ქართული დოლი ასე იკვრება...
31-08-2015
ქართული დოლი ასე იკვრება...
"დიპლიპიტოზე ვირის შუბლის ტყავს აკრავენ"

"საუკეთესო დოლი ციკნის ტყავისა და ყავარისგან მზადდება"

"სამეგრელოში მას დიპლიპიტოს ეძახიან. სწორედ დიპლიპიტო იყო ქართული დოლის ერთგვარი წინაპარი, რომელიც დასავლეთ საქართველომ, კერძოდ, სამეგრელომ შემოგვინახა"


ქართული ხალხური სიმღერა  და ცეკვა წარმოუდგენელია მუსიკალური საკრავების გარეშე. ქართულმა ანსამბლებმა მსოფლიო რომ მოხიბლეს და მილიონობით მაყურებლის გული მოიგეს, დიდი დამსახურება მიუძღვის ხალხურ ინსტრუმენტებს და მათ შორის, დოლსაც. ამ საკრავის შესახებ მუსიკოსი გივი კანდელაკი გვესაუბრება. ის ხალხურ საკრავებს­ თავად ამზადებს:

-
დოლი დასარტყამი ინსტრუმენტია, რომელიც მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. მას, ძირითადად, ისეთი ერები იყენებენ, სადაც მუსიკალური საკრავები ნაკლებად აქვთ, მაგალითად, აფრიკელები. შავ კონტინენტზე დასარტყამ ინსტრუმენტებს უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება და აფრიკული რიტმებიც მთელ მსოფლიოშია განთქმული. აფრიკელებს მრავალფეროვანი დასარტყამი ინსტრუმენტები აქვთ და მათ შორის, ჩვენებური დოლის მსგავსი საკრავიც, თუმცა
მისი ფორმა სხვანაირია: დაახლოებით 1-1,5 მეტრი სიგრძის ინსტრუმენტს თავსა და ბოლოში ტყავი აქვს გადაკრული. ურტყამენ ორივე მხრიდან, ცალი ხელით ზემოდან, მეორით კი ქვემოდან და ჟღერად, სასიამოვნო რიტმებს გამოსცემენ. ეს საკუთარი თვალით ვნახე აფრიკაში.
ქართულ ფოლკლორშიც დოლი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩვენებური დოლი მუხლებზე უდევთ და, ძირითადად, ერთ მხარეს ურტყამენ. სხვადასხვა ქვეყანაში დოლის ფუნქციას სხვადასხვა ინსტრუმენტი ასრულებს. მთავარი მაინც რიტმია. დოლები ზომითაც განსხვავდება, არსებობს აფრიკული დიდი დოლები და შედარებით პატარებიც.

- ჩვენც ხომ გვაქვს მცირე ზომის დოლი?

- დიახ, სამეგრელოში და მას დიპლიპიტოს ეძახიან. ის ტყავგადაკრული თიხის ორი ფილისგან შედგება. ადამიანი წინ დაიდებს ამ ინსტრუმენტს და ჯოხებით ურტყამს.­ ერთი ფილა დიდიაA, ხოლო მეორე - მცირე, რათა საკრავმა სხვადასხვა ხმა გამოსცეს. სწორედ დიპლიპიტო იყო ქართული დოლის ერთგვარი წინაპარი, რომელიც დასავლეთ საქართველომ, კერძოდ, სამეგრელომ შემოგვინახა.

- რისგან შედგება დოლი და როგორ ამზადებენ მას ოსტატები?
- დოლი შედგება ხის ტანისგან, რომელსაც ოსტატები ხინკს ეძახიან. ჩვენებურ დოლს თავსა და ბოლოში აქვს ორი მავთულის რგოლი, რომელზეც ტყავია გადაკრული. ტყავი ზევიდან თოკებით არის დაჭიმული. კარგად რომ დაიჭიმება, სასიამოვნო და მაღალ ბგერებს გამოსცემს, მოშვებულს შედარებით დუნე ხმა აქვს.

- ყველაზე კარგი მასალა დოლისთვის რომელია?
- ყველას ციკნის ტყავი სჯობს, შემდეგ ხბოსა და ცხვრის ტყავი. რაც უფრო თხელია ტყავი, მით უფრო კარგია მასალად
და ყველაზე თხელიც სწორედ ციკნის ტყავია. მისი ხმაც უფრო მკაფიოა. გაგიკვირდებათ და, დიპლიპიტოზე ვირის შუბლის ტყავს აკრავენ. ჩემი მასწავლებლისგან ვიცი, რომ დიპლიპიტოს დასამზადებლად ყველაზე კარგი მასალა სწორედ ეს არის.

- ტყავს როგორ ამუშავებენ?
- ფრთხილად გაატყავებენ ციკანს ან ხბოს, ისე, რომ არ გაიჭრას. ტყავის გასაწმენდად მჟავებს იყენებენ. მჟავა ტყავს არბილებს, ნარჩენებს კი ნელ-ნელა აცლიან სახეხით. სუფთა ტყავ­ამდე ისე დაჰყავთ, რომ ბეწვის ან ხორცის ნარჩენები არ დარჩეს. ამისთვის ტყავს ნელ-ნელა წმენდენ და ხეხავენ, სანამ ერთიანად არ გასუფთავდება. ოსტატი ამზადებს მავთულის რგოლს, რომლის სისქეც 3-4 მილიმეტრია. გასუფთავებულ და დამუშავებულ ტყავს ამ რგოლზე დადებენ, შემოკეცავენ და ირგვლივ ლამაზად შემოაკერებენ. როცა ტყავი გახმება, ის თავისით დაიჭიმება. მერე ხის გამზადებულ რგოლებს ორივე მხრიდან დააფარებენ და თოკებით კიდევ დაჭიმავენ. აბრეშუმის თოკი კარგად ჭიმავს და აკავშირებს ერთმანეთთან დოლის ზედა და ქვედა მხარეს. ამის შემდეგ დოლის ზედაპირი დასაკრავად მზად არის.

- ინსტრუმენტის ტანს რისგან ამზადებენ?
- დოლის გვერდებს ხშირად ამზადებენ ფანერისგან, რომელსაც მოღუნავენ და მის ზედაპირებს ერთმანეთს შეაწებებენ. ფანერი ყველაზე იაფი მასალაა და თანაც ადვილი დასამზადებელი. გაცილებით ძვირფასი და მტკიცე მასალაა ყავარი - მასიური ხის მასალა, რომელიც ფანერის მსგავსად იღუნება და დოლის ფორმას იძენს. ტანი ცოტა ძნელი დასამზადებელია, ისე უნდა დაღუნო, რომ არ გაგიტყდეს. ამისთვის სპეციალური დასაღუნი ხელსაწყო არსებობს: ყავარს წყალში დაალბობენ, ჩარხში შედებენ და ხელსაწყო მრგვალ ფორმას აძლევს და წებოთი შეკვრით დოლის ტანს იღებენ. შემდეგ მას ხეხავენ, ასუფთავებენ და სპეციალურ საღებავს უსვამენ. გაშრობის შემდეგ საღებავი პრიალებს და ძალიან ლამაზია. საერთოდ, დოლის მასალად ყავარი ჯობს, ფანერისგან დამზადებულ დოლს უფრო დამწყებები და ბავშვები უკრავენ, პროფესიონალი მუსიკოსის დოლი კი კარგი ხარისხისა უნდა იყოს. ისევე როგორც სალამური მზადდება ბევრნაირი ხისგან, მაგრამ ყველაზე კარგი მასალა ჭერამია, ასევე დოლისთვისაც ყავარია საუკეთესო.

- დოლი რამხელა უნდა იყოს?
- დოლის დიამეტრი 30-32 სანტიმეტრი უნდა იყოს. ეს დადგენილი სტანდარტია, რომელსაც ყველა ოსტატი იცავს, თუმცა არსებობს მცირე ზომის დოლები, რომლებიც პროფესიონალი მუსიკოსისთვის არ გამოდგება. ასეთ დოლებს სათამაშოდაც ამზადებენ.

- რა ღირს კარგი, პროფესიული დოლი?
- არსებობს ძალიან ძვირფასი დოლები, მაგალითად, თუ საესტრადო დოლებს ავიღებთ, მათი ღირებულება 10-15 ათას დოლარსაც კი აღწევს. ჩვენებური საუკეთესო დოლი ხშირად 250-300 დოლარიც ღირს.
საერთოდ, ყველა კარგი ინსტრუმენტი ძვირი ღირს, რადგან კარგი მასალისგან არის დამზადებული, ჟღერადობაც საუკეთესო აქვს და ხმაც. კარგი ინსტრუმენტი, რომელზეც პროფესიონალმა შემსრულებელმა უნდა დაუკრას, ყოველთვის ძვირია. პროფესიონალებს კი ყოველთვის კარგი ინსტრუმენტი სჭირდებათ.


ხათუნა ჩიგოგიძე
თამაზი
18 თებერვალი 2016 13:51
ყავარს რას ეძახით. გთხოვთ გვითრათ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა