ქალაქიდან - ოცნების ბაღში...
ქალაქიდან - ოცნების ბაღში...
დებმა - მედეა და მაია ქარელიშვილებმა, თბილისში სახლი გაყიდეს და ოქროყანაში გადასახლდნენ. როგორც ქალბატონი მედეა ამბობს, ეს მათი დიდი ხნის ოცნება იყო. აქვთ საოცარი ბაღი და ეს ყველაფერი საკუთარი ხელითა და გემოვნებით შექმნეს. მათ ოქროყანაში ვეწვიეთ.

მედეა ქარელიშვილი:
- მეცხრე წელიწადია აქ ვართ. უკვე წარმოდგენაც მიჭირს, მანამდე როგორ ვცხოვრობდით დახუთულ ქალაქში... სულ გვინდოდა ქალაქგარეთ ცხოვრება. გვიყვარს ბუნება, ცხოველები, ფრინველები, ყვავილები.
"ღვინის ხის კასრები სოფლიდან ჩამოვიტანე, ღვინის ძველებური ჭურჭელი კი გვაჩუქეს"
როცა
აქ დავსახლდით, ეს ადგილი ნაგავსაყრელი იყო. თვალს მოფარებული ადგილია და ყველაფერს, რაც არ სჭირდებოდათ, აქ ყრიდნენ. მხოლოდ ერთი ვარდი და თხილის ხე ხარობდა. თანდათან გავწმინდეთ, ჩემს დას ვარდის ნერგები მოჰქონდა, მცენარეებს მეც ვრგავდი. ახლა ეს ადგილი ძალიან ლამაზია მაის-ივნისში.  წლეულს საშინელი პაპანაქება იყო, გამუდმებით ვრწყავდი
ბაღს.
აქაურ ნეკერჩხალს ულამაზესი ფერები აქვს, შემოდგომაზე წითლდება, მაისში კი ვარდები და სხვადასხვა ყვავილი საოცრებას ახდენს. ფერებისა და სურნელის ნაირ-ნაირი გამაა.  ბაღის მოსაწყობად გამოყენებულ მძიმე ქვებს, ცხადია, მარტო ვერ ავწევდი, სიძე მეხმარებოდა. რუს კალაპოტი მე ამოვთხარე, ქვები კი მან ჩააწყო.
"დუმფარებს ამ გუბურაში ვაცოცხლებ და ძალიან მომწონს"

- ეს რუ საიდან მოედინება?

- წყაროს წყალი გამოვიყვანეთ. წყალი გუბურაში გროვდება და ტერიტორიის მოსარწყავად ნაწილდება.

- კუთხე-კუთხე კომპოზიციები შეგიქმნიათ.
- კი, ღვინის ხის კასრები სოფლიდან­ ჩამოვიტანე, ღვინის ძველებური ჭურჭელი კი გვაჩუქეს. აქვეა კალათები, პატარა ქვევრები და სხვადასხვა ლამაზი ნივთი.

- ვაზიც დაგირგავთ და კარგადაც ასხია...
- ეს ჩემი ჩარგული ყურძენია. ესეც ვცადე და გამომივიდა.

- თქვენი გემოვნებით მოაწყვეთ აქაურობა?­

- ეს ჩემი ოცნების ბაღია და ჩემი გემოვნებით მოვაწყვე. ქალაქში ლარნაკში ყვავილები სულ მქონდა, მაგრამ ხომ იცით, მალე ჭკნება. ახლა ისინი ბაღში დიდხანს ყვავიან. სხვათა შორის, მოყვარულ მებაღეთა კონკურსში მეორე ადგილი დავიკავე.
"ეს ტირიფი ჩვეულებრივს არ ჰგავს, დახვეულ-დაკლაკნილი ვარჯი აქვს"

- სამსახური თუ გაქვთ?
- პროფესიით ეკონომისტი გახლავართ, მაგრამ ახლა პენსიაზე ვარ.

- მცენარეებს როგორ უვლით?
- თითოეულ მცენარეს თავისებური ყურადღება სჭირდება... ვარდებს ვსხლავ, დიდ ტოტებს ვაცილებ და განასხლავს იმ მეზობლებს ვუნაწილებ, ვისაც უყვართ ვარდები. ნეკერჩხალს მზე სჭირდება, რომ გაწით­ლდეს. ხელის შეწყობა უნდა წყალმცენარეებსაც,­ გუბურაში რომ იწონებენ თავს, მაგალითად, დუმფარებს ამ გუბურაში ვაცოცხლებ და ძალიან მომწონს.

- ეს რა ლამაზი და ცოტა უცნაური ხეა?
- ტირიფია, თუმცა ჩვეულებრივ ტირიფს არ ჰგავს, მტირალა, ანუ დაშვებული ტოტები არა აქვს. ხედავთ, როგორი დახვეულ-დაკლაკნილი ვარჯი აქვს? წლების წინ ყვავილების მაღაზიაში ტოტი ვიყიდე, ლამაზად იყო დაკლაკნილი, წყალ­ში ჩავდე და დავაფესვიანე. რომ გაიზარდა, აქ ჩავრგე და ხედავთ, რამხელაა?
ამ ბაღში ჩვენს მეგობრებსაც უყვართ მოსვლა. ეს მაგიდა კენჭებითა და წვრილი ქვებით მე მოვაპირკეთე. კენჭები ზღვიდან ჩამოგვაქვს... არყის ხის ქერქი სკამზე დავაფინე, პატარა ხის ღობეც ჩემი ნახელავია. აქვეა კუნძებიც. დეკორატიული ჯუჯა ბროწეული შინ მქონდა ქოთანში, ღია გრუნტში გადმოვიტანე და გაიხარა.
სუროც ჩემი დარგულია. ოთხნაირი სურო მაქვს... კივი არ ისხამს და დეკორატიულ მცენარედ მაქვს, მომწონს, მისი ფოთლები, ლიანებივით რომ ჰკიდია.
ეზოც წინა ნაწილშიც კი, ფაქტობრივად, კლდოვან ადგილას ბაღი გავაშენე.

- ბოსტანს ვინ უვლის?
- ეკოლოგიას დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვცდილობთ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოვიყვანოთ: პომიდორი, ლობიო, მწვანილი, სტაფილო თუ წიწაკა - არაფერს ვწამლავთ. გვაქვს ხეხილიც.
ბაღში კუ და ზღარბი მყავდა. ზღარბი­ გაიპარა და ვერსად მივაგენით. გაპარვა იცისო, მითხრეს, კუმ კი ყვავილები შემიჭამა და ტყეში გავუშვი. ორი ძაღლიც გვყავს და კატაც.

მაია ქარელიშვილი:
- ამ მაღლობიდან გადასარევი ხედებია. ძალიან მშვიდი გარემოა. დილას ადრიანად გამოვდივარ, ბაღში ვჯდები და ჩიტების ჭიკჭიკს ყურს ვუგდებ. აქ მზის ამოსვლაც საოცარი სანახავია - ზიხარ და სრულ ნეტარებას განიცდი.

ლალი ფაცია
მკითხველის კომენტარი (10)
...
01 აგვისტო 2016 20:46
იხარეთ გაახარეთ გაგვახარეთ.
...
29 ივლისი 2016 11:36
რადგან არ ისხამს კივი ეტყობა არ ხდება დამტვერვა რადგან არსებობს ორნაირი კივი დედალმამალი ასე ქვია, ტქვენი ალბატ მამალია, ან პირიქიტ, მარტო ერტი არ მოისხამს უყიდეტ რამდენიმე ზირი
მანანა
16 თებერვალი 2016 15:03
ვისიამოვნე წაკითხულით.
ლია თოიძე
15 თებერვალი 2016 20:49
აღფრთოვანებული ვარ,ყოჩღ გოგონებო,ძალიან მეამაყებით!
ცისანა
24 სექტემბერი 2015 17:03
გაიხარეთ.წარმატებები საყვარელ დებს.მოწონებას და მიბაძვას იმსახურებენ
shota
24 სექტემბერი 2015 17:01
ღმერთმა გაგახაროთ.წუწუნით საქმე არ კეთდება. მთავარი მონდომება დაბუნების სიყვარულია, რაც ნამდვილი ქართველის უდაო ღირსებაა.თქვენ გაიხარეთ!
მზია ბაბეური
06 სექტემბერი 2015 05:55
მედეა როგორ გავიხარე ვერ აგიწერ ,ეს რეებს შეჭიდებიხარ ასეთი სიფრიფანა, მე ასეთი მახსოვხარ ,ეს რა ულამაზესი რამ შეგიქმნიათ..მიყვარხართ მენატრებით ძალიან გეფერებით საუკეტესო სურვილებით მზია
ania
03 სექტემბერი 2015 21:20
ყოჩაღ, ულამაზეია, დიდხნა სიცოცხლეტ ჯანმრტელად და ბედნიერად მაგ ედემში

სხვებმაც რომ მივბაზოთ კარგი იქნება
ნანიკო ჯაფარიძე
01 სექტემბერი 2015 12:03
მაიკო და მედიკო. როგორ გამეხარდა ეს სტატია. რამდენი ხანია თქვენზე არაფერი ვიცოდი. ძალიან მომეწონა თქვენი გარემო. თან შენი ხელით რომ გააკეთებ. ულამაზესია. იქნებ მოვახერხო და გინახულოთ კიდევაც. მიყვარხართ და წარმატებებს გისურვებთ. :*
ნინო კუხალაშვილი
31 აგვისტო 2015 18:31
ძალიან მომეწონა ,ულამაზესი ბაღი მოგიწყვიათ :)წარმათებებს გისურვებთ!

თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა