ოქრუაშვილების "ოქრო" ედემის ბაღია - კვირის პალიტრა

ოქრუაშვილების "ოქრო" ედემის ბაღია

"ამ ბაღში ფუსფუსმა ბევრი გასაჭირი დამაძლევინა..."

"დეკორატიული გოგრის თესლი ვაშლის ძირში დავრგე, ხეზე ავიდა და დაისხა"

გასულ კვირას დუშეთში ოქრუაშვილების ოჯახს ვესტუმრე - ქალბატონ ქეთევანს ეზო-კარი ედემის ბაღად გადაუქცევია. ის ჩვენი ყოფილი კოლეგის, დავით ოქრუაშვილის, ახლა უკვე მამა დავითის დედაა. მოძღვარი არაგვის ხეობაში მოღვაწეობს. იმ დღეს შინ დამხვდა და დედა-შვილს ერთად ვესაუბრე.

ქეთევან ოქრუაშვილი: - ამ სახლში 42 წელია, ვცხოვრობ. 400 კვმ მიწა გვაქვს, სახლი გვიდგას, ავტოფარეხიც, საქათმეც და ბაღ-ბოსტანიც გავაშენეთ. ახლა ჩემებს (ოთხი შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებიაა. - ავტ.) ვეუბნები, ავტოფარეხის თავზე მიწა უნდა დავყარო და რაღაცები დავთესო-მეთქი.

ჩემი მეუღლე სოფელ ოქრუანებიდანაა (ვეძათხევი), აქვე, 7 კილომეტრშია, მაგრამ მცოცავი მიწაა და იქაურობას ხალხი ტოვებს. თუმცა სოფელში ხშირად მივდივარ. კაკლის ხეები გვიდგას, კარტოფილიც გვითესია, ხეხილი გვაქვს, შარშან 9 კასრი ჭანჭური დავკრიფე და არაყი გამოვხადე...

- ეზოში უამრავი ყვავილი ხარობს.

- ძალიან მიყვარს ჩემი ბაღი. დილით რომ ვიღვიძებ, აქაურობა რომ არ შემოვიარო, თითოეულს არ მივეფერო, როგორ იქნება? თუ რომელიმეს ყურადღებას მოვაკლებ, მგონია, რომ გამებუტება. ახლა ცოტა შეწუხებული ვარ, ვარდებს ჭია შევნიშნე. რა სჭირთ, არ ვიცი, ერთხელ შევწამლე და ალბათ, კიდევ უნდა შევწამლო...

- ბევრი ვარდი გაქვთ?

- 20 ძირი სხვადასხვა ფერის ვარდია, მაისში, ვარდის ყვავილობისას, აქ საოცრება ხდება... თუმცა ზოგიერთი ყვავილობას მერეც განაგრძობს. ზოგი სურნელოვანია, ზოგი - არა, მაგრამ ყველა ულამაზესია.

მამა დავითი: - თუ ეზოში ვინმე შემოვა და არ იტყვის, რომ აქაურობა ლამაზია, დედას გუნება უფუჭდება.ძალიან უყვარს ეს მცენარეები. მათ დიდ დროსა და ენერგიას უთმობს და უნდა, რომ ნახელავი შეუფასონ.

ქეთევან ოქრუაშვილი: - ოთახის ყვავილებიც მაქვს და თუ ვინმემ მთხოვა, სიხარულით ვატან. შარშან ცუდად გავხდი, თავიდან ექიმი ვერ იგებდა, რა მჭირდა. მერე გაირკვა, რომ ოთახის მცენარეებზე მქონია ალერგია. ექიმმა მითხრა, ყველა ყვავილი გარეთ გამეტანა, მაგრამ ზამთარი იყო და ვერ გავიმეტე.

მამა დავითი: - შეიძლება ითქვას, მათ გადასარჩენად თავი გაწირა... თვითონ დაიზარალა თავი და ყვავილებს არ ავნო - არა უშავს, ამ შეტევას გავუძლებო.

აივანზე, ქოთანში, ბარაქის ხეს წლებია, ვუვლი. ბავშვებმა ხან ბურთი მოარტყეს და ხან - რა, მაგრამ ჯიუტად განაგრძობს სიცოცხლეს. ორი წლის წინ იყვავილა კიდეც.

ქეთევან ოქრუაშვილი: - ხედავთ, ჩვენს ვაშლს გოგრა "ასხია"... ეს დეკორატიული გოგრაა, რომლის თესლი ვაშლის ძირში დავრგე, ხეზე ავიდა და დაისხა. შარშან ხეივანზე მქონდა გაშვებული.

მამა დავითი: - ეს გოგრა მთელი ზამთარი შეგიძლიათ ოთახში გედოთ, ლამაზია და სამშვენისად გამოგადგებათ. ამასობაში გაზაფხულისთვის გამოშრება, თესლს ამოაცლით და სადაც გნებავთ, დათესავთ.

- ხეხილიც გიდგათ, ბოსტანიც გაქვთ და მარწყვიც, რომელიც ახლაც ყვავილობს...

- კი, პომიდორიც გვაქვს და კიტრიც, ბულგარული და მწარე წიწაკა, მწვანილი, აბა, ამისთვის სხვაგან ხომ არ წავალ? მარწყვი კი ისეთი ჯიშია, რომ წელიწადში ორჯერ მწიფდება. ახლა უკვე მეორედ ყვავის. ხეხილს ცოტა კი უჭირს დამწიფება, რადგანაც თიხიანი ნიადაგია, ამიტომ საქონლის გადამწვარ ნაკელს ვაყრი.

- ამ მცირე ფართობზე სამოთხე მოგიწყვიათ...

- დღეს ადამიანებს მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება, ამიტომ, ფუსფუსი, რაღაცის კეთება, მიწასთან მუშაობა განტვირთვაში დაეხმარებათ.

თან სიამოვნებს ადამიანს და თან სილამაზეს ქმნის...

- ქალბატონო ქეთევან, ამ მცენარეებისგან რომელს აქვს ბაღის დედოფლის სტატუსი?

- დედოფლებად ულაპარაკოდ ჩემს ვარდებს ვაღიარებ. კიდევ ქრიზანთემა მიყვარს. ცოტა ხანში ეგეც აყვავილდება და გვიანობამდე გაშლილია. ბევრი ფერის ქრიზანთემა მაქვს, ისევე როგორც ვარდი. გეორგინებიც მაქვს, მათ ბოლქვებით ვთესავ... ჩემი მცენარეების უმრავლესობა ერთწლიანია.

- ბაღი გემოვნებით არის გაფორმებული, ჩანს, ამასაც დიდ ყურადღებას აქცევთ.

- კი, მაგრამ ოჯახის წევრები "დიზაინს" ხანდახან მიწუნებენ... ძალიან მინდა ზურა შევარდნაძის ბაღის ნახვა, რომ რაღაცები მისი ბაღის მაგალითზე გავაკეთო, მაგრამ უდროობის გამო ვერ მოვახერხე.

- ლამაზია თუთის ხის ჩრდილში კუნძების სკამები და მაგიდა.

- ეს ჩვენი ოჯახის საყვარელი ადგილია, ზაფხულში სტუმრებსაც აქ ვიღებთ. ეგაა, თუთა მწიფობისას სვრის აქაურობას, სამაგიეროდ, კარგი ჩრდილი აქვს, ამიტომ მოსაჭრელად ვერ ვიმეტებთ, რომ მის ადგილას ხეივანი გავაშენოთ.

- ქვითა და ფილებითაც თქვენ მოაპირკეთეთ აქაურობა?

- უფროსმა ვაჟმა ქვებითა და მორჩენილი ფილებით მოაპირკეთა. სადმე თუ ცოტა მოზრდილ ქვას წავაწყდით, მოგვაქვს.

- ჩვენს მკითხველს რას ურჩევთ?

- მე მიწასთან მუშაობა მსიამოვნებს, მაგრამ ყველაფრის დაწყება ალბათ, ოთახის ყვავილებით ჯობია. ფანჯრის რაფები, აივნები გაალამაზონ, ეს დიდ სიამოვნებას მიანიჭებთ. მრავალსართულიან სახლში ცხოვრებას ალბათ, ვერ შევეგუებოდი, ამ ეზო-კარში ფუსფუსმა ბევრი გასაჭირი დამაძლევინა...

ლალი ფაცია