარს იმას უნდა მისცე მიწაც და სხვანაირადაც გაუწყოს მტავრობამ ხელი რომ ფეხზე დადგეს.მანდ,ნაყოფიერ მიწაზე უნდა დასახლდეს ისევ ქარტველი გლეხი ტორემ იმერეტსჰი ისეტი უნაყოფოა მიწა ტან რომ გადაყვე ტავსაც ვერ ირცენ.სიმინდი მოდიოდა კარგად და ახლა იმასაც მორწყვა წირდება.დაგეგმარებასჰიც წირდება გლეხს მიხმარება.მიწას ანალიზი უნდა.მარტო დაგიხანი და ურტყი ახლა ტავიო არაფერია.რომ დაამუსჰავა და ვერაფერი მიიგო კი მიატოვა მეორე წელს.
ლალა
27 ივლისი 2015 13:44
ყველა რომ ასე ვაფასებდეთ ქართულ მიწას აღრ ვიქნებოდით სხვისი ლუკმის შემყურე

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები