ინდაურის "ამოცანა" - კვირის პალიტრა

ინდაურის "ამოცანა"

"მარტივი არითმეტიკაა - რამდენი შემოსავალი შევა ოჯახებში ინდაურების გაყიდვით?.."

"ჩალისფერი ინდაური, რუხი ინდაურისგან განსხვავებით, კრუხობისას არასოდეს მიატოვებს კვერცხებს"

"დღევანდელ ინდაურსაც ისევ აქვს მტაცებელი ფრინველის თვისებები შენარჩუნებული. არა მარტო მარცვლეულით იკვებება, ხორციც რომ მისცე, მასაც მშვენივრად მიირთმევს!"

ინდაური ჩვენში ამერიკიდან გამოჩნდა. თანამედროვეებმა ეს სასარგებლო ფრინველი მის საკვებ კულტურასთან, სიმინდთან ერთად შემოიტანეს... დღეს უკვე ჩალისფერი ინდაური ქართულ გენეტიკურ რესურსად ითვლება, განსაკუთრებით, მთიან რეგიონებში. გვესაუბრება თიანეთის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ივანაური:

- პროფესიით ზოოტექნიკოს-ინჟინერი ვარ და კარგად ვიცი ამ ფრინველის ფასი, ის შეუდარებელია. განსაკუთრებით ჩალისფერი ინდაური, რომელიც ჩვენმა მეცნიერებმა სელექციით გამოიყვანეს და ქვეყანას სიმდიდრედ დაუტოვეს. მათ გააუმჯობესეს ინდაურის არა მხოლოდ წონა, ფერი და კვერცხდების მაჩვენებელი, არამედ კრუხობის ინსტინქტიც. თიანეთის მუნიციპალიტეტში ინდაური ყოველთვის ჰყავდათ და ჰყავთ დღესაც. მაგალითად, სოფელ მაგრანეთში ინდაური ყველა ოჯახს ჰყავს.

- ამბობენ, რომ ინდაურის ჭუკის გაზრდა სხვა შინაურ ფრინველებთან შედარებით ძნელია.

- ასეც არის. სამაგიეროდ, უკვე გაზრდილი ინდაურია ადვილად შესანახი. ჩვენი ჩალისფერი ინდაური 15-20 კვერცხს დებს და მერე კრუხობისთვის "იბრძვის", მაგრამ კვერცხის დება შეგვიძლია გავუგრძელოთ - ცივ წყალში თუ ჩავსვამთ, კვერცხის დებას განაგრძობს, შეიძლება 70-კვერცხამდეც კი ავიდეს.

ინდაურს 20-მდე კვერცხზე სვამენ კრუხად. კრუხობის პერიოდი 28 დღეა. შემდეგ ჭუკები იჩეკებიან. ზოგჯერ ფრინველს კრუხობა ბოლომდე არ მიჰყავს. იღლება და კვერცხები ჭუკების გამოჩეკამდე 3 დღით ადრეც კი შეიძლება მიატოვოს, ჩალისფერი ინდაური კი არასოდეს მიატოვებს კვერცხებს.

ჭუკებს დაახლოებით 1 თვემდე ხშირი კვება სჭირდებათ, აუცილებლად ვიტამინებით, ცილებითა და ცხიმებით დაბალანსებული საკვებით. სოფელში ჭუკებს აჭმევენ ყველის ამოყვანის შემდეგ დარჩენილ შრატში აზელილ სიმინდის ფქვილს, ჭინჭარს, მატიტელას... ეს სამკურნალო მცენარეები კაროტინს შეიცავს და ჭუკების გაზრდას ხელს უწყობს. ჭუკები მომაგრებამდე, უმეტესად ივნისის ჩათვლით, შინ ჰყავთ - ისეთ სადგომებში, სადაც ინდაურის გამოსაზრდელად შესაბამისი ტემპერატურაა. ინდაური სივრცის მოყვარული ფრინველია, ამიტომ მისი საბინადრო ეზოც ფართო უნდა იყოს... მომაგრებულ ფრინველებს უკვე ნამკალში, ნაწვერალასა და ტყეებში გარეკავენ საკვებად. ამ დღიდან ინდაურის პატრონს გაწეული შრომა მოგებად დაუბრუნდება - ინდაურის გაყიდვის სეზონი დეკემბერშია, ახალი წლის წინ.

ამერიკაში ინდაური მტაცებელი ფრინველისგან მოაშენეს და დღევანდელ ინდაურსაც მტაცებელი ფრინველის თვისებები შენარჩუნებული აქვს. იკვებება არა მარტო მარცვლეულით, ხორცსაც მშვენივრად მიირთმევს! ასევე მიირთმევს კალიებს, რომლებიც ზაფხულის ბოლოს უკვე "დასუქებული" არიან და ინდაურებსაც ასუქებენ.

ჩალისფერი ინდაური ტყეშიც ყველაფრით იკვებება. შემოდგომაზე კუნელს, ძახველს, ტყის კენკროვანს რა დალევს... ინდაურს რკოსა და თხილის მირთმევაც შეუძლია.

- თხილს მაგარი ნაჭუჭი რომ აქვს?

- ინელებს. სამაგიეროდ, ივლისიდან დეკემბრის ჩათვლით ინდაურს შინ კვება აღარ სჭირდება. დეკემბრის ბოლოს კი უკვე იყიდება. ამ დროს მისი წონა 5 კილოგრამამდე აღწევს.

ინდაურის წარმოება ძალიან განვითარებულია ბალტიისპირეთში, სადაც მისი წონა 20 კილოგრამამდე ადის, მაგრამ იქ კვების სხვა რეჟიმია და ჩვენი ინდაური ნამდვილად სჯობს.

თიანეთში ხალხს 200-ზე მეტი ფრთა ინდაურიც ჰყავს, 50-მდე ფრთა კი ძალიან ბევრ ოჯახშია. მარტივი არითმეტიკაა - რამდენი შემოსავალი შევა ამ ოჯახებში ინდაურების გაყიდვით?..

ქართული ჩალისფერი ინდაურის სარგებლიანობის შესახებ სოფელ მაგრანეთში ნათელა მაჭარაშვილსაც ვესაუბრეთ:

- ჩვენს სოფელში ინდაური და მათ შორის, ჩალისფერი ინდაური, ბევრს გვყავს. ინდაურის ჭუკი ნაზია, მგრძნობიარე დაავადებებისა და კვების მიმართ. ვიდრე ერთი თვე შეუსრულდებათ, ყოველ ნახევარ საათში გამოკვებას ითხოვენ, უკვე დაზრდილებსაც შეიძლება რამე დაავადება შეხვდეთ და დაიხოცონ. ჭუკი 1 თვის შემდეგ უკვე მომაგრებულია, 3 თვისა კი კარგი დასაკლავიც. ინდაური დიდი ფრინველია და ვისაც ბევრი ჰყავს, ტყეში ფარასავით გარეკავს ხოლმე, თუმცა, მეთვალყურეობა სჭირდება. მისი მთავარი მტერი მელიაა, ქორი ვერ ერევა.

ინდაურის გამოზრდას შრომა კი სჭირდება, მაგრამ წვალებად ღირს...

სასარგებლო რეცეპტი

შინაურ ფრინველთა შორის ინდაური ყველაზე დიდია. მისი კვერცხის მასა დაახლოებით 80-88 გრამია. ინდაურის როგორც კვერცხი, ასევე ხორცი ცილის საუკეთესი წყაროა. მისი მეშვეობით დიდ ენერგიას ვიღებთ. გარდა ამისა, ინდაურის ხორცში დიდი ოდენობით არის ფოსფორი. ამ მხრივ ის თევზს უტოლდება. ინდაურის ხორცის მეშვეობით ვიღებთ PP ვიტამინსაც. ინდაურის ხორცი მცირე ცხიმიანობით გამოირჩევა, არ შეიცავს ქოლესტერინს. მისი ცხიმი ორგანიზმისათვის აუცილებელ ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. ინდაურის თეთრი ხორცი განსაკუთრებით მდიდარია რკინით. ყოველივე ამასთან ერთად ინდაურის ხორცის კალორიულობა დაბალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის დაახლოებით 25%-ით მეტი შეიძლება მივირთვათ.