ღომის ღომი - ამერიკული სიმინდის "ქართველი წინაპარი" - კვირის პალიტრა

ღომის ღომი - ამერიკული სიმინდის "ქართველი წინაპარი"

ვიდრე კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა, იქიდან XVII  საუკუნეში ჩვენთან  სიმინდს შემოიტანდნენ და მისგან ღომის მომზადებას შეუდგებოდნენ, ამ კერძის მომზადება და გემო ჩვენში მანამდეც იცოდნენ. საქართველოში ნამდვილი ღომის კულტურა მოჰყავდათ, რომელსაც ახლა ღომის ღომს უწოდებენ.

ღომი ერთწლოვანი კულტურული მცენარეა და ახალაღმოცენებული, სიმინდსაც ჰგავს. მაგრამ 1 მეტრამდე აღწევს და თავთავი მიახლოებით ხორბალს მიუგავს, თუმცა ზომით გაცილებით მეტია.

ჩვენში ღომი სიმინდთან ერთადაც ითესებოდა, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოში, სადაც ღომის რამდენიმე ჯიში მოჰყავდათ: ადრეული, საშუალო და საგვიანო ჯიშები, - "შვიდკვირა", "ორმოსავალა" და სხვა, რომლებიც დღესაც დავიწყების პირას დგას. საბედნიეროდ, ბოლო წლებში გამოჩნდა ხალხი, რომელიც ღომის აღორძინებაზეც ზრუნავს.

ოზურგეთში, სოფელ ბახვში სოსო გიგინეიშვილს ოჯახში ღომი გამორჩეულ ადგილას აქვთ დათესილი, - სადაც ის ყოველდღე აივლ-ჩაივლის და ღომს შეათვალიერებს, რათა დარწმუნდეს, რომ მოსავალს არაფერი ემუქრება..

ღომის საცეხვი ჩამური - ღომი ჩემს წინაპრებსაც მოჰყავდათ.  სახლის უკან წყალი ჩამოგვიდის, რომელიც სოფელში გაბრიელ ეპისკოპოსმა (გაბრიელ ქიქოძე ჩვენი სოფლიდან იყო) შემოაყვანინა და ამ წყალზე წისქვილი ააგებინა, იქვე ღომის საცეხვი ჩამური ჩაადგმევინა და ოჯახში სტუმრებისთვის ეს უგემრიელესი კერძი მუდამ მზად ჰქონდა. მერე გურია სიმინდმა დაიპყრო და ღომსაც  მისგან ვამზადებდით; თუმცა ბავშვობის მეხსიერება გაუხუნარია, გასულ მძიმე წლებში ჩოხატაურში ღომი ვნახე და მისი გემო გამახსენდა, იმ კაცს ღომის თესლი გამოვართვი და ეზოში პატარა ადგილზე დავთესე. პირველივე წელს ძალიან ნაყოფიერად დაისხა, - ღომი ყველაფერს უძლებს, სიცხესაც და წვიმასაც. ძალიან წვრილი, ყვითელი მარცვლები აქვს, უკვე გამხმარი სწრაფად იფშვნება, დიდი წვალება და დრო არ სჭირდება.

- ანუ უკვე მოწეულ ღომს ხელით ამუშავებთ?

- ჯერჯერობით ჩვენში ღომის კი არა, სხვა, უფრო გავრცელებული მარცვლეულის მექანიზაციაც არ არსებობს. ღომს კი ნამეტანი გაუჭირდა, - ძველ საქართველოში სიმინდის ღომი ვერავის წამოედგინა, მაგრამ მან მალე ნამდვილი ღომი მისწია გვერდით, - სიმინდისგან ხომ მხოლოდ ღომს არ ვხარშავთ, მჭადსაც ვაცხობთ და პირუტყვისთვისაც ყუათიანი საკვებია. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ღომზე უფრო სასარგებლო და ყუათიანია;

ღომის ღომს რომ შეჭამ, მთელი დღე არ მოგშივდება, სიმინდის ღომს რომ შეჭამ, სამ საათში ისევ მშიერი ხარ! გურიაში ასეთი გამოთქმა არსებობს, - სიმინდის ღომი ჭიშკრამდე მიგყვება, ღომის ღომი კი მზის ჩასვლამდეო... ასე რომ, რაც პირველად დავთესე, იმის შემდეგ ღომისთვის თავი არ გამინებებია.

"ფუტკარს ჩემი ვაჟიც უვლის, უფრო სწორად, ამ საქმეში ის არის წარმმართველი, სკებიც მან გააკეთა" - ამ კულტურას სავეგეტაციო პერიოდი როგორი აქვს, მოსაწევად დიდი დრო სჭირდება?

