როგორ დავიცვათ მოსავალი გვალვისგან
10-08-2015
როგორ დავიცვათ მოსავალი გვალვისგან
საქართველოში სიცხემ დაიჭირა. როგორც ადრე იტყოდნენ, ასეთ პაპანაქებაში მზისგულზე ერბოკვერცხიც კი შეიწვება. ასეთი ამინდი ნიადაგს ფიტავს და მცენარეებსაც აზიანებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი აკაკი ღლონტი განმარტავს, რომ გვალვა და სიცხე მცენარისთვისაც ისეთივე სტრესია, როგორიც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის.

- გვალვის ატანა ყველაზე მეტად იმ მცენარეებს უჭირთ, რომლებსაც ზედაპირული ფესვთა სისტემა აქვთ. მაგალითად, კივის, თხილსა და ყველა სახის ბოსტნეულს.
მცენარეებს კი, რომლებიც უკეთესად უძლებენ გვალვას, ქსეროფიტებს უწოდებენ:
მათ უმეტესობას მძლავრი ფესვთა სისტემა და პატარა ფოთლები ან ეკლები აქვს. ამ მცენარეებს წყალი ნაკლებად სჭირდებათ. ასეთი კულტურაა, მაგალითად, ფეიხოა, ერთ-ერთი საუკეთესო გვალვაგამძლე მცენარე. ასევე გვალვაგამძლეა ვაშლი, მსხალი, შინდი, ბროწეული.

ბოსტნეულიდან კიტრი უფრო მეტად მოითხოვს წყალს, პამიდორი და ბადრიჯანი - ნაკლებად. განსხვავებაა მწვანილის სახეობებშიც.
ასე
რომ, ყველა მცენარეს მისი თვისებების შესაბამისად უნდა მოვუაროთ. მეურნეებს ვურჩევდი, მოსავლის მოსაყვანად ისეთი ადგილი შეარჩიონ, სადაც მცენარე სიცხისა და გვალვისგან ნაკლებად დაზიანდება. თუ მცირე ნაკვეთი გაქვთ და იქვე პატარა ღელე ან ნაკადული ჩამოდის, შეგიძლიათ დააგუბოთ და ნაკვეთი მორწყათ. თუ ბაღი ან ყანა წყალთან ახლოს გაქვთ, ადვილად მოხერხდება მცირე სარწყავი სისტემის შექმნა და გვალვასთან გამკლავება.

"მულჩა არის ნიადაგის საფარი, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ ნებისმიერი ორგანული ნარჩენისგან"
- დიდი სარწყავი სისტემებიც აუცილებელია, მით უმეტეს, ამის ტრადიცია საუკუნეების წინაც გვქონდა.

- გეთანხმებით, მაგრამ ამას ერთი და ორი კაცი ვერ გააკეთებს. ამიტომაც არის კარგი კოოპერატივები, სადაც რამდენიმე ადამიანია გაერთიანებული. მცირე კოოპერატივიც კი უფრო ადვილად დაიცავს­ მოსავალს ბუნებრივი მოვლენებისგან, ვიდრე ერთი ან ორი ოჯახი. მით უმეტეს, რესურსი გვაქვს, მდინარეები აღმოსავლეთ საქართველოშიც ბლომად არის და დასავლეთშიც.

- დღის რომელ მონაკვეთში ჯობია მცენარის მორწყვა?
- უმჯობესია ადრე დილით ან საღამოს, როდესაც მზე გადავა. გამონაკლის შემთხვევაში, მცენარეების მორწყვა შუადღის საათებშიც შეიძლება, ოღონდ თუ მოღრუბლულია. თაკარა მზეში მორწყვა იმიტომ არ შეიძლება, რომ მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და როცა მზე აცხუნებს, სტრესულ მდგომარეობაშია. არაერთი მეთოდი არსებობს, მაგრამ ყველაზე უკეთესი ნიადაგის წვეთოვანი მორწყვაა, ამ დროს წყლის ხარჯი ნაკლებია და შედეგი - უკეთესი.

"ნიადაგის დამუშავება და გაფხვიერება ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას"
- ხორბალსა და სიმინდს გვალვა რამდენად აზიანებს?

- სიმინდი შედარებით გვალვაგამძლეა, ამიტომ ჩვენთან მას იშვიათად რწყავენ. ამ კულტურის მოყვანა გლეხებს იაფი უჯდებათ და თუ ამინდი გაამართლებს, კარგი მოსავალი მოდის, თუ არადა, გვალვა ანადგურებს. ამიტომ შედარებით გვალვაგამძლე მცენარეებსაც სჭირდება დახმარება. რაც შეეხება ხორბალს, გაზაფხულზე თავთავი უკვე გაკეთებული აქვს და ივლისში, როცა სიცხეს დაიჭერს, მოსავალს უკვე იღებენ. ასე რომ, ხორბალი უმეტესად გვალვას ასწრებს, სიმინდი კი აქტიური გვალვებისას შემოდის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გვალვაგამძლეა, ყურადღება მასაც სჭირდება.

არანაკლებ მოვლას საჭიროებს თხილი, რომელიც ბევრი ოჯახისთვის იქცა შემოსავლის წყაროდ. შარშან თურქეთში ბევრი პლანტაცია დავათვალიერე და დავრწმუნდი, რომ იქ თხილს ისევე უვლიან, როგორც საქართველოში ყურძენს. მართალია, თხილიც გვალვაგამძლე მცენარეა, მაგრამ დიდმა გვალვამ შეიძლება მისი მოსავალიც გაანადგუროს, თუ მისი ფესვების ქვედა ნაწილი წყლით არ მარაგდება. ადრე ჩვენთან თხილს თითქმის არავინ უვლიდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და ყველა ფერმერი ცდილობს, რაც შეიძლება ჯანსაღი და ძლიერი თხილის ბაღი ჰქონდეს.  

- როგორ შეიძლება ნიადაგის ტენიანობის შენარჩუნება, გარდა მორწყვისა?
- ნიადაგის დამუშავება და გაფხვიერება თავისთავად უწყობს ხელს ტენის შენარჩუნებას. ნათქვამია, ცუდი გათოხნა ერთ კარგ მორწყვას უდრისო. როცა მიწა დატკეპნილია, წყალი ქვემოთ რჩება, ხოლო როცა მიწა გაფხვიერებული და დანაწევრებულია, წყალი თანაბრად ნაწილდება და ზემოთ ამოდის. გარდა ამისა,
გვალვისგან დაცვის კარგი გზაა ქარსაფარი ზოლების მოწყობაც, რადგან ის პლანტაციას მშრალი ქარებისგან იცავს. საშური საქმეა ტყის მასივების აღდგენაც, რადგან ტყე უნარჩუნებს ჰაერს ტენიანობას და იცავს ნიადაგს გამოშრობისგან.
კარგი საშუალებაა მულჩირებაც, რომელიც აპრობირებული მეთოდია მთელ მსოფლიოში.

- როგორ ხდება მულჩირება?

- მულჩა არის ნიადაგის საფარი, რომელიც შეიძლება გავაკეთოთ ნებისმიერი ორგანული ნარჩენისგან: ნამჯისგან, თივისგან, ტორფისგან, თხილის ნაჭუჭისგან, მზესუმზირას ნარჩევისგან და სხვ. სწორად გაკეთებული მულჩა 10 სმ-მდე სისქის უნდა იყოს - ტყეში ჩამოცვენილი ფოთლების საფრის მსგავსად. ალბათ, ყველას გინახავთ, ამ საფრის ქვეშ ყოველთვის ტენია.

- არანაკლებ საინტერესო მეთოდია ორი კულტურის ერთად გახარება.

- დიახ, ეს მართლაც ეფექტიანი გზაა, რომელსაც კულტურათა სიმბიოზი ჰქვია. მაგალითად, ჩინეთში პავლონიებსა და ჩაის ხშირად ახარებენ ერთ პლანტაციაში. პავლონია მზისგან იცავს არა მარტო ჩაის ფოთლებს, რომლებიც აღარ უხეშდება, არამედ მკრეფავებსაც. პავლონია სასარგებლო მცენარეა, ჩრდილსაც ქმნის, ნიადაგსაც უნარჩუნებს ტენიანობას და ჩაის გახარებასაც უწყობს ხელს. ეს მეთოდი იაფიც არის და მრავალმხრივ შედეგიანიც.
ფაქტია, რომ გვალვის შედეგების შემცირება შესაძლებელია.  

ხათუნა ჩიგოგიძე

რედაქტორის რჩევით