ქვევრის თანამედროვე ოსტატები სოფელ ვარდისუბნიდან - კვირის პალიტრა

ქვევრის თანამედროვე ოსტატები სოფელ ვარდისუბნიდან

"2-ტონიანი ქვევრი ჯერ მზეზე გამოსაშრობად რომ გაიტანო და მერე - ღუმელში გამოსაწვავად, 6-7 კაცი მაინც სჭირდება. იმხელა ღუმელი გვაქვს, 8 ქვევრს ერთად ვწვავთ. სეზონზე სულ 16 ქვევრს ვამზადებთ"

"მოზელილი თიხისგან სორსალას ვამზადებთ - თიხას მაგიდაზე მანამდე ვაგორებთ, სანამ იმ ფორმას მიიღებს, რომ ქვევრს მორიგი რკალი შემოვალესოთ"

რამდენიმე წელია, თელავის რაიონში, სოფელ ვარდისუბანში, მამა-შვილ რემი და ზაზა კბილაშვილების სახლში არც ქართველი სტუმარი ილევა, არც - უცხოელი. ისინი დაუფარავი აღტაცებით შესცქერიან, როგორ ამზადებს მამა-შვილი და მათთან ერთად მთელი ოჯახი უნიკალურ ქართულ ნაწარმს. ამ სახლის მუდამ გრილ, სქელკედლებიან, 2-ტონიანი ქვევრებით სავსე მარანში დრო მნიშვნელობას კარგავს. კბილაშვილები ამ საქმეს ისე მისდევენ, როგორც მათი წინაპრები 8000 წლის წინ. ზაზა კბილაშვილმა საკუთარი ხელით სახლი და ეზო-კარიც კი წინაპრების წესზე გამართა - მდინარე თურდოს რიყის ქვებითა და კირით.

ზაზა კბილაშვილი:

- ჩვენი დიდი პაპების დროს ქვევრებს ამ სოფელში ყველა ამზადებდა და ამ საქმის პროფესიონალები იყვნენ. ვარდისუბნელები უნაკლო ქვევრისა და კირის (რითაც ძველად სოფელი შენდებოდა) გამოსაწვავი ღუმლის ოსტატებიც გახლდნენ. ამას ისიც დავუმატოთ, რომ იმ დროს თიხა და კირი მდინარიდან ხარებით მოჰქონდათ, ანუ ყველა ოჯახში ჰყავდათ პირუტყვიც. 35 წლის კაცი ვარ და ჩემ თვალწინ ქვევრი დავიწყებასაც მიეცა და აღზევდა კიდეც - ბოლო დროს ქართული ქვევრი სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევს. ამისთვის ქართველმა ხელოვანებმაც ბევრი გააკეთეს, მაგალითად, ბატონმა მერაბ კოკოჩაშვილმა 2006 წელს სწორედ ჩვენს ოჯახში გადაიღო ფილმი ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის შესახებ. ფილმში ლაპარაკია ქვევრზე, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არ გააჩნია. "ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს" UNESCO-მ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

ჩვენმა წინაპრებმა ქვევრის ქიმიური შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი, ალბათ, არც იცოდნენ, მაგრამ ათასწლეულების განმავლობაში მშვენივრად შეისწავლეს, რომ ქვევრი ღვინოს ყველასა და ყველაფრის ჩარევის გარეშე კიდეც აყენებდა, კიდეც ინახავდა და ასე მზამზარეულს გვაწვდიდა.

მახსოვდა, როგორ აკეთებდა მამაჩემი ჩემ თვალწინ ქვევრებს, როგორ ეხმარებოდა დედა, როგორ შევყურებდი ამ უნიკალური ქმნილების დაბადებას და სწორედ ამ ხსოვნას დავუბრუნდი. მიხარია, რომ სიძნელეების მიუხედავად, ქართულმა მეღვინეობამ აღორძინება დაიწყო და ქვევრი და ქვევრის ღვინო მოითხოვა.