- გურიაში,  სიმინდის მსგავსად, ღომი აპრილში ან მაისის დასაწყისში ითესება. მაგრამ მოსავლის მიღების ვადის მიხედვით არსებობს ძალიან საადრეო (60 დღე), საადრეო (61-80 დღე), საშუალო (81-100 დღე), საგვიანო (101-120 დღე) და ძალიან საგვიანო (120-ზე მეტი დღე) ჯიშები. ცხადია, ისინი მოსავლიანობითა და ხარისხითაც განსხვავდებიან. თუ ღომის ღომზე მეტი მოთხოვნილება გაჩნდება, მეტიც დაითესება და ჯიშებსაც შეარჩევენ. იმდენად გემრიელია, შემოვა თუ არა, ჩიტები ესევიან. ისე შემაღონეს, რომ მათთან საბრძოლველად გამოგონებაც კი დავნერგე, - რამდენიმე ძირის თავთავებს შევატყუპებ, მოვკონავ და ტომარას ჩამოვაცმევ. აი, ასე ვჯობნი ჭკუით ჩიტებს, თანაც ღომის შეფუთვა სულ კი არ არის საჭირო, მხოლოდ 15 დღე, როცა ღომი მწიფობაში შედის. პატარა ტილოს ტომრები დამწიფებას სულაც არ უშლის ხელს, - ჰაერიც შედის და მზის სხივებიც ათბობს. მერე კი ღომს ავჭრით, შევკონავთ და გავახმობთ. ამისთვის ღომის შეკვრაში თხმელის ფოთოლს გავურჭობთ. როცა ფოთოლი კარგად გახმება, ღომიც გამხმარია. მერე კი ჩენჩოსგან გამოვაცლით. ღომის ღომის ჩენჩოც და ჩალაც ისევე გამოიყენება პირუტყვისთვის, როგორც სიმინდის...

"ეს კაქტუსი მაშინ მოვიტანე, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, 20-25 წლის წინ" - ჩანურზეც მითხარით რაიმე...

- ჩანური ადრე ალბათ მთელ გურიას ედგა წისქვილებთან, რათა ღომის ღომი გამოეცეხვათ, მაგრამ ახლა სამწუხაროდ, ძალიან ცოტას აქვს შემორჩენილი.

გამოცეხვა საინტერესო საყურებელია, როცა ჩემს ღომს ვცეხვავ, შევყურებ და თითქოს ვმშვიდდები. პრინციპი ასეთია, - წყალი ღომისთვის გაკეთებულ ხის ურო-საცეხვსაც ისე ამოძრავებს, როგორც წისქვილის ქვას, ოღონდაც, უფრო ნელა და რიტმულად. ხის ურო-საცეხვი ჩანურში ჩადი-ამოდის და შიგ ჩაყრილ ღომს ძლიერად ურტყამს. მარცვალს სცილდება ყვითელი ჩენჩო, რომელიც ღომს მოხარშვისას არ უნდა შეჰყვეს. დაცეხვილ ღომს გობიდან გობში გადავყრ-გადმოვყრით და ქარზე გამოვრეკავთ. ეს ნიშნავს, რომ ქარს გამოცეხვილი ჩენჩო მიაქვს, სუფთა ღომს კი ტოვებს. მოხარშვისას 1 ჭიქა ღომს 5 ჭიქა წყალს დავასხამთ და მანამდე ვხარშავთ, სანამ ნამდვილი ღომი არ გახდება, ამას ყველა დიასახლისი გრძნობს. დარწმუნებული ვარ, ჩანური ღომს განსაკუთრებულ გემოს აძლევს, მაგრამ თუკი ღომს მოვიყვანთ, მისი დაფქვაც შეიძლება და დაუფქველად მოხარშვაც. მთავარია, რომ ხარშვისას ხის ჩოგანით ჩაიზილოს.

- დასავლეთ საქართველოში უმეტესად ხის წისქვილებია, თქვენი წისქვილი კი ლითონის ფირფიტებით არის აშენებული, რატომ?

- იმ წლებში, როცა საქართველო ჩაბნელდა და ჩალუსკუმდა, გადავწყვიტე, რომ წყალზე, რომელიც საბედნიეროდ, ჩემს ეზოში ჩამოდის, მიკროჰესი და წისქვილი როგორმე ერთად გამეკეთებინა. ხის წისქვილი ჰესთან ერთად არ გამოდგებოდა და ამიტომ ლითონის უნდა ყოფილიყო. ასეა თუ ისე, ორივემ შეძლო თავისი ამოცანის შესრულება. ამ ჰესის წყალობით სრულ უკუნეთში შუქი მქონდა.

- ფუტკარიც გყოლიათ...

- თაფლსაც ვყიდი. ფუტკარს ჩემი ვაჟიც უვლის, უფრო სწორად, ამ საქმეში ის არის წარმმართველი, სკებიც მან გააკეთა. მაღალი სახურავები აქვს. მეფუტკრეობა ვინც იცის, მიხვდება, რომ ჩვენ ფუტკრის მომთაბარეობას არ მივმართავთ, ერთი ადგილიდან მეორეზე არ გადაგვყავს. ვინც ფუტკრის მომთაბარეობას მიმართავს, იმათ სკებს ბრტყელი სახურავები აქვს, - სკებს ერთმანეთზე აწყობენ და ისე გადააქვთ.

- თქვენს ყვავილებზეც მითხარით და კაქტუსზე, რომელმაც ზომით გამაოცა, - როგორ გაზარდეთ ამხელა.

- ძირითადად მე ვუვლი. ძალიან მიყვარს ყვავილები და ყვავილებით დამშვენებული ეზო. ეგ კაქტუსი მაშინ მოვიტანე, როცა ჩემი შვილები პატარები იყვნენ, ალბათ, 20-25 წლის წინ და მას შემდეგ ვუვლი. ერთხელ ერთი კაცი მაგ კაქტუსში 500 დოლარს მაძლევდა. ვუთხარი, ფული ძალიან მჭირდება, მაგრამ 5000-იც რომ მომცეთ, მაინც ვერ მოგყიდით, რადგან მაგას რომ ვეღარ დაინახავენ, ჩემი შვილები გაგიჟდებიან-მეთქი. სილამაზე სიცოცხლეს გვაძლევს, ფული კი სიცოცხლესთან შედარებით არაფერია.