სათიბს ბარაქა რომ დააყენო... - კვირის პალიტრა

სათიბს ბარაქა რომ დააყენო...

თიბათვე ივლისია. ამ დროს საქართველოში თითქმის ყველგან თიბვა იწყება.

მთაში, მაგალითად, ხევსურეთში, თიბვა, აგვისტოშიც გრძელდება. მსოფლიო რომ შემოიაროთ, ალბათ, ვერსად ნახავთ ისეთ ლამაზ სანახაობას, როგორსაც ხევსურეთში. აქ თიბვა იმდენ შრომასა და ენერგიას მოითხოვს, რომ ხანდაზმულ ადამიანს სათიბად წასვლა უჭირს; თიბავენ ახალგაზრდები და თანაც - შეწყობილად.

ხევსურეთში მთიბავებს ზემო ბარისახოში, ალპურ ზონასთან ახლოს შევხვდი. ათეული წლებია, ხევსურები ამ ზონაში აღარ ცხოვრობენ, გზასთან ახლოს ჩამოსახლდნენ, მაგრამ სათიბებს გულმოდგინედ უვლიან. ზოგს სათიბების ზემოთ, მთებში, პირუტყვიც აჰყავს და ვიდრე ზამთარი არ დადგება, იქ აძოვებს.

სათიბებამდე პაპანაქება მზეში ფეხით ვიარე. კარჩხებით მოფენილ ფერდობზე მიმავალი დახვეული ბილიკი შორიდან მოკლე ჩანდა, სინამდვილეში კი ძალიან გრძელი გამოდგა. რომ არა ყოველ ნაბიჯზე მოჩუხჩუხე წყაროები, იქამდე მისვლა ძალიან გამიჭირდებოდა. Bბოლოს არაქათგამოცლილს მთიბავების ყიჟინა შემომესმა და შევეხმიანე. შეცბნენ - უცხო აქ არ ამოდის და ვიფიქრეთ, ცუდი ხომ არაფერი მოხდაო. აAრაბულები, ლიქოკელები და ჭინჭარაულები - სულ შვიდნი იყვნენ, ყველაზე უფროსი - 24 წლისა. შუადღის მზეზე ცოტა ხანს შეისვენეს, მაინც პური უნდა ვჭამოთო - და ხევსურეთში მთიბელთა შრომასა და სათიბების სარგებლიანობაზე ვისაუბრეთ.

გიორგი არაბული: - ხევსურეთში ბევრი ოჯახი აღარ დარჩა, მაგრამ ვინც დარჩა, მათ ოჯახებში 10-12 წლის ბიჭებმაც კი იციან თიბვა, მამებს სათიბში დაჰყვებიან და სწავლობენ. მათ მთელი დღე ცელს არავინ დააჭერინებს, მაგრამ თუ გაჭირდა, ისინიც თიბავენ. თიბვა ჩვენში ყველაზე მძიმე შრომაა, ამიტომაც ხშირად ერთმანეთს ვეხმარებით. ერთ დღეს ერთი მეზობელი დაგიძახებს მოსახმარებლად, ხვალაც - მეორე. მარტო კაცის მუშაობა ჩვენს სათიბებში ძნელია.

მთებში მარტო რომ ხარ და ხმის გამცემი არ გყავს, ესეც ტვირთია. სათიბში გამთენიისას უნდა წახვიდე. მზე რომ დააჭერს და თიბვა გაუსაძლისი გახდება, კარგა დიდი ძალი უნდა გქონდეს გათიბული - მარტო ასე დააყენებ სათიბს ბარაქას.

შუადღისას ჩრდილში დავსხდებით და პურს შევჭამთ. ღვთის მადლით, ჩვენს სათიბებში საჩრდილობელი ბევრია, ცივი წყაროებიც ჩამოგვიდის. ბოლო-ბოლო, თივის კარჩხის ძირას წამოვწვებით და იმით მოვიჩრდილავთ. მეტი რა უნდა დასიცხულ და ნამუშევარ კაცს. მზის გადაწვერისას ისევ თიბვას ვაგრძელებთ. სანამ ბალახი კარგად ჩანს, მანამდე ვთიბავთ, მერე კი ზოგი ცხენით, ზოგი ფეხით მიდის სახლში.

- გურიის სოფლებში ყანაში ხალხის სამუშაოდ დაძახებას ნადი ჰქვია, ხევსურეთში რას ეძახით?

- მუშანს ვეძახით. სახელს რა მნიშვნელობა აქვს, საქმეს არაფერი არ უნდა დააკლდეს! მთავარი ის არის, რომ როცა ბევრი ვთიბავთ, დაღლა გვავიწყდება. ხან ვკაფიობთ, ხან ვმღერით, ხან ვიცინით - მოსაყოლს რა გამოგვილევს! ცელი თავისას თიბავს, ჩვენ ჩვენსას ვამბობთ, ამასობაში კიდეც ღამდება. ოღონდ ეგ არის, თუ თიბვაში კარგად გავარჯიშებული არ ხარ, ცელის ქნევით მკლავი ისე დაგეღლება, საღამოს ვეღარც ასწევ.

- გათიბული ბალახისგან ზვინის დასადგმელად უკან როდის ამოდიხართ?

