ლობიოს მოყვანა "ლობიოობა" არ ყოფილა - კვირის პალიტრა

ლობიოს მოყვანა "ლობიოობა" არ ყოფილა

წლევანდელმა ცხელმა ზაფხულმა ლობიოს მოსავალსაც დაატყო ხელი, მათ შორის ზემო იმერეთშიც, სადაც სამი თვეა, ციდან წვეთი არ გადმოვარდნილა. თუმცა, "მარჩენალი ლობიო" მაინც იმდენი მოვიდა, რომ ოჯახში არ მოენატრებათ.

ანიკო ბუსხრიკიძე საჩხერის რაიონის სოფელ შალაურში ცხოვრობს. მან ლობიო შედარებით ადრეულ გაზაფხულზე დათესა, როცა ნალექი ჯერ კიდევ იყო და ლობიომ გამაგრება მოასწრო.

- ბოლო წლებში ზაფხული ძალიან ცხელია. გამოცდილებით მივხვდი, მოსავალმა ამ სიცხეს რომ გაუძლოს, რაც შეიძლება ადრეულ გაზაფხულზე უნდა დაითესოს, წვიმა გვალვების დაწყებამდე იმდენად გაზრდის და გააძლიერებს ნათესს, რომ გვალვა ნაკლებად დააზიანებს. მთავრობამ  უნდა იფიქროს, რომ სარწყავი წყალი დასავლეთ საქართველოსაც ისე სჭირდება, როგორც აღმოსავლეთს.

ლობიო გვალვას ყვავილობის დროიდანვე ვერ უძლებს, ძლიერი სიცხეები ყვავილს აჭკნობს და აცვენს. იმიტომაც არ მოგვივიდა კარგი მოსავალი.

საადრეო ლობიოს ყვავილობისას თუნდაც სამჯერ რომ იწვიმოს, ეს ნიშნავს, რომ კარგი მოსავალი მოვა. საგვიანო ხვიარა ლობიოს კი 5-ჯერ მაინც უნდა მორწყვა. ლობიო ზემო იმერეთში ყველას უყვარს და ყოველთვის თესავდნენ, ჩვენი წითელი მიწა მისთვის ზედგამოჭრილია. ჩემი აზრით, ჩვენში ლობიოს არც ერთი ჯიში არ დაკარგულა. ერთხელ სარის სქელპარკიანი ჯიშის ლობიოს თესლი ვერ შევინახე და მანამდე ვერ მოვისვენე, სანამ არ ვიშოვე, - მეზობელს გამოვართვი და ღობესთან მივათესე. ხშირად ვრწყავდი და ერთი ქილა თესლი მაინც მომცა. იმას უკვე გაისად დავთესავ და მოსავალი მექნება, თუ ბუნებამ მოინდომა. ადრე ასეთი დიდი სიცხეები არ იყო და ლობიოც იმდენი მოგვდიოდა, ორი დღე სჭირდებოდა მის დაცეხვას. ლობიო ფიწლით იცეხვება - ფიწალს ვურტყამთ, გამხმარი პარკები იხსნება და ლობიო ქვეშ დაფენილ ფარდაგზე ცვივა. ამას ჩენჩოც მიჰყვება. დაცეხვილი ლობიოს გასუფთავებას მეტი ძალა სჭირდება - უნდა ქარზე გაანიავო, რომ მარცვალი ჩენჩოსგან გააცალკეო.

- ლობიოს ჯიშებზე ჰყვებოდით...

- იმერეთში იმდენი ჯიშის ლობიოა, ჩამოთვლა გამიჭირდება. ზოგიერთს სხვა კუთხეებში სხვა სახელს ეძახინ, ჩვენთან კი სხვა ჰქვია. მაგალითად, ლობიოს "ჭიპას" საქართველოს სხვა კუთხეებში არ ეძახიან, ჩვენ კი დავარქვით - იმ ადგილას, საიდანაც ლობიო უნდა აღმოცენდეს, ვარდისფერი ჭიპივით ჩაღრმავება აქვს. გვაქვს ქონა ლობიოც - მოხარშვისას ცხიმივით ფოფინა და გემრიელი ხდება... არის მინდვრის ლობიო, ჭრელი ლობიო, მერცხალა, შულავერი, ბათუმურა, გურულა, ჩიტისკვერცხა და სხვა ჯიშებიც. თუმცა ყველაზე მეტად მაინც კუტ ლობიოსა და სარის ლობიოს ვთესავთ. მათ შორის, სიმინდის ყანაში, ვენახში. ასე მიწას ეკონომიურად ვიყენებთ და ერთდროულად ორი სახის მოსავალი მოდის.

- მეც ხშირად შემინიშნავს სიმინდის ღეროზე ასული ლობიოს ბარდი. სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ლობიოს მოსავალს ამცირებს. თუმცა იმ ადგილას, სადაც სიმინდი ეთესა, მეორე წელიწადს კარგია ლობიოს დათესვა, რადგან საჭირო ნივთიერებებით ამდიდრებს ნიადაგს.

- ჩვენში ლობიო ყოველთვის მოჰყავდათ ვენახში, მწკრივებს შორის, ან სიმინდთან ერთად. ისე, სპეციალისტებამდე ჩვენებური გლეხიც მიმხვდარა, რომ სიმინდი და ლობიო ერთმანეთისთვის საჭირონი ყოფილან და იმიტომ თესავდნენ გვერდიგვერდ. წვიმიან წელიწადში სიმინდთან დათესილი ლობიო კარგად ისხამს. მქონია შემთხვევა, სიმინდში 60-70 კილო ლობიო მომიყვანია. ზოგჯერ მხოლოდ ერთ ფორჩხზე 2 კილოგრამი ლობიო ჩამომიკრეფია და ბავშვივით გამხარებია.

- ლობიოს მოსავალს როგორ ატყობთ, რომ ასაღებია, ნედლი პარკიც ხომ რჩება?

- მით უკეთესი. მაგ ნედლი პარკიდან გამორჩეული ლობიო ძალიან გემრიელია - ნედლი ლობიოს გემოც აქვს შერჩენილი და ხმელის სურნელიც დაჰკრავს. პარკსა და მარცვალს რომ გამოაცლი, მერე შეიძლება ლობიოს ბარდიც გამოიყენო - პირუტყვს აჭამო. ლობიო რომ ასაღებად მზად არის, ამის შეტყობა ადვილია - პარკების 80-85% მაინც უნდა იყოს მომწიფებული, რომ ადვილად გაიხსნას.

კარგად გამომშრალი მარცვალი მშრალ ჭურჭელში ინახება. თუ ლობიო ბევრია, ხის კასრებშიც ინახავენ, რომლებიც ასევე ძველი ხალხისაგან შემოგვრჩა. მაშინ ალბათ ლობიოს ჩრჩილი არ არსებობდა და კასრებში ლობიოს გემოს შესანარჩუნებლად ყრიდნენ. ახლა კი ლობიოს კასრებში შენახვა იმიტომაც არის კარგი, რომ კასრი მას ჩრჩილისგან იცავს.

კასრში ჩრჩილისგან დამცავ საშუალებებსაც ვყრით: მაგალითად, ამბროზიას ან კაკლის ფოთლებს, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვს და ჩრჩილს არ მოსწონს.

ძალიან საშიშია ლობიოს მემარცვლია. ლობიოს ხანდახან მინდორშივე დაედება, ჭურჭელში კი განსაკუთრებულად საშიშია - თუ სადმე ერთი მემარცვლია გაჩნდა, მთელ მარაგს გააჩანაგებს. როგორც ვიცი, მთიან რეგიონებში მემარცვლია არ ჩნდება, მაგალითად, თიანეთის ლობიოს მემარცვლია არ აქვს.

შეიძლება მარცვალს გარედან დაზიანება არ ეტყობოდეს, მაგრამ მოხარშვისას ხოჭოები ამოცვივა და ლობიო სულ შეგძულდება. თუ რომელიმე ჭურჭელში დაინახე, ან მასში ჩაყრილი ლობიო საერთოდ უნდა გადაყარო, ანდა ცეცხლზე მოხალო, მოხალვით ლობიო არ გაფუჭდება, მავნებელი კი განადგურდება. ნაცარიც შველის - თუ ლობიოს მოსავალს ნაცარში ავურევთ და თავდახურულ ჭურჭელში შევინახავთ, ხოჭო  ვეღარსად წავა, მოკვდება.

- ნაწილი ლობიო უკვე აღებული გაქვთ, მაგრამ ყანაში მოყვავილე ლობიოს ჯიშიც დავინახე.

- ეს საგვიანო ლობიოა. ივნისის ბოლოს ისეთ ადგილას დავთესე, სადაც მოსარწყავად ხელი მიმიწვდებოდა. ასე შევძლებ, რომ მწვანე ლობიო ოქტომბრის ბოლომდე მქონდეს... გვიან შემოდგომით მოკრეფილი ლობიოს პარკიც გემრიელია, შინაურ პირობებში კონსერვის გაკეთებაც უვნებელია, რადგანაც სიცხე აღარ არის.

- ისეთი გვალვა იყო, შეიძლება, ბაზარში ჩვენი ლობიო ვეღარც ვიყიდოთ.

- ეგ ღმერთმა ნუ ქნას, მთიან რეგიონებში ლობიო აუცილებლად მოვიდოდა - მთებში ბევრი ნესტია და შედარებით არ გაუჭირდებოდა. ადამიანი იმედით უნდა იყოს, ბუნება აუცილებლად დაწყნარდება, წლეულს რომ ასეა, გაისად რაიმე საშველს გამოგვიჩენს...