ხევსურული წინდის "აქილევსის ქუსლი"
17-08-2015
ხევსურული წინდის "აქილევსის ქუსლი"
"თოჯინები რთული მოსაქსოვია და განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელებს"

ხალხური რეწვის ოსტატ იზ­ოლდა გაბიტაშვილს გამორჩეულად უყვარს ხევსურული ორნამენტი. თავის ნამუშევრებში ხშირად იყენებს ქსოვისა და ქარგვის ტრადიციულ მეთოდებს. ქალბატონი იზოლდა არაერთი რესპუბლიკური თუ საერთაშორისო გამოფენის მონაწილეა, არის ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის წევრი. ის დიდი სიყვარულით მოგვითხრობს საქმეზე, რომელიც მისი ცხოვრების უდიდეს გატაცებად იქცა.

- ჩემი ხელსაქმით გატაცება ბავშვობიდან დაიწყო. როგორც ხდება ხოლმე, ქსოვა და ქარგვა ჩემი ბებიებისგან ვისწავლე. ნაცნობები, მეზობლებიც ქსოვდნენ, ქარგავდნენ და ბევრი
ჩვევა მათგან შევიძინე. სკოლაშიც ძალიან კარგი ხელგარჯილობის პედაგოგი გვყავდა. დამთავრებული მაქვს თსუ სახვითი და გამოყენებითი ფაკულტეტის დეკორატიული ქსოვის სპეციალობა გობელენის განხრით.

დღეს საქართველოში ბევრი ქსოვს და ქარგავს, მაგრამ ძველი ორნამენტები და ქსოვის ტექნიკა სულ სხვაა. უბრალო მაგალითი: ქართული წინდის ქუსლი და წვერი სრულიად განსხვავებულია. მისი
ქსოვის წესი დაკარგული იყო.
ქართული წინდის წვერიცა და ქუსლიც ორი ფერის ძაფით იყო ნაქსოვი, რის გამოც ის ძალიან გამძლე იყო. გვიან ცვდებოდა, თანაც ქუსლი სამკუთხედის ფორმისა ჰქონდა და თუ გაცვდებოდა, მისი გამოცვლა შეიძლებოდა.
გასული საუკუნის 30-40-იან წლებამდე წინდები ჩვენთან ამ ძველი წესით იქსოვებოდა, მერე კი ის ნელ-ნელა ყველამ მიივიწყა და თითქმის ყველა ქარხნულ ქუსლს ქსოვდა. ჩვენ ეს ტრადიცია აღვადგინეთ და ახლა უკვე მოწაფეებსაც ვასწავლი ქართული ტრადიციული წინდის ქსოვის წესებს.

- ძაფისთვის რომელ მასალას არჩევთ?
- ძირითადად შალის ძაფით ვქსოვ,­ მაგრამ ვიყენებ ბამბასაც, აბრეშუმსაც, ხევსურული ქუდისთვის - სელის ძაფსაც. საზაფხულო ქუდები სელისა და აბრეშუმის ძაფით იქარგება ზემოდან. რაც შეეხება ხევსურულ ქუდებს, ჩემეული მიგნებებიც მაქვს: ჯერ ყაისნაღით ვქსოვ, მერე ზემოდან ვაქარგავ და ქუდი ასე უფრო ლამაზია, მარტო ყაისნაღით ნაქსოვში ხშირად ცდომილებაა და ლამაზი აღარ გამოდის. ამიტომ, ჯერ ყაისნაღით ვქსოვ და მერე ზემოდან ვაქარგავ ხევსურულ ორნამენტებს, რომელიც საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა ხევსურულ სამოსში.
ყოველთვის ვცდილობ, ხევსურული ორნამენტისთვის დამახასიათებელი წესები და კანონიკა არ დავარღვიო. ამ ტექნიკას ქუდებშიც ვიყენებ, ტანსაცმელშიც, თანამედროვე სამოსის შექმნის დროსაც ძველ ტექნიკას მივმართავ ხოლმე.

- თქვენი ნამუშევრები მრავალფეროვანი და მოხდენილია, როგორ აღწევთ ამ შედეგს?
- არასოდეს მივმართავ მხოლოდ ერთ გზას: ჩხირებითაც ვქსოვ, ყაისნაღითაც, ნაქსოვის შესამკობად მაკრამეს კვანძებსაც ვიყენებ. ასე ვამკობ ხევსურულ სამოსსაც, სუვენირებსაც და თოჯინებსაც, ვცდილობ ყველანაირი საშუალება გამოვიყენო, რაც კი ხელთა მაქვს - მაგალითად, ლითონის სამკაულები, მონეტები, ფერადი მძივები, ქსოვილისა და ტყავის ნაჭრები, დაგრეხილი ზოლები... აპლიკაციის ტექნიკასაც აქტიურად ვიყენებ.

- ჩხირებითა და ყაისნაღით ქსოვა ბევრმა იცის, მაგრამ რა არის მაკრამე?

- მაკრამე არის კვანძების ტექნიკა, რომელსაც არანაირი იარაღი არ სჭირდება: ამ დროს ხელით ვკვანძავთ სხვადასხვა ფერის ძაფს და სხვადასხვა ორნამენტი გამოგვყავს.
საქართველოში მაკრამეს ნაკლებად იყენებდნენ, მართალია, ბევრი რამ არის კვანძებით გაკეთებული, განსაკუთრებით, ხევსურულ მანდილებში, მაგრამ ხევსურები ამას მაკრამეს არც ეძახდნენ, მას ჩვეულებრივ კვანძებით ქსოვა ჰქვია.
ეს მეთოდი ნაქსოვის გასალამაზებლად და გასაწყობად გამოიყენება. არის 8 ძაფით დაწვნა, 4 ძაფით დაწვნა და სხვ. სხვა­თა­ შორის, ამგვარ კვანძებს ტყავის ნაკეთობებსა და მათრახებშიც კარგად იყენებენ. ქართული ორნამენტების დიდი ნაწილი რომბის ფორმისაა, თითოეულ რომბს ცენტრში აქვს ჯვარი,­ ან სხვა, უფრო მცირე ზომის რომბი, ხოლო ჯვარს ანტურაჟად ყოველთვის მოჰყვება დაკბილული ორნამენტები­, ამ ორნამენტებს მუშაობის პროცესში ყოველთვის ვიყენებ. თითოეულ ორნამენტს თავისი დასახელება აქვს, მაგრამ ყველაფერზე საუბარი ერთ ინტერვიუში ვერ მოხერხდება.

- ძველებურ ქუდებს ყოველთვის ამშვენებს ჯვარი. რატომ?
- ჯვარი ხევსურულ ორნამენტებში ძალიან ხშირად გვხვდება. როგორც წესი, რომბში ზის ჯვარი, რომელსაც ანტურაჟად შემოვლებული აქვს დაკბილული ნაპირები. ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ პატრონი ავი თვალისგან დაეცვათ. ჯვრები ძირითადად კეთდებოდა ბეჭზე, მკერდზე, თავზე და ძალიან უხდებოდა სამოსს.

- გობელენი რამდენად მოგწონთ?

- ძალიან მიყვარს გობელენი, რადგან­ მასზე ქსოვისას უფრო თავისუფალი ხარ: შეგიძლია ნებისმიერი კომპოზიცია და ნებისმიერი ფიგურა გამოიყვანო, ამ დროს სიმეტრიის დაცვაც ნაკლებად არის საჭირო. თუმცა, ბოლო ხანებში ფარდაგებს ძალიან იშვიათად ვქსოვ. ეს იმიტომ, რომ მაქვს ჩემი ძირითადი სამსახური, რომლის გამოც ძალიან დაკავებული ვარ: სპეციალობით მეტეოროლოგი გახლავართ, ვმუშაობ გარემოს ეროვნულ სააგენტოში და ჩარჩოსთან ჯდომის დრო ნაკლებად მრჩება, ამიტომ, ხელით რაც კეთდება - ყაისნაღი, ქსოვა, ქარგვა - ამას უფრო ვახერხებ. გობელენსა და ფარდაგის ქსოვას კი უფრო დიდი დრო სჭირდება. 

- თოჯინებსაც ქმნით, ალბათ, ეს სულ სხვა სამყაროა.

- პირველი თოჯინა ხალხური რეწვის დიდი ქომაგის, გურამ გაბაშვილის თხოვნით მოვქსოვე: მან მთხოვა რაღაც სუვენირი გამეკეთებინა, სადაც ჩვენი ტრადიციული ხერხები და მეთოდები იქნებოდა გამოყენებული. თავდაპირველად წინდები უნდა მომექსოვა, მაგრამ მერე გავიფიქრე - რაღა მაინცდამაინც წინდები, ბარემ თოჯინას მოვქსოვ-მეთქი. ასე დავიწყე კედელზე ჩამოსაკიდი ფერადი თოჯინების ქსოვა. ამ პირველი ნამუშევრების გამო მომანიჭეს ხალხური რეწვის ოსტატის წოდება. მერე ამ თოჯინებს ხან მიკვეთდნენ, ხანაც გამოფენებისთვის ვქმნიდი, მაგრამ   იმდენად რთული მოსაქსოვია, რომ თოჯინის ქსოვას იშვიათად ვიწყებ - მხოლოდ მაშინ, თუ შეკვეთა მაქვს ან მუშაობის სურვილი გამიჩნდება. ჩემი თოჯინები განსაკუთრებით მოსწონთ უცხოელებს, გამოფენებზეც გამაქვს ხოლმე.
როგორც წესი, ძირითადად ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობ.

- მოგვიყევით ხალხური რეწვის სკოლაზე, სადაც თქვენს გამოცდილებას სხვებსაც უზიარებთ.

- ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის ხალხური რეწვის სკოლა, სადაც მე ქართული წინდების ქსოვას ვასწავლი. ვცდილობ, მსურველებს გადავცე ჩემი ცოდნა, რაც დაგროვილი მაქვს. ამ სკოლაში 2011 წლიდან ვასწავლი. დაინტერესება დიდია, მცირე ასაკიდან 70 წლამდე, თითქმის ყველა ასაკის მსურველი მოდის. ჩვენ ამ უძველეს საქმეს ვემსახურებით.

ხათუნა ჩიგოგიძე
marika
17 აგვისტო 2015 15:35
ალბათ შეცდომაა, ხევსურული წინდა ნამდვილად არ არის , და იქნებ გაასწოროთ. ქალბატონი იზო ესეთ წინდებს არ ქსოვს!!!და არც ასწავლის

რედაქტორის რჩევით