უჯამაგირო მწყემსი
03-08-2015
უჯამაგირო მწყემსი
"საოცრად გონიერი, ჭკვიანი, პატრონის ერთგული" - ასე ახასიათებენ ქართულ ნაგაზს სპეციალისტები, მათ შორის არის ეთნოლოგი, ისტორიის დოქტორი ნანული აზიკური, რომელიც უკვე წლებია, აკვირდება ქართული ნაგაზის ზნეს, მის თავისებურებებს.

ჩვენებური ნაგაზი ძალიან ღონიერია, თუ საჭირო გახდა, მგელსაც შეებმება. ნაგაზი მგელს რომ დაახრჩობს, მწყემსმა აუცილებლად ცხვარი უნდა დაუკლას, რადგან თუ ყელში მგლის ბეწვი დარჩება, აუცილებლად დაავადდება და მოკვდება.


- კავკასიური ნაგაზის შესწავლა მაშინ დავიწყე, როცა მეცხვარეობის პრობლემებით დავინტერესდი, ჯერ კიდევ 20 წლის
წინ. საკითხს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით ვსწავლობდი. მწყემსის ცხოვრება კავკასიური ნაგაზის გარეშე წარმოუდგენელია. ამბობენ - ერთი კარგი ნაგაზი კარგ მეგობარს უდრისო. ჩვენებური ნაგაზი საზრიანი, მოსიყვარულე, ერთგული და უზომოდ შრომისმოყვარეა.

- საიდან წარმოიშვა ქართული ნაგაზი?

-  მრავალი მოსაზრება არსებობს. ამბობენ, მგლისა და შინაური ძაღლის ნაჯვარიაო, ამ ჯიშის
წარმოშობას უკავშირებენ ტორფის ძაღლსაც, არსებობს თეორია, რომ ის წინააზიური საომარი ძაღლის - მოლოსის უშუალო შთამომავალია. მე, მაგალითად, ამ თეორიას ვემხრობი, წინა აზიასთან საქართველოს ბევრი რამ აკავშირებს.

- რა განსხვავებაა კავკასიურ ნაგაზსა და ქართულ ნაგაზს შორის?

- ზოგი კინოლოგი მიიჩნევს, რომ ქართული ნაგაზი კავკასიური ნაგაზის­ ცალკე ჯიშია, ზოგის აზრით, ეს ცალკე სახეობაა.

კავკასიური ნაგაზი სამი სახისაა: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული. ბოლო გამოკვლევებით დადგინდა, რომ ეს ცალ-ცალკე ჯიშებია, რადგან სამივეს მკვეთრად განმასხვავებელი ნიშნები და თავისებურებები აქვს. სომხური ნაგაზი უფრო მომცრო ტანისაა და შავ-თეთრი, აზერბაიჯანული შედარებით დაბალბეწვიანია და მოკლე კუდი აქვს, თანაც ძალიან ავია. ქართული ნაგაზი ტანით ძალიან დიდია, პატარა დათვსაც კი მოგაგონებთ, ბანჯგვლიანია და მოყავისფრო-მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ეს ძაღლი მთელ საქართველოში იყო გავრცელებული, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან კი შემცირება დაიწყო.

- რა იყო ამის მიზეზი?
- თუ მე-19 საუკუნის ეთნოგრაფი­ულ ჩანაწერებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ქართველი მწყემსი, თავისი აღჭურვილ­ობით, მეომარს მოგაგონებდათ. ასეთი აღჭურვილობა იმიტომ სჭირდებოდათ, რომ ნადირიც ბევრი იყო, ყაჩაღიც და მტერიც, მერე კი, მშვიდობიანი პერიოდი დაიწყო და ქართულ ნაგაზს თითქოს ფუნქცია ჩამოაკლდა. ამას ისიც დაემატა, რომ 1950-1955 წლებში რუსეთში გაიყვანეს ბევრი ქართული ნაგაზი, როგ­ო­რც საუკეთესო ჯიში. ქართველები­ სტუმრებს იმდენად უხვად "გაუმასპინძლდნენ", რომ რუსებს არც აზერბაი­ჯანში ჩასვლა დასჭირვებიათ და არც სომხეთში, - წერენ მკვლევრები. მერე ქართული ნაგაზი ნებას იყო მიშვებული და სხვა ჯიშებს შეერია. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ისევ დაიწყო ამ ჯიშის აღდგენა და დაწმენ­და-დასუფთავება, ამაში დიდი წვლილი შეიტანა ჩვენმა პატრიარქმა.

- ქართული ნაგაზის განმასხვავებელ თვისებებზე მოგვიყევით.
- ქართული ნაგაზის გამოკვეთილი თავისებურება სიდინჯეა. აზერბაიჯანული ნაგ­აზი არც ქალს ერიდება და არც კაცს, ქართული კი, თუ ძალიან არ გამწარდა, ქალს თავს არ ესხმის, თავის არეალს იცავს, თუ საჭირო არ არის, მის მიღმა არ გადადის. ამავე დროს, ქართული ნაგაზი სხვა ჯიშის ძაღლებს თავს არ გაუყადრებს.
ერთხელ მთიდან ორი ლეკვი წამოვიყვანეთ.­ ეზოში უბნის ძაღლები აეკიდნენ, მათ კი ყურიც არ შეუბერტყავთ. დამხვდურების წკავწკავს საოცარი ღირსების შეგრძნებით უსმენდნენ, ბოლოს კი ისეთი არაბუნებრივი ხმით შეუღრინეს, რომ ყველა ძაღლი დაფ­რთხა და გაიკრიფა.

რასაც გერმანული ნაგაზი წვრთნით სწავლობს, იმას ქართული ნაგა­ზი დამოუკიდებლადაც ახერხებს. მართ­ალია, წვრთნა ჩვენებურ ნაგაზსაც უნდა, მაგრამ სხვა ძაღლებზე ნაკლები ძალისხმევა სჭირდება.
ქართულ ჯიშში გამოიყოფა ყაზბეგური ძაღლი, რომელიც უფრო დაბალბეწვიანია­ და უკანა ფეხებზე დამატებითი ბრჭყალები აქვს. ამ ბრჭყალებს თუში მწყემსები "საომრებს" ეძახიან. ნაგაზი, რომელსაც ეს "საომრები" დაჰყვება, საუკეთესო ძაღლად არის მიჩნეული. კარგ ლეკვს მწყემსები თვალის ფერის მიხედვითაც არჩევენ.­ გამოცდილმა მწყემსმა ლეკვობიდან იცის, ის როგორი ძაღლი დადგება. ერთ­ხ­ელ მთიდან მოგვყავდა ლეკვი და მწყემს­ებმა თქვეს: რა რუხი თვალები აქვს, ავი იქნებაო.­ მართლაც­, რომ გაიზარდა, საშინლად ავი ძაღლი დადგა.

- სად უკეთესია ქართული ნაგაზის ლეკვის გაზრდა?
- მწყემსებს აქვთ გამოთქმა - ბინაში­ გაზრდილი არც ძაღლი ვარგა და არც ბალღიო. ქართული ნაგაზის ლეკვებს მწყემსები თავიანთ ბინაში კი არ ზრდიან, არამედ მთაში, საძოვარზე. ისინი დიდი ძაღლების ცხოვრებას, მათ ჩვევებს აკვირდებიან და თანდათან ითვისებენ, ამიტომ
ნაგაზის გასაწვრთნელად ქართველი მწყემსი დიდ შრომას არ ხარჯავს. ამ ძაღლს თითქოსდა თანდაყოლილი ჩვევები აქვს, რომელიც ცხვარ­ში ყოფნისას უფრო უმძაფრდება.

- ქართულ ნაგაზზე მთაში არაერთი ამბავი გაქვთ ჩაწერილი...
- უბრალო რამით დავიწყოთ: მწყემსი­ ნაბადს რომ დაკეცავს და დადებს, ლეკვი იქვე რჩება და დარაჯობს - იცის, რომ ეს ნაბადი მისი პატრონისაა და უნდა დაიცვას. ქართული ნაგაზის გამორჩეული ხასიათი ასეთ წვრილმანებშიც ვლინდება და საერთოდ ყველაფერში. რამდენიმე წლის წინ ერთ დაღესტნელს ძალიან მოეწონა­ თავისი­ თუში მეგობრის ძაღლი. მასპინძელს გაუჭირდა მისი გაჩუქება, მაგ­რამ მთაში მიუღებელია, სტუმარს შენს სახლში რაღაც მოეწონოს და არ აჩუქო. მართლაც, ნაგაზი მეგობარს დაღესტანში გაატანა. ორიოდე თვის შემდეგ ის კაცი დაღესტნიდან დაბრუნდა და სამწუხარო ამბავი უთხრა: - ლადო, შენმა ძაღლმა არც იყეფა, არც ჭამა და მოკვდაო.
სუფთა ჯიშის ქართული ნაგაზი სხვა პატრონს იშვიათად ეგუება. უმეტესობა პატრონის გამოცვლისას კვდ­ება. სუფთა ჯიშის ქართული ნაგაზის მთავარი ღირსება ერთგულებაა. ერთი თვე, ან თუნდაც ერთი კვირა რომ გაატაროთ პატარა ლეკვთან და წლების შემდეგ შეხვდეთ, ის აუცილებლად გიცნობთ, რადგან ქართულ ნაგაზს ძალიან უყვარს თავისი გამზრდელი და მოამაგე.

მას არაჩვეულებრივად აქვს განვითარებული ყნოსვა, სმენა და წლების შემდეგაც კი ცნობს თავის კეთილისმყოფელს. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩვენ ხშირად მოგვყავს მეგობრებისთვის მთიდან ძაღლები, მერე კი, რომ წამოიზრდებიან, გვაინტერესებს, როგორ არიან, მივდივართ და ვნახულობთ. ამას წინათ ერთი წლის წინ ჩამოყვანილი ლეკვი ისეთ დღეში ჩავარდა ჩემი მეუღლის დანახვისას, ისეთი ამბით შეხვდა და ისე მოეხვია, რომ პატრონები გაოგნდნენ. ამბობდნენ, - ძალიან ავია და უცხო ადამიანს ახლოსაც არ იკარებსო. საქმე ის გახლავთ, რომ მას ჩემი მეუღლე სულ პატარას უვლიდა, მხოლოდ ორი კვირა.

- თავიდანვე ახსენეთ ქართული ნაგაზის მოსიყვარულე ბუნება...
- დიახ, ასეა და ამის დამადასტურებელი არაერთი ამბავი ვიცი. მწყემსმა ბასიკო რაიანულმა გვიამბო: ერთ ნაგაზს გზაში­ ლეკვი მოუკვდა. მწყემსებმა დამარხეს. დედამ ამოთხარა და მთელი გზა, გურჯაანიდან შირაქის საძოვრებამდე პირით ატარა. მეორედ დამარხეს, მაგრამ კიდევ ამოთხარა და ბინაში რომ ჩავედით, იქ შემოგვიყვანა თავისი ლეკვი და ფეხთქვეშ დაგვიგდო, ჩვენც იძულებული გავხდით, იქვე დაგვემარხაო...

