"როცა ვთევზაობ, გარე სამყაროს ვეთიშები" - პროფესიონალი ადვოკატის "პროფესიონალური ჰობი"
14-09-2015
"როცა ვთევზაობ, გარე სამყაროს ვეთიშები" - პროფესიონალი ადვოკატის "პროფესიონალური ჰობი"
"სერიოზულ მეთევზეს შეიძლება დილის 5 საათზე მოუწიოს ადგომამ, რადგან ყველაზე კარგად თევზი გამთენიისას მოდის. თევზაობა მეთევზეებთან ერთად მსიამოვნებს, ვისაც ეს საქმე ესმის"

"თევზაობა ერთადერთი საქმიანობაა, რომელიც გარე სამყაროს მწყვეტს. აღმოვაჩინე, რომ ამ დროს ვითიშები", - ამბობს ცნობილი ადვოკატი ზვიად კორძაძე. თევზაობა მისი ჰობია, რომელსაც 17 წელზე მეტია, მისდევს.


- ზაფხულობით, არდადეგებზე, ვანის რაიონის სოფელ შუამთაში ჩავდიოდი. მდინარეზე ბამბუკის ჯოხებით ვთევზაობდით, რადგან მასალაც კარგია. ბამბუკი მეზობელს ჰქონდა გაშენებული. დიდი პროტექცია გვჭირდებოდა,
რომ ბავშვებისთვის ბამბუკები მოეჭრა. უკან დაბრუნებულს ტივტივა მესიზმრებოდა ხოლმე. შემდეგ ამ საქმიანობით სერიოზულად დავინტერესდი და დასვენებისა და გართობის ერთადერთ საშუალებად იქცა.

- ნეტა რა სიამოვნებაა, როცა ადამიანი საათობით ზის მდინარის პირას და თევზის ანკესზე წამოგებას ელოდება...

- ეს საკმაოდ აქტიური სპორტია და ძვირი სიამოვნებაც. იმასაც
გააჩნია, რაზე თევზაობ და რამდენად სერიოზულად უდგები ამ საქმეს, აღჭურვილობისთვის შესაძლოა, ათასებიც კი გადაიხადო. ერთი შეხედვით ანკესის უბრალოდ "გადაგდებას" მთელი რიტუალი უძღვის წინ. სათევზაოდ წასასვლელად სამზადისს წინა საღამოდან ვიწყებ და ეს პროცესიც სიამოვნებაა. თან იმდენი რამ მიმაქვს, რომ მანქანის საბარგული ივსება, რის გამოც მეგობრები იცინიან. შემდეგ იმ ყველაფრის გადმოლაგება და დაწყობაა მთელი რიტუალი.
მარტო ტივტივით არ ვთევზაობ, სხვა ტიპის თევზაობაც მიყვარს, მაგალითად, ფსკერული, რომელიც აქტიურობას მოითხოვს...

- ესე იგი, ანკესით თევზაობთ და არა ბადით.

- მეკობრული თევზაობა დანაშაული და ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. დინამიტი და სხვა ასაფეთქებელი საშუალებები, გაჭიმული ბადეები ყველაფერს ანადგურებს.

თუ ქვეყანა თევზაობას სერიოზულად მიუდგება, შესაძლებელია, ტურიზმის საშუალებად, შემოსავლის წყაროდ აქციოს. ისე, რამდენიმე ადგილას უკვე გაკეთდა სათევზაო მეურნეობა. მიდიხარ ტბაზე, ტერიტორიაზე შესასვლელად თანხას იხდი და თევზაობ.

- სად არის ასეთი ტბები?
- დმანისისკენ არის ტბა, ლოპოტაც, კერძო ტბებიც არის, მაგალითად, 31-ე ქარხანასთან.

- ტბაზე თევზაობა უფრო კომფორტულია თუ მდინარეში?
- ტბაზე თევზაობა მდინარისა და ზღვა­ზე თევზაობისგან განსხვავდება, რადგან იქ შეიძლება 3-4 დღით ადრე მიხვიდე, დაკვებო ადგილი, სადაც თევზაობას აპირებ, ამ ადგილას თევზი მოიჩვიო. ცნობისთვის: თევზის საკვები საკმაოდ ძვირი ღირს და თუ ამ საქმით ძალიან დაინტერესებული ხარ, შესაძლოა, ასეულობით ლარიც კი დაგიჯდეს, რათა პროცესი ბოლომდე სრულყოფილად მიიყვანო.
თევზაობა ინტელექტსაც მოითხოვს, გონება გჭირდება, რომ მოატყუო იმ გარემოში, რომელშიც ბუნებრივად არსებობს. მოკლედ, ბევრ რამეზეა დამოკიდებული წარმატებული თევზაობა.

- კერძოდ?
- წყლის ტემპერატურაზე, შენს აქტიურობაზე, თევზზე, წელიწადის დროზე, საკვებზე. ამ ყველაფრის ერთობლიობა განსაზღვრავს შედეგს.

- ცოდნა პრაქტიკით დააგროვეთ, თუ ლიტერატურის დახმარებით?
- ლიტერატურასაც გავეცანი, ინტერნეტშიც ბევრია ინფორმაცია, გამოდის სპეციალური ჟურნალებიც.
მეთევზეთა ფედერაციაც ჩამოვაყალიბეთ, რათა ეს სფერო სპორტის სახეობად გვექცია, რაც ითვალისწინებს არა მოპოვებით თევზაობას, არამედ გართობის მიზნით - დაიჭირე, გაუშვი. მერე, იმაზე მეტი თევზი არ უნდა წამოიღო, ვიდრე გჭირდება.
ბევრი მეთევზე საერთოდ არ ჭამს თევზს. ასევე დადგენილია, რამდენი ნემსკავით შეიძლება ითევზაო და ისე უნდა გააკეთო, რომ თევზი არ დააზიანო.

- თევზაობის სეზონი როდის იხსნება?
- თევზაობის სეზონი ძირითადად ზაფხულშია. თუმცა სამუშაო დღეებში სათევზაოდ ვერ დავდივარ, ძირითადად შაბათ­-კვირას,­ თან იმ დღეებში ამინდიც უნდა დაემთხვეს, არ იყოს წვიმა, ზოგჯერ ქარი კარგიც კი არის, მაგალითად, კობრის­ დასა­ჭერად.

- ვისთან ერთად დადიხართ სათევზაოდ?

- ბოლო დროს შვილთან ერთად, რადგანაც ეს საქმე მოსწონს. მეგობრებთან ერთადაც წავსულვარ, მაგრამ თუ ადამიანს თევზაობა არ უყვარს, ცოტა ძნელია, რადგანაც ზოგიერთს ეს საქმე მხოლოდ ბუნებაში გასვლად და ქეიფად წარმოუდგენია. სერიოზულ მეთევზეს კი შეიძლება დილის 5 საათზე მოუწიოს ადგომამ, რადგან ყველაზე კარგად თევზი გამთენიისას მოდის. მოკლედ, თევზაობა მეთევზეებთან ერთად მსიამოვნებს, ვისაც ეს საქმე ესმის.

მდინარეზე თევზაობა უფრო აქტიურია, რადგანაც გამდინარე წყალია და გიწევს ანკესის წყლიდან ამოღება, დინებაზე ხელახლა ჩამოტარება. ისე, მდინარესაც გააჩნია, ზოგჯერ ტბორს ქმნის და იქ შეგიძლია ტივტივით ითევზაო. ზღვაში სათევზაოდ სხვა მოწყობილობა და სხვა სატყუარა გჭირდება. იქიდან თევზის მოპოვებაც სხვაგვარია. მოკლედ, მე უფრო ტბის მეთევზე ვარ. ბოლო დროს გამოჩნდნენ ქალი მეთევზეებიც, ფასიან ტბაში შედიან სათევზაოდ. ეს კარგია, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი.

- ტბის, მდინარისა და ზღვის­ თევზები ალბათ გემოთიც განსხვავდება?

- კი, მდინარის თევზი უფრო გემრიელია, რადგანაც კვება, ჟანგბადი მეტი აქვს და თევზიც მრავალფეროვანია. ჩვენთან ძირითადად თევზაობენ კობრზე, კარჩხანაზე, ამურზე, სქელშუბლაზე (ანკესზე ნაკლებად მოდის), შამაიაზე, (ბევრია სიონის ტბაზე), რომელიც ძალიან გემრიელია.

- შამაია დაგიმარილებიათ?
- კი, შამაია მალევე უნდა დაამარილო, თორემ შინ მოტანამდე გაგიფუჭდება.

- მაინც რა ჯდება სათევზაო აღჭურვილობა?

- კოჭა 30-40 ლარიდან დაწყებული, 500-700 ლარით და კიდევ ზემოთ. თუ თევზაობა ჰობია, აღჭურვილობას ეტაპობრივად აუმჯობესებ. არის კიდევ სპეციალური მოწყობილობა ექოლოტი, რომელიც გიჩვენებს,­ არის თუ არა თევზი თევზაობის ადგილას. ანკესზე მაგრდება და ტივტივიდან ინფორმაციას ბლუთუსით გაწვდის.
მოკლედ, ამ ყველაფრით გვარიანად "მოწამლული" ვარ და ახლა ვატყობ, ჩემი შვილიც თანდათან მემსგავსება, უკვე მეთევზის ტყუილებიც ისწავლა.

- მეთევზის ტყუილი რას ნიშნავს?
- ეს ძირითადად თევზის ზომას უკავშირდება. ანუ რამხელა დაიჭირა და რამხელა გაექცა. ზოგჯერ ანკესზე წამოგებული თევზი მოგყავს და იმ დროს გაწყდება ლარი. დიდი თევზის ამოყვანას ცოდნა სჭირდება, აჩქარებისას შესაძლოა, ლარი გაწყვიტოს და წავიდეს. თუმცა ნელა წამოყვანის შემთხვევაშიც შეიძლება გაწყვიტოს და ტყუილებიც მაშინ იწყება: 40 კილო, 12 კილო იყო და გამექცა...

- ყველაზე დიდი რამდენკილოგრამიანი თევზი დაგიჭერიათ?

- ანკესით 5-კილოგრამიანი თევზი დამიჭერია. საგარეჯოს ტბაში ნახევარ საათს მაწვალა. დიდ თევზს მარტო ვერ გამოიყვან, დამხმარე გჭირდება და ასევე საგანგებო ჩოგანბადეც. ნაპირამდე როცა მოიყვან, ჩოგანბადე უნდა ამოუსვა ამოსაყვანად, თორემ შეიძლება მაშინაც გაწყვიტოს.

- ესე იგი, იმ თევზმა გაწვალათ?
- ძალიან, მასთან ხანგრძლივი ბრძო­ლით ისე დავიღალე, რომ ჩავიმუხლე. ჯიბიდან ტელეფონის ამოღებაც მინდოდა, რომ წყლის მოსატანად წასული მეგობრებისთვის დამერეკა, - დროულად მოდით, თევზი გამომყავს-მეთქი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ბოლოს, როგორც იქნა, მომისწრეს და დამეხმარნენ... კობრი ნაკლებად გეწინააღმდეგება, ამური კი იბრძვის და ამას უნდა ცოდნა, რასაც პრაქტიკით სწავლობ. როცა რამდენიმე გაგექცევა, მიხვდები, რომელს როგორ უნდა მოეპყრო.

- რას ურჩევდით დამწყებ მეთევზეებს?

- მთავარია, ეს საქმე უყვარდეთ. ლიტერატურა არსებობს, არის უამრავი საიტი, კლუბი, ზოოკლუბი, სადაც ადამიანი ცოდნას დააგროვებს, ეს მას აუცილებლად სჭირდება. არსებობს წესები, ადგილები, სად და როგორ იყიდო სპეცაღჭურვილობა, როგორ მოემზადო, რჩევებს ფორუმიდანაც მიიღებენ, თუ ჩაერთვებიან და მეთევზის მაღაზიებში შევლაც არ დაეზარებათ. თევზაობა უნდა დაიწყონ გამოცდილ ნაცნობ-მეგობრებთან ერთად. განსაზღვრული წინასწარი ცოდნის გარეშე ამ საქმეს ნუ შეეჭიდებიან, მერე იმედი რომ არ გაუცრუვდეთ.
არსებობს ასევე მეთევზის სოლიდარობა. როცა მას შემოსაზღვრული აქვს სათევზაო არეალი, მისგან დისტანცია უნდა დაიჭირო. რომ მიხვალ და ანკესს ჩაუგდებ, შესაძლოა, არაფერი გითხრას, მაგრამ სწორი საქციელი არ არის. თევზაობას უყვარს სიწყნარე, რადგან თევზსაც აღიზიანებს ხმაური და აჟიოტაჟი. თევზი ხმაურზე არ მოდის. ამიტომ მიყვარს თევზაობა ჩემთვის, წყნარად ან მეთევზეებთან, რადგანაც მათ წესები იციან.

- თევზაობისას რომ კლიენტმა დაგირეკოთ?…

- რაც ადვოკატი ვარ, ტელეფონის ზარი არასდროს გამომირთავს. თევზაობისას თუ ვინმეს დავჭირდები, არ ინერვიულოს, კავშირზე ვარ...

ლალი ფაცია
გიო
11 ოქტომბერი 2015 23:07
ძალიან მიყვარს თევზაობა თუმცა საჭიროა ცოდნის გაღრმავება. ხშირად ვიტანჯები წესების არცოდნის გამო. ვაპირებ ლიტერატურას გავეცნო. კარგი სტატიაა გმადლობთ.

რედაქტორის რჩევით