მივიწყებული "ოქროს მარცვლეული"
28-09-2015
მივიწყებული "ოქროს მარცვლეული"
განვაგრძობთ საუბარს მივიწყებული კულტურების შესახებ, რომლებიც ძველად საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული.

ჩვენს მამა-პაპას ბევრი სასარგებლო მცენარე მოჰყავდა. ბევრი მათგანი ისე გაქრა, რომ მათ შესახებ თითქმის არაფერი ვიცით. ჩვენი სტუმარია ბიოლოგიურ მეცნიერებათა ასოციაციის კონსულტანტი ჯაბა ჭეიშვილი, რომელიც გადაშენების პირას მყოფ მარცვლეულ კულტურებზე მოგვითხრობს.

ღომი
გადაშენების პირას მისულ მარცვლეულ კულტურებს შორის ღომი უნდა დასახელდეს. საუკუნეების განმავლობაში ეს ჩვენში ერთ-ერთი სტრატეგიული კულტურა იყო. სიმინდმა ღომი თანდათან განდევნა და XX საუკუნის 40-იან წლებამდე მისი
ნათესებიდან მხოლოდ ათასი ჰექტარი იყო დარჩენილი. ეს იყო მანამ, ვიდრე სიმინდს მასობრივად დათესავდნენ. რატომ ამჯობინებენ ფერმერები სიმინდის მოყვანას? თუნდაც იმიტომ, რომ უფრო ადვილი მოსაყვანია. არსებობდა ღომის საადრეო სახეობა, რომელსაც "შვიდკვირას" ეძახდნენ. ეს სახეობა რაჭაში კარგა ხანს იყო შემორჩენილი, მაგრამ იქაც ერთეულები თესავდნენ, დღეს ის უკვე
აღარავის მოჰყავს. ღომი იმიტომაც არის ძნელად მოსავლელი, რომ სარეველები ადვილად ჩაგრავენ. ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო, რომ მის ნათესებს სარეველა არ მოერიოს, მაგრამ ერთი თუ მოძლიერდა, მერე უკვე სარეველაც ვერაფერს აკლებს. სწორედ ამ მცენარისგან დამზადებული ღომია ნამდვილი ღომი და არა სიმინდისგან.

ასაკოვანმა ხალხმა იცის, რომ ძველებური, ნამდვილი ღომი უაღრესად გემრიელი და სასარგებლო იყო. ღომი ვიტამინებით მდიდარი და ამავე დროს, დიეტური პროდუქტია. სხვათა შორის, ადრე, როცა თეთრეული არ ჰქონდათ, სტუმარს ღომის ჩალაში აწვენდნენ ხოლმე, რომელიც უფრო რბილი და მოხერხებული იყო, მასპინძლები კი სიმინდის ჩალაში წვებოდნენ. ეს სტუმრის პატივისცემის ნიშანი იყო. ახლა ღომს მხოლოდ ცალკეულ ფერმერულ მეურნეობებში თუ შეხვდებით, ჩვენმა ხალხმა ის დაივიწყა და ტრადიციული ღომის მოყვანას სიმინდის მოყვანა არჩია.

ჭვავი
ჭვავს იმ რაიონებში იყენებდნენ, სადაც ხორბლის კულტურა ნაკლებად იყო გავრცელებული. მას საპატიო ადგილი უჭირავს პურეულ კულტურებს შორის. მას შემოდგომაზე თესავენ. ჭვავი კულტურაში ხორბალზე უფრო გვიან დაინერგა, მაგალითად, ცნობილია, რომ ძველი ბერძნები ჭვავს არ იცნობდნენ... ჭვავისგან პურს აცხობდნენ. ეს მცენარე ინტენსიურად მოჰყავდათ დასავლეთ საქართველოში. ჭვავის პური შესანიშნავი დიეტური საკვებია და ძალიან სასარგებლოა. გვალვისა და დაავადებების მიმართ გამძლეა.

ხორბალი
საქართველოში გვხვდება ხორბლის მსოფლიოში ცნობილ სახეობათაგან ყველაზე მეტი - 12, მათ შორის 6 ენდემური სახეობაა, და ადგილობრივ ჩამოყალიბებული ფორმები: ასლი, მახა და ზანდური. საუკეთესო ფქვილით კარგი სახაჭაპურე ცომი იზილებოდა; პური ნოყიერი, გემრიელი და სურნელოვანი გამოდიოდა, რამდენიმე დღე ინარჩუნებდა სირბილეს, რაც განსაკუთრებით ფასეული იყო ლაშქრობა-მგზავრობისას.

დამოწმებულია რბილი ხორბლის 32 სახესხვაობა და ასზე მეტი ფორმა. ქართულმა წერილობითმა წყაროებმა შემოგვინახა რბილი ხორბლის ადგილობრივი სახელწოდებები: იფქლი, ანეული, პური, ძველი პური, დოლის პური, წმინდა, ხულუგო, გომბორულა და სხვა... დოლის პურისგან ცხვება მეტად სურნელოვანი პური, რომელსაც სირბილისთვის ჭვავს უმატებენ. მთაში მოჰყავდათ დიკა - ესეც ჩვენი ენდემური სახეობაა. ის უფრო მაღალ მთაში მოდის, რადგან ძალიან დაბალ ტემპერატურაზეც იძლევა მოსავალს. დასანანია, რომ ამ უნიკალურ ჯიშებს სათანადოდ არ აფასებენ.

ქერი
ევრაზიასა და ამერიკაში ცნობილია ამ მცენარის დაახლოებით 30 სახეობა. მისი სამშობლო აზიაა, თუმცა ველური სახით გვხვდება სირიაში, თურქეთში, შუა აზიასა და კავკასიაში. ეგვიპტეში ქერის კულტურა ფარაონების დროიდან არის ცნობილი. სწორედ აქედან გავრცელდა ის საბერძნეთსა და რომის იმპერიაში. XV საუკუნემდე ქერის მარცვლებს ფქვავდნენ და პურს აცხობდნენ. აღსანიშნავია, რომ ძველი მკურნალები ამ მცენარეს სამკურნალოდ იყენებდნენ. ქერს იყენებენ ლუდის წარმოებაში, ასევე საფეიქრო, საკონდიტრო და ფარმაცევტულ მრეწველობაში. საქართველოში ქერის 10-15 სახესხვაობა ხარობდა. ცნობილია, რომ ქერს სითბო უყვარს, ის ამინდისა და კლიმატის ცვალებადობას ვერ უძლებს. 1 ჰექტარზე 2-4 ტონამდე მოსავალი მოდის. ქერი დიეტური პროდუქტია.

ფეტვი

ფეტვს ადამიანი საკვებად იყენებს. ის საუკეთესო საკვებია ცხოველებისთვისაც. ფეტვი ამიერკავკასიასა და საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული, მაგრამ ახლა ის მხოლოდ სამცხე-ჯავახეთსა და სვანეთშია შემორჩენილი. საადრეო კულტურაა, დაახლოებით 70-80 დღე სჭირდება, რომ მოვიდეს. ფეტვი გვალვაგამძლე მცენარეა და ვერ იტანს სიცივეს: შეიძლება მინუს 2-მა გრადუსმაც კი დააზიანოს. ძალიან ყუათიანი მცენარეა. შეიცავს ცილას, ცხიმებს, კალციუმს, მაგნიუმსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. მისგან საუკეთესო ბურღული მზადდება. ეს მცენარე ადამიანს ენერგიასა და ტონუსს მატებს. სხვათა შორის, ძველად საქართველოში ფეტვისგან გემრიელ ხაჭაპურსაც აცხობდნენ. კარგი მოვლის შემთხვევაში, ფეტვის მოსავლის აღება წელიწადში ორჯერაც შეიძლება. ფეტვი უფრო აღმოსავლეთ საქართველოში მოჰყავდათ, რადგან მშრალი კლიმატი უყვარს.


სასარგებლო რეცეპტი

ადრე ფეტვს "ოქროს ბურღულსაც" უწოდებდნენ. სპეციალისტების აზრით, ფეტვს შეუძლია ორგანიზმიდან წიდები გამოდევნოს, ამიტომ ფეტვის ფაფის მირთმევა (დღეში 1 თეფში) ძალიან სასარგებლოა. ეს რეცეპტი განსაკუთრებით მოუხდებათ იმათ, ვისაც ორგანიზმის გაწმენდა და წონის კორექცია სურს:

დაგჭირდებათ: 1 ჭიქა ფეტვის ბურღული, 3 ჭიქა რძე ან წყალი, 250 გრამი გოგრა, 250 გრამი სტაფილო, ცოტა ნიახური და ოხრახუში, 2 ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩ/კ მარილი და ცოტა კარაქი (ან სამარხვო კარაქი). ფეტვის ბურღული 2 საათით წყალში დაალბეთ. გოგრის რბილობი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, გახეხეთ სტაფილო ან დაჭერით პატარა კუბებად. გარეცხილი ოხრახუში და ნიახური 30 წუთით ჩაალბეთ ცივ წყალში, გადაწურეთ. დაჭერით ძალიან წვრილად. ცალკე ქვაბში ჩაასხით 3 ჭიქა წყალი ან რძე, წამოადუღეთ. დაამატეთ მწვანილი, სტაფილო და გოგრა. უხუფო ქვაბში ხარშეთ 15 წუთი, მაღალ ცეცხლზე, ხშირად ურიეთ.

ამის შემდეგ ჩაამატეთ ქვაბში უკვე გაფუებული ფეტვის ბურღული, დაამატეთ შაქარი და მარილი, 2 კოვზი კარაქი. მოურიეთ, დაახურეთ ქვაბს და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ 20 წუთი, ვიდრე ფაფა ჩასქელდება. გადმოდგით ფაფა და თბილ ადგილას თავდახურული გააჩერეთ, დაახლოებით, 30 წუთით. ვიდრე ამ გემრიელ კერძს მიირთმევდეთ, შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა კარაქიც.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით