ქართული "კაპლი" უცხოეთში გადის - კვირის პალიტრა

ქართული "კაპლი" უცხოეთში გადის

სოფლის მოსახლეობას შემოსავლის ახალი წყარო გამოუჩნდა - აბარებენ ველური ფლორის ბოლქვებს, ფესვებს, ყვავილებს და საფასურსაც იღებენ. შემოსავალი დიდი არ არის, მაგრამ გლეხს შეეხიდება, განსაკუთრებით, გაზაფხულზე.

ოზურგეთში ფურისულას ფესვებისა და დიდგულას ყვავილების შემგროვებლებს შევხვდით. გელა პატეიშვილისა და გოჩა ჭეიშვილის ოჯახები ამ საქმეს 3 წელიწადია, მისდევს.

გელა პატეიშვილი, ზოოტექნიკოსი: - ეს მცენარეები გერმანიაში წამლების დასამზადებლად გააქვთ. მანამდე მათ ქართულმა შუამავალმა კომპანიამ გამოსაკვლევად მცენარეების სინჯები გაუგზავნა. ფურისულაზეც და დიდგულაზეც საუკეთესო პასუხები მოვიდა და გატანაც დაიწყეს.

ფურისულას შეგროვებაში მთელი გურია ჩაერთო. ხალხს არ სჯეროდა, რომ ტყეებში ფურისულა უნდა მოეთხარა და ამაში ფულს გადაუხდიდნენ.

ახლა ვუთხარით, - მარტო დიდგულას ფესვები კი არ უნდა შეაგროვოთ, ყვავილებიც უნდა დაკრიფოთო. დიდგულა თითქმის ყველა რეგიონში ხარობს. სწრაფად მრავლდება - მთელი მცენარე რომ მოჭრა და მხოლოდ ღერო დატოვო, მომავალ წელიწადს ახალ-ახალ ფესვებს გაიდგამს.

როცა ამ მცენარეების შეგროვება დავიწყეთ, გულდასმით შევისწავლე მათი თვისებები. სამკურნალოდ მას ჩვენშიც იყენებენ - მის ყვავილებს, თესლსა და ქერქს ჩრდილში ახმობენ და შემდეგ სამკურნალო ნაყენებს ამზადებენ. ფესვებს კი შემოდგომის ბოლოს იღებენ, ახმობენ და ფქვავენ.

უკვე ხმელ პროდუქციას ვიბარებ და 1 კგ-ში დაახლოებით 6 ლარს ვუხდი. გაზაფხულზე არც ერთი სასოფლო კულტურიდან არ შეიძლება ფულის შოვნა. ამ დროს ხეირიანად ბოსტანშიც არაფერია. ამ ბიზნესში მონაწილე კომპანიამ გერმანიაში ისეთი ველური მცენარეების სინჯები გაგზავნა, რომელსაც ჩვენ ვერაფერში ვიყენებთ. მაგალითად, მათ შორის არის შქერი და გვიმრა. თუ დამტკიცდა, რომ მათაც აქვთ სამკურნალო თვისებები, ეს კიდევ დამატებით შემოსავალს მოგვცემს.

როცა მანქანით გამხმარი პროდუქცია უცხოეთში გასაგზავნად მიმაქვს, მაგალითად, ფურისულა, ვგრძნობ, სალონში როგორ ტრიალებს "კაპლის" სუნი და გულიც მწყდება, რომ ამ სიმდიდრეს თავად ვერ ვამუშავებთ და წამლად ვერ ვაქცევთ.

გოჩა ჭეიშვილი: - ფურისულა მთელი საქართველოს ველ-მინდვრებსა და ტყეებშია მოდებული. არ ვამბობ, რომ მისი შეგროვება და გახმობა ადვილია, მაგრამ ეს ხომ შემოსავალია - სოფელში შეიძლება მთელი ოჯახი გავიდეს მის შესაგროვებლად და 1 ტომარა გამხმარ პროდუქციაში 20 ლარიც კი აიღოს. როცა ოჯახს სხვა შემოსავალი არ აქვს, ეს უკვე ფულია. სულ უფრო მეტი ხალხი ებმება ამ საქმიანობაში, უფრო მეტად გაზაფხულზე; როცა პირველად მიწიდან ამოიწვერება, უმალვე ყვავის და ველ-მინდვრები აბიბინებულია. შემოდგომაზე კი სხვებთან ერთად იცვლის ფერს და მისი გარჩევა ცოტა ძნელია. მთავარია, ისეთ ამინდში შევაგროვოთ, როცა გახმობა შეიძლება. იოლად ხმება - სუფთა ადგილას მზეზე 3 დღე უნდა გაშალო და გაახმო. ზოგი მხოლოდ გამხმარ ფურისულას იბარებს, მე ნედლი ფურისულას ფესვებიც მიმიღია და თავად გამიხმია. ამით მოგებაც მაქვს, რადგან ნედლი პროდუქცია გამხმარზე ნაკლები ღირს, თუმცა სარისკოცაა, შეიძლება პროდუქცია გამიფუჭდეს, რადგან გურიაში წვიმიანი დღეები ხშირია და ყველაფერი უნდა გააკეთო, პროდუქცია რომ არ დაობდეს. მართალია, ამ საქმიანობაში დიდი ფული არ არის, მაგრამ ჩემი ოჯახის ბიუჯეტს ძალიან წაადგა. წაადგა იმ ხალხსაც, ვინც ამ მცენარეებს აგროვებს.

- თქვენც მაშინ გაეცანით ფურისულას სამკურნალო თვისებებს, როცა მისი ჩაბარება დაიწყეთ?!

- მცენარეების სამკურნალო თვისებები ყოველთვის მაინტერესებდა. ვიცოდი, რომ ჩვენს ბუნებაში "ოქროა" ჩადებული, მაგრამ თუ ამას უცხოეთშიც დაადებდნენ ფასს, ვერ ვიფიქრებდი. მართალია, ამ საქმიანობაში დიდი ფული არ არის, მაგრამ ჩემი ოჯახის ბიუჯეტს ძალიან წაადგა. წაადგა იმ ხალხსაც, ვინც ამ მცენარეებს აგროვებს.

როგორც ვიცი, არც ერთი მცენარის ფოთოლი იმდენ ჩ ვიტამინს არ შეიცავს, რამდენსაც გაზაფხულის ფურისულასი. ჩვენში გაზაფხულზე მისი ფოთლებისგან მხალს ხარშავენ, ხალხი კი ტყუილად არაფერს აკეთებს! ფურისულას ამოსახველებლად და კუჭ-ნაწლავის დაავადებებისას ხმარობენ. მისი ფესვების ნაყენი (20 გ 1ლ წყალზე) შაკიკსაც კი შველის. ეტყობა, ეს უცხოელებმაც კარგად შეისწავლეს და ჩვენს მცენარეებზე დიდი მოთხოვნა აქვთ. შეგროვებული და გამხმარი მცენარეები ბრიკეტებად იწნეხება და ისე გადის უცხოეთში, სადაც წამლებს ამზადებენ.

მცენარეები, რომლებიც უცხოეთში გაგვაქვს, ადვილად მრავლდება და მათი მოპოვებით არაფერი შავდება. მაგალითად, ფურისულას ფესვი მიწაში 1 სანტიმეტრიც რომ დარჩეს, გაზაფხულზე დაფესვიანდება. ჯერჯერობით ამ საქმეს დიდი შემოსავალი არ მოსდევს, მაგრამ ჩვენ კაცობრიობას ისევე ვწამლობთ, როგორც კოლხი მედეა.