ბარისახოს კარტოფილის გემო - კვირის პალიტრა

ბარისახოს კარტოფილის გემო

”კარტოფილის გემო მიწაზე, წყალსა და ამინდზეც კია დამოკიდებული”

მეცხოველეობასთან ერთად დღეს საქართველოს მთის მარჩენალ კულტურად კარტოფილიც ითვლება, თანაც, მთაში კარტოფილი ეკოლოგიურად ისე სუფთად მოჰყავთ, რომ მის სარგებლიანობაზე ლაპარაკიც აღარ არის საჭირო. დღევანდელი საქართველოს მთა მთლიანად თავისი მოყვანილი კარტოფილით ირჩენს თავს. მათ შორის, ხევსურეთიც, სადაც კარტოფილი, მთიან ფერდობებზეა დათესილი. ლამარა არაბულსაც ფერდობზე აქვს კარტოფილი დათესილი და იმდენი მოჰყავს, რომ მის მრავალშვილიან ოჯახსაც ჰყოფნის და სტუმრებსაც. ქალბატონი ლამარა კარტოფილს ნათესებს ყოველდღე თავს დასტრიალებს - ცხელ ზაფხულში მორწყვაც სჭირდება და კოლორადოს ხოჭოს გაცლაც. რაც უნდა გასაკვირი იყოს, ასმათ წიკლაური ზოგჯერ ამას ხელითაც აკეთებს. ეს თავად ვნახე და ძალიან გამიკვირდა. ასმათ წიკლაური ბოსტანში სარწყავი შლანგით დამხვდა, რომელიც ჩემს დანახვაზე კარტოფილის ნათესებში ჩადო და ბოსტანი დამატარა.

ასმათ წიკლაური: - მთაში მიწა ჭირს და ნათესები ცოტა გამოდის, თუმცა კაცი მშრომელი თუა, სათეს მიწას იპოვის. ჩვენში მიწის დამუშავება ძნელია, რელიეფის გამო ტრაქტორიც არ უდგება და ზოგი ხარით ან ცხენით ხნავს, სამაგიეროდ, მთის ბოსტნებს ბოლოდროინდელი პაპანაქება ვერაფერს აკლებს. მართალია, ცხელი ზაფხული კარტოფილის მოსავალზე ძალიან მოქმედებს - 35 გრადუსის ზემოთ ზრდასაც კი წყვეტს, მაგრამ აქ წყალი ბევრი გვაქვს და ვრწყავთ. წელს ხევსურეთში ძალიან დაცხა და მთელი ზაფხული ვრწყავდი კარტოფილსა თუ სხვა ბოსტნეულს. კარტოფილის გარდა იმდენი სხვა ბოსტნეული მომყავს, რომ არც სეზონზე და არც საზამთროდ შესანახი პროდუქტები არასოდეს მიყიდია - სოფელში თუ ბოსტნეულს იყიდი, არ ვარგა, ფეხზე ვერასოდეს დადგები.

- ხევსურეთში კარგი კარტოფილის მოყვანა გცოდნიათ, - ფოთოლზეც კი ეტყობა, რომ უხვმოსავლიანი იქნება.

- ჩემს ოჯახში ასე იყო ყოველთვის. ბარისახოში 30 წლის წინ გამოვთხოვდი და ბოსტანში რომ გავედი, მართალია, სხვა ბოსტნეულიც უხვად იყო, მაგრამ კარტოფილის აღება ყველაზე სასიამოვნოდ მომეჩვენა. \მოწეულს შემოდგომაზე ბარით რომ ამოვყრიდით, ერთი ძირიდან იმდენი ამოდიოდა, მისი დანახვა თან მიხაროდა, თან მაოცებდა. სხვათა შორის, ბარისახოში პირველად გასინჯული კარტოფილის გემო ახლაც მახსოვს, წვრილი იყო, მაგრამ ძალიან გემრიელი. დღეს ის ჯიში აღარ არსებობს.

არ მეგონა, თუ ხევსურეთში მოყვანილი ბაღჩეულ-ბოსტნეული ოჯახს წლიდან წლამდე გასწვდებოდა. გასწვდება თურმე. ჩემი ნაჭირნახულევით სამ შვილსაც ვეხმარები. 10-12 კვადრატულ მეტრზე 5-7 ტომარა კარტოფილი მომყავს. თანაც ძალიან გემრიელი.

- ამას როგორ ახერხებთ?

- უპირველესად, ყოველდღიური შრომით. ალბათ, თითზე ჩამოსათვლელია ის დღეები, როცა დილა-საღამოს თავს არ დავტრიალებ ბაღჩა-ბოსტანს. ასე რომ არ ვქნა, მაშინ ბაზარში უნდა ვიარო... კარტოფილი ხევსურეთში თითქმის ყველა ოჯახს მოჰყავს და თესლიც შენახული აქვთ.

გვიან შემოდგომაზე თუ არა, ნაკელდაყრილ მიწას ხარებით ან ცხენით მარტში ან აპრილში დავხნავთ, გავაფხვიერებთ, აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში კარტოფილსაც დავთესავთ - ცივი კლიმატის გამო ჩვენში კარტოფილი ამ დროს ითესება - 5-6 გრადუსი სითბო მაინც სჭირდება, რომ ამოვიდეს. მიწიდან ამოღებას კი აგვისტოში ვიწყებთ და სექტემბერში ვამთავრებთ. ამ დროს ჩემი შვილიშვილების სიხარულის დაკვირვება მიყვარს, - როცა ბარს დავკრავ და თეთრი კარტოფილი ამოცვივა, სიხარულით აღარ იციან, რა ქნან. ამ დროს მეც მათსავით ვხარობ იმ მძიმე შრომის შემდეგ, როცა ნათესებს თავს დავტრიალებდი, კოლორადოს ხოჭოსაც კი ვაცლიდი ხელით. როცა ბოსტანი დიდი არ არის, ასეც შეიძლება გაუმკლავდე ამ საშინელ მავნებელს. როცა მავნებელი ბევრია, კარტოფილს შევწამლავთ კიდეც. სასუქს არ ვაყრით. ჩვენი სასუქი ბუნებრივი ნაკელია.

ქიმიური სასუქი ნარკოტიკივით არის, მიწას ერთხელ თუ დააყარე, შემდეგაც ”მოგთხოვს” და თუ არ მიეცი, არც თვითონ მოგცემს წესიერ მოსავალს.

თუ კარგი მოსავლის მიღება გინდა, კარტოფილის ჯიშები ყოველ 4-5 წელიწადში უნდა ცვალო. მარტო ჯიში ხომ არ არის, ჩვენს კარტოფილს გემოს ჩვენი მიწა, ჰაერი და ჯანმრთელი ეკოლოგიური პირობები აძლევს. ახალ ჯიშებს კი აქ ზოგჯერ გაცვლითაც ვყიდულობთ, ამოიტანენ ბარიდან მანქანით და ჩვენს კარტოფილზე გადაცვლიან. ისინიც მოგებას ნახულობენ და ჩვენც. ჯიშის გაცვლის მარტივი მეთოდიც გვაქვს, სოფელშივე ვუცვლით ერთმანეთს სათესლეს, - ჯიშის დამახასიათებელ თვისებებს მიწაც ქმნის, კარტოფილის ერთი და იგივე ჯიში ჩემს მიწაზე უფრო სხვაგვარი მოვა, ვიდრე თუნდაც რამდენიმე ასეული მეტრით დაშორებულ მეზობლის მიწაზე. კარტოფილის გემო მიწაზე, წყალსა და ამინდზეც კია დამოკიდებული.

- ხევსურეთში ცივი ზამთარი იცის და ალბათ სარდაფი აღარ გჭირდებათ კარტოფილის შესანახად.

- ვისაც რა საშუალება აქვს, ისე ინახავს, ოღონდ რაც შეიძლება შორს სითბოსგან. კარტოფილის შენახვას 2-3 გრადუს სითბოზე მეტი არ უნდა, მაგრამ არც ამაზე ნაკლები - როცა კარტოფილი იყინება, გემოსაც კარგავს (ტკბება) და მალე ლპება. არც ნესტიანი ადგილი ვარგა კარტოფილის შესანახად. ამიტომ ბოსტნებში ან სხვაგან სადმე მოსახერხებელ ადგილას ორმოები გვაქვს ამოთხრილი და იქ ვინახავთ. ამ მარტივი მეთოდითაც მშვენივრად მიგვაქვს ზაფხულამდე.