საზრიანმა მებაღემ ღონეს ხერხი ამჯობინა
27-07-2015
საზრიანმა მებაღემ ღონეს ხერხი ამჯობინა
სხვადასხვა ხილი ერთ ძირზე

ილია ქორიძეს ზამთარშიც შევხვდით - თბილისში მოწეულ კივის მოსავალზე გვესაუბრებოდა, გვიყვებოდა, წლების წინ როგორ გაახარა გურიიდან ჩამოტანილი რამდენიმე კივის ძირი. მას ეზოში ისეთი ხეებიც აქვს, რომლებზეც რამდენიმე სახის ხეხილია დამყნობილი და რაც მთავარია, ისინიც, კივის მსგავსად, მშვენივრად ხარობს. ამიტომ ბატონ ილიას მათზე სასაუბროდ ახლა უკვე ზაფხულში ვეწვიეთ.

- თქვენს ეზოში არის ხეხილი, რომელზეც ვაშლატამა და ქლიავი ხარობს. ისინი ერთმანეთზე დაამყნეთ?

- კი, ექსპერიმენტი ჩავატარე. პროც­ესი თავისთავადაც
საინტერესო იყო, თუმცა, ეს უფრო ადგილის სიმცირის გამო გავაკეთე, რადგან პატარა ეზო მაქვს. როცა ერთი ძირი ხეხილი დავრგე, ვიფიქრე, მოდი, მასზე მეორეს დავამყნობ-მეთქი და მონათესავე ხეხილი შევარჩიე. ორივე კურკოვანია. წარმოიდგინეთ, ჩემმა ცდამ გაამართლა და ორივემ გაიხარა. ხომ ხედავთ, როგორ ასხია? რადგანაც ორივე კურკოვანია, ერთმანეთი ადვილად
იგუეს... 4 წლის წინ დავამყნე. საერთოდ, ნიშანს მესამე წელს იძლევა, აქაც ასე მოხდა.

- თბილისში ასეთი ექსპერიმენტი სხვაგანაც მინახავს, ოღონდ ერთ ხეზე ვაშლი და ვაშლა­ტამა - თესლოვანი და კურკოვანი კულტურები. იქვე ისეთი ხეც იდგა, სამი სხვადასხვა­ ხილის ნაყოფი ესხა...

- მეც მქონდა ასეთი ხე, მაგრამ გაზაფხულზე რომ იყვავილა, შვილიშვილებმა ყვავილები ჩამოყარეს. გავბრაზდი, მაგრამ რას ვიზამდი... სწორედ სამი სხვადასხვა ძირი მქონდა იმ ხეზე დამყნობილი.

"კივის თბილისში სხვებიც ახარებენ. ამ კულტურას განსაკუთრებული პატრონობა სჭირდება"
- ამბობენ, რომ ერთ ხეზე რამდენიმე ხეხილის დამყნობა ძირს მალე აბერებს.

- ესენი მრავალწლოვანი ხეებია და ძნელია,­ განვსაზღვროთ, თითოეული 10 წლით მეტს იცოცხლებს თუ ნაკლებს. აგერ, გოგრა ბალზე შარშან აგვისტოში თეთრი ბალი დავამყნე და გაისად შეიძლება ნიშანი ჰქონდეს.

- მყნობის დრო აგვისტოშია, ხომ?
- აგვისტოს დადგომამდე რამდენიმე დღით ადრეც შეიძლება და სექტემბრის დასაწყისშიც. რჩევა მეგობარს, აგრონომ ამირან ახვლედიანს ვკითხე. ვენახის დამყნობაც მასწავლა, თითა ყურძენზე რქაწითელიც დავამყნე და მშვენიერ ნაყოფს ისხამს...

- მგონი, თბილისში ერთ-ერთი პირველი ხართ, ვისაც კივი მოჰყავს.
- ალბათ, ამ კულტურას თბილისში სხვებიც ახარებენ. მას განსაკუთრებული პატრონობა სჭირდება. ზაფხულის ცხელ დღეს თითო ძირს 25 ვედრომდე წყალი მაინც უნდა, ან ისე უნდა იყოს მოწყობილი ნაკვეთი, რომ ონკანით ირწყვებოდეს. მე ასე მაქვს, ოღონდ მხოლოდ ერთ ნაწილში.

- წლეულს თქვენს კივის მოსავალს კარგი­ პირი უჩანს.
- კი, ზამთარში ყინვები არ იყო და ამიტომ მოსავალი უკეთესი იქნება. შარშან სწორედ ყინვების გამო გამიფუჭდა.

- ნამყენ მცენარეებს დიდი ყურადღება­ სჭირდება?
- ადგილი და ნიადაგი სწორად უნდა შეირჩეს. მცენარე, რომელსაც ცოტა მშრალი ზოლი უყვარს, როგორც, მაგალითად, ბალს, კივის ახლოს არ უნდა მოხვდეს, რომ ზედმეტი ტენით არ დაზიანდეს.

- სასუქად რას იყენებთ?

- წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ თითო ძირს თითო ვედრო საქონლის ნაკელს ვუყრი და ჰყოფნის.

- მართლაც პატარა ეზოა და მაინც ყველაფერი ხარობს.

- მიწის ფართობი, სადაც ხეხილია გაშენებული, სულ 8-10 კვადრატული მეტრი იქნება. ეზოს დანარჩენი ნაწილი დაბეტონებული ზოლია.
ყველაფერი მჭიდროდ არის დარგული, მაგრამ მიწაც და ფართობიც ჰყოფნის როგორც ვენახისა და კივის ტალავრებს, ასევე ხეხილის ძირებს. მთავარი წყალია.

თუ დამავიწყდა, შვილიშვილები მახსენებენ და თვითონაც რწყავენ. კარგია, რომ ესენი საკუთარ ეზოში ცხოვრობენ. აბა, მე მთელი ცხოვრება სამყაროს მესამე სართულის ფანჯრიდან ვუყურებდი და საკუთარი ეზო-კარის შეძენაზე ვფიქრობდი. ბოლოს, როგორღაც ავისრულე ოცნება...

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით