საზრიანი გურული ოჯახს არ მოაშივებს - კვირის პალიტრა

საზრიანი გურული ოჯახს არ მოაშივებს

"ჩემთან მოსული სტუმარი სხვა კაცად გადაიქცევა ხოლმე, ლაღდება. გავშლით მამაჩემის დადგმულ ქვის მაგიდაზე სუფრას და ვწყდებით ამქვეყნიურ პრობლემებს..."

სოფლის მეურნეობის განვითარება გურიაში კვლავაც პრობლემაა. კლიმატისა და ნიადაგის შემადგენლობის გამო აქ ტრადიციულ კულტურებად ციტრუსი და ჩაი ითვლებოდა. მათი განადგურების შემდეგ გურიის მოსახლეობა თხილის იმედად დარჩა - დღეს გურიის სოფლების შემოსავალი სწორედ თხილის ფასზეა დამოკიდებული. თუმცაღა, არსებობს ერთი ფაქტორიც - ციტრუსის განადგურებასთან ერთად, გლეხმა ძველი თუ ახალი კულტურების გაშენებაც დაივიწყა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებითა და ახალი ბაზრების ძიებით კი გურიაშიც შეიძლება ბევრი რამ კვლავ აღმოჩნდეს შემოსავლის წყარო.

ლიხაურში ვაჟა პატარავას უნიკალური ეზო და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი თვალსა და გულს ახარებს.

მასთან მიმავალს თავისი "ვილისით" წამომეწია. ფერმერისთვის ძვირფასი მანქანის ყიდვა სისულელეა, ეს მანქანა სწორედ ის არის, რაც მჭირდება და ყველა ძნელ გზაზე დამატარებსო, მითხრა. მის ეზოში შესულები ულამაზეს ქვის მაგიდასთან ჩამოვსხედით და დღევანდელი სოფლის ავ-კარგსა და მის შემოსავალზე ვისაუბრეთ.

- მამაჩემი ისეთი მშრომელი კაცი იყო, ხანში შესვლამდე საწოლში მძინარე არ მინახავს. სულ ფუსფუსებდა. ყველაფერს ლაზათიანად აკეთებდა - გინდ ფუტკრის სკა ყოფილიყო, გინდაც ცოლიკაურის ზვრები. მამასთან ერთად მეც ვშრომობდი, თუმცა, არ მიფიქრია, რომ ოდესმე სოფლის მეურნეობით თავის რჩენა მომიწევდა. 10 წელიწადი რუსეთში ვცხოვრობდი, იქ კარგი ბინაც გვაქვს, მაგრამ ვერ გავძელი და წამოვედი. ჩემი ბავშვობის კარ-მიდამოს რომ გადავხედე და აქ მამის ფუსფუსი გავიხსენე, ჩემდა გასაკვირად, რასაც კი ხელი მოვკიდე, ყველაფერი იოლად გამომივიდა - ნერგის დარგვა იყო, ვენახის მოვლა თუ ფუტკრის გამრავლება. მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ

შრომაც შემეძლო და იმის გათვლაც, რომელი კულტურა როგორ გაიყიდებოდა და რა მოგებას მომიტანდა. ეს შემოსავალი იმხელა არ არის, რომ ნაოცნებარი კოშკები აიშენო, მაგრამ არც მოგშივდება და არც ვინმეს რამის სათხოვნელად მიადგები, ეს კი კაცისთვის მთავარია.

- რომელი სასოფლო კულტურაა სტაბილურად ყველაზე შემოსავლიანი?

- ჩვენი არასტაბილური გარემოს გამო სტაბილური შემოსავლის იმედი ვერაფრისგან გექნება, ამიტომ ერთდროულად ბევრ რამეს უნდა მოჰკიდო ხელი. თუ ერთი რამის გაყიდვა ჩავარდა, სხვას შეუნაცვლებ და შიმშილით არ მოკვდები. თუმცა, ფუტკარი ნამდვილი სასწაულია. უკვე 70 სკა მყავს და ზოგჯერ სეზონზე 500 კილოგრამ თაფლსაც ვყიდი. დღეს კილოგრამი თაფლი დაახლოებით 20 ლარი ღირს, აჭარიდან ჩამოსული გადამყიდველები კი 14 ლარს გვაძლევენ. ამ ფასად გაყიდვა ღვთის წყალობაა - გვყავს ფუტკარი, მაგრამ არ გვაქვს გასაღების ბაზარი და გადამყიდველის გამოჩენა დიდი შეღავათია.

- გადამყიდველები სად ყიდიან თაფლს?

- ყველამ იცის და რაღაა დასამალი - ჩვენი სუფთა თაფლი მალული გზებით გადის თურქეთის ბაზარზე და იქ მასზე ტაციაობაა.

თურქეთმა ჩვენი თაფლის შეტანა აკრძალა, ერთი სიტყვით, ემბარგო დაგვიწესა, რადგან მას აქვს თავისი სახელმწიფოებრივი პრინციპები, რომლის მიხედვით, მხოლოდ თავის ქვეყანაში წარმოებულ პროდუქციას მოიხმარენ. რას აკეთებს ჩვენი სახელმწიფო? დახლებზე სხვადასხვა ქვეყნის უხარისხო თაფლის ქილები ყრია და საღდება, ნატურალური ქართული თაფლი კი გაუყიდავი რჩება.

ამის მიუხედავად, მე ფუტკრისთვის ხელი არ შემიშვია - ლიხაურში მისი მოვლის უნიკალური პირობებია, გარშემო მთისა და მდელოს უამრავი ყვავილი და უნიკალური ჰავაა. ჩვენი სოფელი ოზურგეთიდან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული და იქაურობასთან შედარებით, შესამჩნევად თბილა. ზღვის დონიდან 200-250 მეტრზე ვართ, ეს კი სუბტროპიკულ ზონად ითვლება და სეზონების მიხედვით სკების მთაში ან ბარში გადატანა საჭირო არ არის. თუ ფერმერებს სახელმწიფო არ შეგვიქმნის პირობებს, რომ პროდუქცია გავყიდოთ, ვერაფერს გავხდებით და დიდი მონდომებით წამოწყებული თაფლის წარმოების საქმე ჩაიშლება. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამას წინათ ერთმა სპეციალისტმა მითხრა, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ესტონეთში გასაყიდი თაფლის ნიმუშები გაგზავნა და რამდენიმე იმიტომ დაიწუნეს, რომ მათში პესტიციდების დიდი რაოდენობა აღმოჩნდაო. მეწარმემ როგორ უნდა აკონტროლოს, რომ მისმა მეზობელმა ვენახი პესტიციდებით არ შეწამლოს და მერე მის ყვავილზე ფუტკარი არ დაჯდეს?! მაგრამ თუ სახელმწიფო ბრძოლას გამოუცხადებს შხამის გამოყენებას, პრობლემაც მოგვარდება.

- ეზოში ტალავერს ვხედავ, თუ არ ვცდები, ცოლიკაური უნდა იყოს. აქამდე გურულების ღვინოდ ადესა ითვლებოდა, მაგრამ შემოსწყრნენ, უხარისხო ღვინო მზადდებაო...

- ვისაც ადესის ღვინო უყვარს, მიირთვას, ვინ უშლის. ის უხარისხო კი არ არის, სხვა ღვინოებს, მაგალითად, ცოლიკაურს, გემოთი და ხარისხით ჩამორჩება. რატომ უნდა იკლავდე თავს ერთი ჯიშის ყურძნის დაწურვით, თუკი სხვა ჯიშისგან დაწურული უკეთესია?

მამაჩემმა ცოლიკაური დიდი ხნის წინ გააშენა. ჩვენს სოფელში ამ ჯიშის ვაზი საუკუნის წინაც კი ჰქონდათ, მაგრამ მერე რატომღაც ადესამ ჩაანაცვლა. მამაჩემის ჩაყრილი ვაზი დაახლოებით 4 ტონამდე ყურძენს ისხამს. ნაწილს ვწურავ, ნაწილს კი ვყიდი. ჭაჭისგან დაახლოებით 150 ლიტრამდე არაყს ვხდი.

- გურული ჭაჭა თოფივით არისო...

- ჩვენი არაყი ორნახადია, 70-გრადუსიანი და ამის მიუხედავად, მაინც სვამენ. გურიაში შინაური არაყი კარგად იყიდება, ლიტრი 8 ლარი ღირს.

- თქვენ ქვევრებიც გექნებათ...

- ძველი, პაპაჩემის ჩაყრილი, მაგრამ საუკეთესო ცოლიკაური მუხის კასრებში დგება და მეც ეს კასრები მაქვს, ოღონდ, რაც დრო გადის, ამ კასრების მოვლა რთულდება. ადრე უფრო ხელმისაწვდომი იყო ის საშუალებები, რომლებითაც კასრს ღვინის ჩასასხმელად ამზადებდნენ. ერთ-ერთი "გამოპარვის", გამოორთქვლის მეთოდია, რომლისთვისაც დიდი წონისა და მოცულობის მუხის კასრები იქ უნდა გადაიტანო, სადაც სპეციალური დანადგარები აქვთ.

- ბაღ-ბოსტანიც გქონიათ...

- სოფელში ბაღ-ბოსტნის გარეშე ყოფნა ვის გაუგია! ეზოში ულამაზესი ყვავილებიც მაქვს. მიყვარს სილამაზე. დედაჩემს უყვარდა და მეც მიმაჩვია. როცა ამ ყვავილებს ვხედავ, გული მეხსნება, ყველა პრობლემა მავიწყდება. ეზოში ბუნებრივი მაცივარი მაქვს - მიწა დიდ სიღრმეზე გამოვიღე და რასაც მოვიწევ: კარტოფილია, ხილი თუ ციტრუსი, ყველაფერს იქ ვინახავ. პაპანაქებაში იქ შესვლას არაფერი ჯობია.

- ციტრუსი ახსენეთ. გურულები დარდობენ, ციტრუსის გაყიდვა გვიჭირსო...

- ბოლო წლებში ვერ ყიდიანო, ვერ ვიტყვით. ყველანაირი ციტრუსი იყიდება, თუმცა ფასი დაბალი აქვს. ძალიან ბევრს წვალობ მის მოსაყვანად და იმის მეათედსაც ვერ იღებ, რა შრომაც დახარჯე. მაგრამ ერთიც არის - როცა ზაფხულში თაფლი გაქვს, შემოდგომაზე - ყურძენი და ზამთარში - ციტრუსი, შიმშილით არ კვდები და ხვალინდელი დღის იმედიც გაქვს. ხელები და გონება იმიტომ გვაქვს, რომ ავამუშაოთ და თავი ვირჩინოთ. ადვილი არ არის ამ პირობებში კარგი მოსავლის მოყვანა, მაგრამ როცა შრომობ, შესაბრალისი მაინც არ ხარ.

არ მესმის იმ ხალხის, ვინც დროს უსაქმურობაში ატარებს და თუ ვინმე წელში გამართული დაინახა, ლანძღვას უწყებს - პატიოსანი გზით არაფერი ექნება მოპოვებულიო!

ჩემი ეზოს მიმდებარედ, მთაგორიან ფერდობზე, უძველესი ტყეა. ამას წინათ ძლიერმა ქარიშხალმა საუკუნოვანი წაბლის ხე ძირიანად ამოთხარა. გაკვირვებული დავცქეროდი მისი ფესვების სისქეს. ოჯახში შეშა ყოველთვის გვჭირდება, მაგრამ ამ ტყიდან ერთი ჯოხიც არ მომიტანია - არ შემიძლია! ბუნება გვაცოცხლებს და რამდენჯერაც შეგცივდება, იმდენჯერ ტყეს თუ მიადექი, არაფერი შეგრჩება. თუ რომელიმე ხე გახმება და წაიქცევა, მივალ და მოვჭრი, რაღა ცოცხალი ხეები გავანადგურო!

ჩემთან მოსული სტუმარი ამ ტყის დანახვისას სხვა კაცად გადაიქცევა ხოლმე, ლაღდება. გავშლით მამაჩემის დადგმულ ქვის მაგიდაზე სუფრას და ვწყდებით ამქვეყნიურ პრობლემებს... მაგრამ ახლა ამ პრობლემებიდან ერთ-ერთი აუცილებლად უნდა ვახსენო: ამას წინათ მუნიციპალიტეტში დაგვიძახეს ფერმერებს, კოოპერატივები შექმენით და თანამედროვე ტექნოლოგიებით დაგეხმარებითო. კოოპერატივი კარგია, მაგრამ ინდივიდუალიზმიც აუცილებელია. რაც კოოპერატივს უნდა ჰყავდეს, იმაზე მეტი ფუტკრის ოჯახი მყავს. მთავარია, სახელმწიფო გასაღების ბაზრების მოძიებაში დაგვეხმაროს. ყველა ვიშრომებთ და სხვისთვის ხელის გასაწვდენიც არაფერი გვექნება.