ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ანუ როდის სტუმრობენ თბილისს "მედუდუკეები"
24-08-2015
ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა, ანუ როდის სტუმრობენ თბილისს "მედუდუკეები"
"მსოფლიოში ბაღის ფრინველების მოვლისთვის მილიარდობით დოლარი იხარჯება"

ფრინველთა შორის გამოარჩევენ ჯგუფს, რომელსაც პირობითად ბაღის ფრინველებს უწოდებენ. ჩიტბატონას, შაშვს, ნიბლიასა თუ ბეღურას სწორედ ამ ჯგუფს მიათვლიან. გვესაუბრება ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

- ტერმინი "ბაღის ფრინველები" პირობითი ცნებაა. როგორც წესი, ასე უწოდებენ ფრინველებს, რომლებიც ადამიანის ეზოსა და ადგილსამყოფელთან ახლოს ცხოვრობენ.  ამ სახელწოდებაში ბევრი ფრინველის გაერთიანება შეიძლება, თუმცა დღეს მხოლოდ იმათ შესახებ გიამბობთ,­ რომლებიც საქართველოშია გავრცელებული.

- ვიდრე საქართველოზე გადავალთ, საინტერესოა, როგორ
უვლიან ფრინველებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში?

- განვითარებულ ქვეყნებში ფრინველებს მართლაც დიდ ყურადღებას აქცევენ. მთელ მსოფლიოში დამკვიდრებული ჩვევაა მათი კვება: ადამიანები თავიანთ სახლებთან პატარა საკვებურებს დგამენ ფრინველების დასაპურებლად. ამას ძალიან სერიოზულად ეკიდებიან არაერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. ამერიკის ფრინველების მოყვარულთა საზოგადოებაში 55 მილიონამდე კაცია
გაწევრებული. ინგლისსა და ამერიკაში ბაღის ფრინველების მოვლისა და კვებისთვის მილიარდობით დოლარი იხარჯება. იქ მოქალაქეები მარტო ფრინველების კვებაზე როდი ზრუნავენ, სახლებთან მოწყობილი აქვთ პატარა აბაზანები, სადაც ფრინველები წყალს სვამენ და ჭყუმპალაობენ. ასე რომ, ფრინველების მოვლა-პატრონობა ძალიან გავრცელებული ჰობია მთელ მსოფლიოში. არსებობს ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულად ბაღის ფრინველებზე მუდმივ დაკვირვებას აწარმოებენ, უვლიან და მათზე ზრუნავენ.
მინდვრის ბეღურა

- სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება.
- გეთანხმებით, აქ ძალიან ცოტა ხალხი ზრუნავს ფრინველებზე, თუმცა ამის გაკეთება თავისუფლად შეგვიძლია, რადგან საქართველოში ბაღის ფრინველები ფართოდ არის გავრცელებული: ბეღურა, რამდენიმე სახეობის წივწივა, სკვინჩა, მწვანულა, ჩიტბატონა... ძალიან გავრცელებულია შოშია, საყელოიანი გვრიტი, მცირე გვრიტი, აღარაფერს ვამბობ მტრედზე. ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული ფრინველების ჩამოთვლა ერთ ინტერვიუში პრაქტიკულად შეუძლებელია. სახეობათა ბინადრობა დამოკიდებულია ადგილზეც, მაგალითად, თბილისში სხვა სახეობის ფრინველები გვხვდება, ფოთში -სულ სხვა და ყაზბეგში კიდევ -სხვა.
სახლის ბეღურა

- ყველაზე მეტი რომელი ფრინველია საქართველოში?
- ყველაზე გავრცელებულია ბეღურა, რადგან ის კარგად არის შეგუებული ადამიანის სამოსახლოს. სხვათა შორის, ბოლო წლებში უცხოეთში ბეღურების რაოდენობა ძალიან შემცირდა: რაც დრო გადის, ადამიანები უფრო მკვიდრად ნაშენებ და კეთილმოწყობილ სახლებს აგებენ, სადაც ხვრელების რაოდენობა მცირეა და იქ ფრინველები ვეღარ იბუდებენ. ეს ბეღურასაც ეხება.
ჩვენს ქვეყანაში დიდი რა­ოდენობით გვხვ­დება აგრეთვე სკვინჩა ანუ ნიბლია. ნიბლიაც ბეღურასნაირი ფრინველია. ის გვხვდება ბაღებში, სკვერებში, თითქმის ყველგან. ეს ფრინველი, ისევე როგორც ბეღურა, ძირითადად, მცენარეული საკვებით იკვებება. სკვინჩას დამახასიათებელი ხმა აქვს, ალბათ, ყველას სმენია, თუმცა ადამიანები იშვიათად აკვირდებიან, რომელი ფრინველის ხმა ისმის მათი ეზოდან ან ბაღიდან.
საყელოიანი გვრიტი
ჩვენში გავრცელებული სახეობაა წივწივაც. ძალიან ლამაზი ფრინველია. ძირითადად, მწერებით იკვებება, მკვეთრი ხმა აქვს და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და სოფელში ბუდობს. იგივე ითქმის შავ შაშვზე, რომელიც საუკეთესო მგალობელია და დარწმუნებული ვარ, მის ლამაზ, ხავერდოვან ხმას უმრავლესობა ცნობს. შაშვი გაზაფხულის პირველი მაცნეა -როგორც კი ოდნავ დათბება, მაშინვე გამოჩნდება და გალობას იწყებს. თუ საკვებურს დაუდგამთ, ნახავთ,­ როგორ გაგიშინაურდებათ. ამ თვისების გამო ის ძალიან უყვართ ადამიანებს.

- ალბათ, ფრინველებს გავრცელების სხვა­დასხვა არეალი აქვთ.
- რა თქმა უნდა, მაგალითად, თუ შაშვი და ბეღურა ყველგან გვხვდება, საყელოიანი და მცირე გვრიტი, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოში ბუდობენ. გვრიტებს უფრო დაბლობი ადგილები უყვართ, ამიტომ მთიან ქალაქებში მათ ვერ შეხვდებით. ადამიანების უმეტესობა ხშირად ხედავს ამ ფრინველს, რომელიც ძალიან ლამაზად ღუღუნებს, განსაკუთრებით გაზაფხულზე. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფრინველია მწვანულა, რომელიც, როგორც სახელწოდება მიანიშნებს, მწვანეა. დიდი ქალაქების ცენტრში, სადაც არ არის მოზრდილი სკვერი ან პარკი, ჩიტბატონას ვერ შეხვდებით. ყველაზე გავრცელებულ ფრინველებს შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზე მტრედია. ის, ძირითადად, შენობების სახურავებზე და ადამიანის ბინასთან ახლოს ბინადრობს და ამ გარემოში ძალიან კარგად გრძნობს თავს.
ჩიტბატონა

- რას გვეტყოდით იშვიათ ფრინველებზე, რომელთა რაოდენობა მცირეა?
- იშვიათ ფრინველებს შორის უნდა დავასახელოთ გადამფრენი ფრინველები, რომლებიც აცივებისთანავე საქართველოში შემოდიან და აქ იზამთრებენ. ასეთი ფრინველია, მაგალითად, მთიულა, რომელიც ჩვენთან ჩრდილოეთიდან მოფრინავს. ზამთარში მათი რიცხვი რამდენიმე ათასიც შეიძლება იყოს. ისინი ხშირად გვხვდებიან სკვინჩებთან ერთად. თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე ეს ფრინველი მხოლოდ ზამთარში გვხვდება. იშვიათად ბინადრობს საქართველოში კრუპერის ცოცია, რომელიც ასევე იშვიათი ფრინველია. ეს ფრინველი, ძირითადად, კავკასიონზე ბუდობს და წარმოიდგინეთ, როგორ გავოცდებოდით ორნითოლოგები, როდესაც ის ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე აღმოვაჩინეთ. გარდა ამისა, კრუპერის ცოცია მთაწმინდის პარკსა და ვაკის პარკშიც ვნახეთ. სხვათა შორის, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე ვნახეთ ერთ-ერთი უიშვიათესი სახეობა, რომელსაც თხილიტეხიას ეძახიან. ეს ფრინველი მართლაც იშვიათად გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე. ერთ-ერთი ის ვაკის პარკშიც შევნიშნეთ. თხილიტეხია, ძირითადად, ჩრდილოეთში -ციმბირსა და ტაიგაში გვხვდება, ჩვენთან იშვიათად მოფრინავს.
საქართველოში იშვიათად გვხვდება­ ფრინველი, რომელსაც ცოტა უცნაური სახელი -მედუდუკე ჰქვია. შეიძლება ისე გავიდეს 7-8 ან 10 წელი, რომ არ გამოჩნდეს ჩვენს ტერიტორიაზე, მაგრამ მერე უცებ მომრავლდეს. ასე მოხდა შვიდიოდე წლის წინ: მედუდუკეებს თბილისშიც ხედავდნენ და საქართველოს სხვა ქალაქებშიც. მათ სიმრავლეს ამინდის გაუარესება და საკვების ნაკლებობა იწვევს: თუ ჩრდილოეთში დიდი ზამთარია და მოსავალიც ცუდია, ეს ფრინველი უფრო სამხრეთისკენ მოდის. თბილისშიც ყოფილა შემთხვევა, რომ მათი რაოდენობა ძალიან გაზრდილა.

ხათუნა ჩიგოგიძე
luxo
11 სექტემბერი 2015 15:58
ბეღურასა და გაღვივიებული თესლის ბალადა

ფანჯრის რაფაზე ვიპოვეთ იგი, ერთი პატარა ჩიტი ბეღურა,
იდო უძრავად, ვით ზამთრის ფიქრი, საბნადაც ზამთრის სუსხი ეხურა.
რა დაემართა არა ვიცი მე, გუშინ საკენკზე ორჯელ გვეწვია,
იქნებ სიბერე, იქნებ სიცივე, ან თუ შურდული წამოეწია.
გაშავებოდა თვალთა უპები, იანვრის სუსხით დანაფეთები,
და როგორც ბედის საყვედურაბი, ზედ შეჰყინოდა ცრემლის წვეთები.
ჩემს უნებურად დავძაბე სმენა, და როგორც საათს მიუგდე ყური,
და საათივით, მე მომეჩვენა, გაუჩხაკუნდა პატარა გული.
-არ დავაკელით ზრუნვა, ალერსი, სული უბერეთ, წყალი ვაპკურეთ,
და მიმავალი საიქიოში, ბეღურა უკან გამოვაბრუნეთ.
აუელამდა როცა თვალები, თან შემოგვხედა უნდოთ, ირიბად
რაც ჩვენ მივეცით სითბოც, ალერსიც, სულ სიხარულად ჩამოგვირიგა.
არ დამიჯერებთ, ჩვენი ოჯახი რაღაცა უცხო შუქით აინთო,
თუმც გარეთ იდგა იანვრის სუსხი, ფანჯრებს მოადგა მაისის სითბო.
. . . რა არის ერთი ბეღურას ბედი, იქნებ დაცინვაც აღარ მაკმაროთ,
ასიც რომ მოკვდეს და ასზეც მეტი, გაღარიბდებაა ვითომ სამყარო?
მაგრამ მკითხველო, თუ გაქვს ნანახი, მიწაში თესლი როგორ ღვივდება,
ან შესწრებიხარ დამჭკნარ ბალახის -დარწყულებისას გამოღვიძებას,
მაშინ გინახავს დღე სასწაული, მარადიული, უკიდეგანო,
ერთი ბალახის გამოღვიძებაც, როგორ ახარებს დედა სამყაროს.
-ვიცი, არ არის დიდი გმირობა, არც ვაშკაცობა, არც სიჩაუქე,
ერთი ბეღურა მოვტაცეთ სიკვდილს და ჩვენი ეზოს ხეებს ვაჩუქეთ,
მაგრამ თუ შერჩათ ხეებს ბეღურა, ბალახს კი, ერთი თესლიც- ნაყოფად,
მარადისობას მაინც ეყოფა, არარაობის უარსაყოფად. 1994წ.
12
07 სექტემბერი 2015 19:55
დიდი მადლობა ვინც გარეულ ბინადართა შესახებ ხშირად დაწერთ ინფორმაციებს,ბევრმა არ იცის და ვერც ცნობს,ხალხი სხვადასხვა ქვეყნებში დადიან გარეული ბინადართა სანახავად,რა გავიხარე როცა ჩემს სოფელში ისევ ვნახე ოფოფები,ბულბული და ა.შ
teo
25 აგვისტო 2015 01:46
ამერიკაში ამბობენ ზამტარში პრინველსს ტუ გამოკვებავ მტელი წელი იღბლიანი გექნებაოო და ხალხიც გარეულ პრინველებს კვებავენ . ბედსაც არ უჩივიან. მეც კარგად მაქვს ეს დაცდილი.მატტვისს სპეციალურად იყიდება ატ კილოიანი პრინველის საკვები მეშოკები ქაგალდის რატქმაუნდა.დზვირიც არააა 5 დოლარამდეა.ტვესჰი ერტხელ 5 დოლარს ხალხი იმეტებსს ესაც ერტ-ერტი საშვალებაა სიკეტის კეტების და კოსმოსში კარგი ენერგიის გაშვებისს და რასაც გაუშვებტ ის ყოველტვის უკან ბრუნდება .

რედაქტორის რჩევით