საშიში, მაგრამ საშური... - კვირის პალიტრა

საშიში, მაგრამ საშური...

ტყეში სოკოს საკრეფად ალბათ, ყველა ყოფილა, თუმცა ბევრს არ ეცოდინება, სოკო ჩვენი დედაბუნების რამდენად იდუმალი და საინტერესო მოვლენაა. მის შესახებ მიკოლოგი ია ჯორჯაძე მოგვითხრობს.

- სოკო ცოცხალი სამყაროს ცალკე სამეფოს წარმოადგენს, მას ახასიათებს როგორც მცენარეთა, ასევე ცხოველთა თვისებები. მცენარეებისგან განსხვავებით, მას არ შეუძლია გამოიმუშაოს თავისი საკვები და სხვა ცოცხალ (ან მკვდარ) ორგანიზმებზეა დამოკიდებული. სოკო ჩვენს პლანეტაზე ყველგან გვხვდება.

თვალით ხილულ, დიდ სოკოებს მაკროსოკოებს უწოდებენ. ისინი განსაკუთრებით მრავლად ტყეში გვხვდება. საინტერესოა, რომ ყველასთვის საყვარელი სოკო, ნიყვი, მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, აღმოსავლეთში კი განსაკუთრებით ბევრია გურმანებში არანაკლებ პოპულარული ხეთამხალი და მანჭკვალა.

ზერანა - სოკოს რამდენი სახეობა არსებობს და რომელია საკვებად ვარგისი?

- საქართველოში მაკროსოკოების 1300-მდე სახეობაა აღრიცხული, მათგან დაახლოებით 250 საჭმელია, ხოლო 30 - შხამიანი. მოსახლეობა საკვებად ძირითადად 40-მდე სახეობის სოკოს იყენებს. ხშირად აგროვებენ მინდვრის ქამას, ხეთამხალს, მანჭკვალას, ნიყვს, არყას, მიქლიოს, წეროსწვივას, შავჩოხას, საჩეჩელას, ჯიმლას, ძერანას, მჭადას, დუმა სოკოს, დათვის სოკოს...

- მოგვიყევით ყველაზე შხამიან სოკოებზე. რა ნიშნები აქვს სოკოთი მოწამვლას და როგორ მივხედოთ მოწამლულს?

- შხამიან სოკოებს ჯგუფებად ყოფენ. ჰემოლიზური შხამის შემცველისგან მოწამვლის ნიშნები 2-10 საათის შემდეგ მჟღავნდება (სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულის აჩქარება, ღებინება და სიყვითლე). მოწამვლა იშვიათად მთავრდება ლეტალური შედეგით. ზოგი სოკო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოშლას იწვევს. სიმპტომები ვლინდება 1-2 საათში და მსგავსია ზემოთ ნახსენები სიმპტომებისა. ამ ჯგუფში შედის ქამას მატყუარა. ისეთი სოკოებიც არის, რომელთა ხშირი მიღება ინტოქსიკაციას 2-5 წლის შემდეგ იწვევს და თირკმლებს აზიანებს. ასეთია, მაგალითად, ღორის სოკო. ზოგიერთი სოკო მომწამვლელია მხოლოდ ალკოჰოლთან ერთად მიღებისას და რეაქცია 20-40 წუთში ვლინდება. სახესა და მთელ სხეულზე აღინიშნება მომეტებული სიწითლე და სიმხურვალე, იწყება დიარეა და ღებინება. სიმპტომები 3-5 საათში თავისით ქრება. ეს სოკოებია - სილიო და მუხისძირა.

ჰალუცინოგენური სოკოები, უპირველესად, ნერვულ სისტემაზე მოქმედებენ. მიღებიდან 1-2 საათში პირველი სიმპტომები ვლინდება - წამოწითლება, ოფლისა და ნერწყვის მომეტებული გამოყოფა, მხედველობის დარღვევა, ჰალუცინაციები, შეტევითი ხასიათის ხარხარი ან ტირილი, არაადეკვატური ქცევა, ღებინება. მცირე დოზით მოწამვლისას სიმპტომები 4-5 საათის შემდეგ ქრება. ზოგჯერ მოწამვლა მძიმედ მიმდინარეობს და ლეტალური შედეგითაც მთავრდება. განსაკუთრებით საშიში შხამიანი სოკოების მიღების შემდეგ, თუ დაუყოვნებლივ არ მიმართავთ ექიმს, ლეტალური შედეგი გარდაუვალია. ესენია: შხამა, ცრუ მანჭკვალა დაჩორტინარიუს-ის გვარის სოკოები. სამწუხაროდ, სიმპტომები ძალიან გვიან - 8-72 საათის შემდეგ ვლინდება, როცა ტოქსინები უკვე თავის ტვინს აღწევს. იწყება ძლიერი ღებინება და დიარეა, პირის სიმშრალე, ეცემა წნევა, ვითარდება ასფიქსია, სხეულის დამბლა და სხვ.

მინდვრის ქამა

ნებისმიერი მოწამვლისას აუცილებელია სასწრაფოს გამოძახება. მანამდე დაზარალებული უნდა დავაწვინოთ, დავალევინოთ ყლუპობით თბილი სოდიანი წყალი და ღებინება გამოვიწვიოთ. პროცედურა რამდენჯერმე უნდა გავიმეოროთ. სასურველია ოყნის გაკეთებაც. ალკოჰოლის მიღება კი დაუშვებელია. სოკოს ნარჩენების შენახვაც გააადვილებს მისი ზუსტი სახეობის დადგენას, რასაც სამედიცინო დახმარების გაწევისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

- როგორ გამოვიცნოთ შხამიანი სოკო?

- უნდა შევაგროვოთ მხოლოდ ის სოკოები, რომლებსაც დანამდვილებით ვცნობთ, უცნობი სოკოს საკვებად მიღება დაუშვებელია. მცდარია მოსახლეობაში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს მწერები მხოლოდ კარგ სოკოებს ჭამენ, რომ შხამიან სოკოებს ცუდი სუნი აქვთ, შხამიანი სოკოს ნახარშში ხახვი მწვანდება, ვერცხლის კოვზი შავდება და სხვ. ასეთ მოსაზრებებზე დაყრდნობა სახიფათოა.

- რას ურჩევდით იმას, ვინც თავის ნაკვეთში ან აგარაკზე სოკოს მოშენებას აპირებს?

- საქართველოში, ძირითადად, ქამა და ხეთამხალი მოჰყავთ. ქამა შედარებით რთული მოსაშენებელია, ხოლო ხეთამხალი, იგივე კალმახა სოკო, ყველას შეუძლია მოაშენოს.

ამისთვის საჭიროა სოკოს ვეგეტაციური სხეულის (შედგება წვრილი, ერთმანეთში გადახლართული ძაფებისგან, ე.წ. ჰიფებისგან) შეყვანა შესაფერის საკვებ არეში. ასეთ არედ შეიძლება გამოვიყენოთ ფოთლოვანი ხის მორები, ჯირკები, ტომარაში ჩაყრილი ნახერხი, ბამბა ან გამომშრალი სიმინდის ტაროები, რომლებსაც თბილ, ტენიან ადგილას ათავსებენ და 2-3 დღეში ერთხელ უხვად რწყავენ, რომ არ გამოშრეს. პირველი სოკოები 3-4 კვირაში ჩნდებიან. მორებზე დათესილი სოკო შედარებით უფრო გვიან ვითარდება, სამაგიეროდ, მოსავალს მანამდე მოვიწევთ, სანამ სოკო მერქანს თითქმის მთლიანად არ დაშლის.

საცეცელა

- რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავენ საკვებად ვარგისი სოკოები?

- საჭმელ სოკოში სხვა მცენარეულ პროდუქტებზე (მაგალითად, ბოსტნეულზე) მეტი ცილოვანი ნივთიერებაა. ამასთან, ცხოველური წარმოშობის საკვებ პროდუქტებსაც უახლოვდება. ცილების მაღალი შემცველობით გამოირჩევა ცხვარიო, ქამა და ღვინიო. ასევე - ვარყა, მტრედიო, მარწყვიო, სავარცხელა, ხახვილო, წითლიო, ჭეჭკეტა, ძირბუნკა და ძერანა. შედარებით ნაკლებცილოვანია კალმახა, მიქლიო, ნიყვი და შავჩოხა. ცილების შემცველობით ყველაზე ღარიბად დუმა სოკო მიიჩნევა.

ცხიმების მაღალი შემცველობით ცნობილია ვარყა, ნიყვი, მარწყვიო და სავარცხელა, ხოლო ნაკლებით - მიქლიო, ხახვილო, ძერანა, ძირბუნკა, შავჩოხა და ცხვარიო.

ნახშირწყლები ბევრია სოკოებში: ვარყა, ჭეჭკეტა, სავარცხელა, მტრედიო, ცხვარიო, ხახვილო, დუმა, ძერანა და კალმახა.

კალორიულობით სავარცხელა და ვარყა, ასევე მიქლიო, ჭეჭკეტა, ცხვარიო, ღვინიო და წითლიო გამოირჩევა. ყველაზე ნაკლებკალორიულია ქამა, ძირბუნკა, შავჩოხა, დუმა და კალმახა. საკვები სოკოების კვებითი ღირებულებების შეფასებისას ყურადღება ექცევა მასში მინერალებისა და ვიტამინების შემცველობასაც. მაგალითად, B ჯგუფის ვიტამინებით მდიდარია ყვითელი საჩეჩელა, მტრედიო, მიქლიო და მანჭკვალა. თუ სწორად შევარჩევთ, სოკო უაღრესად სასარგებლოა.

სოკოს შეჭამანდი

სოკოთი ბევრი კერძი მზადდება. მათ შორის არის სოკოს შეჭამანდი, რომლის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 600 გ ნედლი ან 200 გ ხმელი სოკო, 1 კგ კარტოფილი, 100 გ ქერის ბურღული, 125 გ სტაფილო, 120 გ თავი ხახვი, 50 გ ზეთი, 1800 მლ სოკოს ბულიონი, ოხრახუში, მარილი - გემოვნებით.

მომზადების წესი: ხმელი ან ნედლი სოკო მოვხარშოთ. ხმელი სოკო მოხარშვის შემდეგ დავჭრათ წვრილად, ნედლი - მოხარშვის წინ. ბულიონი შევინახოთ. ქერის ბურღული ჩავყაროთ მდუღარე წყალში, ვხარშოთ 30-40 წუთი და გადავწუროთ. კარტოფილი დავჭრათ კუბებად. სტაფილო, ხახვი და მწვანილი მოვშუშოთ ზეთში. მზა სოკოს ბულიონში ჩავყაროთ ნახევრად მოხარშული ბურღული, ვხარშოთ 15-20 წუთს, დავამატოთ კარტოფილი, მოშუშული სტაფილო და ხახვი. ბოლოს დავამატოთ სოკო.

ხათუნა ჩიგოგიძე