"ჩვენს ფერმაში მუდამ "გაზაფხულია"
03-08-2015
"ჩვენს  ფერმაში მუდამ "გაზაფხულია"
გარდაბანში სოფელ კრწანისის მეფრინველეობის სპეციალიზებული სანაშენე მეურნეობა მეკვერცხულ-მეხორცული მიმართულებისაა. შპს "საბუდარას" დამფუძნებელმა თამაზ წიქარიშვილმა საქმიანობა 2006 წელს დაიწყო, რადგან სოხუმიდან დევნილმა მშენებელმა თავისი პროფესიით სამსახური ვერ იშოვა. დღეს კი ის საკუთარი წარმოების პროდუქციით 300-ზე მეტ წვრილსა და საშუალო ფერმერს ამარაგებს.

ჩვენს მაღალტექნოლოგიურ ფაბრიკას საკუთარი საკვები საამქრო და ევროპული დონის ინკუბატორი აქვს. ვიღებთ ევროპული სტანდარტისა და ადგილობრივი წარმოების საინკუბაციო კვერცხსა და წიწილას. იგეგმება წარმოების გაფართოებაც.

კომერციული ბროილერის ჯიშებთან ერთად, მეურნეობა საოჯახო
ტიპის ფერმერებსა და მომხმარებლებს, როგორც თეთრ, ასევე ფერად მეკვერცხულ, მეკვერცხულ-მეხორცულ და მეხორცულ ჯიშებს სთავაზობს. სურვილის შემთხვევაში, საკვებსა და ერთდღიან წიწილას ადგილზე სპეციალიზებული ავტომობილებით აწვდიან.
თამაზ წიქარიშვილი, "საბუდარას" დამფუძნებელი: - მსოფლიოში საუკეთესო 5 ჯიშის ფრინველი გვყავს. ვაწარმოებთ როგორც ბროილერის, ერთდღიან, ასევე მეკვერცხულ-მეხორცული და მეკვერცხული ჯიშების წიწილებს.
სანაშენე ჯიშები უცხოეთიდან შემოგვყავს, შემდეგ ისინი გვაძლევენ საინკუბაციო კვერცხს. ვყიდით როგორც ერთდღიან, ისე ორი-სამი კვირის წიწილასა და ვარიებს, რომ გლეხმა­ ზაფხულში ეზოში გაუშვას, ისინი ამ პირობებს კარგად არიან შეგუებული. მათ შორის არის წითელი ჯიში (Hბ ჩოლორ), რომელიც 5 კგ-ს აღწევს. ეს მეხორცულ-მეკვერცხული ჯიშის ფრინველი ზრდის კარგი ტემპით გამოირჩევა, მისი ხორცი უმაღლესი ხარისხისაა. 49 დღის დედლის წონა 1,6 კგ-ს აღწევს, მამლისა - 2 კგ-ს. 70 დღის დედალი 2,5 კგ-ს იწონის, მამალი - 3,2 კგ-ს.

გვყავს შავ-ჭრელი (ფერადი) მეკვერცხულ-მეხორცული მიმართულების ფრინველი "სუპერ ხარკოც". დებს 240-250 კვერცხს და 3,5 კგ იზრდება, მოსახლეობაში ცნობილია "მეგრულის" სახელით, 30-იან წლებში შემოიყვანეს და ადგილობრივ პირობებს­ კარგად შეეგუა. ჩვენ ის წლეულს პირველად შემოვიყვანეთ და ბევრად პოპულარული გახდა წინამორბედებთან შედარებით - მათზე ორჯერ სწრაფად იზრდება და უფრო მეტ და ხარისხიან კვერცხს დებს.
გვყავს ორი მეკვერცხული ჯიშის ფრინველი, წითელი და ჩალისფერ-თეთრი. დებს ყავისფერ და კრემისფერ კვერცხს, რომელიც "სოფლის კვერცხისგან" არ გაირჩევა.­ მდგრადია დაავადებების მიმართ, დახურულ სივრცეში 100-110 გრამი საკვები სჭირდება, ბუნებრივ პირობებში კი ბევრად ნაკლები; კვერცხს დებს 12 თვის განმავლობაში, 310-320 ცალს.
ფრინველი შენობაში გვყავს, სადაც მუდმივად "გაზაფხულია". გარეთ იშვიათად ვუშვებთ, რომ არ დაინფიცირდნენ.

- როგორც ვატყობ, სხვა ამგვარი წარმოება საქართველოში არ არის...
- დიახ. მეხორცულები ჰყავთ, ფერადი­ ფრინველის სადედეები კი მხოლოდ ჩვენ გვყავს.
ზაზა ჩუბინიშვილი, "საბუდარას" მთავარი ვეტერინარი: - ადგილობრივი­ ჯიშის ფრინველის კვერცხს სოფლებში აგროვებენ ყოველგვარი ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობების დაუცველად. სოფლის ქათმის კვერცხი ხშირად ინფიცირებულია, მათ შორის სალმონელათი და მიკოპლაზმით, შემდეგ დაავადება ვრცელდება ინკუბატორში ან საწყობ-სათავსში.  შედეგად დაცემა 20-30%-ს აღწევს.

ჩვენთან კვერცხს სუფთა, ჯანმრთელი სადედე ჯგუფისგან ვიღებთ, რომელსაც ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვაქცინაცია და დედისეული იმუნიტეტით წიწილა ორი კვირის განმავლობაშია დაცული. ერთდღიან წიწილასაც ვცრით გავრცელებულ დაავადებებზე: ბრონქიტზე, ნიუკასლსა და მეკვერცხულის შემთხვევაში - მარეკზე (თავს იჩენს კვერცხდების დაწყებისას და ფრინველის ნაწილი იღუპება). ჩვენგან გაყვანილი წიწილის შენარჩუნება, ელემენტარული პირობების დაცვის შემთხვევაში, 95-97%-ს აღწევს. ფასში სხვაობა კი პრაქტიკულად არ არის. გარდა ამისა, ჩვენი ფრინველი დაუბრკოლებლად ჯვარდება ადგილობრივთან.
მეკვერცხული ფრინველის "საწარმოო" ხანგრძლივობა 490 დღეა, 4 თვიდან დებს 430 კვერცხს (იხ. ცხრილი #1).
ეს ჯიშები გამოყვანილია ჩვეულებრივი სოფლის ქათმის ჯიშებიდან სელექციის გზით. განკუთვნილია როგორც წვრილი და მსხვილი ფერმერული, ასევე სასოფლო და საოჯახო მეურნეობებისთვის, რადგან საუკეთესოდ ეგუებიან როგორც სასოფლო, ასევე თავისუფალ ფერმერულ წარმოებას.

ლალი ფაცია
grig
29 აგვისტო 2016 07:30
ტელეფონის ნომერი გვაინტერესებს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა