"ეს სასწაული ჩემმა მარჯვენამ და თოხმა ქნა" - კვირის პალიტრა

"ეს სასწაული ჩემმა მარჯვენამ და თოხმა ქნა"

"მშრომელ კაცს სხვისი არაფერი შეშურდება და სხვას არავის არაფერს წაართმევს. შრომა ბოროტებას კი არ გასწავლის, არამედ ბედნიერებას. მე ჩემი შრომით ვარ ბედნიერი და ამ წუთისოფელს ეს მაძლებინებს..."

"წლევანდელი პომიდორი სარს 5-6-ჯერ ავაკარი, ისე მაღალი გაიზარდა"

"მაისის ბოლოს სიმინდიც დავთესე და უფალმა დამინახა, მოსავალმაც დამინახა, მისთვის როგორ ვშრომობდი და მომყვა - ისეთი სიმინდი მომივიდა, რომ არაგვისპირში არავის აქვს"

არაგვისპირელ ნოდარ კაჭკაჭურს კარგა ხანია ვიცნობ. როცა ადრე არაგვისპირში მისი ნაკვეთი ვნახე, გულწრფელად ვუთხარი, - ქედს გიხრით, მაგრამ ეს რა საკმარისია, თქვენისთანა გლეხს სახელმწიფომ უნდა მოუდრიკოს ქედი-მეთქი. მიწათმოქმედებისთვის ამ არც ისე სახარბიელო გარემოში მოყვანილი მისი მოსავალი ავ თვალს არ ენახვებოდა - ულეველი ჰქონდა სიმინდიც, კარტოფილიც, პომიდორიც, წიწაკაც და თხილიც კი, რომელიც ბოლო ხანობამდე აქ არ მოჰყავდათ. ამ დღეებში ისევ მოვხვდი არაგვისპირში. მითხრეს, - ნოდარ კაჭკაჭურმა მძიმე ოპერაცია გადაიტანაო და ვესტუმრე. რაც იქ ვნახე, ღმერთმა ქნას, მსგავსი ბარაქით ჩვენში ყველა გლეხის ოჯახი ხარობდეს.

ნოდარ კაჭკაჭური ძველებურად წელში გამართული შემომეგება, ოჯახიანად მოსავლის ასაღებად იყო გამოსული.

- ნეტავი კაცს ცხოვრების უსამართლობა არ სტკიოდეს და ფიზიკური ტკივილი ვერას უზამს. ოპერაცია კი გავიკეთე, მაგრამ ყავარჯენი არ დამიჭერია ხელში. რა დამაჭერინებდა, - კაცი მოჭიდავე ვიყავი, მოჩხუბრები რომ დამინახავდნენ, დალაპარაკება არც დამჭირდებოდა, ისე დაიშლებოდნენ. იმ ხალხის წინ დაუძლურებული, ყავარჯნებით ვივლიდი?! თანაც თებერვლის ბოლო იყო - მარტიდან კი მიწის კულტივაცია უნდა დამეწყო. ნოემბერ-დეკემბერში ტრაქტორით დახნული მიწა ჯერ გაზაფხულის დასაწყისში უნდა გააფხვიერო ხელის ტრაქტორით, მერე - თესვის წინ.

კულტივაცია იმიტომ არის საჭირო, რომ თესლმა და მისგან წარმოქმნილმა მცენარემაც ისუნთქოს და გალაღდეს.

მეორე კულტივაცია აპრილში იმიტომ კეთდება, რომ ნათესს ბალახმა არ დაასწროს ამოსვლა და ზრდა არ შეაფერხოს. შემდგომ გათოხნა სჭირდება, თანაც რამდენიმე... მოკლედ, ჩავატარე 2000 კვმ მიწაზე კულტივაცია. შემდეგ მიწას ნაკელი მოვაყარე და თესვას შევუდექი. ყველაფერი დავთესე, რაც გლეხსა და ოჯახს სჭირდება, - ხახვი, ჭარხალი, კარტოფილი, ლობიო, სტაფილო, წიწაკა... მაისის ბოლოს სიმინდიც დავთესე და უფალმა დამინახა, მოსავალმაც დამინახა, მისთვის როგორ ვშრომობდი და მომყვა - ისეთი სიმინდი მომივიდა, რომ არაგვისპირში არავის აქვს.

- წლევანდელმა პაპანაქებამ თითქმის ყველგან ყველაფერი გადაწვა. არც მსგავსი სიმაღლისა და ტაროუხვი სიმინდი მინახავს სადმე და არც ასე მსხმოიარე პომიდორი.

- წყალი მაქვს და ეგ მართლაც დიდი სიმდიდრეა, მაგრამ მარტო წყლით როდის იყო, მოსავალი მოდიოდა! მთელი ცხოვრება მზის ამოსვლამდე ვიწყებდი მუშაობას, ახლაც ასე ვშვრები. განა ახალნაოპერაციებს არ მიჭირდა, მაგრამ ძალიან რომ მეტკინებოდა, მიწაზე პირქვე დავწვებოდი და ისე ვმარგლიდი, მარტო ხახვი ბარე 10-ჯერ რატო მაინც არ გავმარგლე!

სარეველებს რომ დავთხრიდი, 4-5 დღის მერე ისევ ამობიბინებული მხვდებოდა. შვილები როგორ არ მეხმარებიან, ჩემი ვაჟი მთელი დღის საკეთებელს ერთ საათში აკეთებს, მაგრამ მეც ხომ ვერ გავჩერდები. მეზობლებიც მეუბნებიან, - გვითხარი, რა იცი ამისთანა, შენს ნახელავს ასეთი ბარაქა რომ აქვსო. ვეუბნები, დაუღალავი შრომა ვიცი-მეთქი. წლევანდელი პომიდორი სარს 5-6-ჯერ ავაკარი, ისე მაღალი გაიზარდა.

განა მარტო მეზობლებს, სტუმარსაც უხარია ჩემი ყანისა და მოსავლის დანახვა. ამას წინათ ერთი კაცი მყავდა სტუმრად. მიწიდან ამოყრილ კარტოფილს რომ დახედა, - გაიხარე, ძია ნოდარ, შენი მოსავლის ნახვა ერთი დიდი სიამოვნებააო.

ეს სასწაული ჩემმა მარჯვენამ და თოხმა ქნა, - პომიდორს ძირები თოხით თუ ხელით იმდენჯერ გავუფხვიერე, რომ გალაღდა და გაიხარა. ნაკელიც ხომ ეშველება ბარაქიანობაში! დაკვირვებული ვარ, ჩითილს რომ გაუჭირდება და ნაკელის "ჟიჟას" მივასხამ, მეორე დღით ფეხზე ყოჩაღად დგება.

თუ სოფელში ცხოვრობ, ძროხაც უნდა გყავდეს და ნაკელიც გექნება. მერე ეს ნაკელი გინდაც 2 წლამდე დააძველე საჭიროების მიხედვით და გინდა "ჟიჟა" დაამზადე, - ამისთვის ჭურჭელში უნდა ჩაყარო ნაკელი, წყალი დაასხა და 2 კვირა გააჩერო მზეზე.

- ნაკელში ბოსტნეულ-ბაღჩეულის დიდი მტერი ბოსტანა რომ იბუდებს?

- ბოსტანასთან ბრძოლის წამალი სოფლის მეურნეობის ყველა მაღაზიაში იყიდება, ნაკელში გაურევ და მიწას მიაყრი. თუმცა,

მე ნაკელს ვცრი. რკინის ბადეზე დარჩენილი ჩემი ნაოფლარის გამანადგურებელს კი ვხოცავ. მაგას როგორ შევაჭმევინებ ჩემი შვილების სარჩოს! ოთხი შვილი მყავს.

- ცხოვრების უსამართლობა ახსენეთ.

- რაც მე უკანონობა დამმართეს, მარტო ჩემი უბედურება არ არის.

ახლა ისეთ გაჭირვებაში ვართ, რომ მთავრობამ სოფელში გლეხის კარზე უნდა იაროს და დასძახოდეს, შრომაში რით მოგეხმაროო და თუ სადმე მოვლილ მიწას ნახავს, იმის პატრონს სიტყვით მაინც დაუდგეს მხარში. დანარჩენს მშრომელი გლეხი თავად იზამს. მე პირადად მთავრობისგან მეტი არაფერი მომითხოვია და არც მოვითხოვ.

ამის ნაცვლად კი მოვიდნენ და ჩემი საკუთარი, ნაოფლარი მიწა წამართვეს. 1996 წელს რომ დაგვირიგა მაშინდელმა მთავრობამ დროებით საკუთრებაში, იმის შემდეგ იქიდან 20 სატვირთო მანქანით გავზიდე ქვა და ეკალ-ჯაგი. 2009 წელს, როცა ნაკვეთები საჯარო რეესტრში ელექტრონულად უნდა გამეფორმებინა, იმწამსვე წავედი და გავიფორმე. ამ დროს უკვე ედემად მქონდა ნაქცევი. ასე გალამაზებული ჩემს მეზობელ თანამდებობის პირს, დიმიტრი დარბაისელს ისე მოეწონა, რომ კიდევ ერთი აგარაკის დადგმა გადაწყვიტა. ერთხელაც არაგვისპირში მობრძანდა თავისი იარაღით. ამ დროს ამ ნაკვეთის დახვნაში ხალხი მეხმარებოდა. იმათ უთხრა, - მაგ მიწას რატომ ამუშავებთ, სადავოა, თავი გაანებეთ თუ არა, ფეხებს დაგიხვრეტთო. მოკლედ, ამჟამინდელი მთავრობის მცხეთა-მთიანეთის პროკურორმა მცხეთაში დამიბარა და მითხრა, - ნაკვეთი კი არის შენი, მაგრამ მაინც არ არის შენი, 1996 წელს შეცდომით მოგცა სოფლის მთავრობამ, ამიტომ განცხადება უნდა დაწერო და ისევ სახელმწიფოს აჩუქო, თორემ დაგიჭერთო. მივხვდი, რატომაც მართმევდნენ და პროკურორზე გავიწიე, - რაც გინდათ, ის მიყავით, ჩემს ნაწვალებ მიწას არავის მივცემ-მეთქი. ამის შემხედვარე ჩემი ცოლი ცუდად გახდა, კვდებოდა ქალი. ამას რომ შევხედე, სულ დამავიწყდა მიწა, - ოღონდ შენ მყავდე ცოცხალი, ქაღალდს ახლავე დავწერ-მეთქი და ჩემი განცხადებით ვაჩუქე ნაკვეთი სახელმწიფოს. იმავე დღეებში გაიტანეს აუქციონზე და ვინმე ჯარიაშვილს მიჰყიდეს. მათი ნათესაობის არაფერი ვიცი, მაგრამ იმას კი ვგრძნობ, რომ ჯარიაშვილი ჩემს მიწას მხოლოდ ფორმალურად დაეპატრონა, სინამდვილეში კი დარბაისელს ეკუთვნის. ამ დავიდარაბაში დარბაისელიც მოხსნეს და ნაკვეთს ვეღარავინ ეკარება. მე კი გულმა არ გამიძლო და ჩემი ნაწვალები მიწა ისევ დავხანი და დავთესე. ვისაც უნდა, დამიჭიროს, აღარაფრის მეშინია.

აი, ასეა საქმე, ვებრძვი ამ უსამართლობას, ძალს ის არის, ძალს მე, მაგრამ ვერ მერევა, - შრომა მშველის. ეგ არის, ჩემი ოჯახი მედარდება, ეს ნერვიულობა რომ აქვთ გადასატანი - ჩამოჯდება ჩემი დედაკაცი საკუჭნაოსთან, ჩვენს შეშაზე, შეჰყურებს გარშემო ეკალბარდად ქცეულ სახნავ-სათესს და ამოიოხრებს, - ამ ხალხმა თავად რომ იცოდეს შრომა, ჩვენთან სადავო დრო სადღა ექნებათო! მართალია.

მშრომელ კაცს სხვისი არაფერი შეშურდება და სხვას არავის არაფერს წაართმევს. შრომა ბოროტებას კი არ გასწავლის, არამედ ბედნიერებას. მე ჩემი შრომით ვარ ბედნიერი და ამ წუთისოფელს ეს მაძლებინებს...