2006 წელს ვიყავი ერთ-ერთ კონფერენციაზე, სადაც ქვევრის ღვინის გასაცნობად და დასაგემოვნებლად ჩვენს მეღვინეებსა და სახელმწიფოს უცხოელებიც ჰყავდა მოწვეული. ერთი ამერიკელი დაინტერესდა, უნდა გავიგო, რისგან ამზადებენ ქვევრს, მასში ჩასხმული ღვინო მომეწონაო. თარჯიმანმა ჩემთან მოიყვანა, მეც დავპატიჟე - სიამოვნებით წაგიყვანთ ვარდისუბანში და თიხასაც გაგატანთ შესასწავლად-მეთქი.

მოკლედ, წაიღო ჩვენი სოფლის თიხა და 6 თვის შემდეგ პასუხი გამომიგზავნა. იწერებოდა, თქვენს თიხაში შედის კირი, რომელიც ანტისეპტიკია და ღვინოს უნიკალურად ინახავსო. იქ ჩვენი თიხის სხვა შემადგენელი ნაწილებიც იყო ჩამოთვლილი, მაგრამ ჩემი წინაპრების მსგავსად, ეტყობა, არც მე მივიჩნიე საჭიროდ, რომ მცოდნოდა და დამემახსოვრებინა. ჩემთვის ყველაზე

ზაზა კბილაშვილი მეუღლესთან მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ ანალიზის საფუძველზე ჩვენს თიხაში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კირი - ბუნებრივი, ჯანმრთელი ანტისეპტიკი.

მეც სულ ვფიქრობდი, რომ თიხაში რაღაც ამგვარი იქნებოდა. სხვათა შორის, ალბათ, ამასვე ფიქრობდნენ ის ქართველი ქალებიც, სამურაბე კაკალი კირში რომ გამოჰყავდათ. მაგრამ ჩემს წინაპრებს ვარდისუბანში (ჩემს სოფელს ხაზგასმით იმიტომ ვახსენებ, რომ საქართველოში თიხა ბევრგან არის და შემადგენლობის მიხედვით, შეიძლება მცირედით კიდეც განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან) ცივის მთიდან თიხა ამ ცოდნის გარეშეც მოჰქონდათ და ქვევრებს ამზადებდნენ, - სათავისოდაც და სასხვისოდაც, ყიდდნენ და ოჯახებს ინახავდნენ.

როგორც მე ვუყურებდი და ვსწავლობდი ამ საქმეს მამაჩემისგან, ასე სწავლობენ ჩემი ვაჟებიც - გიორგი და ნიკა. ჩემი მეუღლე ნათიაც ისე მეხმარება, როგორც დედა ეხმარებოდა მამას. თიხა მარტ-აპრილში მოგვაქვს. ადგილზე თიხა კარგად უნდა შევარჩიოთ. მთავარია, სუფთა იყოს, კენჭები არ ჰქონდეს.

თიხაზე მუშაობა მოზელით იწყება. მოზელილი თიხისგან სორსალას ვამზადებთ - თიხას მაგიდაზე მანამდე ვაგორებთ, სანამ იმ ფორმას მიიღებს, რომ ქვევრს მორიგი რკალი შემოვალესოთ. სწორედ ამაში მეხმარებიან ჩემი ცოლი და შვილები. ქვევრს კი ამ სორსალას მე ან მამაჩემი ვავლებთ. 2-ტონიან ქვევრებს ვაკეთებთ და ასეთი სორსალის შემოვლება, ქვევრი რომ დასრულდეს, 18-ჯერ მაინც სჭირდება. ქვევრის დამზადებას კი დაახლოებით 3 თვე უნდა.

