როგორ "იწვებოდა" მინანქრის სიყვარული
27-07-2015
როგორ "იწვებოდა" მინანქრის სიყვარული
"თავდაპირველად ნაკეთობები რომ ვნახე, გავოგნდი. მაშინვე მივხვდი, რომ იმ წუთიდან სხვა აღარაფერი მაინტერესებდა"

ტიხრული მინანქარი ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგია. მინანქრის ნიმუშები იქმნებოდა ძველ ეგვიპტესა და ჩინეთში, გვიანდელი პერიოდის რომში. ქართულ ხელოვნებაში მინანქარს ყოველთვის თვალსაჩინო ადგილი ეჭირა. ფერებითა და სილამაზით ქართული ტიხრული მინანქარი განსხვავდება სხვა ქვეყნებისა და ხალხების მინანქრისგან. ამის დასტურია XII-XIII საუკუნეებში მოღვაწე ცნობილი ქართველი ოსტატების - ბექა და ბეშქენ ოპიზრების შემოქმედებაც. როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, მუზეუმებში დაცული ნამუშევრები
შესრულებულია ჩვენთვის უცნობი ტექნიკით, რომელიც XV საუკუნეში დაიკარგა.

დღეს ქართველი ხელოვანები სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ ტექნოლოგიას იყენებენ. მეტიც, XV საუკუნის შემდეგ დარგი მთლიანად დაიკარგა საქართველოში და მხოლოდ XX საუკუნეში აღორძინდა. ამჟამად ჩვენს ქვეყანაში მინანქარი სულ უფრო პოპულარული ხდება და ამ საქმეს არაერთი ხელოვანი ემსახურება.
დიზაინერი ირინა
ხარატიშვილი გატაცებით საუბრობს ქართულ მინანქარზე, რომელიც წლების წინ შეიყვარა და ეს გრძნობა დღემდე არ განელებია.


- მინანქარზე მუშაობა 16 წლის წინ დავიწყე. თავდაპირველად ნაკეთობები რომ ვნახე, გავოგნდი. ეს ჩემთვის საოცარი, გამოუთქმელი სამყარო იყო და მაშინვე მივხვდი, რომ იმ წუთიდან სხვა აღარაფერი მაინტერესებდა. გადავწყვიტე, ეს საქმე მესწავლა და ამ სფეროში საკუთარი თავი მეპოვა. უკვე 16 წელია, ეს ჩემი სამყაროა. მიჭირს თქმა, რა დიდი გრძნობა მაკავშირებს ტიხრულ მინანქართან. ამას უკეთ ჩემი ნამუშევრებით გადმოვცემ.
ხელოვნების ეს დარგი საქართველოში ჯერ კიდევ XIII-XIV საუკუნეებში ყვაოდა, მაგრამ მაშინ სულ სხვანაირ ტექნოლოგიას იყენებდნენ, სულ სხვანაირად მუშაობდნენ.

დღეს ბევრი რამ შეიცვალა და გაადვილდა, თუმცა, ეს სამუშაო მაინც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ადრე საღებავსაც თვითონ ფქვავდნენ, ახლა კი საღებავები იყიდება. როცა ამ საქმეში ჩავერთე, ქართული მინანქარი მივიწყებული იყო და ძალიან მიხარია, რომ აღდგა.

- მინანქრის ნიმუშები ნახეთ და მაშინვე ამ სფეროში მუშაობა გადაწყვიტეთ?
- დიახ, მინანქარი პირველი დანახვით შევიყვარე. მისი შესწავლაც მაშინვე დავიწყე და იმის შემდეგ, ფაქტობრივად, თავი არ ამიწევია.
ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ მინანქრის ნაკეთობაზე მუშაობა ზღვა ფანტაზიის საშუალებას იძლევა.
ჩემი მასწავლებელი იყო ირაკლი მეგრელიშვილი, რომელმაც ეს საქმე შემაყვარა. ძალიან მომწონს ძველი ქართული ნამუშევრები, ყველაზე მეტად კი ტიხრული მინანქრის ისეთი განუმეორებელი ნიმუში, როგორიც ხახულის კარედია. ეს მართლაც გენიალური ქმნილებაა.

- ძირითადად, სამკაულებზე მუშაობთ,­ რატომ?

- ქალის სამკაული სპეციალურად ავარჩიე, რადგან სამკაულები ნებისმიერ ქალს უყვარს, ხოლო მათი შექმნა ორმაგი­ სიამოვნებაა. სამკაულის შექმნისას საოცრად თავისუფალი ვარ, ზოგჯერ მუშაობას რომ ვიწყებ, არც ვიცი, საბოლოოდ რა გამოვა. ამ საქმეში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შეზღუდული არ ვარ და შემიძლია, ჩემს ფანტაზიას გასაქანი მივცე. მხოლოდ მინანქარზე არასოდეს ვჩერდები: ჩემს ნამუშევრებს თავიდანვე თვლებითა და ნატურალური ქვებით ვაფორმებდი და ახლაც ასეა. მიხარია, რომ მოსწონთ, კარგად იყიდება და მადლობას მიხდიან. მათ შორის ბევრია უცხოელიც და ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.

