სულგუნით გამოძერწილი "სამყარო"
19-10-2015
სულგუნით გამოძერწილი "სამყარო"
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაიას მცხოვრებ პაატა საჯაიას შებოლილი სულგუნისგან საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები ფესტივალზე წარმოედგინა: სხვადასხვა სასმისი (თასები, ყანწები, ლუდის კათხები), კალათები, კალათაში ჩაწყობილი ხილი, ნატიურმორტი, ფრინველი და კიდევ ბევრი რამ... თავიდან თიხა მეგონა­, მერე შევიტყვე, ეს შებოლილი სულგუნი ყოფილა, გამიკვირდა და გარშემო მყოფთ გავესაუბრე.

პაატა სა
ჯაია, ოსტატი:
- ჩვენი მამა-პაპა ოდითგანვე აკეთებდა სულგუნს. ის ჭყინტი ყველისგან მზადდება, თბილ წყალში იხარშება. მერე ადამიანებს მისი ხელოვნების ნიმუშად გადაქცევა, ანუ მისი დეკორატიული
მიზნით გამოყენება მოუნდათ და მისგან სხვადასხვა ნივთი გამოიძერწა.

ჯონი ესართია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი:
- ეს, შეიძლება ითქვას, იშვიათი ხელოვნების ნიმუშებია, რადგანაც ამ მიმართულებით საქართველოში დღეს ალბათ ერთეულები თუ მუშაობენ. ეს საქმე კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ჩვენი წინაპრები საოცარი ნიჭით იყვნენ
დაჯილდოებული და განსაკ­უთრებული გემოვნება ჰქონდათ. მოკლედ, როცა სულგუნს მივიღებთ, მას ხელით ამუშავებენ დაახლოებით ისე, როგორც მხატვარი აკეთებს ქანდაკებას. მერე კი ნამუშევარი უნდა გახმეს.

- და ამას დიდი დრო სჭირდება?
- ორი თვე მაინც.

-ამის შექმნას მხატვრული ნიჭი უნდა. როგორადაც უნდა მოვინდომო, მაინც ვერ გავაკეთებ.
- მართალია, ყველა ვერ გააკეთებს. პაატას წინაპრისგან აქვს ეს საქმე ნასწავლი. ამ ყველაფრის რეალური ავტორი მისი წინაპარია. გადასცეს და ისეც განაგრძობს მამაპაპეულ ტრადიციას.

- ნამუშევრები იყიდება?
- როგორც ყველა ხელნაკეთ ნივთს, ამასაც თავისი ფასი აქვს. სხვათა შორის, ამ კათხას რომ უყურებთ, ლუდი ისე "მიაქვს", მარილიანი საკვების მიყოლება აღარ სჭირდება. საოცარ გემოს აძლევს. ლუდის დასალევად ფაიფურის თუ თიხის კათხას ყველის კათხა ჯობია. მარილი ისეთი დოზით აქვს, რომელიც ლუდს უხდება.

- ეს დეკორატიული ნივთები თქვენი შემოსავლის წყაროა?

პაატა საჯაია:
- კი, ერთ-ერთი შემოსავლის წყარო გახლავთ. თუმცა რა თანხაც უნდა ღირდეს, ტრადიციების კიდევ ერთხელ მომავალი თაობისთვის გადაცემაა...
ჩვენი უპირველესი მიზანი ჩვენი კულტურისა და ტრადიციების გადარჩენა, მისი დაფასება და პატივისცემაა. ხალხური რეწვის სხვადასხვა დარგი კი ისეთივე განუყოფელი ნაწილია ამ კულტურისა, როგორიც ქართული სიმღერა ან ქართული სამეურნეო ტრადიციები.

ლალი ფაცია

რედაქტორის რჩევით