როცა შევისვენებთ, სორსალების გადაბმის ადგილი სველი უნდა დარჩეს, ამიტომ ყოველი ამოშენებისას სორსალის ახალ ფენას ცელოფანი უნდა გადავაფაროთ, რომ შემდეგი სორსალის შემოვლებისას ნაპირი სველი იყოს და ყოველი ახალი ფენა ქვევრს ორგანულად შეერწყას.

- მერე რას აკეთებთ?

- ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ როცა შენდება, ქვევრის ადგილიდან დაძვრა არ შეიძლება, მით უფრო - 2-ტონიანისა. სანამ ნედლი და სველია, არც ღუმელში გამოსაწვავად გატანა შეიძლება და არც მიწაზე დაწვენა - მაშინვე დაიღრიცება და მთელი შრომა წყალში ჩაიყრება. ქვევრი ზომიერ ტემპერატურაზე უნდა გამოშრეს. როცა ისე გამოშრება, რომ ღუმელთან მიტანა შევძლოთ, ამას თიხის ფერითაც ვიგრძნობთ და წონის შემსუბუქებითაც.

2-ტონიანი ქვევრი ჯერ მზეზე გამოსაშრობად რომ გაიტანო და მერე - ღუმელში გამოსაწვავად, 6-7 კაცი მაინც სჭირდება. იმხელა ღუმელი გვაქვს, რვა ქვევრს ერთად ვწვავთ. სეზონზე სულ 16 ქვევრს ვამზადებთ. გამოწვას 4 დღე და 3 მანქანა შეშა სჭირდება, მეოთხე დღეს ტემპერატურა 900-950 გრადუსამდე აგვყავს.

- აღსანიშნავია, რომ ეზოც ძალიან ლამაზად მოგიწყვიათ.

- ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე. ამ მდინარის ჩამოტანილი კირითა და რიყის ქვებით ჩვენებურები სახლებს აგებდნენ. კირს დუღაბად იყენებდნენ, რიყის ქვებით კი კედლები ამოჰყავდათ. ახლა ამ მასალის მდინარიდან ამოტანა გაჭირდა, რადგან ლიცენზიაა საჭირო, ეს კი ფული ღირს. მაგრამ, ამის მიუხედავად, არაფერი დავიშურე და ხეობიდან რიყის ქვა ამოვიტანე. ამ ქვით მოვაპირკეთე ეზო, ავაშენე ქვევრების სათავსი და წყარო. ბუნებრივ ქვას სულ სხვა ძალა აქვს, სხვა სიმშვიდე მოაქვს... იმიტომაც იყენებდნენ ჩვენი წინაპრები.

- სახნავ-სათიბი?

- ქვევრებს როცა მოვრჩები, სხვა სამუშაოზე გადავდივარ. როცა სოფელში ცხოვრობ, ყველაფერი უნდა გყავდეს და გქონდეს, რა სიმდიდრესაც სოფელი ქმნის. მალე ახალ ვენახსაც ჩავყრი და, რა თქმა უნდა, ბუნებრივი საშუალებებით გავზრდი და გავახარებ. დრომ, ბევრს რომ არც უფიქრია, ისე დაადო ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს ფასი. ეს იმის ნიშანია, რომ შხამქიმიკატებს ზურგი უნდა ვაქციოთ. მჯერა, რომ ასე იქნება.

რამდენი წლისაა ქართული ქვევრი?

2006 წელს, მარნეულის ველზე, შულავერში, თიხის ჭურჭელში ძვ. წ. აღ.-ით VI-V ათასწლეულების ყურძნის წიპწის აღმოჩენას თან თიხის ჭურჭლის აღმოჩენაც მოჰყვა. თუმცა, დღეისათვის დადასტურებულია, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენამდე ქვევრმა მოაღწია, ის უკვე ძვ.წ. VI-III ათასწლეულებში იყო. თუმცა, ეს ბოლო აღმოჩენა როდია და იქნებ, ქართული ქვევრის ასაკი კიდევ "დაძველდეს".

ეთერ ერაძე