ქალაქიდან - ოცნების ბაღში... - კვირის პალიტრა

ქალაქიდან - ოცნების ბაღში...

დებმა - მედეა და მაია ქარელიშვილებმა, თბილისში სახლი გაყიდეს და ოქროყანაში გადასახლდნენ. როგორც ქალბატონი მედეა ამბობს, ეს მათი დიდი ხნის ოცნება იყო. აქვთ საოცარი ბაღი და ეს ყველაფერი საკუთარი ხელითა და გემოვნებით შექმნეს. მათ ოქროყანაში ვეწვიეთ.

მედეა ქარელიშვილი:

- მეცხრე წელიწადია აქ ვართ. უკვე წარმოდგენაც მიჭირს, მანამდე როგორ ვცხოვრობდით დახუთულ ქალაქში... სულ გვინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება. გვიყვარს ბუნება, ცხოველები, ფრინველები, ყვავილები.

"ღვინის ხის კასრები სოფლიდან ჩამოვიტანე, ღვინის ძველებური ჭურჭელი კი გვაჩუქეს" როცა აქ დავსახლდით, ეს ადგილი ნაგავსაყრელი იყო. თვალს მოფარებული ადგილია და ყველაფერს, რაც არ სჭირდებოდათ, აქ ყრიდნენ. მხოლოდ ერთი ვარდი და თხილის ხე ხარობდა. თანდათან გავწმინდეთ, ჩემს დას ვარდის ნერგები მოჰქონდა, მცენარეებს მეც ვრგავდი. ახლა ეს ადგილი ძალიან ლამაზია მაის-ივნისში.  წლეულს საშინელი პაპანაქება იყო, გამუდმებით ვრწყავდი ბაღს.

აქაურ ნეკერჩხალს ულამაზესი ფერები აქვს, შემოდგომაზე წითლდება, მაისში კი ვარდები და სხვადასხვა ყვავილი საოცრებას ახდენს. ფერებისა და სურნელის ნაირ-ნაირი გამაა.  ბაღის მოსაწყობად გამოყენებულ მძიმე ქვებს, ცხადია, მარტო ვერ ავწევდი, სიძე მეხმარებოდა. რუს კალაპოტი მე ამოვთხარე, ქვები კი მან ჩააწყო.

"დუმფარებს ამ გუბურაში ვაცოცხლებ და ძალიან მომწონს"

- ეს რუ საიდან მოედინება?

- წყაროს წყალი გამოვიყვანეთ. წყალი გუბურაში გროვდება და ტერიტორიის მოსარწყავად ნაწილდება.

- კუთხე-კუთხე კომპოზიციები შეგიქმნიათ.

- კი, ღვინის ხის კასრები სოფლიდან ჩამოვიტანე, ღვინის ძველებური ჭურჭელი კი გვაჩუქეს. აქვეა კალათები, პატარა ქვევრები და სხვადასხვა ლამაზი ნივთი.

- ვაზიც დაგირგავთ და კარგადაც ასხია...

- ეს ჩემი ჩარგული ყურძენია. ესეც ვცადე და გამომივიდა.

- თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ აქაურობა?

- ეს ჩემი ოცნების ბაღია და ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ქალაქში ლარნაკში ყვავილები სულ მქონდა, მაგრამ ხომ იცით, მალე ჭკნება. ახლა ისინი ბაღში დიდხანს ყვავიან. სხვათა შორის, მოყვარულ მებაღეთა კონკურსში მეორე ადგილი დავიკავე.

"ეს ტირიფი ჩვეულებრივს არ ჰგავს, დახვეულ-დაკლაკნილი ვარჯი აქვს"

- სამსახური თუ გაქვთ?

- პროფესიით ეკონომისტი გახლავართ, მაგრამ ახლა პენსიაზე ვარ.

- მცენარეებს როგორ უვლით?

- თითოეულ მცენარეს თავისებური ყურადღება სჭირდება... ვარდებს ვსხლავ, დიდ ტოტებს ვაცილებ და განასხლავს იმ მეზობლებს ვუნაწილებ, ვისაც უყვართ ვარდები. ნეკერჩხალს მზე სჭირდება, რომ გაწითლდეს. ხელის შეწყობა უნდა წყალმცენარეებსაც, გუბურაში რომ იწონებენ თავს, მაგალითად, დუმფარებს ამ გუბურაში ვაცოცხლებ და ძალიან მომწონს.

- ეს რა ლამაზი და ცოტა უცნაური ხეა?

- ტირიფია, თუმცა ჩვეულებრივ ტირიფს არ ჰგავს, მტირალა, ანუ დაშვებული ტოტები არა აქვს. ხედავთ, როგორი დახვეულ-დაკლაკნილი ვარჯი აქვს? წლების წინ ყვავილების მაღაზიაში ტოტი ვიყიდე, ლამაზად იყო დაკლაკნილი, წყალში ჩავდე და დავაფესვიანე. რომ გაიზარდა, აქ ჩავრგე და ხედავთ, რამხელაა?

ამ ბაღში ჩვენს მეგობრებსაც უყვართ მოსვლა. ეს მაგიდა კენჭებითა და წვრილი ქვებით მე მოვაპირკეთე. კენჭები ზღვიდან ჩამოგვაქვს... არყის ხის ქერქი სკამზე დავაფინე, პატარა ხის ღობეც ჩემი ნახელავია. აქვეა კუნძებიც. დეკორატიული ჯუჯა ბროწეული შინ მქონდა ქოთანში, ღია გრუნტში გადმოვიტანე და გაიხარა.

სუროც ჩემი დარგულია. ოთხნაირი სურო მაქვს... კივი არ ისხამს და დეკორატიულ მცენარედ მაქვს, მომწონს, მისი ფოთლები, ლიანებივით რომ ჰკიდია.

ეზოც წინა ნაწილშიც კი, ფაქტობრივად, კლდოვან ადგილას ბაღი გავაშენე.

- ბოსტანს ვინ უვლის?

- ეკოლოგიას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოვიყვანოთ: პომიდორი, ლობიო, მწვანილი, სტაფილო თუ წიწაკა - არაფერს ვწამლავთ. გვაქვს ხეხილიც.

ბაღში კუ და ზღარბი მყავდა. ზღარბი გაიპარა და ვერსად მივაგენით. გაპარვა იცისო, მითხრეს, კუმ კი ყვავილები შემიჭამა და ტყეში გავუშვი. ორი ძაღლიც გვყავს და კატაც.

მაია ქარელიშვილი:

- ამ მაღლობიდან გადასარევი ხედებია. ძალიან მშვიდი გარემოა. დილას ადრიანად გამოვდივარ, ბაღში ვჯდები და ჩიტების ჭიკჭიკს ყურს ვუგდებ. აქ მზის ამოსვლაც საოცარი სანახავია - ზიხარ და სრულ ნეტარებას განიცდი.

ლალი ფაცია