ქართული ნაგაზი ძალიან კარგად უვლ­ის პატარა ბავშვებსაც. ვიცნობდი ქალს, რომელსაც ბავშვობაში ნაგაზი ისევე უვლიდა და ეალერსებოდა, როგორც თავის ლეკვებს. ჩაწერილი მაქვს ამბები, როცა აკვნის გვერდზე დაკბენილი ძაღლი და მოკლული გველი უნახავთ, რომელიც ნაგაზმა ბავშვთან არ მიუშვა.
ცხვარს ვერც ერთი მწყემსი ვერ მიხედავს­ და მოუვლის ისე, როგორც ქართული ნაგაზი. ამიტომ, მეცხვარეები მათ უჯამაგირო მწყემსებს ეძახიან. კარგი ნაგაზი ცხვარში კაცისოდენ საქმეს აკეთებს და რაც მთავარია, ფარას მგლებისგან იცავს.

- ესე იგი, თუ ფარას ნაგაზი ახლავს, ის მგლისგანაც დაცულია?
- დიახ, რადგან ჩვენებური ნაგაზი ფიზიკურად ძალიან ღონიერია და თუ საჭირო გახდა, მგელსაც შეებმება. ნაგაზი მგელს რომ დაახრჩობს, მწყემსმა აუცილებლად ცხვარი უნდა დაუკლას, რადგან თუ ყელში მგლის ბეწვი დარჩება, აუცილებლად დაავადდება და მოკვდება.
საძოვარს ჩამორჩენილ ცხვარს ან ბატკანს ქართული ნაგაზი არასოდეს მიატოვებს, ამიტომ საღამოს თუ რომელიმე ძაღლი­ ბინაში არ დაბრუნდა, მწყემსმა უკვე იცის, რომ ფარას რომელიღაც ცხვარი აკლია, ძაღლი მასთან დარჩა და დარაჯობს. ხშირად მეცხვარეები ყეფის მიხედვით პოულობენ ძაღლსაც და დაკარგულ ცხვარსაც. ქართული ნაგაზი მწყემსის შეუცვლელი დამხმარეა წვიმასა და ჭექა-ქუხილში. ასეთ დროს რასაც კაცი ვერ შეძლებს, იმას ძაღლი ახერხებს.

კიდევ ერთი ამბავი ჩემი მეუღლის მამამ მიამბო: "ცხვარში ვარ, ვწევარ ქოხში, ძაღლი კი ყეფს, არემარეს ედება, გავედი. ვნახე - ცხვარი სადგომში იყო და ირგვ­ლივ საეჭვო არაფერი ჩანდა... ასე რამდენჯ­ერმე გავედი და შემოვბრუნდი, ბოლოს კი, გარეთ რომ ვერ გამიტყუა, ჩემი ნაგაზი­ მოვიდა, ფეხსაცმელზე მომეჭიდა და ლამის გამათრია. ქოხიდან გამოსვლა და მისი დაქცევა ერთი იყოო". თურმე ძლიერი მიწისძვრა მომხდარა. მოგეხსენებათ, ცხოველები მიწისძვრას წინასწარ გრძნობენ, ის ძაღლიც გრძნობდა და ჩემი მამამთილი უეჭველ სიკვდილს გადაარჩინა.
მოკლედ, ქართული ნაგაზი უამრავი ღირსებით დაჯილდოებული ჯიშის ძაღლია, რომელსაც გამრავლება და მოფრთხილება სჭირდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
ზაზა
14 თებერვალი 2016 09:21
ბებე, ნუ აწვალებ იუმორს. ძალიან უადგილო იყო შენი შუტკა. კარგია ბოდიში რომ მოიხადე.
ბებე
20 აგვისტო 2015 12:31
ბოდიშს გიხდით!
ბებე
20 აგვისტო 2015 10:40
მეც მყავდა მაგრამ სიბერეში გამოშტერდა, ერთხელ სიგარეტზე გავუშვი, ,,ლაითი ვინსტონი" დავაბარე, მან კი წითელი ვინსტონი ამომიტანა, თან ხურდაც დამაკლო და დავბრიდე. არ მითხრათ ახლა ჩვენ ვაპატიებდითო.

რედაქტორის რჩევით