მხოხავი სილამაზე - კვირის პალიტრა

მხოხავი სილამაზე

ვისაც ერთხელ მაინც მოუკრავს თვალი მწვანედ მოხასხასე სუროს ფოთლებისთვის, ამ სილამაზეს ვერასოდეს დაივიწყებს.

სამწუხაროდ, საქართველოში სუროს იშვიათად იყენებენ ეზოების, პარკების ან თუნდაც ერთფეროვანირუხი კორპუსების მოსართავად, ეს მაშინ, როცა დასავლეთის ქვეყნებში სუროს, როგორც დეკორატიულ მცენარეს, აქტიურად ახარებენ. ჩვენი სტუმარია ბიოლოგი ქეთევან თიგიშვილი, რომელიც ამ საინტერესო მცენარის შესახებ დაწვრილებით გვიამბობს.

- სუროს ყველა სახეობა დეკორატიულია. ის გამწვანების მიზნით გამოიყენება ბაღებსა და პარკებში, აგრეთვე, ორანჟერეებსა და ინტერიერებში, როგორც ქოთნის მცენარე. ძველ საბერძნეთში ამ მცენარეს ღვიძლის, რევმატიზმისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ იყენებდნენ. ზოგიერთ ქვეყანაში ის დღემდე გამოიყენება როგორც ფარმაციაში, ასევე ხალხურ მედიცინაშიც. სურო მარადმწვანე ლიანაა. მას ვერტიკალურად დგომა არ შეუძლია და დამატებითი ფესვებით ემაგრება ნიადაგს, ხის ღეროს, სახლის კედელს, ღობეს ან საგანგებოდ გაკეთებულ საყრდენს. მსოფლიოში სუროს 15 სახეობაა ცნობილი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ძირითადად, ტყეებში იზრდება. სუროს თითქმის ყველა სახეობა მარადმწვანეა და ძალიან ალამაზებს გარემოს.

- სუროს რომელი სახეობები გვხვდება საქართველოში?

- საქართველოში სუროს სამი სახეობაა ცნობილი: დასავლეთ საქართველოში ხარობს კოლხური სურო, რომელიც, ძირითადად, ტყეებში გვხდება, ასევე, თურქეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ლაზეთში, თუმცა შესაძლებელია ქართლშიც შეგვხვდეს. მისი საყვარელი ადგილი ტენიანი ტყეებია.

კოლხურ სუროს გულის ფორმის ტყავისებრი ფოთლები აქვს და როგორც სუროს სხვა სახეობები ძალიან შთამბეჭდავი სანახავია.

აღმოსავლეთ საქართველოში კი პასტუხოვის სუროა გავრცელებული. მისი ფოთოლი უფრო ვიწროა, პასტუხოვის სურო უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებშია და კვერცხის ფორმის პრიალა ფოთლები აქვს.

- თუ არ ვცდები, ჩვენში გავრცელებული სახეობაა კავკასიური სუროც.

- კავკასიური სურო თითქმის მთელი საქართველოს ტყეებშია. მას დანაკვთული ფოთლები აქვს. ფოთლები 3-7 ნაწილად არის დაყოფილი. ხარობს მთელ კავკასიაში - სომხეთში, აზერბაიჯანში, ჩრდილო კავკასიაში და სხვ. კავკასიური სურო ნიადაგზეც დახოხავს და ხეებზეც ადის. განსაკუთრებით უყვარს დაჩრდილული და ტენიანი ადგილები.

- ამ მცენარეს ქართულ ტრადიციულ მედიცინაში თუ იყენებდნენ?

- ქართულ ხალხურ მედიცინაში არ გამოიყენებოდა. ოჯახურ პირობებში მისი წამლად გამოყენება რთულია, ამიტომ სუროს მთავარი ღირსება დეკორატიულობაა.

- შემოტანილ სახეობებზე რას გვეტყოდით?

- ჩვენს კლიმატსა და ბუნებრივ პირობებს სუროს ბევრი უცხოეთიდან შემოტანილი სახეობა მოერგო. ერთ-ერთი კანარის სურო ანუ ჭრელფოთოლა სუროა, რომელიც ძალიან კარგად ეგუება სინათლეს. ის საკარმიდამო ნაკვეთებშიც ხშირად გვხვდება. კანარის სუროთი რთავენ აივნებს, იმავდროულად, ძალიან კარგი ქოთნის მცენარეა. სუროს სახეობებს შორის განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა "მონა ლიზა", ასევე, "ევა". უცხოეთიდან არის შემოტანილი სახეობა, რომელსაც "ქალწულებრივ სუროს" ეძახიან, ძალიან ლამაზია, ადვილად იზრდება და კარგად ფარავს უსახურ ადგილებს. ამ სახეობის სუროს ზამთარში ფოთლები სცვივა, მაგრამ ზაფხულობით მწვანედ ხასხასებს, შემოდგომაზე კი - ბორდოსფერია.

- როგორ გავახაროთ სურო?

- სურო ვერ იტანს მშრალ ჰაერს და პირდაპირ მზის სხივებს, ამიტომ ოთახებში ძალიან ძნელი გამოსაყვანია. თუ ასეთ პირობებში მოხვდება, ხშირად უნდა მოვრწყათ და დავნამოთ - დილა-საღამოს. როცა ფესვები გაძლიერდება, უკვე სიცხეშიც ხარობს. ეს მცენარე ძალიან კარგად იკრიჭება და შეიძლება ბუჩქის ფორმაც მიიღოს. დღეს მსოფლიოში მიღებულია ასეთი რამ: მავთულისგან ფიგურებს აკეთებენ, მერე ამ ფიგურებზე სუროს უშვებენ და სასურველ ფორმას აძლევენ. გაკრეჭის შემდეგ სურო იტოტება და საუკეთესო საშუალებაა ეზოს მოსართავად, ინტერიერის გასამწვანებლად. უბრალოდ, ღობეზე გაყვანილიც დაამშვენებს ეზოს და მისი ფანჩატურებიც ლამაზია.

- რას ურჩევდით მკითხველს, რომ სურო უფრო ადვილად მოაშენოს თავის ეზოში?

- სურო იაფია, ადვილად მრავლდება და ჩვენს კლიმატს კარგად ეგუება. დეკორატიულ მებაღეობაში სურო მრავლდება 18-20 სმ სიგრძის მწვანე კალმებით, ანუ ღეროებით. წელიწადის თბილ პერიოდებში კალმებს რგავენ პატარა ქოთნებში. ავსებენ კორდიანი მიწით, ნეშომპალათი და ქვიშით (შეფარდება - 1:1:1). ქოთანს რგავენ დაჩრდილულ და გრილ ადგილას. ღეროები დაახლოებით ორ თვეში ფესვიანდება. დაფესვიანება შეიძლება წყალშიც. როგორც გითხარით, სურო ვერ იტანს გამომშრალ ჰაერს და მზის პირდაპირ სხივებს. ამიტომ, ვიდრე გადარგავდეთ, უნდა მორწყათ მანამ, სანამ ფესვებს კარგად გაიდგამს.

- რას გვეტყვით გველის სუროს შესახებ?

- გველის სურო სრულიად განსხვავებული მცენარეა. მხოხავია და ასე ხალხმა დაარქვა. ეს მცირე ზომის, ბალახოვანი მცენარეა, რომელსაც სუროსგან სრულიად განსხვავებული ფოთლები და ყვავილები აქვს. მეტიც, ის მარადმწვანეც კი არ არის.

- გავრცელებულია აზრი, რომ სუროს ქვეწარმავლები ეტანებიან. ბევრი ამიტომაც ერიდება ეზოში მის გახარებას.

- იმასაც ამბობენ, რომ სურო სახლს ანგრევს, მაგრამ ეს შეხედულებები არასწორია. ქვეწარმავლებს სიცხისა და გადახურების მართლაც ეშინიათ, ისინი ცივსისხლიანები არიან და როცა ძალიან ცხელა, შეიძლება მართლაც შეძვრნენ სიგრილეში, მაგრამ ჩვენს დედაქალაქში შხამიანი გველებიც კი არ არიან, ზაფხულშიც უფრო ხშირად ხვლიკებს ნახულობენ და სულ ტყუილად ქმნიან პანიკას. სუროს გაშენება ნამდვილად ღირს, თუნდაც იმიტომ, რომ ძალიან ალამაზებს გარემოს. ამის გამო მთელ ევროპაში პოპულარული მცენარეა. მეტიც, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ის ხელს უწყობს ადამიანს მიზნის მიღწევაში.

ხათუნა ჩიგოგიძე