კაკალი - თიანეთის "მთის მარგალიტი"
19-10-2015
კაკალი - თიანეთის "მთის მარგალიტი"
ბოლო წლების ზაფხულის გვალვებმა და განსაკუთრებით, წლევანდელმა, ქართული კაკლის მოსავალსაც "დაარტყა", - კაკალი მთელ საქართველოში არ მოვიდა ან რაც მოვიდა, უხარისხოა.

გამონაკლისი მთიანი რეგიონებია და განსაკუთრებით, თიანეთი, რომლის კაკალს დედაქალაქის ბაზარზე­ ცეცხლის ფასად ყიდიან, გარჩეული კი 40 ლარამდე ღირს. სავარაუდოდ, ფასი კიდევ გაიზრდება. შესაბამისად, კაკალი მთიანი რეგიონების მოსახლეობის შემოსავლის წყაროდ იქცა. კაკლის ნარგაობის რა ბაზისი არსებობს მთიან რეგიონებში და რა პერსპექტივა აქვს ამ დარგს, სოფლის მეურნეობის თიანეთის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი
პაატა ივანაური
გვესაუბრება.

- თიანეთში კაკლის მოსავლისთვის­ საუკეთესო პირობებია. ამ რეგიონს ზოგიე­რთი "მთის მარგალიტსაც" უწოდებს - შედ­არებით მკაცრი კლიმატური ზონაა, მაგრამ არა იმდენად, რომ საზიანო იყოს რომელიმე კულტურისთვის. ბოლოდროინდელი­ გვალვებისას კი მოსავლისთვის ჩვენი მთები და ჰაერი დამცავიც კი აღმოჩნდა, მათ შორის კაკლ­ისთვისაც. კაკალი ძლიერი მცენარეა,
მისი ფესვები ნიადაგში ღრმად ჩადის, ტენს იწოვს და ცოცხლობს. წლევანდელ ზაფხულში ტემპერატურა ძალიან მაღალი იყო, მაგრამ კაკალმა აიტანა. სხვა მცენარეები ხომ გაანადგურა, განსაკუთრებით, ერთწლიანები, რომლებიც სიცხეში ზრდასაც კი წყვეტენ, ჩვენი კაკალი გადარჩა. თიანეთში, სარგებლიანობის გამო, ერთი კაკლის ხე ერთ სეზ­ონზე ერთ ძროხად იყო შეფასებული, და დღესაც ასეა.

- ეს რას ნიშნავს?

- უბრალო არითმეტიკას. ქართული­ კაკალი 13-15 წლიდან კი იწყებს მსხმოიარობას, სამაგიეროდ, 100-200 წელიწადი ცხოვრობს და ყოველწლიურად 150-200 კგ-ს ისხამს. გამოსავლიანობა კი 1 კგ ნაჭუჭიანი კაკლიდან 40-45%-ია. ესე იგი, თუ კაკალმა 150 კგ მოისხა, ეს ნიშნავს, რომ მისგან 60 კგ დარჩეული კაკალი მაინც გამოვა. დარჩეული კაკლის ფასი ყოველთვის მაღალია. დარჩეული ნედლი კაკალი დედაქალაქში 40 ლარამდეც კი აღწევს. ნედლი კაკალი მეტ წონას იჭერს. ესე იგი, რა გამოდის?
ერთი კაკლის ხიდან მოწეული მოსავლის ფასი სეზონზე 1.800-2.000 ლარია. დაახლოებით ამდენივე ღირს საუკეთესო მეწველი ძროხაც. ამიტომაც, თიანეთში კაკალს ოდითგან აშენებენ.

დღეს ჩვენში 69 ნასოფლარი მაინც არის დარჩენილი მთებში და იქ რომ ავდ­ივარ, იქიდან წამოსული ხალხის დარგული საუკუნოვანი კაკლები ისევ მხვდება. ერთდროულად სევდაც მიპყრობს და სიამაყეც, - ჩვენი წინაპარი სამოსახლო ადგილს რომ მონიშნავდა, სახლის აშენებამდე­ კაკლის ხეებს რგავდა.
მთიან რეგიონებში კაკლის ერთადერთ სისუსტედ ის შეიძლება ჩაითვალოს, რომ გვიან გაზაფხულზე მოყინვას ძნელად იტანს. ისე, მცირე მოსავალი შეიძლება ასეთ შემ­თხვევაშიც მოგვცეს. თუმცა, საბედნიეროდ, ეს ხშირად არ ხდება. კაკალი უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ხალხში ამბობენ, კაკლის ლებნები იმდენად ჰგავს ადამიანის ტვინს, რომ ის ღმერთმა ადამიანის ტვინის საკვებად გააჩინაო.
ჩვენი ბებიები გვაძლევდნენ ყოველდღე კაკლის ლებნებს, აღარაფერი დაგავიწყდებათო, თუმცა ამჯერად არა ამ ნივთიერებებზე, არამედ კაკლის იმ განსხვავებულ ღირებულებებზე ვიტყვი, რაც სამეურნეო სფეროს გამოადგება. მაგალითად, კაკლის სიახლოვეს დათესილ მარცვლეულ კულტურებში, ლობიო იქნება თუ სხვა, ბუგრი და სხვა მავნებელი აღარ ვრცელდება;­ კაკლის მახლობლად დათესილი მარცვლოვნები ჯანსაღი ფერითაც განსხვავდება სხვა ადგილებში დათესილი მარცვლოვნებისგან...
კარტოფილსაც კი არ უჩნდება კოლორადოს ხოჭო.

კაკლის სურნელება მავნებლებს­ ანადგურებს. სოფლ­ებში კაკლის ფოთლებს ნაფთალინის ნაცვლადაც კი აწყობენ ზამთრისთვის შენახულ შალის ტანსაც­მელში, რომ ჩრჩილი არ გაჩნდეს. ფოთლების სუნი თაგვსაც აფრთხ­ობს და ახლომახლო სოროს არ იკეთებს.
ბევრმა არც ის იცის, რომ კაკლის ფესვებისგან იარაღის კონდახებს ამზადებდნენ, რისი ხელობაც ჩვენმა ოსტატებმაც იციან და ძვირადაც ყიდიან.

- ბრძანეთ, რომ ქართული კაკალი მოსავალს 13-15 წლის შემდეგ იძლევა. ახლა დრო აჩქარებულია და კაკლის მოსავალსაც ამდენ ხანს ვერავინ დაუცდის. რა გზები არსებობს იმისთვის, რომ ეს დრო შემცირდეს?
- დამყნობა. დამყნილი კაკალი 6 წლის შემდეგაც იძლევა მოსავალს და ძალიან კარგი მეთოდიც არის, რადგან ამ შემთხვევაში მთლიანად ქართული­ კაკლის რესურს ვიყენებთ:­ ველურ­, კერკეტ კაკალზე კულტურულ კაკალს ვამყნობთ და თუ ნამყენს მოუვლით, ყველაფერი კარგად იქნება. დამყნობა აუცილებლად გვიან შემოდგომაზე ან ადრეულ გაზაფხულზე უნდა მოვასწროთ. კაკლის დასამყნობად ახლა საუკეთესო პერიოდი მოდის.
მრავალფეროვან კაკლის ქართულ ჯიშებთან ერთად, შეგვიძლია საუკეთესო ამერიკული ჩანდლერის კაკალი დავრგოთ. ჩანდლერის კაკალი მე-3 წლიდან იძლევა­ მოსავალს და საკმაოდ კარგსაც. გამოსავლიანობა ბევრად მეტია, 49%-52%, ვიდრე­ ქართული ჯიშისა, - ნაჭუჭის სისქე მილიმეტრიც კი არა აქვს. 1 კგ-დან 490-520 გრამამდე დარჩეული კაკალი მიიღება. ჩანდლერი 3-4 მეტრზე მეტი ვერ იზრდება და მოსავალიც 40-45 კილოგრამზე მეტი არ არის. ჩვენი კაკალივით 12-13 მეტრის მოშორებით კი არა, 4-5 მეტრის მანძილზეც ირგვება. ასე რომ, 1 ჰექტარზე შეიძლება 250-300 ძირი დავრგოთ და 10-12 ტონა კაკლის მოსავალიც მივიღოთ. რაც სუფთა სახით 5-6 ტონა ნიგოზს მოგვცემს.

- მცირემოსავლიანობის გამო, წლეულს ბაზარზე, ძირითადად, თიანეთის კაკალი იყიდება.

- იმ მთიან სოფლებს, რომლებიც ტრადიციულად კაკლით ვაჭრობენ: ჩაბანოს, არტანს, დულუზაურებს, შარახევსა და ა.შ., კაკლების ნახევარიც არა აქვთ დაბერტყილი. რაც მოიწიეს, ის თიანეთის ბაზრობაზე სატვირთო მანქანებით ბითუმად ჩააქვთ და 1 კგ ნაჭუჭიან კაკალს 4 ლარად ყიდიან, გადამყიდველები კი ქალაქში 8 ლარს ადებენ კილოგრამს. გულდასაწყვეტია, რომ გლეხის მოსავალს სხვა მასზე მეტად ყიდის... კაკლის მოშენება ქართველი კაცისთვის საშური საქმეა, მის ეზო-კარს კაკლის ძვირფასი ხე მუდამ უნდა ამშვენებდეს.
თაკო
23 ოქტომბერი 2015 22:23
ვეთანხმები ბ-ონ პაატას, თავისი საქმის პროფესიონალია
etoeradze@mail.com
20 ოქტომბერი 2015 11:51
პირველ რიგში მოვიხდი ბოდიშს ვიხდი მექანიკური შეცდომის გამო, რომელიც კაკლის დამყნობა დარგვას ეხება, _ ბატინი პაატას თქმით, თიანეთში კაკლის დამყნობის საუკეთესო პერიოდი ივნის-ივლისია, შესაბამისად კლიმატისა და რეგიონების მიხედვით, კაკლის დამყნობის პერიოდი გაზაფხულიდან მოცემულ პერიოდამდე მერყეობს. რაც შეეხება კაკლის დარგვას, აისთვის ახლა მართლაც საუკეთესო პერიოდია.
რაც შეეხება იმ ფაქტორს, რომ კილოგრამი გატეხილი კაკლიდან 350 გრამზე მეტი არ გამოდის, ამას ვერ მივიღებ, რადგან კაკალი თავადაც გამიტეხევს, ამიწონია და 400-450 გრამიც ყოფილა!
პატივისცემით
, სტატიის ავტორი ეთერ ერაძე
irma
19 ოქტომბერი 2015 11:30
1კგ_დან არასდროს არ გამოსულა 400 გრ. ნიგოზი. მაკსიმუმ 350 გრ. ეს საუკეტესო სჰემტხვევასჰი.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
17-09-2018
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა