სანოს მამული... - კვირის პალიტრა

სანოს მამული...

"ჩემი ნაკვეთი თბილისიდან 15 წუთის სავალზეა. არის სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო და ჭარბად იოდი"

წარმოშობით ხონიდან არის, სადაც 18 წელი გაატარა, მერე თბილისში გადმოვიდა, ცხოვრობდა გერმანიაშიც, მაგრამ საბოლოოდ მუსიკოსი და პროდიუსერი "სანოსტუდიის" ხელმძღვანელი მერაბ სანოძე, იგივე სანო, მიხვდა, რომ მიწასთან მუშაობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. 13 წლის წინ მცხეთის მახლობლად, ე.წ. წეროვანის აგარაკების ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი შეიძინა და მეუღლესთან, ლიკა ტაბატაძესთან ერთად ბაღნარად აქცია. ჩემი რესპონდენტი კვირაში ორ დღეს აგარაკზე ატარებს. სანო "მამულ-დედულის" მკითხველს საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრება.

- მამაჩემი, ოთარ სანოძე, მშრომელი კაცი იყო, კარგი ხელი ჰქონდა, ყველას უყვარდა და მთელი დასავლეთი საქართველო ბაბუს ეძახდა... მამისგან ბევრი რამ მომდევს, თან 18 წელიწადი ხონში ვიცხოვრე. ახლაც ვერ ვივიწყებ იქაურ სურნელს.

მამა მჭედელი იყო, რომ წამოვიზარდე, პატარა თოხი გამიკეთა, სიმინდის ყანაში გვერდით დამიყენებდა და მამუშავებდა. თვითონ ოთხ კვალში დადგებოდა და მეტყოდა, მე ამ ოთხს გავიტან ბოლომდე, შენ მეხუთეს გაჰყევიო. მეც ნელ-ნელა მივყვებოდი პატარა თოხით.

მამა რომ თოხს მოიქნევდა, მიწა საკვირველ ხმას გამოსცემდა, ახლაც მუსიკასავით ჩამესმის ყურში. თავიდან ადვილი მეგონა გათოხნა, მაგრამ არ არის ასე... მამა წინ მიდიოდა, კვალი ბოლომდე გაჰქონდა და სანამ მივიდოდი, მელოდებოდა... ხონში ჩემი ხელით მომყავდა პამიდორი, მწვანილი, ვამუშავებდი მიწას...

- აგარაკზე ყოფნაც, როგორც გატყობთ, ერთობ გსიამოვნებთ...

- წლებია აგარაკი მაქვს, იქ ყოფნას არაფერი მირჩევნია. ხანდახან ქალაქიდან მივდივარ და თვეობით ვრჩები. მიყვარს ხეზე მუშაობა, ათას რამეს ვჭრი მისგან. ჩვენი ეზო ტერასებივით არის და ორნაწილიანია. პირველში ყვავილებია გაშენებული, მათ ჩემი მეუღლე უვლის. მეორე ნაწილს მე ვუვლი. ჩემს მეუღლეს იქ მშვენიერი ყვავილნარი აქვს, ერთად დაჯგუფებული სხვადასხვანაირი ყვავილი. ძალიან ლამაზია იქაურობა, მის ცქერას არაფერი სჯობს, ყველაფერი ყვავის. ახლა უკვე ნელ-ნელა ფოთლები ცვენას იწყებს...

ეს ნაკვეთი 2003 წელს შევიძინე. ცარიელ ტერიტორიაზე მხოლოდ სახლის კარკასი იყო. სარდაფიდან 75 "კამაზი" მიწა გამოვიღე და ქვედა სართული გავაკეთე, სადაც ახლა მოსალხენი ადგილი და პატარა სამზარეულო მაქვს. არ მომწონს, პომპეზურ აგარაკებს რომ აკეთებენ, სადაც ცხოვრება მოუხერხებელია. მთავარია, სახლს მიწა ჰქონდეს, სადაც გამოხვალ და ბალახზე გაივლი.

- ხეხილის ბაღი გაქვთ?

- ჩემთან ხარობს გოგრა ბალი, ატმის ხეები, სამნაირი ლეღვი, ქლიავი, უნაბის ორი ხე. მისი ნაყოფი გულისთვის მისწრებაა, გულაბი მსხალი, სხვადასხვანაირი ვაშლი, კომში, კაკალი, ალუბალი. ვენახი 6 წლის წინ გავაშენე, ტალავერია 16 რიგი (თითო 50-მეტრიანი), სადაც 700-800 კილოგრამამდე ყურძენი მოდის. ბელორუსიის თითაა, შავი ყურძენი, თითო მტევანი 1 კგ-ს იწონის, 2 კი ვედროს ავსებს. მიყვარს ეს ყველაფერი, ვუვლი და ვახარებ. ხეხილს ვუბარავ და გარშემო ქვებს მოვუფენ სინესტის შესანარჩუნებლად. აგარაკზე ინტერნეტი მაქვს და ჩემი ბაღისთვის თუ რამე ინფორმაცია დამჭირდა, საიტებზე ვეცნობი. მე და ჩემი მეუღლე თუ სადმე მოვხვდით და იქ მცენარე მოგვეწონა, ვყიდულობთ და ეზოში მოგვაქვს. ახლახან აჭარიდან ტაკომა ჩამოვიტანეთ და დავრგეთ, ნესტი უყვარს და კედელზე, ღობეზე, ხეზე კარგად ადის, ლამაზი ყვავილი აქვს.

- ტაკომას მგონი კრაზანა ეტანება.

- მწერების საწინააღმდეგო წამალი მიასხურეთ კრაზანის ბუდეს და მორჩა... მაქვს ჯონჯოლის დიდი ხეც და ჯონჯოლს ჩემი ხელით ვამწნილებ.

- ხეხილის გასხვლას ცოდნა სჭირდება.

- გაზაფხულზე ხეხილს თავად ვსხლავ, თანაც ძალიან ლამაზად, ჯამის ფორმას ვაძლევ. გარე ტოტები უნდა დარჩეს და შიგნით გაისხლას, ჰაერმა რომ იმოძრაოს. ნიადაგი კი ქვიანია, მაგრამ ყვავილების მიწა შევიტანე და გაუმჯობესდა.

გასანოყიერებლად, ძირითადად, საქონლის გამომწვარ ნაკელს ვიყენებ. ბოსტანიც მაქვს, სადაც პამიდორი, კიტრი და მწვანილიც მომყავს.

- ყველანაირი იარაღი მაქვსო, თქვით. კიდევ რას აკეთებთ?

- რკინის მოაჯირები და საერთოდ, რკინის რაც არის აგარაკზე, ჩემი გაკეთებულია. მასიური ხისგან ფანჩატური გავაკეთე. ისეთი დაზგები მაქვს, ბევრ საამქროს შეშურდება, ბაზრობაზე მაგარი ხის (კაკლის, წაბლის) ნარჩენებს ვაგროვებ და მათგან ლამაზ ნივთებს ვამზადებ.

შესანიშნავი მეზობლები მყავს, მათგან ბევრ რამეს ვსწავლობ. 85 წლის ლეო ძიას ბაღს რომ შეხედოთ, გაოცდებით, ასევე გვერდით ცხოვრობენ ასათიანები, ოჯახის უფროსს ფანტასტიკური ბაღი აქვს.

- ხეხილის მყნობასაც ისწავლიდით...

- კი, ვარდი დამიმყნია, ატამიც. საძირედ ველური ჯიშის ხე უნდა გამოიყენო, მაგალითად, ტყემლის.

ერთ ხეზე 4 სხვადასხვა ხილიც მაქვს დამყნობილი. გადასარევად ისხამს-მეთქი, ვერ ვიტყვი, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. სხვათა შორის, მყნობისთვის ახლა კარგი დროა.

ცოტა ხნის წინ ყავის მაგიდა გავაკეთე ხის პატარა ნაწილებისგან. საღამოობით მე და ჩემი მეუღლე ვსხდებით, თითო ჭიქა შავ ღვინოს გეახლებით და კლასიკურ მუსიკას ვუსმენთ. გვყავს კატა "ტუტსი". ერთხელ, დილის 5 საათზე, კნუტის ხმა შემოგვესმა, შეგვეცოდა და ავიყვანეთ. ოღონდ, ვერ გავიგეთ, მამრი იყო თუ მდედრი და "ტუტსი" ამიტომ დავარქვით. "გოგო" აღმოჩნდა. ახლა უმისოდ ვერ ვძლებთ.

- ეზოში გაქვთ ყავის დასალევი, სამწვადე ადგილი, ხეხილის ბაღი, ყვავილნარი, პატარა კაფე...

- კი, კაფეს იმ ადგილს ვეძახით, სადაც სტუმრებს ვიღებთ. უამრავი ადამიანი გვსტუმრობს. ღამით ხეები სხვადასხვაფერი ნათურებით მაქვს განათებული და ჩემი ეზო საოცარი სანახავია. გარშემო კოინდარია. 11 წლის წინ დავთესე. წლეულს ხმელმა ფოთლებმა ცოტა გაგვიფუჭა, რადგან გაზაფხულზე მათი აღება ვერ შევძელით.

- რას ურჩევდით ჩვენს მკითხველს?

- მიწას ხელით უნდა შეეხოთ, ის უზარმაზარ ენერგიას მოგაწვდით. ეცადეთ, ბალახზე ფეხშიშველებმაც იაროთ. ამის მერე ყველანაირი ავადმყოფობა დაგავიწყდებათ. ნევროზი ხომ ჩვენი ცხოვრების თანამდევია, მთლიანად მოგეხსნებათ. ნუ დაგეზარებათ ხელების მიწით დასვრა, მიწა მკურნალია და უდიდესი ენერგიით დაგმუხტავთ... ჩემი ნაკვეთი თბილისიდან 15 წუთის სავალზეა. იქ სიმშვიდე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოა და ჭარბად არის იოდი... დრო მოვა, იქ დავსახლდები.

ლალი ფაცია