როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს - კვირის პალიტრა

როცა გლეხს "ვაზის ცრემლების" არ სჯერა - კლიმატის შეცვლა ვენახის სხვაგვარად მოვლას მოითხოვს

"ბევრი გლეხი რჩევას ითვალისწინებს, მაგრამ ბევრისთვის ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და არაფრის შეცვლას არ აპირებს ვაზის მოვლისას"

"ზედმეტად გაფურჩნისას ვაზის მტევანს პაპანაქება მზე ხარშავს და კლავს, ანუ არუჯავს"

რამდენიმე ხნის წინ შემთხვევით სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის, ივანე ბასილაშვილის საუბარი მოვისმინე. აღელვებული იყო: ზოგიერთმა ჩვენმა გლეხმა თავისი სიჯიუტით ყურძნის მოსავალი გააფუჭა, თავად ხომ დაიკლო და დაიკლო, ქვეყანასაც დააკლოო. გამიკვირდა, კახელი კაცი ვაზს შვილივით უვლის და ასეთი რა მოხდა-მეთქი. ვთხოვე, აეხსნა, რაზე საუბრობდა. ეს რჩევები უკვე გაფუჭებულ ყურძენს ვერ წაადგება, მაგრამ იმედი გვაქვს, მომავალში გამოგვადგება...

ივანე ბასილაშვილი:

- პროფესიით აგრონომი ვარ, ჩემი პროფესიის ორგანული ნაწილია, მცენარეთა ზრდა-განვითარება კლიმატური პირობების მიხედვითაც შევისწავლო. არაპროფესიონალისთვის, ალბათ, ძნელია გააზრება, რამდენი რამ შეცვალა კლიმატის ცვლილებამ მცენარეთა მოვლისა და განვითარების წესებში. მცენარე ცოცხალი ორგანიზმია და ადამიანმა ისე უნდა წარმართოს საქმიანობა, რომ ეს ორგანიზმი შეცვლილ გარემო პირობებს შეაგუოს. ბოლო წლებში ზაფხულში პაპანაქებაა, აAმიტომ ასეთ კლიმატზე უნდა გადავეწყოთ და მინდა, ეს ჩვენს გლეხსაც გავაგებინო. ბევრი რჩევას ითვალისწინებს, მაგრამ ბევრისთვის ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია და არაფრის შეცვლას არ აპირებს ვაზის მოვლისას. ეს კი საქმეს ღუპავს.

ბევრი რამ არის შესაცვლელი, მაგრამ ამჯერად თქვენს ყურადღებას ვაზის ახალგაზრდა ყლორტის ქვედა 2-3 არასრულფასოვანი ფოთლის შეცლაზე შევაჩერებ. ეს ფოთლები ფოტოსინთეზის დაბალპროდუქტიულობით ხასიათდება, რის გამოც ხშირად ისინი მცენარის ღეროსა თუ ყლორტისთვის კი არა, თვით ამ ფოთლებისთვის საჭირო საკვებ ნივთიერებებსაც ვერ გამოიმუშავებენ. ამიტომ ისინი ზედმეტია და უნდა შემოეცალოს. გარდა ამისა, მათი მოცლით განათებისა და აერაციის პირობებიც უმჯობესდება. ეს თეორიული მოსაზრებები მრავალწლიანი პრაქტიკითაც დამტკიცდა.

ზედმეტად გაფურჩნული ვაზი პირველი 2-3 ფოთლის გარდა, დანარჩენი ფოთლების შეცლა დაუშვებელია, ზოგჯერ ჩვენი გლეხები 2-3 ფოთოლს კი არა, ყლორტს 6-7 ფოთოლს და ხანდახან მე-8 ფოთოლსაც კი აცლიან. ეს გზას უხსნის მტევანზე მზის სხივების პირდაპირ ზემოქმედებას, რაც მარცვლებს წვავს. ამას არუჯვა ჰქვია. შარშან მტევნის არუჯვით გურჯაანელმა გლეხმა 4-5 ათასი ტონა ყურძენი დაკარგა.

- ჩვენმა გლეხმა, რომელიც საუკუნეებია ვაზს უვლის, ნუთუ არ იცის, ისე როგორ გაფურჩნოს, რომ ვაზი არ გააფუჭოს?

- საუკუნეების განმავლობაში მზის ასეთი რადიაცია არ ყოფილა, როგორიც ბოლო წლებში გვაქვს. გვინდა თუ არა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მცენარე ისეთივე ცოცხალია, როგორიც ადამიანი. განა ადამიანი მომაკვდინებელ მზეს მთელ დღეს შეუშვერს თავს? არც ვაზის მტევანს შეუძლია პაპანაქება მზეში მთელი დღის გატარება, განსაკუთრებით იმ დროს, როცა მზე ზენიტშია - 3-4 საათზე. სწორედ ამ საათებში ხარშავს და კლავს მზე მას, ანუ არუჯავს. გული მოგიკვდება, ასეთი მტევანი რომ ნახო: ცალ მხარეს, რომელიც მზისგან მოფარებულია, მარცვლები საღი აქვს, მეორე მხარეს კი, რომელიც მზეზეა, ყავისფრდება და მერე ხმება. არაერთხელ გვინახავს ისეთი მტევანი, რომელზეც მარცვლების ნაწილი გამხმარ-გაშავებულია. ეს სწორედ არუჯვის შედეგია. ადამიანი გარუჯვას როგორღაც უძლებს, თუ მეტი მოუვიდა, მალამოსაც წაისვამს, მაგრამ ვაზმა რა ქნას?

- ნუთუ ასე ძნელია, რომ ეს გლეხსაც გააგებინოთ, ჩვენი გლეხი ხომ ძალიან გონიერია...

- გონიერია, მაგრამ სიახლის მიღება უჭირს. 3 წელიწადია დავდივარ და ასეთი გაფურჩვნის მეთოდს ვებრძვი. ხან სოფლის გზებზე ვხვდები გლეხებს, ხან კონფერენციებს ვაწყობ, ხანაც ჟურნალისტებს ვეხვეწები, ეს დაწერეთ-მეთქი, მაგრამ უმეტესობა არ მეხმაურება, გარდა ჩვენი გურჯაანის გაზეთისა. როგორც ჩანს, აქტუალურ თემად არ მიაჩნიათ, არადა, მედიამ განგაში რომ ატეხოს, ასეთი დიდი ზარალი არ გვექნება.

წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი მაინც ჩვევაა. ჩვენი გლეხები მეუბნებიან, მამა-პაპიდან ასე ვფურჩნიდითო...

ზოგიც ამბობს, ყლორტზე დატოვებული ამდენი ფოთოლი შეწამვლისას მტევანს გადაეფარება და შეუწამლელი დარჩებაო. ასე არ არის, უკვე არსებობს ძლიერი შემასხურებელი საშუალებები, რომლებიც ვაზს ყველგან სწვდება.

ვენახებში გაფურჩვნისას რომ ჩამოვივლი და გაკორტნილ რქას ვნახავ, გული მიკვდება. ხომ ვიცი, რომ მტევანი ასარუჯად არის განწირული. ივნისში, როცა მზის რადიაცია ნაკლებია, მტევანი ჯერ კიდევ სავსეა, მაგრამ ივლის-აგვისტოში ძლიერ მზეზე არუჯვას დაიწყებს. ბევრჯერ შევხვედრივარ დაზარალებულ მევენახეს და მითქვამს, ან შენ რატომ ღარიბდები, ან სახელმწიფოს რას ერჩი-მეთქი? ისიც გადაწყვეტს, რომ ეს შეცდომა აღარ გაიმეოროს, მაგრამ მოვა მომდევნო წელიწადი, ზვარში დაქირავებულ მუშას გაგზავნის და ისიც ისე ფურჩნის, როგორც იცის...

მართალია, ამის გარდა, ვაზის მოვლაში ბევრი რამ გვაქვს შესაცვლელი, მაგრამ ეს ყველაზე ელემენტარულია, რაც ფინანსებს არ მოითხოვს და მხოლოდ დაფიქრებით მიიღწევა. ამდენ მოსავალს რატომ უნდა ვწირავდეთ იმას, რომ თურმე ვაზს ადრე სხვანაირად ვფურჩნიდით!

თუკი ვაზით თავის რჩენა გვინდა, ერთი რამაც მოსაგვარებელია, უამისოდ ვაზს შემოსავლის წყაროდ ვეღარ ვაქცევთ - ეს არის ვაზის ახალშენების გაშენების, დამყნობის საკითხი. ამას თუნდაც მხოლოდ გურჯაანის მაგალითზე განვიხილავ: ათეული წლების წინ გურჯაანში 15 ათას ჰექტარზე იყო ვაზი გაშენებული, დღეს კი ამის ნახევარი აღარ არის, ანუ ახალშენების გაშენება აუცილებელია. ეს კი შეუძლებელია ვაზის ნერგის გამოყვანის გარეშე. ნერგის გამოყვანისთვის კი აუცილებელია საძირე (მწარე), რაზეც ვაზის სასურველი ჯიში ემყნობა. ხარისხიანი საძირის გარეშე ხარისხიანი ახალშენის გაშენება შეუძლებელია. ჩვენ კი ხარისხიანი საძირეები არა გვაქვს. ამიტომ ჩვენი გლეხი მიდის და უხარისხო საძირეებს გაველურებული (მაგალითად, დედოფლისწყაროშია ბევრი გაველურებული ვაზი) ვაზიდან ჭრის. ასე შენდება დღეს კახეთში ახალშენების 70-80%. ეს კი ნიშნავს, რომ მომავალში ხარისხიანი, მაღალმოსავლიანი ვაზი აღარ შეგვრჩება და ვერც ევროკავშირის ბაზარზე გავალთ. აქედან ერთადერთი გამოსავალი სანერგის გაშენებაა, სადაც მაღალხარისხოვანი ვაზის ნერგი შეიქმნება. გავაშენეთ კიდეც ჩუმლაყში 5 ჰექტარზე, მაგრამ ეს მცირედია, მისი გაშენება დიდ ფინანსებს მოითხოვს, ამიტომ ამ პროცესში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს, გლეხს დაეხმაროს. სხვანაირად მსოფლიო ბაზარზე სხვისი ღვინო გაიყიდება და არა ჩვენი.