შალაურის "ქვის ჰარმონია"
05-10-2015
შალაურის "ქვის ჰარმონია"
მარნის აშენების ტრადიცია საქართველოში ისეთივე ძველია, როგორიც ყურძნის დაწურვისა და ღვინის დაყენებისა.

სამშენებლო მასალების მიხედვით საქართველოს კუთხე­ებში მარნებს მცირედი განსხვავებით აშენებდნენ, ღვინოს კი ყველა ქვევრში­ ინახავდა. ზემო იმე­რეთში მარნები ქვით შენდებოდა და კრამიტით იხურებოდა.

რამდენიმე ათეული წელია, ადგილობ­რივმა სამშენებლო ქვამ, თანამედროვე ტექნ­ოლოგიების ფონზე, აქტუალობა დაკარგა, თუმცა, ბოლო ხანს, ვისაც­ მისი შეძენა შეუძლია (არცთუ იაფია), ამ ქვით კვლავ აშენებს­ ღობეებს, სახლებსა თუ მარნებს.
თითქმის საუკუნის ქვის მარანი უდგათ­ სოფელ შალაურში პავლე
ბუსხრიკიძის შთამომავლებს. პავლეს წინაპრებმა ლაშურის ხეობიდან მარნისა და სახლის ქვა ურმით ამოზიდეს და მომავალ თაობას ქვის მარანი დაუტოვეს. საუკუნის სურნელით გაჟღენთილ ქვევრებსა და საწნახელში იმერულ ძველშავს, ციცქასა და ცოლიკაურს პავლეს შთამომავალი კვლავ წურავს.

ღვინოს ჩვენი მომავალი თაობაც დაწურავს"

როლანდ ბუსხრიკიძე:
- ბაბუა ქვით შენების საუკეთესო
ოსტატი იყო. ამბობდა,­ როცა ჩვენი დიდი ოჯახი გაიყო, ჩემს ნაკვეთზე პირველად სახლის კი არა, მარნის აშენება დავიწყე, რომ ჩემს ოჯახს სტუმარი დაჰკვებებოდა, სტუმარი ღვთისაოო. პატარა ღელე ლაშურა ზაფხულში ქვებსაც ძლივს ასველებს, მაგრამ როცა ადიდდება, ყველაფერი მოაქვს. ამ ხეობაში ურმით ჩადიოდნენ და კლდეებიდან გამოღებული ქვები ამოჰქონდათ. ზოგიერთი ქვა იმხელა იყო, იქვე ამუშავებდნენ.

საუკუნის წინ ჩვენს სოფელში ყველა ნაგებობა ქვის მშრალი შენების წესით იყო აგებული. საუკეთესო ­ ოსტატ­ები იყვნენ, მაგრამ ბაბუაჩემს სხვანაირი ხელი ჰქონდა, მისი ნაშენები მარნის კედლები დიდი სიზუსტით არის ამოყვანილი.

ჩანს, თითოეულ ქვას ასჯერ შეატრიალებდა ხელში, ვიდრე კედელში ისე არ ჩასვამდა, რომ "ქვის ჰარმონია" არ დაერღვია. ეზოშიც დაახლოებით 3 მეტრი სიგრძისა და მეტრ-ნახევარი სიგანის ქვა დაგვიტოვა ჩამოსაჯდომად - მარმარილოსავით გათლილი. ვინც ამ ქვას ნახავს, უკვირს - ან რა ხარები ჰყავდა, რომ ამოდენა ლოდი ხეობიდან ამოიტანეს, ან თვითონ რა ძალა და ნებისყოფა ეყო მის გასათლელადო. კარგად მახსოვს, როგორ უყვარდა ეს ქვა. როგორც კი გაზაფხულის სითბო შემოიპარებოდა, საწოლიდან წამოდგებოდა, ამ ქვაზე თხელ საბანს გადააფარებდა და დაწვებოდა­ - ჩემი ჩაყრილი კაკლების ძირში ჩიტების ჭიკჭიკში უნდა გავათენოო.

- ქვის მარნები, ალბათ, ზაფხულში სიგრილეს ინარჩუნებდა, ზამთარში­ - სითბოს.
- ცხადია, მაგრამ ეს როდი ყოფილა ჩვენში ქვის მარნების აშენების მიზეზი. ჩვენს მარნებში ჭურები მაინც ღია ნაწილშია ჩაყრილი. მის ტემპერატურასა და ღვინის დუღილის პროცესს სხვა ფაქტორები არეგულირებს. ჩვენში ქვა მთავარი სამშენებლო მასალა იყო. დიდი შრომა სჭირდებოდა, სამაგიეროდ, დიდხანს ძლებდა. ამიტომ, რაც შეეძლოთ, ალამაზებდნენ - მარნის ქვებზე ათასნაირ ჩუქურთმას ჭრიდნენ.

- მარანში საწნახელიც უძველესი­ ჩანს.

- ახლა საწნახელებს აღარავინ ამზადებს, პლასტმასის ან სხვა ჭურჭელში წურავენ ღვინოს. თუმცა, ჩვენს სოფელში ისევ წინაპრების გათლილი საწნახელები გვიდგას.­ ბაბუაჩემი საწნახელს ძალიან უფრთხილდებოდა. როცა გავიყავით, ჩემმა დიდმა ოჯახმა­ მე მარგუნა. ოქროზე ძვირად ფასობს. ვისაც­ ოჯახი საწნახელს ვერ აძლევდა, ის საჩხერ­იდან რაჭის საზღვარზე გადადიოდა სასაწნ­ახელე თელის ან თხილის მოსაჭრელად­. თხილი საუკუნე-ნახევარს და მეტ ასაკსაც აღწევს და ვარჯსაც იმსხვილებს, ველური თხილი კი საუკეთესო მასალაა საწნახელის ამოსაჭრელად. სასაწნახლე ხე ძალიან მძიმე იყო და გზაც დიდი ჰქონდათ გამოსავლელი. უღელში 2-3 წყვილი ხარი მაინც უნდა შეებათ წამოსაღებად. ქვევრებს კი ჭიათურის სოფელ ჩხირაულში ყიდულობდნენ და 1 000 და 2 000-ლიტრიანი ქვევრები იქიდანაც ურმით მოჰქონდათ.
როცა ჩხირაულის ქვევრებზე ვლაპ­არაკობ, ყველას უკვირს - ასეთი სოფელი არც გაგვიგიაო. უმთავრესად კახეთის ან შროშის თიხა იციან. ჩხირაულში ცოტა, მაგრამ საუკეთესო ხარისხის თიხაა. ეს ახლა ჩვენზე­ უკეთ უცხოელებმა იციან. ახლახან მითხრეს, ჩხირაულელი მექვევრე იტალიელებმა წაიყვანეს ქვევრში ღვინის დაყენების გამოცდილების გასაზიარებლადო.

- საჩხერეში რა ღვინოს აყენებდნენ ამხელა ქვევრებში? ზემო იმერეთი ღვინის ისეთ ძლიერ მწარმოებლად არ ითვლება, როგორც კახეთი.
- სამაგიეროდ, ჩვენთან ციცქასა და ცოლიკაურის საუკეთესო ხარისხის ყურძენი მოდის, განსაკუთრებული არომატით. ჩვენი ძველშავიც საუკეთესოა. ცოლიკაური ცნობილი ჯიშია, თუმცა, იმერულ ციცქას ვერაფერი შეედრება - საუკეთესო შამპანურსა­ და ცქრიალა ღვინოს ამზადებდნენ. ამ ღვინოებს ახლაც აყენებენ, ოღონდ - არა იმდენს, რამდენსაც ადრე. ვიმედოვნებ, ამ ჯიშის ყურძენზე მალე ძველებურად დიდი მოთხოვნა იქნება. მაინცდამაინც დიდი ვენახი არ მაქვს, მაგრამ 1000-ლიტრიან ქვევრში ხშირად ჩამისხამს ღვინო. ამ ზომის ქვევრები, ძირითადად, ღვინის დუღილის პროცესს­ ემსახურება - წვენს ჩავასხამთ, დავადუღებთ და ზამთრის დამდეგს სხვა Qჭურში გადავიღებთ. მეც ისეთივე წესით ვაყენებ ღვინოს, როგორითაც ჩვენი წინაპრები - გლეხურად, ჭაჭით, დადუღების შემდეგ კი მეორე ჭურში გადავიღებ. ღვინო იქ დაიწმინდება და დადგება. არსებობს­ ღვინის დამზადების ევროპული წესიც - უჭაჭოდ დადუღება. ამ დროს ღვინო ნელ-ნელა, მარტ-აპრილამდე დუღს. ქვევრსაც მხოლოდ ამ დროს მოხდი.

- აქ ხომ ღვინით სავსე ქვევრის დასახური­ მასალაც - აყალო მიწაც მოიპოვება...

- სწორედ იქ, სადაც სამშენებლო ქვე­ბია.­.. ეს მიწა საუკეთესოა ჭურის დასაგ­მანად­, რომ ღვინო სუფთად და გრილად შეინახო. სანამ ჭურს აყალოთი მოგლისავ, მანამდე ხის, წაბლის ან მუხის ბადიმები უნდა დაახურო, აყალო ზემოდან გადაუსვა­ და რომ არ დასკდეს, ჩვენებური, საჩხერული ქვიშა დააყარო. მერე გახსნი და მოგეცა ლხენა!

- თქვენი შვილები თუ წურავენ ღვინოს?
- უმცროსი ჯერჯერობით ყურძნის კრეფაში მეხმარება, უფროსი კი ღვინო­საც წურავს, ვენახსაც წამლავს, ჭურსაც ხდის და ღვინოს ორშიმოთიც იღებს სტუმრის გასამასპინძლებლად. ღვინოს ჩვენი მომავალი თაობაც დაწურავს. თუ ქართველმა კაცმა ვენახს, ღვინოსა და სტუმარს არ მოუარა, არაფერი გამოვა. ჩვენც აღარ ვიქნებით.
tbiliseli
06 ოქტომბერი 2015 15:11
მიხარია ასეთ ადამიანებზე რომ წერთ და გვაცნობთ.

"მასპინძელო მხიარულო
მარნის კარი გიჭრიალებს..."
კიდევ მრავალი წელი დაგეწუროს ვაზის ნაჟური და იჭრიალოს მარნის კარმა.
გაიხარე ქართველო კაცო.

რედაქტორის რჩევით