გიო ხუციშვილი: "მამულის მოვლის დროა!" - კვირის პალიტრა

გიო ხუციშვილი: "მამულის მოვლის დროა!"

"ყველას ვუსურვებდი, საკუთარ მამულს თვითონ მიხედოს, ფეხზეც გაიხადოს და ფეხშიშველმა იაროს მამულში"

სპორტის სასახლის დირექტორსა და მომღერალ გიო ხუციშვილს სოფელ წავკისში ვესტუმრეთ. მას იქ წლებია მიწაც აქვს და სახლიც, მაგრამ როგორც მემამულე, ბოლო დროს გააქტიურდა. სიამოვნებს ხეხილის მორწყვა, საქმიანობა და როგორც მითხრა, საოჯახო მეურნეობის გაფართოების დიდი გეგმებიც აქვს.

- რაღაც პერიოდში ადამიანი ხვდება, რომ მართლა მიწის შვილია, ამიტომ შენს დარგულ ხეზე პასუხისმგებლობას იღებ და უვლი, რადგანაც გრძნობ, რომ ისიც ცოცხალია.

დატვირთული ცხოვრება მაქვს და ამიტომ წავკისში ხშირად ვერ ამოვდივარ, მაგრამ ბოლო ორი წელია, მაინც ვპოულობ დროს, რომ ჩემს ნარგავებს მივხედო. ამ ზაფხულს სულ აქ ვარ. თუ დღე გამომრჩა, უკმარისობის შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ახლობელს რაღაც დავაკელი.

კაკლის ხეები 15 წლის წინ დავრგე. ახლა გაზრდილს რომ ვუყურებ, მიხარია... სახლიც მაგ ხნისაა. ხის სახლი მინდოდა. ამას ამერიკულ სახლებს ეძახიან. დიდი არ არის, მაგრამ ჩემთვის კომფორტულია. მეორე მხარეს აივანი და ეზოც აქვს.

"ეს ბამბუკის ფანჩატური ბიჭებმა აჭარიდან ჩამომიტანეს. ახლა ცოტა მოუვლელია, მაგრამ მაგისთვისაც მოვიცლი" - თუმცა საფუძველი ამ საქმისთვის წლების წინ ჩაგიყრიათ... - ხის დარგვა მაგარი ამბავია, მაგრამ არ კმარა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობ, ყოველ საღამოს ამოვიდე. თან საშინელი გვალვებია და რომ არ მოვრწყა, ხეხილი ცოდვაა.

- ვარდებიც გქონიათ...

- კარგი ძირი აღმოჩნდა, სულ ყვავილობს. უკანა ეზოში თუთა მაქვს, ისიც ჩემი დარგულია. ალუბალს წლეულს კარგად ესხა. მაქვს თეთრი ქლიავიც, მარწყვი, კაკალსაც ასხია... ამ ყველაფერს მოვლა უნდა. ბარაქიანი ხელიც მაქვს. ვარდების გაშენება მინდა, აქაურობას მოუხდება და მომღერლის ამერიკული სახლი წავკისში ოქტომბერში კუთხეებში ნაკელი უნდა მოვაყარო. მეზობლებმა მითხრეს, კარგ ნერგებს გაყიდვინებთო. წავკისელები, ხომ იცი, კარგი მეყვავილეები არიან.

- ვაზი არა გაქვთ?

- ჯერ არა... უკვე მოვნიშნე ადგილი, სადაც ტალავერს გავუშვებ. იქ აუზისთვისაც არის ადგილი. აქაურობა ისე უნდა მოვაწყო, რომ ზამთარშიც დავრჩე ხოლმე. ეზოში მარანსაც გავაკეთებ. ზამთარში თოვლიც იცის და მერე აქ ყოფნას არაფერი აჯობებს.

ეს ყველაფერი მამშვიდებს და კარგ ფიქრებში მივყავარ. ცუდი და უარყოფითი აქ მავიწყდება.

- სიმღერა არ გინდებათ?

- სულ ვღიღინებ. განსაკუთრებით, როცა ვრწყავ.

- თბილისელი კაცი კი ბრძანდებით, მაგრამ სოფელი არსად გაქვთ?

- სოფელი არა მაქვს. არადა, რომ მქონოდა, რა სჯობს შენიანებს, შენს სისხლსა და ხორცს, კარგია, მაგრამ არასდროს მქონია.

- თურმე წავკისშიც ბევრი ხუციშვილი ცხოვრობს.

- კი, დიდი გვარია. რაჭაშიც არიან, ჯავახეთში, კახეთში. ჩვენ ქართლიდან ვართ. მე თბილისში მეცხრე თაობა ვარ.

"სიდედრი მეუბნება, ბოსტანი გავაშენოთო, მაგრამ მე უფრო ხეხილი და ყვავილები მომწონს" - აქ მიწა გქონდათ?

- 90-იანებში, როცა წავკისელი ბერძნები აქედან მიდიოდნენ, მეგობარმა მითხრა, მიწას იაფად ყიდიანო. მაშინ შესაძლებლობა ნამდვილად არ მქონდა, სახლი მეყიდა და ეს მიწა მართლა იაფად შევიძინე. მეგობრის მამამ, ზურიკო უგულავამ მითხრა, წლების შემდეგ ნახავ, ეს ადგილი რა იქნებაო. მოგვიანებით მეგობარ არქიტექტორებთან გამოფენაზე ეს ამერიკული სახლი ვნახე და მომეწონა. ამაზე მეტი აგარაკად რა საჭიროა? დარბაზებს რომ ააშენებენ ხოლმე, არ მომწონს.

- პატარა ბოსტანზე არ გიფიქრიათ?

- სიდედრი კი მეუბნება, ბოსტანი გავაშენოთო, მაგრამ ეზოში მე უფრო ხეხილი და ყვავილები მომწონს.

ბამბუკის ფანჩატური ბიჭებმა აჭარიდან ჩამომიტანეს. ახლა ცოტა მოუვლელია, მაგრამ მაგისთვისაც მოვიცლი, შევღებავ. ფილებზეც ბალახი იყო ამოზრდილი, წამალი მოვასხი და განადგურდა.

- შინდისი, ტაბახმელა, წავკისი - ამ სოფლებში მუდმივად წყლის პრობლემა იყო. ახლა წყალი ონკანში ჩვეულებრივად მოდის?

- ადრე აქ ჩამოუსვლელობის ერთი მიზეზი ეგეც იყო. წყლის ავზიც მაგის გამო დგას, მაგრამ რამდენიმე წელია, რაც თბილისის წყალი ამოიყვანეს, ჩვეულებრივი აბონენტები ვართ და წყლის საფასურს ვიხდით.

მანამდე კი სულ წყლისთვის მქონდა ჩხუბი, ხან `წყალკანალში" და ხან - სად. ახლა გაზიც გვაქვს, საღამოობით გრილა და აქ ყოფნას არაფერი სჯობია. თან აქ ბევრი ჩემი მეგობარი ცხოვრობს...

ძალიან მაწუხებს თბილისსა და მის შემოგარენში ხეებს რომ ჩეხენ. ყოველი მოჭრილი ხე ჩვენთვის დაკლებული ჟანგბადია. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ეს ცუდი საქმეა. ყოველ ხეს მოფერება და შვილივით მოვლა უნდა.

- რას ურჩევდით ადამიანებს, რომელთაც უნდათ, ხელი მოჰკიდონ საოჯახო მეურნეობას?

- მთავარი ის არის, რომ ეს ძალიან მძაფრ შეგრძნებებს იწვევს. გარდა ამისა, სასარგებლო საქმეს აკეთებ ქვეყნისთვისაც. ყველას ვუსურვებდი, მიწასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდეს, საკუთარ მამულს თვითონ მიხედოს, ფეხზეც გაიხადოს და ფეხშიშველმა იაროს მამულში. ეს სულიერად აძლიერებს, თანაც ისეთ საგიჟეში გვიწევს ცხოვრება, რომ განტვირთვა მართლაც სასარგებლოა. ყოველდღიური სანერვიულო გღლის და გძაბავს, ეს შრომა კი ამ ყველაფრისგან გამორიდებაა.

- მეუღლე ამ საქმეში თუ გეხმარებათ?

- როგორ არა, ვარდების ბაღი მაიას იდეაა. ძალიან უყვარს მცენარეები, თბილისშიც ბევრ ყვავილს უვლის. მცენარეები ჩემს სიდედრსაც აქვს. მოკლედ, მაია თვითონაც არის ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი. დილაადრიან აქაურობას რწყავს.

ჩემთვის ქონება არავის დაუტოვებია, ჩემი შრომითა და წვალებით მივაღწიე ყველაფერს და მოვიპოვე. ახლა დროა, რაც გამაჩნია, იმას მოვუარო. აი, ნახავ, გაისად რომ მოხვალ, აქაურობას ვეღარ იცნობ.

ლალი ფაცია