- როგორია ტიხრულ მინანქარზე მუშაობის პროცესი?
- რთული და შრომატევადი, მაგრამ დიდ სიამოვნებას მანიჭებს. სხვათა შორის, მინანქარზე მუშაობა ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მუფელის ღუმელი, რომელშიც მინანქარი იწვება, ჯანმრთელობისთვის მავნეა. ეს სპეციალური ღუმელია, რომელშიც შეიძლება კერამიკაც გამოწვა, მინაც და სხვა მასალებიც. მინანქარზე მუშაობისას სპეციალური ქიმიური ხსნარები და მჟავები გამოიყენება, რაც ასევე მავნეა. მინა და მისი მტვერიც მოქმედებს ჯანმრთელობაზე­. მიუხედავად ამისა, არ ვნანობ, რომ ეს გზა ავირჩიე. მომწონს და მიყვარს ეს ურთულესი საქმე.

- საჭირო მასალებს სად იძენთ?
- ვყიდულობ ყველაფერს, რაც სამკაულის შექმნას სჭირდება: საღებავებს, მასალას - ვერცხლსა და სხვა ლითონებს­. მერე ვაძლევ ფორმას და მინანქრით ვრთავ.­ ლითონის სიბრტყეზე (უფრო ხშირად ეს არის ვერცხლი ან ოქრო) უწვრილეს ტიხრებს ვავლებ და ამ ტიხრებში მინანქარი იდება, რომელსაც თავდაპირველად თეთრი ფხვნილის სახე აქვს და მხოლოდ შემდეგ იღებს სხვადასხვა შეფერილობას. მინანქრის ფხვნილიც სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. მიყვარს ფერებზე მუშაობა, ამიტომ მინანქარს რამდენჯერმე ვწვავ და სხვადასხვა ტონალობას ვიღებ, ასე რომ, ჩემი ნამუშევრების რამდენჯერმე გამოწვა მიწევს ღუმელში. ბოლოს ესკიზი ოქრომჭედელთან მიმაქვს, ის გამზადებულ მინანქარს ჩარჩოში სვამს და სამკაულს საბოლოო სახეს აძლევს.

- მინანქარი მაღალ ტემპერატურაზე უნდა გამოიწვას?
- დიახ, მინანქრის ფხვნილი თავიდან თეთრია, 700-800 გრადუსზე იწვება. რადგან მინანქარზე დიდი მოთხოვნილებაა და ბევრი მუშაობს, დღეს ძალიან ბევრი ფერის მისაღები ფხვნილია შემოსული. არსებობს იაპონური, რუსული, ფრანგული მინანქრის ფერები.

- მკვეთრი ფერები თუ მოგწონთ? ამბობენ, რომ ქართული მინანქრისთვის მეტისმეტად მკვეთრი ფერები დამახასიათებელი არ არის...
- მკვეთრ ფერებს კი ვიყენებ ნამუშევრებში, ოღონდ გააჩნია, მუშაობისას როგორ ხასიათზე ვარ. ფერებიც ამის მიხედვით იქმნება და ყალიბდება.

- რომელი ქვეყნის მინანქარს გამოყოფდით?
- ქართულ მინანქარს გამოვყოფდი იმიტომ, რომ ის ურთულესი შრომის ნაყოფია. მსოფლიოში ცივ მინანქარს ბევრგან იყენებენ, რომელიც ნაკლებ შრომას მოითხოვს, ქართულ მინანქარზე კი ბევრი მუშაობაა საჭირო, ის ყველასგან განსხვავებულია. რასაც მე ვაკეთებ, ეს ცხელი მინანქარია.

- გამოცდილებას ვინმეს თუ უზიარებთ?
- 15 წლის განმავლობაში პედაგოგი ვიყავი და სამხატვრო სკოლაში ხატვასა და ფერწერას ვასწავლიდი, მინანქარზე მუშაობა კი ათამდე ადამიანს ვასწავლე. ყოველთვის ვცდილობდი, ხელოვნების სიყვარული ჩემი მოსწავლეებისთვისაც გამეზიარებინა. ხელოვანი სულ უნდა ეძებდეს და სწავლობდეს - ეს არის მთავარი. დღესაც მზად ვარ, ჩემს საქმეში რამე ახალი ვისწავლო. მიხარია, რომ დღეს საქართველოში მინანქარი ძალიან პოპულარულია და მაღალ დონესაც მიაღწია.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით