"ხელიდან ყველაფერი გამომდის" - ჩხირკედელა "ჯუჯას" სამფლობელოში - კვირის პალიტრა

"ხელიდან ყველაფერი გამომდის" - ჩხირკედელა "ჯუჯას" სამფლობელოში

პროფესიით ფიზიკოს-მათემატიკოსია, სკოლაში პედაგოგადაც მუშაობდა, მაგრამ მსოფლიო სიმღერითა და იუმორით შემოიარა.

ამჯერად ბავშვების საყვარელ "ჯუჯას" მეურნისა და ხელმარჯვე ოსტატის ამპლუაში წარმოგიდგენთ, თავად კი ამ ყველაფრის საფუძვლად მიიჩნევს ოჯახს, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა, სადაც მიწის სიყვარულს ეზიარა.

ვახტანგ ტატიშვილი:

- ხელიდან ყველაფერი გამომდის, კარგი ჩხირკედელა ვინმე ვარ, მამაჩემიც ასეთი იყო. პროფესიით ფიზიკოსი გახლავართ და ტექნიკასთან კარგად "ვმეგობრობ". მეზობლებს ჯერ კიდევ როდის ვურემონტებდი გაფუჭებულ ტექნიკას. მშენებლობა და რემონტიც მეხერხება, რადგანაც დიდი მეცნიერული ცოდნა არც ამ საქმეს სჭირდება. მაგრამ ყველაზე მეტად ბუნება მიყვარს, მცენარეები. მშობლები ბოტანიკოსები იყვნენ, მთელი ცხოვრება ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მაქვს გატარებული, რადგანაც თანამშრომელთა საცხოვრებელი სახლიც კი ბოტანიკურ ბაღში იყო. რომ წამოვიზარდე, საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი და შემდგომში ანსამბლ "ივერიასთან" ერთად მსოფლიო შემოვიარე, მივხვდი, რა მაგარ ადგილას მიცხოვრია... დიახ, ბათუმის ბოტანიკური ბაღი ყოფილ საბჭოთა სივრცეში მცენარეების რაოდენობითა და მრავალფეროვნებით პირველ ადგილზე იყო, მასთან შედარებით თბილისის ბოტანიკური ბაღი საკმაოდ პატარა გახლდათ.

ახლაც თვალწინ მიდგას ასობით დასახელების ულამაზესი სურნელოვანი ვარდი და მისი ყვავილობა. გაზონებში ვარდებთან ერთად, უცხო-უცხო, სხვადასხვა ჯიშის ყვავილი გემოვნებით იყო დარგული. იმ გარემოს ისე ვიყავი შეჩვეული, რომ დღემდე ვერ ვეგუები თაიგულებს. არადა, სცენაზე რამდენჯერ მოურთმევიათ. მოჭრილი ყვავილები გარდა იმისა, რომ არ მიყვარს, მეცოდება კიდეც, რადგანაც მეორე დღეს უკვე მკვდარია. სანამ ჩემს მეუღლეს ცოლად მოვიყვანდი, მისთვის თაიგული არასდროს მიმირთმევია. ერთხელ ჯუჯა ვარდი ქოთნით მივართვი, ეს სადმე დადგი და მოუარე-მეთქი.

- ისეთი გატაცებით ლაპარაკობთ იმ წლებზე, გატყობთ, გენატრებათ.

- კი და ამიტომ ხშირად მივდივარ იმ ადგილების სანახავად, სადაც ბავშვობა გამიტარებია. თვალწინ მიდგას იქ დაცულ უნიკალურ კულტურებს მიკრული ეტიკეტები, რომლებზეც თითოეულის სახელწოდებები ლათინურად, რუსულად და ქართულად ეწერა. სხვათა შორის, ის დასახელებები ერთხანს კარგად მახსოვდა, რადგანაც გამუდმებით მათ ვუყურებდი...

- ლამის ზღაპრულ სამყაროში გაზრდილხართ...

- კი, ასე იყო, ხომ გეუბნებით, ბათუმში კი არ ვცხოვრობდი, შიგ ბოტანიკურ ბაღში, თან, ეს ყველაფერი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში ხდებოდა, საიდანაც იღებს ჩემი მეხსიერება სათავეს. ომი რომ დამთავრდა, 4 წლის ვიყავი. მახსოვს, ყველა სიხარულით გაჰყვიროდა: "ომი გათავდა, ომი"... ეს რომ გავიგე, ტირილი დავიწყე, მეგონა, ამბობდნენ, ღომი გათავდაო, ღომი ძალიან მიყვარდა და შევწუხდი. შვილო, ღომი კი არა, ომი დამთავრდა და ეს დიდი ბედნიერებააო... ბათუმის ბოტანიკური ბაღი ჩემი ბავშვობის სამოთხე იყო - ხან კაკალი მწიფდა, ხან მანდარინი, კარალიოკი, ვაშლი, მუშმულა (ეძახიან მუშმალასაც), მოცვი და ა.შ. ბავშვები კიდევ დავრბოდით და იმ ყველაფერს ვაგემოვნებდით... მეუღლეც მშრომელი და ბუნების მოყვარული შემხვდა, რაიონიდან გახლდათ, გურული, უფრო სწორად, ნახევრად რუსი (სიდედრი რუსი მყავს, 90 წლის არის. ეს იმიტომ, რომ კარგად ვუვლი). ჩემს ცოლს ყველანაირი საქმე ეხერხება, რადგანაც დედამისმა ასწავლა, სოფელში ბავშვობიდან დედას ეხმარებოდა - ძროხები ჰყავდათ, ქათმები, ბოსტანი - კიტრი, პამიდორი, ხაპი (გოგრა) მოჰყავდათ... მე და ჩემმა მეუღლემ 10 წლის წინ წყნეთში მიწა შევიძინეთ და საკუთარი ხელით დავიწყეთ მისი გაშენება. თავისუფალ დროს ავდივართ და რაც შეგვიძლია, ყველაფერს ვაკეთებთ, თან, ხომ გითხარით, მიწის სამუშაოების გარდა, ყველანაირი საქმე მეხერხება-მეთქი და ნელ-ნელა ჩვენი ტერიტორია რაღაცას დავამსგავსეთ. ეზოში პატარა აუზიც გვაქვს, ვენახი, ფანჩატური. ყვავილნარებიც გვაქვს გაკეთებული.

- კოინდარი დათესეთ?

- არა, მინდორი ნაჭრებად რომ იყიდება, ხომ იცით? ის შევიძინეთ და სადაც საჭირო იყო ეზოში, იქ გავუშვით. ბევრნაირი ვარდი გვაქვს, მარადმწვანე მცენარეებიც.

თუ კონცერტი სადმე რეგიონში მაქვს და ვიღაც მეტყვის, როგორ მინდა, ჩემი ღვინო გაგატანოო, ვეუბნები, არ მინდა, თუ რამე კარგი ნერგი გაქვს, იმას წავიღებ-მეთქი. ასე ჩამოვიტანე ქარელიდან შავი ქლიავის კარგი ნერგები.

- ხეხილი ბევრი გაქვთ?

- ხეხილის ბაღი სახლის უკანა მხარეს მაქვს გაშენებული, სადაც ხარობს მუშმალა, წყავი, სამოთხის ვაშლიც გვაქვს, ახლა ჩემი მეუღლე მისგან მურაბას მოხარშავს.

მოკლედ, წინა ეზო უფრო დეკორატიულად გვაქვს მოწყობილი.

გვაქვს ვენახიც, თეთრი ჯიშის, თითას რომ ეძახიან. ისე, წყნეთი მაღლობზეა და ცოტა უჭირს ყურძენს დამწიფება.

- ძალიან მოვლილი ეზო გაქვთ.

- ჩემი ცოლი გულმოდგინედ ებრძვის სარეველას, გაზაფხულისთვის პატარ-პატარა, ერთწლიანი ყვავილები უნდა დავრგო, რომ მეტად გალამაზდეს აქაურობა და ცოტა ბოსტანსაც მივხედო. ძალიან მინდა ზურა შევარდნაძესთან გასაუბრება, ჭკვიანი კაცია. ბუჩქების მოვლა მაინტერესებს.

- ხეხილი ჯერ არ დაგიმყნიათ?

- ეგ საქმე ვიცი, როგორც კეთდება, ნელ-ნელა მაგასაც ვიზამ... გული იმაზე მწყდება, რომ თავის დროზე რატომ ბევრი არ ვისწავლე ჩემი მშობლებისგან.

- ფაცხაც აგიშენებიათ...

- დიახ, იქ წყალიც არის, მწვადის შესაწვავი ადგილიც. მოკლედ, ყველაფერი, რაც კაცს სჭირდება. ეს ფაცხა იმისთვისაა, როცა სახლში არ გინდა შესვლა და ვინმეს შეწუხება.

- ახლა რა სამუშაოებს გეგმავთ?

- ყველაფერს, რაც გასასხლავია, გავსხლავ, ეზოს დავასუფთავებთ... ყურძენი უნდა დავკრიფო.

რა მენაღვლება, ახლა რაციონალურად ვცხოვრებ: სიგარეტს აღარ ვეწევი, სასმელსაც ნაკლებად ვეტანები, 500-კაციან ქორწილსაც თამადის ამპლუაში ისე წავიყვან, მხოლოდ ერთ ჭიქას დავლევ...

საუბრის დასასრულს ჩემი რესპონდენტი მოკითხვას მაბარებს "მამულ-დედულის" მკითხველთან...

ლალი ფაცია