ვანო ბაბუს 77-ე შემოდგომა - კვირის პალიტრა

ვანო ბაბუს 77-ე შემოდგომა

"მინდა, მთელმა საქართველომ დალიოს "სულხანას ადრეულა" და ჩემი რაჭა ადღეგრძელოს"

შემოდგომაზე რაჭა ულამაზესია. სამწუხაროდ, ზამთრობით აქ მხოლოდ მოხუცები რჩებიან, რომლებიც შემოდგომის დოვლათს შვილებს უგზავნიან, თავისთვის კი მცირედს იტოვებენ. როგორია რაჭაში წლევანდელი შემოდგომა, გლოლელი ვანო სულხანიშვილი გვესაუბრება. მისი გამოყვანილი ვაზის ჯიში რაჭის კლიმატს კარგად მოერგო და ამით მთელი საქართველო დააინტერესა. ამ თემაზე "კვირის პალიტრაში" 3 წლის წინ ვწერდით.

მას შემდეგ ამ ჯიშის შესახებ უამრავი ადამიანი გვეკითხება და გლოლაში ვანო სულხანიშვილს მივასწავლით ხოლმე. ამას წინათ 94 წლის მოხუცმაც კი დაგვირეკა ფასანაურიდან - ვანოს ტელეფონის ნომერი გვთხოვა.

ვანო სულხანიშვილი: - რაჭაში უკვე 77-ე შემოდგომამ შემომისწრო. ზამთარი ჩვენში დიდი იცის, მაგრამ არც მაშინ გველევა საქმე. პირუტყვს ისეთი მიხედვა უნდა, საქმეს არ გამოგილევს. შემოდგომაზე რაღა მომასვენებს - საშური საქმეებია. ძირზე შემხმარ ლობიოს რომ მოუხშიროს წვიმებმა, დალპება და აღარაფრად გამოგადგება. მეც საგვიანოდ დათესილი სარის ლობიო უკვე ავიღე, პარკი გავაცალე, ახლა კი ძირებს საბძელში შევიტან და პირუტყვისთვის შევინახავ - ძალიან ყუათიანი საკვებია.

- ლობიო ბევრი მოგივიდათ?

- რა კაცის საქმეა დაჩივლება, არც ახლა ვიწუწუნებ, მაგრამ ძალიან გვალვიანი ზაფხული იყო და მოსავალი შეამცირა, თუმცა, ჩვენი სამყოფი მაინც ყველაფერი მოვიდა. ახლა ნიგოზი დამრჩა დასაბერტყი და სიმინდის ჩალა - საბძელში შესატანი.

- საბძელს ხშირად ახსენებთ. ის ისეა აშენებული, რომ გამხმარ ბალახს წვიმა არ ასველებს, მეტიც - არც კი ნესტიანდება.

- რაჭული საბძელი, ძირითადად, ორსართულიანია. პირველ სართულზე პირუტყვია დაბინავებული, მეორეზე კი თივა გვაქვს შენახული.

ჩემს საბძელში რვა ზვინი ეტევა. თითო ზვინი 300-კილოგრამიანი მაინც არის. პირუტყვი როცა ბევრი მყავდა, მთელი ზამთარი 2 მეტრი სიმაღლის თოვლიც რომ ყოფილიყო და თავლიდან არ გამომეყვანა, შიმშილით არ დამეხოცებოდნენ.

ახლა მხოლოდ ორი ძროხა მყავს. ჩვენ რომ მდინარე ჩამოგვიდის, ჭანჭახი, მისი რიყის ქვით ვაგებდით, კირის დუღაბით. კირის ქვაც ჩვენი გვქონდა. მშრალად ავაშენებდით მისგან ნაგებობას და ერთი კვირის განმავლობაში ვუნთებდით ცეცხლს გამოსაწვავად. ამ კირის დუღაბით აშენებული საბძელი საუკუნეც გაძლებს. ჩვენი საბძლების ყავარიც გაუძლებს საუკუნეს და მეც ყავრით მაქვს გადახურული საბძელი.

- ვინ იფიქრებდა, რომ დღეს რამე ყავრით გადახურული არსებობდა.

- შრომა უნდა, თორემ ეგ საუკეთესო სახურავია. ტყეში საუკეთესო ჩიხრი (რაჭაში ასე უწოდებენ კავკასიურ ანუ ნორდმანის სოჭს. - რედ.) ან ფიჭვი უნდა შეარჩიო, რომელსაც მსხვილი და აშოლტილი ტანი აქვს. მას მოკლე-მოკლე მორებად დაჭრი და მერე თხელ ფენებად დააპობ. ადრე ლურსმანი არ იყო, ამიტომ ამ ყავარს სახურავზე დააფენდნენ, ზედ მსხვილ-მსხვილ ქვებს დაადებდნენ და იმით დაამაგრებდნენ. სახლში წვეთი წყალიც არ ჩადიოდა...

- შეშა თუ გაქვთ მომარაგებული?

- ბარათები დაგვირიგეს და იმით უნდა მოვჭრათ ან ვინმეს მოვაჭრევინოთ. ასაკოვან ხალხს მოჭრა არ შეგვიძლია, ამიტომ ვიხდით 400 ლარს შეშის სახლში მოტანაში.

- რა სახსრებით?

- ჩვენი პენსიის ფულით. მე და ჩემი ოჯახობა - ორივე პენსიონერები ვართ.

- სხვა რა შემოსავალი გაქვთ?

- კაკალი.

კაკლის დაბერტყვა იოლი როდია, ამიტომ კაცი უნდა იქირაო. ქირაში კიდევ, ორ ტომარას რომ დაბერტყავენ, ერთი ტომარა მიაქვთ. თუმცა, მაგას ვინღა ჩივის, ოღონდაც დამბერტყავი ვიშოვოთ.

- რამდენი კაცი რჩება სოფლად?

- ასიოდე, ქალიან-კაციან, ბავშვიანად. მე ტყვიაც რომ მესროლონ, აქედან არ წავალ. რა წამიყვანს - მთელი სიცოცხლე სადაც ვიარე, ყველა კუთხიდან ვაზი ამომქონდა, რომ რომელიმე ისეთი გამომდგარიყო, ჩემს სოფელში გაეხარა.

რაჭული "ხვანჭკარა" მხოლოდ სამ სოფელში (ხვანჭკარა, ჩორჯო, ბოსტანა) მოსული ყურძნისგან ყენდება. რაჭის უმრავლეს სოფლებში მარტო ადესა ხარობდა.

- ანუ მხოლოდ ადესა გქონდათ?

- კლიმატის გამო ასე იყო. სწორედ ამიტომ, ვიდრე გერმანიასთან ომი დაიწყებოდა, გლოლელებს მოშორებით, ხურუთში გვქონდა ვენახები, მაგრამ ომის დროს და შემდეგ ვეღარაფერი ამოგვქონდა და თავი მივანებეთ. მერე მამას შევფიცე, ჩვენს ეზოში ვენახსაც მოვაშენებ და ღვინოსაც დავწურავ-მეთქი. ყველა კუთხიდან მომქონდა ვაზის ნერგი, ჩემს ნაკვეთებში ვრგავდი, მაგრამ არსადაც არ ხარობდა. ერთხელაც თბილისში მოვხვდი, ბაზარში გავიარე და ვხედავ - ვიღაც კაცი კარგა ძალაზე დამწიფებულ შავ ყურძენს ყიდის. ეგ რა არის, ახლა რა დროს ყურძნის მწიფობაა, ეგ შარშანდელი ხომ არ არის-მეთქი. იმან კი - რა შარშანდელი, რას ამბობო! მოკლედ, ჩემს რაჭაზე იყო ზედგამოჭრილი, ადრეული მწიფობით ჩვენებურ ცივ ზამთარს დაასწრებდა. კალმები გამოვართვი, რაჭაში ჩამოვიტანე და გავახარე. მერე კალმები ავაჭერი და ადესაზე დავამყნე. ასე მივიღე ჯიში, რომლითაც რაჭაში სრულიად ახალ ღვინოს ვწურავ - ლალისფერსა და გემრიელს. თითო მტევანი 250 გრამს იწონის და 500 ლიტრი ღვინოც გამომდის. დეგუსტატორებმა ნახეს და მომიწონეს - ამას სახელიც უნდაო. მეც, ჩემი გვარის მიხედვით, "სულხანას ადრეულა" დავარქვი.

- თუ ხვანჭკარაში "ხვანჭკარას" აყენებენ, გლოლაში "სულხანას ადრეულა" გქონიათ...

- გლეხის ხელს ყველაფერი შეუძლია. ეგ იმ მეცნიერებმაც მითხრეს, რომელთაც თბილისში ჩავაკითხე და "სულხანას ადრეულაც" აღწერეს. მინდა, მთელმა საქართველომ დალიოს და ჩემი რაჭა ადღეგრძელოს. რაჭის ბარაქა და გამრავლება მარტო შემოდგომითა და მოსავლით კი არა, შემოდგომას ქორწილებითაც მინდა. მაგისთვის გამოვიყვანე ეგ ვაზიც.