ჭის ოსტატის შრომა ”ძირში ტკბილდება”
12-10-2015
ჭის ოსტატის შრომა ”ძირში ტკბილდება”
ლევან ალიბეგაშვილი ადრე სახლებს აშენებდა, მერე კი არტეზიული ჭების ოსტატი გახდა. ტექნიკის გარეშე 500-ზე მეტი ჭა ექნება ამოთხრილ-აშენებული. ”მუშაობ, მუშაობ და თითქოს შედეგს ვერ ხედავ. როცა საქმეს თავს დაადგამ, შენი ნამუშევარი მაშინ ჩანს,” - ამბობს ბატონი ლევანი.


- სანამ ჭის ამოთხრას შეუდგებით, ნიადაგს სწავლობთ, თუ რამე სხვა დასკვნაა საჭირო?

- გამოცდილებით ვიცი, რომ წყალი შეიძლება ნებისმიერ ადგილას ამოვიდეს.

გორის რაიონის ერთ სოფელში ისეთ ადგილზე მიმიყვანეს, სიტყვა ”წყალი” დავიწყებული ჰქონდათ. 32
მეტრ სიღრმეზე ჩავედი. მითხრეს, ჯობს, თავი დაანებო, მანდ წყალი არ არისო. მაინც გავაგრძელე თხრა. 33 მეტრზე წყლის პატარა ნაკადი გამოჩნდა, 35 მეტრზე კი საკმარისად გამოდიოდა და ეს სიღრმე დავტოვე.

- 35 მეტრზე ახლაც ჩადიხართ?
- მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, ახლა 60 წლის ვარ.

- როცა გეუბნებიან,
აღარ გააგრძელო ამოთხრაო და მაინც აგრძელებთ, ეს აზარტია?

- ამდენს რომ ვწვალობ, ჩემი თავი მეცოდება, მაგრამ ის ხალხიც მებრალება, ხარჯი ტყუილუბრალოდ რომ უნდა გასწიონ და ამიტომ არ ვანებებ თავს.

- გქონიათ შემთხვევა, როცა წყლისთვის ვერ მიგიგნიათ?

- წყალი ყველგან არის. ხელის შემშლელი ფაქტორია მცოცავი მიწა. თუ ასეთი მიწაა, მუშაობას თავს ვანებებ. ეს არის ე.წ. ცისფერი მიწა, რომელიც დასველებისთანავე ინგრევა. თუ ეს ზონა გადალახე, მერე წყალი იქნება, მაგრამ ამ მიწას ვერ გაივლი. ამგვარი ნიადაგი უფრო მთიან ადგილს ახასიათებს. მაგალითად, ცხვარიჭამიაში ჭები ვერ გაკეთდება. როცა იქ პირველად ამოთხრა დავიწყე, სწორედ ის ფენა გამოჩნდა, რომელსაც წყალი არ აქვს.

- თქვენი გაკეთებული ჭებიდან, ყველაზე ღრმა და ყველაზე ნაკლები სიღრმისა რამდენი მეტრი იყო?
- ყველაზე ღრმა - 35 მეტრი, მინიმალური სიღრმე კი დასავლეთ საქართველოში 5-6 მეტრი იყო. აჭარის გარდა (იქ კარგი ნიადაგია), თითქმის ყველა კუთხეში მიმუშავია. დასავლეთში, ძირითადად, სიღრმე 5-10 მეტრს არ აჭარბებს, შუა ქართლში 25-35 მეტრია. აკრიანში, მარტყოფთან ახლოს, 5, 10, 20-მეტრიანი ჭები ამოვიღე. სხვათა შორის, ბოლოს ბროწეულაში ვმუშაობდი და წყლის ექვსი ნაკადი ვნახე. ამდენი არასდროს შემხვედრია. ჭა შეიძლება ერთნაკადიანიც იყოს, ოღონდ ის სარწყავად არა, მხოლოდ დასალევად გამოდგება.

- ზოგჯერ ეზოში ჭა მოაგარაკეებსაც უნდათ...
- ჭის წყალი ცივია, წყაროსასაც კი სჯობს.­ ჭა რაც უფრო ღრმაა, წყალიც უფრო ცივია. მას არც დაქლორვა უნდა, მხოლოდ წელიწადში ერთხელ გაწმენდა-ამოსუფთავება სჭირდება. ამ საქმეზეც მეძახიან ხოლმე, მაგრამ რთული არ არის - წყალს ძრავა ამოქაჩაAვს, ჭა სულ უნდა დაიცალოს. თვითონაც შეუძლიათ ამის გაკეთება, მაგრამ თუ ნაგავი ყრია, მაშინ აუცილებლად უნდა დამიძახონ, მის ამოღებას ვერ შეძლებენ.

- ჭა თავდახურული თუა, ხომ დაცული იქნება?
- ჭას არ უნდა დააფარო, უჰაერობა წყალს აბინძურებს. ჭაში ჰაერმა უნდა იტრიალოს.

- რითი სჯობს ჭის ამოშენება - ხით თუ ქვით?

- ქვით. რაც მამა-პაპამ მოიგონა, ის უკეთესია. კარგია სიპი ქვა. მე მტკვარზე, გაჩიანთან ვარჩევ ხოლმე. ჭის ქვით აშენება ძალიან ძნელია, სიმრგვალე არ უნდა დაარღვიო. ჭის მიწისზედა, ერთმეტრიან ნაწილს ნატეხი ქვებით ვალამაზებ. ესეც მამაპაპური მეთოდია. ამბობენ ხოლმე, ლევანის ჭები ერთმანეთს ტყუპივით ჰგავსო.

- რჩევისთვის გაკითხავენ?

- ერთხელ მეზობელმა მითხრა, ჭა მინდა გავაკეთო და მითხარი, ადგილი სწორად შევარჩიეო? მივედი, ეზო დავათვალიერე და მისი მონიშნულიდან 50 მეტრით იქით ვურჩიე ჭის ამოჭრა. საბოლოოდ, ორი 20-მეტრიანი ჭა ააშენებინა, ერთი თავის სასურველ ადგილას (იქ ცოტაა წყალი) და მეორე - ჩემს მითითებულზე, სადაც მეტი ნაკადია.

- ჭის წყლის ხარისხს არ ამოწმებენ?
- ერთი-ორ კლიენტს წყლის ხარისხი შეუმოწმებია და კარგიაო, უთქვამთ. ისე, სიმართლე გითხრათ, წყალი რომ გამოჩნდება და დაიწმინდება, ჯერ მე ვსვამ და რა ვიცი, ჯერ არ მოვმკვდარვარ...

- საშუალო სიღრმის ჭის აშენებას რა დროს ანდომებთ?

- 25 მეტრი სიღრმის ამოჭრისა და ამოშენებისთვის 18 დღე მინდა, ხოლო 30-მეტრიანს 25 დღეში ვამთავრებ. D

- ხელით მუშაობა რთულია. ტექნიკის გამოყენებაზე არ გიფიქრიათ?

- არ მიფიქრია, იმიტომ, რომ ტექნიკის შესაძენი თანხა არ მაქვს. ჩვენ ოთხნი ვმუშაობთ. სამი კაცი ზემოთ მეხმარება, მე ქვევით მარტო ვარ.

- ერთ ეზოში რამდენიმე ჭას რა დანიშნულება აქვს?

- შეიძლება ერთი მარილიანი იყოს, ანუ უვარგისი, ე.ი. აუცილებელია მეორე ჭაც. ლისზე შემხვედრია მარილიანი წყალი და მუშაობა აღარ გამიგრძელებია. ერთხელ მეზობელი სოფლიდან კაცმა შემომჩივლა, ჭა გავაკეთე და მარილიანი აღმოჩნდაო. მე იმ ადგილიდან 10 მეტრის დაცილებით ამოვ­თხარე ჭა. მშვენიერი წყალია, ოჯახის წევრები დღესაც ემადლიერებიან.

- თქვენს სოფელში როგორ არის წყლის საქმე?
- ძალიან ცუდად. თამარაშენიდან ვარ, ოღონდ ეს ქარელის რაიონია. ეზოში ჭა არ მაქვს, რადგან 25 მეტრზე რომ ჩავედი, წყალი ვერ ვნახე და თავი დავანებე. სხვა უბანში, მაგალითად, ჩემს ძმასთან, 8-მეტრიანი ჭებია. ერთმა ამერიკელმა თავისი ხარჯით 130 მეტრი გაბურღა და სოფლისთვის ჭაბურღილი გააკეთა, მაგრამ ისეთ ადგილზე აშენდა, რომ უვარგისი და მღვრიე წყალი მოდის. მაშინვე ვთქვი, აქ კარგი წყალი არ იქნება-მეთქი, მაგრამ ვინ დამიჯერა! ის წყალი ხალხმა ეზოებშიც შეიყვანა, თუმცა, ვერ იყენებენ. წყალს, რომელსაც ძროხა არ სვამს, ადამიანი გამოიყენებს? ახლა, სოფელს 16 000 ლარი აქვს. თანხა ჯერ არ დახარჯულა. სოფლის ზემოთ, ტყის პირას შეიძლება აუზის გაკეთება. ვიცი, რომ იქ კარგი წყალი გამოდის. ვნახოთ, საკითხი ამ შემოდგომაზე გადაწყდება…

ნანული ზოტიკიშვილი
ავტორისგან
10 სექტემბერი 2018 17:01
მოგესალმებით, ეს არის ჭის მთხრელის, ბატონი ლევანის ნომერი 595531507
...
10 სექტემბერი 2018 13:24
გამარჯობათ ჭის მთხრელის ნომერი მომწერეთ ძალიან გთხოვთ .უმორჩილესად გთხოვთ ამ დროში უწყლოთ ვიხრჩობით.
ელისო
03 აპრილი 2017 12:02
გამარჯობათ,
გთხოვთ მომაწოდოთ რუბრიკიდან : ჭის ოსტატის შრომა ”ძირში ტკბილდება” 2015, 12 ოქტომბერი, 09:00 _ ჭის მთხრელის კოორდინატები. ჩემი ტელეფონის ნომერია : 5 93 31 27 42.
წინასწარ გიხდით მადლობას.

რედაქტორის რჩევით