მამუკა არაბული: - თუ მზე ანათებს და ნათიბი კარგად ხმება, მაშინ 3 დღეც საკმარისია. თუკი წვიმებია, მაშინ თივას გაშრობა უნდა დააცადო და მერე დადგა, მაგრამ სათიბზე ზვინი კი არა კარჩხა იდგმება. სველი თივის დალაგება კარჩხაში უსარგებლოა, დალპება და ზამთარში პირუტყვი პირს არ დააკარებს. ჩვენი პაპები ამბობდნენ, რომ თიბვის დრო საათზე ზუსტი უნდა იყოს, თუ არადა, თივა პირუტყვს სარგებელს კი არა, ზიანს მოუტანსო.

- ეს სამეცნიერო ლიტერატურაშიც წერია - ხმელი ბალახი სასარგებლო თვისებებს იმის მიხედვით ინარჩუნებს, მზესა და წვიმაში გაფენილს რამდენ ხანს დატოვებ.

- ჰოდა, ამიტომაც ჩვენც დროზე გავდივართ თივისა და ნათიბის დასაბინავებლად. გაცელილ ხმელ ბალახს კარჩხებში ვალაგებთ. ესეც თითქმის ზვინია, ოღონდაც მცირე და შედარებით ნაკლები ძალით დაპრესილი. სათიბში ზვინებს იშვიათად ვდგამთ. ზვინი სახლში, შინ იდგმება, რომ ზამთარში პირუტყვს თივა ზვინიდან მიაწოდო. ერთი ზვინი შეიძლება 7-8 კარჩხის ოდენაც გამოვიდეს, კარჩხაში კი დაახლოებით 150 კილო თივაა.

კარჩხებს სათიბში იმიტომაც ვდგამთ, რომ გაცელილი ბალახი წვიმამ არ დაალპოს და მზეზეც ნელ-ნელა გამოშრეს. კარჩხაში, როგორც ზვინში, წყალი ვერ შედის, რაც ზემოდან აწვიმს, ქარისგან შრება კიდეც. კარჩხა, ასე 6-7 ბარგისაგან შედგება. თუ კარჩხას ვერ მივუდგებით, მაშინ თივისაგან ბარგს შევკრავთ, ზურგზე ავიკიდებთ და ისე მიგვაქვს კარჩხებამდე. თითო ბარგი 20-25 კილოა. თუ არადა თივას ფიწლით ვაწყობთ კარჩხებზე. ფიწლის პირით თივის ერთ აღებას კელფი ჰქვია, კელფში 2-3 კილოგრამი თივაა. ისე უნდა მიუწყო კარჩხას, რომ მისი დალაგების წესი არ დაარღვიო, თორემ შრომა ტყუილად ჩაივლის.

- 20-25 კილოს ერთ ჯერზე ერთი ფიწლის ტარით იღებთ?

- მეტსაც ავწევთ, მაგრამ რაც წესია, წესია. მარტო ზედა ბარისახოს სათიბებში 7 ტონა თივა მაინც ითიბება და კიდევ არ გვყოფნის პირუტყვისთვის. განსკუთრებით, ბოლო წლებში, როცა ზაფხულში ისე ცხელა, რომ ბალახი ძალიან ადრე იწყებს ხმობას. წლეულსაც ასე იყო, მაგრამ ღვთის მადლით, ივნისის თვე გამოდგა წვიმიანი.

სექტემბრის შუა რიცხვებიდან კარჩხების შინ ჩატანას ვიწყებთ და იქ უკვე ზვინებს ვდგამთ.

სახლში თივის მიტანას თივის მიგულება ჰქვია. ბოლო კარჩხას რომ შინ მივიგულებთ, ამას სამკლის კუდი ჰქვია. როცა "კუდიც" შინ შევა, მაშინ მშვიდად ვიქნებით, რომ პირუტყვი შიმშილით აღარ დაგვეხოცება.

- ადამიანს ესიამოვნება თქვენი შრომის ცქერა...

- ჩვენც გვსიამოვნებს, უფრო მეტად, როცა საღამო დგება და ჩვენს გათიბულ თივას შორიდან შევხედავთ. ბევრი რომ არის, გვიხარია. აბა, რისთვის ვართ? ოღონდ, შეკითხვა უნდა დაგაბაროთ სოფლის მეურნეობის მინისტრთან. დაწერთ?

- რატომაც არა!

- მაგას ჰკითხეთ, სად ვიშოვოთ კარგი ცელი, რომელიც ხელში არ შემოგვატყდება და არ გვიღალატებს. აქ ხალხი ისევ მამა-პაპათა ცელით თიბავს, რადგან ბაზარზე თურქული და ჩინური ცელები იყიდება, რომელსაც ბალახს მოუსვამ თუ არა, მაშინვე იღუნება. ცელის პირს წკეპა, ანუ გრდემლითა და კვერით გასწორება ყოველთვის სჭირდებოდა, მაგრამ 30 წლის ცელს გაწკიპავ, გაასწორებ და ისევ მოცელავ, გუშინდელ ნაყიდს კი კვერს დაარტყამ და ხელში შემოგატყდება. აღარც გრდემლ-კვერი იშოვება წესიერი. კიდევ კარგი, ეგ მაინც არ ტყდება და ისევ ძველებს ვიყენებთ.

...მამუკა არაბული ჩრდილში ჯავრიანად ჩამოჯდა და გაღუნული ცელის გაწკაპვას შეუდგა. კიდევ კარგი, პაპისეული ცელით თიბავდა, თორემ ხელში რომ შემოსტყდომოდა?! ამოდენა ნაშრომის მიტოვება და მეზობლის ღალატი ხომ ხევსურის საკადრისი არ არის.